10 რომანი დიქტატორებსა და ტოტალიტარიზმზე
მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ისტორიას არაერთი ენითაღუწერელი ბოროტება ახსოვს, რომლის სათავეშიც სასტიკი, დაუნდობელი ან სულაც გულგრილი ტირანები იყვნენ, ხშირად აწმყოში მაინც უგულებელვყოფთ იმ აბსოლუტური ძალაუფლებისკენ სწრაფვის საგანგაშო ნიშნებს, რომლებიც ერთი ადამიანის ან ჯგუფის მიერ სხვა ყველას დამორჩილების წყურვილს ააშკარავებს.
შორეული თუ უახლესი წარსულიდან ყველას გვსმენია იმ პოლიტიკური რეჟიმების შესახებ, რომელთა აღსაწერად მკვლევრები იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა ტოტალიტარიზმი, ტირანია, დესპოტიზმი თუ დიქტატურა. თითქოს, ვსწავლობთ, ვკითხულობთ, გვესმის, ვხედავთ და ვიცით იმ გაუგონარი დანაშაულების შესახებ, რომლებიც სწორედ ასეთი მმართველობისას უამრავი ადამიანის წინაშე სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით ჩაუდენიათ, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ჩვენგან ძალიან შორს გვგონია, ჩავლილ საფრთხედ აღვიქვამთ, რომელიც აქ და ახლა ვეღარ დაგვემუქრება.
როგორც წესი, ასეთ დროს მწარედ ვცდებით ხოლმე.
ლიტერატურა ყოველთვის გვეხმარება, გავიაზროთ, რომ არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთელი ერის, ქვეყნის ან სამყაროს ბედი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს ისე, რომ ვერც კი გააცნობიერო, როდის დაიწყო საბედისწერო ცვლილებები. უფრო მეტიც — წიგნების კითხვა გვაძლევს საშუალებას, წარმოვიდგინოთ და გამოვცადოთ ის, რაც პირადად, შესაძლოა, არ შეგვხებია, მაგრამ სიტყვების ოსტატების მიერ რეალური თუ გამოგონილი გმირების სიმწარის ჩვენთვის გაზიარებამ შეიძლება გამოგვაფხიზლოს და უფრო ფრთხილად ვიყოთ აწმყოს განსჯისას და მომავლის პროგნოზებისას.
ისეთ რომანებს, როგორებიცაა ჯორჯ ორუელის 1984 თუ ცხოველების ფერმა, ოლდოს ჰაქსლის საოცარი ახალი სამყარო და გაბრიელ გარსია მარკესის პატრიარქის შემოდგომა, ქართველი მკითხველების უმეტესობა ძალიან კარგად იცნობს, ამიტომ უკვე ისედაც მრავალჯერ თქმულით რომ არ შეგაწყინოთ თავი, ამ სტატიაში შედარებით ნაკლებად ცნობილ ისეთ ლიტერატურულ ნაწარმოებებს მოვუყარე თავი, რომლებიც როგორც წარსულის გაკვეთილებს შეგვახსენებს, ისე მომავლის საშიშროებებზეც გვაფრთხილებს.
1. ევგენი ზამიატინის ჩვენ
(ქართულად თარგმნა ტატა ნიკოლაძემ)
როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, დისტოპიური ჟანრის რომანები 1984 და საოცარი ახალი სამყარო მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოშიც დამსახურებულად ძალიან ცნობილი და პოპულარულია, თუმცა ბევრს თითქმის არც კი სმენია ევგენი ზამიატინის ეპოქალური რომანის — ჩვენ შესახებ, რომელიც სწორედ ორუელისა და ჰაქსლის საკულტო ნაწარმოებების წინამორბედად ითვლება. და არა მარტო მათი: ზამიატინის შემოქმედებამ გარკვეული გავლენა იქონია ვლადიმირ ნაბოკოვის, ურსულა ლე გუინის, კურტ ვონეგუტისა თუ აინ რენდის შემოქმედებაზეც.
ჩვენ 1920–1921 წლებში დაიწერა და სულ პირველი წიგნი გახდა, რომელსაც საბჭოთა ცენზურა შეეხო: წიგნი აიკრძალა, დევნის მსხვერპლი ავტორი კი 1931 წელს პარიზში გადაიხვეწა, სადაც სიღარიბეში დაასრულა კიდეც სიცოცხლე. რომანი 1924 წელს გამოიცა ინგლისური თარგმანით ნიუ-იორკში, საბჭოთა კავშირში კი მხოლოდ 1988-ში დაიბეჭდა. ამ ფუტურისტული ანტიუტოპიით ევგენი ზამიატინმა, რომელიც ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა და ერთ დროს ბოლშევიკების მხარდამჭერიც იყო, სწორედ გარდამტეხი პროცესების ეპიცენტრში ერთ-ერთმა პირველმა განჭვრიტა საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული ბუნება.
2. ანდრეი პლატონოვის ჩევენგური, ქვაბული და ჯანი
(ქართულად თარგმნა გივი კიკილაშვილმა)
კიდევ ერთი გამორჩეული რუსი მწერალი, რომლის ლიტერატურულ მემკვიდრეობასაც, სამწუხაროდ, საქართველოში კარგად არ ვიცნობთ, ანდრეი პლატონოვია. ზამიატინის მსგავსად, მისი შემოქმედებაც ცენზურას ემსხვერპლა, ამიტომაც, როცა 2018 წელს მისი სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები — ჩევენგური, ქვაბული და ჯანი, როგორც ერთგვარი ტრილოგია (თუმცა თავის დროზე ავტორს ასე არ ჰქონდა გაერთიანებული), ქართულად ითარგმნა, ერთ წიგნად გამოიცა აკრძალული წიგნების თაროს სერიაში.
პლატონოვს თავისი ლიტერატურული წონით ხშირად დოსტოევსკისაც ადარებენ: პირქუში თხრობითა და ეგზისტენციალური თემებით მკითხველზე წარუშლელ კვალს ტოვებს. მართალია, მის ნაწარმოებებში ღიადაა სტალინის პოლიტიკის კრიტიკა და კოლექტივიზაციის არაჰუმანურობაც სააშკარაოზეა გამოტანილი, მაგრამ თავად სტალინს ამ ხელოვანის მიმართ გაორებული დამოკიდებულება ჰქონდა: "ნიჭიერი მწერალია, მაგრამ გარეწარი" — ასე შეაფასა მან ერთხელ ის.
3. მარგარეტ ეტვუდის მხევლის წიგნი
(ქართულად თარგმნა ანი კოპალიანმა)
ბოლო წლებში ჯერჯერობით ამაოდ უწინასწარმეტყველებენ კანადელ მწერალ მარგარეტ ეტვუდს ნობელის ლაურეატობას ლიტერატურის დარგში, მაგრამ ამის გარეშეც, ფაქტია, რომ ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ავტორად იქცა. ამაში დიდი როლი კი მისმა 1985 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა მხევლის წიგნი ითამაშა, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური აღმოჩნდა დღევანდელობაში, როცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო წარსულში ადამიანების უფლებების შელახვის საზარელი შემთხვევების დაგმობა და მომავალში იმავე ტრაგედიების თავიდან არიდების შესაძლო გზების ძიება.
ეტვუდის რომანის სიუჟეტი უახლოეს მომავალში ვითარდება, სადაც მკვეთრად პატრიარქალური და თეოკრატიული სახელმწიფო — გილეადი ჩამოყალიბდება. ამბის ნარატორი დეტალური თხრობით გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ეკონომიკური, სოციალური თუ ეკოლოგიური კრიზისისას გარკვეულმა ჯგუფებმა რელიგიური განწყობები სათავისოდ გამოიყენონ და ტოტალიტარიზმი დაამყარონ. ღმერთის სახელით აღსრულებული სამართლისას კი, პირველ რიგში, ქალების უფლებები შეიზღუდება. დღეს, როცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი განხილვები და ბრძოლები მიმდინარეობს მსოფლიოს ყველა წერტილში ქალების თუ სხვა ჩაგრული ჯგუფების უფლებების დასაცავად, მარგარეტ ეტვუდის რომანი ერთგვარ მანიფესტად იქცა.
4. მარიო ვარგას ლიოსას ვაცის ნადიმი
(ქართულად თარგმნა ლანა კალანდიამ)
ჯერ ეტვუდს თუ არა, 2010 წელს მარიო ვარგას ლიოსას ნამდვილად გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში და მას დღეს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე საქართველოშიც კარგად იცნობენ, თუმცა მის შემოქმედებაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი — ვაცის ნადიმი მაინც არ არის სათანადოდ დაფასებული ჩვენთან. ეს დიდი პერუელი მწერალი დომინიკის რესპუბლიკაში რაფაელ ტრუხილიოს რეჟიმზე მოგვითხრობს, რომელიც სხვადასხვა ცნობით, 5 000-დან 67 000-მდე ადამიანის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი.
ლიოსა თავის რომანში მხატვრული ენით აღადგენს ისტორიულ მოვლენებს, ამავდროულად კი კარგად გვაჩვენებს, როგორია ძალაუფლების ბუნება: როგორ ყალიბდება, ვითარდება და საბოლოო სახეს იღებს ის. წიგნის კითხვისას სტრიქონებს შორის დიქტატორის ხატიც მკაფიოდ წარმოგვიდგება — ხაზგასმულად მასკულინური კაცი, რომელიც თავის ძალაუფლების დემონსტრირებას მუდმივი აგრესიით, მათ შორის სექსუალურ ცხოვრებაში, ცდილობს.
5. ანტონიო ტაბუკის მიაჩნია პერეირას
(ქართულად თარგმნა ხათუნა ცხადაძემ)
იტალიელი მწერალი ანტონიო ტაბუკი პორტუგალიაში სალაზარის რეჟიმის მაგალითზე გვიყვება, რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის პოზიცია, ერთი შეხედვით უმნიშვნელო განწყობები და ზოგადი დამოკიდებულებები საზოგადოების კეთილდღეობის საქმეში. დღეს ხშირად სხვადასხვა მწვავე თემის წამოჭრისას აქა-იქ გაიგებთ, შეწუხებული როგორ ამბობენ: "მე აპოლიტიკური ვარ", "პოლიტიკას უნდა გავემიჯნოთ" და ა.შ. მიაჩნია პერეირას კი ერთი მხრივ ფრთხილად, მაგრამ თან სახეში გალაწუნებასავით შეგვახსენებს, რომ მსგავსი ნელ-თბილი პოზიცია არა მხოლოდ თავის დაბრმავება, არამედ დანაშაულში მონაწილეობაცაა.
ამ რომანის მთავარი გმირი ლისაბონში მცხოვრები ჟურნალისტი, სახელად პერეირაა, რომელსაც ზემოთ ნახსენებ მავანთა მსგავსად "პოლიტიკა არ აინტერესებს", მაგრამ ერთხელაც იძულებული გახდება, მწველ რეალობას თვალი გაუსწოროს. დღეს, როცა საქართველოში მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს მედიის მიმართ, ამავდროულად კი მედიაც ხშირად ცდება იმ ღირებულებებს, რომელთა დამცველი და კიდევ უფრო გამაძლიერებელი პირველ რიგში უნდა იყოს, ეს წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხავი იქნება ყველასთვის, ვისაც ბრძოლის ველზე თავისი ადგილის პოვნა სურს.
6. ნორა იკსტენას დედის რძე
(ქართულად თარგმნა მზია კობერიძემ)
ლატვიელი მწერალი ნორა იკსტენა შესანიშნავად ახერხებს, საბჭოთა კავშირის უკეთური ბუნება გაახსენოს მას, ვისაც ეს დავიწყებია, ან პირველად გვაგრძნობინოს მათ, ვისაც საკუთარ ტყავზე არ გამოგვიცდია მისი შედეგები. ოღონდ ავტორი ამას იმ მრავალი საშინელების აღწერით არ აკეთებს, რაც ისტორიის ფურცლებიდან გვისწავლია, არამედ ორი ქალის ისტორიას მოგვითხრობს და მათი ცხოვრების დეტალებით თავისუფლებაწართმეული ადამიანის აგონიას ასახავს.
რომანი დედა-შვილის ირგვლივ ვითარდება, თუმცა მათ შორის ყველაზე საყურადღებო დედის ხაზია, რომელიც რაღაცით სილვია პლათის პერსონაჟსაც მოგაგონებთ: ის ზარხუფში გამოკეტილ ჩიტს ჰგავს, რომელიც მის წინ გადაშლილ ჰორიზონტს კი ხედავს, მაგრამ ამაოდ ეხეთქება შუშის კედლებს. მიუხედავად სრული სასოწარკვეთისა, ის მაინც რევოლუციური პერსონაჟია — საყოველთაო კონტროლსა და ჩაკეტილობაშიც ახერხებს, სისტემას დაუპირისპირდეს. მართალია, ამის გამო ხშირად თვითდესტრუქციულ გადაწყვეტილებებსაც იღებს, მაგრამ განსაკუთრებულად დაკვირვებულ მკითხველს მაინც შეუძლია კარგად გაუგოს ქალს, რომელსაც არა მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმში, არამედ პატრიარქალურ სამყაროში უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა.
7. არტ შპიგელმანის Maus
(ქართულად თარგმნა მიხეილ ციხელაშვილმა)
როგორც წესი, კომიქსებს არასერიოზულად უყურებენ ხოლმე: ძირითადად სურათებიანი წიგნი ჰგონიათ ბავშვებისთვის ან მხოლოდ დროის გასაყვანი, ღირებულებებისგან დაცლილი თავშესაქცევი. ხელოვნების ამ ფორმამ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ისე ფეხი, როგორც იმსახურებს, თუმცა პოპულარობის მიუხედავად, მას დასავლურ სამყაროშიც სკეპტიკურად უდგებიან ხოლმე. აი, არტ შპიგელმანმა კი მოახერხა, რომ მის მიერ დასურათებული გრაფიკული რომანით ყველას მოლოდინები თავდაყირა დაეყენებინა.
Maus პირველი კომიქსია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული ჯილდო — პულიცერი გადაეცა. მან ერთდროულად მიიზიდა როგორც მეინსტრიმული კულტურა, ისე აკადემიური წრეები და ყველამ ერთხმად აღიარა Maus ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად, რაც კი ჰოლოკოსტის შესახებ დაუწერიათ. არტ შპიგელმანმა მამის მოგონებებზე დაყრდნობით იგავური სახით გვიამბო იმ საშინელებებზე, რასაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ნაცისტები ებრაელების წინააღმდეგ ჩადიოდნენ. ამ წიგნის ფურცლებზე გერმანელები კატები არიან, ებრაელები თაგვები, პოლონელები ღორები და ამერიკელები ძაღლები, მაგრამ როგორც სიტყვიერი, ისე ვიზუალური თხრობის სიმძაფრე მაინც უზომოდ დიდ გავლენას ახდენს ყველა მკითხველზე.
8. რობერტ გრეივზის მე, კლავდიუსი
(ქართულად თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ)
მართალია, რომის იმპერიის დიდების ხანა უკვე საუკუნეებია, რაც წარსულს ჩაბარდა, მაგრამ იმდროინდელი გამოცდილებები დღემდე გვეხმარება, უკეთ გავერკვეთ პოლიტიკური სამყაროს ჩახლართულ და შავბნელ წესებში. მაგალითად, კლავდიუსის შემთხვევა გვასწავლის, რომ თუ მტერს სათანადოდ ვერ შეაფასებ, დიდი შანსია, უსიამოვნო სიურპრიზმა გაგაოცოს: კლავდიუსს პოტენციურ მმართველად ვერავინ წარმოიდგენდა, რადგან მას ხშირად აწუხებდა ჯანმრთელობის პრობლემები და ავადმყოფური შესახედაობის გამო ის მეტისმეტად სუსტ პიროვნებად წარმოედგინათ, თუმცა ბოლოს ყველას საპირისპირო დაუმტკიცა.
რობერტ გრეივზმა 1934 წელს დაწერა რომანი, რომელშიც კლავდიუსი პირველ პირში მოგვითხრობს თავის ავტობიოგრაფიას: მწერალმა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით შთამბეჭდავი მხატვრული სიუჟეტი შექმნა. მე, კლავდიუსი უზომოდ ჩამთრევი და საინტერესო ისტორიული რომანია, რომელიც რომის იმპერიაში გამოგზაურებთ და იქაური ინტრიგების თანამონაწილედაც გაქცევთ.
9. ჯუნოუ დიაზის ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება
(ქართულად თარგმნა თამარ ჯაფარიძემ)
ეს რომანი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეულია ნიმუშია, რომელიც, საბედნიეროდ, ქართულადაცაა თარგმნილი, თუმცა, სამწუხაროდ, მკითხველთა დიდი წრე ჯერ კიდევ არ იცნობს მას. არადა ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება ყველაფერს აერთიანებს, რითაც თანამედროვე მკითხველი შეიძლება მოიხიბლოს: აქ არის ჟანრების გადათამაშება, მაგიური რეალიზმის ელემენტები, ალეგორიები პოპკულტურიდან, უნიკალური სლენგი და დღევანდელობის მწვავე პრობლემები.
თუმცა საუცხოო თხრობა და საინტერესო პერსონაჟები რომ გვერდით გადავდოთ, ან ის, რომ დომენიკური წარმოშობის ამერიკელი მწერლის ამ ნაწარმოებს პულიცერის პრემია გადაეცა, ეს წიგნი ერთი კონკრეტული მიზეზით მოხვდა ამ ჩამონათვალში: ჯუნოუ დიაზი შესანიშნავად აღწერს, რა გავლენას ახდენს ტოტალიტარული რეჟიმი როგორც პირდაპირ მსხვერპლებზე, ისე მათ შთამომავლებზეც კი. ამ რომანში ხელშესახებად ვგრძნობთ ტრავმას, რომელიც დროის მდინარეებს უნდა გადაერეცხა, მაგრამ ასე არ მოხდა — ის მეხსიერებაში დიდი ხნით დაილექა.
10. ზაირა არსენიშვილის ვა, სოფელო
საბჭოთა კავშირზე ბევრი დაწერილა და მათგან რამდენიმე გამორჩეული ნიმუში ამ სტატიაშიც მოხვდა, მაგრამ ქართულ მხატვრულ ნაწარმოებებში იშვიათად თუ წავაწყდებით რამეს ადგილობრივ გამოცდილებაზე, რასაც, ცხადია, თავისი მიზეზები ჰქონდა: ცენზურის გამო ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ხოლო ვინც შეფარვით და შემოვლითი გზით ცდილობდა იმდროინდელი ბოროტების როგორმე მხილებას, მხოლოდ ძალიან ფრთხილ ალეგორიებს თუ მიმართავდა.
თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ბევრი არაფერი თქმულა ღიად ამაზე ქართულ ლიტერატურაში, თუნდაც ცალკეულად მნიშვნელოვან და ტრაგიკულ მოვლენებსა თუ ეპიზოდებზე. ამ მხრივ პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა ზაირა არსენიშვილი, რომლის რიგით მეორე რომანი ვა, სოფელო კინაღამ ისე ვერ შევნიშნეთ, როგორც გასული საუკუნის მძიმე მემკვიდრეობა, რომლის სათანადოდ გაუანალიზებლობის გამო დღემდე ვიმკით სავალალო შედეგებს. საბედნიეროდ, ზაირა არსენიშვილმა მოახერხა და არა მარტო დიდებული მხატვრული ნაწარმოები შექმნა, არამედ ზუსტად და მნიშვნელოვანი აქცენტებით მოიტანა ჩვენამდე იმ ადამიანების ხმები, რომლებიც თავის დროზე განსაკუთრებული სისასტიკით დაადუმეს.
კომენტარები