ადამიანის ფეკალიებს მოსალოდნელზე მეტის გამოვლენა შეუძლია, თუნდაც ის ძალიან, ძალიან ძველი იყოს.

ცენტრალური ამერიკის მაიას ცივილიზაციის ახალ კვლევაში, ანტიკური ფეკალიების ნიმუშებმა აჩვენა, რომ თემის ზომა მათი თანამედროვე კლიმატის ცვლილებებთან ერთად ვარირებდა.

მკვლევრებმა პოპულაციის ზომის ცვლილების ოთხი მკაფიო პერიოდი გამოავლინეს, როგორც განსაკუთრებით მშრალ ან განსაკუთრებით ნესტიან პერიოდებზე რეაქცია, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა აღრიცხული. ესენია: ძველი წელთაღრიცხვის 1350-950, 400-210 წლები და ახალი წელთაღრიცხვის 90-280, 730-900 წლები.

დამატებით, გაბრტყელებულ ფეკალურ მასათა გროვებმა აჩვენა, რომ ქალაქი იტზენი (დღევანდელი გვატემალას ტერიტორია), 650 წლით იმაზე ადრე იყო დასახლებული, ვიდრე არქეოლოგიურმა მტკიცებულებებმა შემოგვთავაზა აქამდე.

"კვლევა შესაძლოა არქეოლოგებს ახალი საშუალების შექმნაში დაეხმაროს იმ ცვლილებების დასაკვირვებლად, რომელიც შესაძლოა არქეოლოგიურ მტკიცებულებებში არ ჩანდეს, ვინაიდან იგი შესაძლოა არ არსებობდეს ან თუნდაც დაკარგული ან განადგურებული იყოს. ტროპიკული გარემოდან გამომდინარე, მაიას დაბლობები ნაგებობებისა და ყოფა-ცხოვრების სხვა ჩანაწერების შესანახად კარგი ადგილი არ არის", — ამბობს კანადის მაკგილის უნივერსიტეტის ბიოგეოქიმიკოსი, ბენჟამინ კინანი.

კვლევა ფეკალურ სტენოლთა ანალიზის შედარებით ახალ მეთოდს იყენებს — ადამიანის (და ცხოველის) განავალში არსებულ ორგანულ მოლეკულებს, რომლებიც ტბებისა და მდინარეების ქვეშ, დანალექ ფენებში, ზოგჯერ ათასობით წლითაც ინახება.

ამ მოლეკულათა კონცენტრაციებმა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მკვლევრებს პოპულაციის ცვლილების უკეთ გაგების საშუალება მისცეს, რასაც შესაძლოა სხვა ისტორიული ჩანაწერებიც შეეშველოს. ჯერჯერობით, დადგენილია, რომ სტენოლები ზუსტი ინდიკატორებია იმის გასაგებად, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა გარკვეული დროის მონაკვეთში გარკვეულ ადგილას.

ამ შემთხვევაში სტენოლები იტზენის მახლობლად მდებარე ტბიდან იქნა ამოღებული. ამან კი იმის საპირისპირო ინფორმაცია მოგვცა, რაც ექსპერტებმა უკვე იცოდნენ რეგიონის შესახებ, ბოლო რამდენიმე ათასეული წლის განმავლობაში, ტრადიციულ არქეოლოგიურ გათხრებზე დაყრდნობით.

ეს აღმოჩენები კლიმატის ისტორიულ მონაცემებს შეადარეს, მათ შორის ნალექწარმოქმნისა (ან მისი ნაკლებობის) და ყვავილის მტვრის დონეებს (რაც მცენარეულ საფარზე მეტყველებს), რომელიც გეოლოგიურ ჩანაწერში უგულებელყოფილი იყო. მკვლევრებმა კორელაციებთან ერთად, ანტიკური განავლის ფენების საშუალებით, პოპულაციური ტალღის ზრდაც შეისწავლეს.

"საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ცივილიზაციები ჩვენამდეც არსებობდა, კლიმატის ცვლილების გავლენის ქვეშ ექცეოდა და ადაპტირდებოდა. პოპულაციის ცვლილებისა და კლიმატის დაკავშირებით შეგვიძლია მკაფიო კავშირი ვიხილოთ ატმოსფერულ ნალექებსა და ანტიკური ქალაქების მიერ პოპულაციის შენარჩუნებისაკენ მიმართულ უნარებს შორის", — ამბობს მაკგილის უნივერსიტეტის ბიოგეოქიმიკოსი, პიტერ დუგლასი.

გუნდმა ასევე შეძლო ფეკალური მონაცემების გამოყენება, დაახლოებით, 1697 წელს მიმდინარე პოპულაციური ზრდის შესამჩნევად, როცა ესპანეთი მეზობელ რეგიონში მდებარე მაიას ციტადელს დაესხა თავს — შესაძლოა ვივარაუდოთ ომის ლტოლვილთა გადაადგილება, რაც ისტორიკოსებს ამ დრომდე არ აღუწერიათ.

ასევე არსებობს შემთხვევებიც, როცა იტზანის პოპულაციის უკვე დადგენილი მაღალი რიცხვობრიობა აღდგენილი ფეკალური სტენოლების მოცულობას არ ემთხვევა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს მაიას საზოგადოების მიერ ფეკალური მასების სასუქად გამოყენების გამო ხდებოდა, რათა ნიადაგის გადაგვარებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ და მათ აგროკულტურულ მიწებზე მკვებავი ნივთიერებები არ დაეკარგათ.

ამ ყველაფრის დადგენა ათასი წლის წინანდელი ფეკალიების ნარჩენების შესწავლით გახდა შესაძლებელი, რაც მიგვანიშნებს, რომ ანალიზის ეს მეთოდი, ანტიკურ დროებში პოპულაციის აღრიცხვის კუთხით, მეცნიერთა ხელში გამოსადეგ ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს.

"ფეკალურ სტენოლებს დიდი პოტენციალი აქვს, რომ მეზოამერიკულ ლანდშაფტებში ცხოველებისა და ადამიანების პოპულაციათა ცვლილებების საბუთად გამოიყენონ, მით უფრო მაშინ, როცა ის მიწის გამოყენების კუთხით არსებულ ცვლილებებზეც გასცემს ინფორმაციას", — ასკვნიან მკვლევრები პუბლიკაციაში.

კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალ Quaternary Science Reviews-ში.