ზედმეტად დიდი ოცნებები ხომ არ გაქვს?
გრძელვადიანმა და რთულად მისაღწევმა მიზნებმა, შეიძლება, ვერ გაგაბედნიეროთ — მცირე ნაბიჯების წინ გადადგმას კი ეს ნამდვილად შეუძლია. ჟურნალისტი არტურ ბრუკსი იმ პრაქტიკულ გზებზე მოგვითხრობს, რომლებიც ჩვენი ოცნებების ასრულებას უფრო რეალისტურს გახდის.
როცა გამოსაშვები ცერემონიებისა და ბოლო ზარების სეზონი ახლოვდება, არ აქვს მნიშვნელობა, ღონისძიებები ფიზიკურად იმართება თუ დისტანციურად, შინაარსი მაინც იგივე რჩება ხოლმე: სტუდენტები და მათი ოჯახები ძველ ტრადიციას აგრძელებენ — არც ისე ორიგინალურ სიტყვით გამოსვლებს უსმენენ, რომლებიც მსმენელებს შთააგონებენ, რომ ოცნებებს მიჰყვნენ, ვარსკვლავებს მისწვდნენ და ირწმუნონ, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
მაგრამ დღევანდელ რეალობაში ეს გზავნილი უკვე აღარც ისეთი შესაფერისია. ჩვენი ყველაზე დიდი პირადი თუ პროფესიული ამბიციები პანდემიამ მთლიანად გააცამტვერა — კვირები თვეებად გადაიქცა, თვეები კი უკვე ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. შესაბამისად, დღეს, შესაძლოა, ინგლისელი სატირიკოსი პოეტის, ალექსანდრ პოუპის სიტყვები უფრო უპრიანი იყოს, რომლითაც მან 1727 წელს თავის მეგობარს, ჯონ გეის სახარებისეულად მიმართა: "ნეტარ არიან ისინი, ვინც არაფერს ელიან, რადგან მათ იმედები არასდროს გაუცრუვდებათ".
პოუპმა ეს სერიოზულად თქვა თუ არა, ფაქტია, რომ არის რაღაც მის რჩევაში, რაც როგორც ჩვეულებრივ, ისე პანდემიურ რეალობასაც ერგება. დიახ, თამამ მიზნებს შეუძლია, ენერგიით აგვავსოს. მაგრამ მათზე სრულად კონცენტრირებამ, შესაძლოა, დიდ იმედგაცრუებამდეც მიგვიყვანოს. უარესიც — როცა ჰორიზონტს შორს გასცქერი, შესაძლოა, ის გამოგრჩეს, რაც გვერდით გაქვს. ბედნიერების მისაღწევად, როცა საქმე მიზნების დასახვას ეხება, უკეთესი მიდგომის გამომუშავება გვჭირდება — ისეთი გზის პოვნა, რომელიც წარმატებასაც გვპირდება და, ამავდროულად, აქ და ახლა ტკბობაშიც ხელს არ შეგვიშლის.
უმეტესწილად, მიზნების დასახვა ჩვენს განწყობაზე მოკლევადიან პერსპექტივაში დადებითად მოქმედებს — ოპტიმიზმს ზრდის და ისეთ განცდას გვიტოვებს, რომ საკუთარი მიმართულება ვიპოვეთ. მაგალითად, 2008 წელს ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეთა ნახევარმა გრძელვადიანი მიზანი დაისახა და სპეციალური სწავლებაც გაიარა, რომ ამ სურვილის მიღწევა გამარტივებოდათ. მეორე ნახევარი კი ასე არ მოიქცა. სამკვირიანი ტრენინგის შემდეგ დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც მიზნები დაისახეს, იმაზე 8%-ით უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე მაშინ, როცა ექსპერიმენტში ჩაერთნენ. ამასთან, ისინი მონაწილეთა მეორე ნაწილზეც 12%-ით ბედნიერები აღმოჩნდნენ.
ამ კვლევაში ადამიანების ბევრნაირი მისწრაფებები იყო ერთმანეთში შერეული. მაგრამ თუ უფრო ყურადღებით დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ყველა მიზანს თანაბარ ბედნიერებამდე არ მივყავართ. მაგალითად, 2008 წელს ჩატარებული გერმანული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ როცა მიზანი ოჯახს, მეგობრებს, სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებს მოიცავს, მაშინ მას კმაყოფილებისა და სიამოვნების შეგრძნება მოაქვს. თუმცა ასე არ ხდება, როცა ის კარიერულ წარმატებასა და მატერიალურ სარგებელზეა დაფუძნებული. ამას ეხმიანება ამერიკელი კოლეჯის კურსდამთავრებულებზე ჩატარებული კვლევაც: პიროვნული ზრდისკენ, ახლო ურთიერთობებისა და საზოგადოებაში ჩართულობისკენ მიმართული მისწრაფებების (რასაც ფსიქოლოგები "შინაგან მიზნებს" უწოდებენ ხოლმე) განხორციელების შემთხვევაში კეთილდღეობის ხარისხი უმჯობესდება; მატერიალური სარგებლისა და დიდების სურვილს ("გარეგანი მიზნები") კი ზიანის მოტანა უფრო შეუძლია.
ამასთან, ოცნებების სიდიდეც გასათვალისწინებელი ფაქტორია. დამტკიცებულია, რომ მოკლევადიანი და რეალისტური ოცნების დასახვა წარმატებისა და ბედნიერების საწინდარია. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როცა ეს მიზანი ჩვენს ღირებულებებს ერგება და სხვების მიერ ჩაგონებული არ არის — როცა ის მხოლოდ ჩვენი ოცნებაა. მაგალითად, 2001 წელს ჩატარებულ კვლევაში კოლეჯის სტუდენტებმა, შინაგანი მოტივაციის გამოძახილად, მიზნად დაისახეს, რომ აკადემიური მოსწრება გაეუმჯობესებინათ. ისინი იმ სტუდენტებზე წარმატებულები აღმოჩნდნენ, რომლებიც ასე არ მოქცეულან. სურვილის ასრულებამ კი მათზე დადებითად იმოქმედა და თვითრწმენაც გაუძლიერდათ. ამ შედეგმა ბიძგი მისცა, რომ კიდევ სხვა მიზანი დაესახათ, შესაბამისად, მეტი წარმატება და ბედნიერება მიეღოთ და ა.შ.
ამის საპირისპიროდ, გრძელვადიან, რთულად მისაღწევ ოცნებებზე კონცენტრირება უფრო სარისკოა, რადგან მათი განხორციელების შესაძლებლობა ნაკლებია. იმედგაცრუება კი პესიმიზმს წარმოშობს, უფრო მეტიც — ეს ხშირად დეპრესიის სიმპტომების გამომწვევ მიზეზადაც იქცევა ხოლმე. ამგვარად, მიზნების დასახვა, შესაძლოა, ბედნიერებაზე მეტად უბედურების მომტანი აღმოჩნდეს. ეს განსაკუთრებულად ვრცელდება გამორჩეულად თამამ, არარეალისტურ ოცნებებზე ან სულაც ახლა, პანდემიურ ყოველდღიურობაში დასახულ ჩვეულებრივ მიზნებზე. როგორც ამერიკელმა პოეტმა ჯონ გრინლიფ უიტიერმა მწარედ აღნიშნა: "ყველა წარმოთქმულ თუ დაწერილ სიტყვათა შორის ყველაზე სევდიანია "რა იქნებოდა, რომ..."
ეს ჩვენს ეკონომიკაში იმ მზარდ საშიშროებასაც ასახავს, რომელსაც ეკონომიკის პროფესორი რობერტ ფრანკი "სუპერვარსკვლავის ბაზარს" უწოდებს. სხვა სიტყვებით: "გამარჯვებული ფლობს მთლიან ბაზარს", ანუ ბაზარზე უამრავიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იღებს ჩვეულებრივზე უფრო მეტ სარგებელს, დანარჩენები კი ხელცარიელნი რჩებიან. ამის კლასიკური მაგალითია ჰოლივუდი და NBA. თუმცა ის კი მართალია, რომ სოციალური მედიის ეპოქაში ადამიანებს პოპულარულად ქცევა მარტივად შეუძლიათ: ვარსკვლავებად, შესაძლოა, ისეთი ჩვეულებრივი პროფესიის წარმომადგენლებიც იქცნენ, როგორებიც არიან სამართლის ან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ამას რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერს შეუძლია ცნობილი სახე გახდის, ცოტა ხნით მაინც: იუთუბერად ქცევაც კი სახელის მოხვეჭის ერთ-ერთი საშუალება გახდა — აშშ-ში 8-დან 12 წლამდე ბავშვების 29% მას უკვე კარიერულ მიზნად ასახელებს. სუპერვარსკვლავის ბაზრის პარადოქსი ისაა, რომ სწორედ რთულად მიღწევადობა აქცევს მას მიმზიდველად — უფრო და უფრო მეტ მსურველს კრებს, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ბოლოს იმედგაცრუებული დარჩება.
გაგვიმართლა, რომ ჩვენი ბედნიერების გასაფრთხილებლად და გასაუმჯობესებლად მიზნების დასახვაზე უარის თქმა არ გვჭირდება, პირიქით — დაბალანსებული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც კვლევის შედეგებით გამყარებულ სამ გაკვეთილზეა აგებული, თან სარგებლის მიღებაში დაგვეხმარება და თან ზიანსაც აგვარიდებს.
იცხოვრეთ "დღეებზე გადანაწილების" პრინციპით
სამეცნიერო ლიტერატურა გვაუწყებს, რომ ბედნიერება უფრო მოკლევადიან, რეალისტურ და ნამდვილად მიღწევად მიზნებს მოაქვს, რადგან მათი განხორციელება იმის ნიშანია, რომ პროგრესი გვაქვს. ტონი რობინსონი, რომელიც თვითგანვითარების გურუა, ამბობდა, რომ ოცნების მიღწევის პროცესში წინსვლა უფრო გვაბედნიერებს, ვიდრე თვითონ ოცნების ახდენა, რასაც ერთ-ერთი კვლევაც ადასტურებს. თუ მოცემული პრინციპის მიხედვით სტრატეგიას შევიმუშავებთ, ჯერ უნდა დავსახოთ საბოლოო მიზანი და შემდეგ მასზე მუშაობის პროცესი რეალისტურ ნაბიჯებად დავყოთ: ერთი წელი, ერთი თვე, ერთი კვირა, ერთი დღე.
ერთდღიანი მიზნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დეილ კარნეგმა 1948 წელს გამოცემულ წიგნში როგორ შევწყვიტოთ შფოთვა და დავიწყოთ ცხოვრება, რომელიც თვითგანვითარების მსურველთათვის კლასიკად იქცა, მკითხველებს ურჩია, რომ "დღეებზე გადანაწილების პრინციპით" ეცხოვრათ. შეეჭიდეთ გრძელვადიან მიზნების რეგულარულად, მაგრამ არც ისე ხშირად; კონცენტრირდით დღიურ შესასრულებელ გეგმაზე, რადგან მისი განხორციელება თქვენში პროგრესის დადებით შეგრძნებას გამოიწვევს. დაასრულეთ დღიური სამუშაო, გადადეთ გვერდით და დატკბით მიღწეულით. ხვალ კი თავიდან დაიწყეთ.
კონცენტრირდით გასავლელ გზაზე
მთელ ცხოვრებაზე გაწერილი მისწრაფებისთვის თავის მიძღვნის პერსპექტივამ შესაძლოა დაგაფრთხოთ, რადგან, როგორც წესი, ეს იმ ტიპის მიზანია, რომელსაც განხორციელება ნაკლებად უწერია. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გრძელვადიანი ოცნება შეიძლება თავისთავად იყოს ისეთი მტკიცე და გაბედული, რომ განუხორციელებლობის შემთხვევაში, იმედგაცრუება არ მოჰყვეს. ამის საიდუმლო მწერალ დიპაკ ჩოპრას მიერ ნათქვამ ფრაზაშია: "განზრახვა მიჯაჭვულობის გარეშე".
ზოგადად ცხოვრებაში რაიმეზე ზედმეტი მიჯაჭვულობა ტკივილის გამომწვევია. ამის გადაჭრის გზა კი ასეთია: თქვენი მიზნები წარმოისახეთ არა როგორც ბედნიერების მიღწევის ერთადერთი საშუალება, არამედ ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ცხოვრების გზის გაკვალვაში გეხმარებათ. შედეგად, როცა ქარები დაუბერავენ და ახალ შესაძლებლობებს მოიტანენ, თავისუფლად გაუშვებთ ხელს ძველ შანსებს და ახალ ოცნებას დაისახავთ ისე, რომ დაკარგულ შესაძლებლობებზე იმედგაცრუება არ მოგიცავთ.
გრძელვადიანი სურვილების ჩაფიქრებისას თან ეს სიტყვებიც აუცილებლად მიაყოლეთ: "ან რაიმე სხვა". ეს საშუალებას მოგცემთ, რომ თუ ცხოვრება გიკარნახებთ, ამ ოცნებაზე უარი თქვათ, ასეც უნდა მოიქცეთ, თანაც ყოველგვარი იმედგაცრუების გარეშე, რადგან ზოგჯერ რეალობა ისე იცვლება, რომ ძველი მიზნები ახალ ცხოვრებას აღარ ერგება.
დაისახეთ "შინაგანი მიზნები"
გარეგანი მიზნები — ფულისკენ, ძალაუფლებისა და სახელის მოხვეჭისკენ სწრაფვა — ყველაზე რთულად მისაღწევია ხოლმე, რადგან ასეთი ზრახვები არსებითად მაინც ვიღაცის წარუმატებლობაზეა დამყარებული: შეზღუდული რესურსების დევნაში ერთმანეთს კონკურენციას ვუწევთ, რადგან ის ყველასთვის სამყოფი არასდროსაა. ამის საპირისპიროა შინაგანი მიზნები, რომლებიც დაფუძნებულია სიყვარულსა და პიროვნულ განვითარებაზე. ამ დროს წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსია: სიყვარულისა და პიროვნულად განვითარებისთვის გაწეული ჩემი ძალისხმევა შენ მიერ გაწეულ ძალისხმევას არ გადაფარავს, პირიქით, ისინი, შესაძლოა, ურთიერთშემავსებელნი აღმოჩნდნენ. უფრო მეტიც, უმეტესად სწორედ ეს მიზნები უკავშირდებიან ბედნიერებას. ამგვარად, თქვენი სურვილები სწორედაც რომ შინაგანი მისწრაფებებისკენ უნდა მიმართოთ.
შეადგინეთ თქვენი შინაგანი მიზნების კონკრეტული სია და იმუშავეთ მათ ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევაზე. თუ მოფიქრებაში დახმარება დაგჭირდებათ, გაიხსენეთ, რომ ასეთ მიზნებს მწერალი დევიდ ბრუკსი "სანაქებო ღირსებას" უწოდებს: იმ ყველაფერს, რითაც გინდათ, რომ ადამიანებმა თქვენი სიკვდილის მერეც გაგიხსენონ. მაგალითად, როგორც "მოსიყვარულე მშობელი" და არა "ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ხუთი მილიონი კილომეტრი იფრინა". დროა, ამაზე მუშაობა დაიწყოთ: თუნდაც ეს ზაფხული თქვენს სულიერებაზე ზრუნვას დაუთმეთ და დღეში 30 წუთი კითხვასა და ვარჯიშს დაახარჯეთ, წლის ბოლომდე ახალი მეგობარი გაიჩინეთ ან საკუთარ თავს დაპირდით, რომ დღეიდან დედას კვირაში ორჯერ დაურეკავთ.
ბედნიერების მისაღწევად, თუნდაც პანდემიის პირობებში, არც ის სამოტივაციო ფრაზები გვიშველის, რომლებიც ოცნებებისთვის ბრძოლას მოგვიწოდებენ და არც ალექსანდრ პოუპის გულგრილი სიტყვები. ამგვარად, გამოსაშვებ საღამოზე შესაფერისი სიტყვით გამოსვლა, შესაძლოა, ასე ჟღერდეს:
იმ ადამიანად გახდომაზე იოცნებეთ, ვინც გინდათ, რომ იყოთ — არ წარმოისახოთ ის, თუ როგორი მდიდარი, ცნობილი და ძლიერი იქნებით, არამედ იოცნებეთ რეალობაზე, რომლითაც იცხოვრებთ, სამსახურზე, სადაც იმუშავებთ, თქვენს მაქსიმუმს გამოავლენთ, ასე კი სამყარო იმაზე ცოტათი უკეთესი იქნება, ვიდრე მაშინ, როცა მას მოევლინეთ. შემდეგ კი იფიქრეთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ მსგავს ცხოვრებას მიაღწიოთ. წარმოისახეთ ის ბედნიერება, რომელსაც ღირებულებების შექმნისა და სიყვარულის გაცემის ხარჯზე მიაღწევთ. საბოლოოდ, თქვენი ყურადღება მიმართეთ იმაზე, თუ რას გააკეთებთ დღეს ისეთს სამსახურში, შინაგან ცხოვრებასა და ურთიერთობებში, რომ მიზნის მისაღწევად გასავლელ გზაზე რამენაირად წინ წაიწიოთ.
და ჰო, რამდენიმე კვირაში თქვენი დიპლომებიც მზად იქნება!
კომენტარები