WD 1856+534 b-ის სახელით ცნობილი აირის გიგანტ ეგზოპლანეტაზე მინიშნებებს ასტრონომებმა 2020 წელს მიაგნეს, ახლა კი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით მისი არსებობა დადასტურდა.

ის დედამიწისგან 81 სინათლის წლითაა დაშორებული და იუპიტერზე თითქმის 6-ჯერ მასიურია. რაც საინტერესოა, ეს ციური სხეული მკვდარი ვარსკვლავის — თეთრი ჯუჯის — გარშემო გადაადგილდება. ვების შუა ინფრაწითელმა კამერამ სხვა მნიშვნელოვანი მონაცემიც დაადასტურა: WD 1856+534 b ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ცივი ეგზოპლანეტაა.

ეს ინფორმაცია მეცნიერებმა ვების ზოგადი დაკვირვებების მესამე ციკლის პროგრამის ფარგლებში მოიპოვეს, რომლის მიზანიც ეგზოპლანეტების პირდაპირი შესწავლა იყო. ამისთვის ტელესკოპი მათი ატმოსფეროს ან ზედაპირის მიერ არეკლილ სინათლეს აფიქსირებს და სპექტრომეტრით ქიმიურ შედგენილობას ადგენს. ამ მეთოდით სიცოცხლის ინდიკატორების აღმოჩენაცაა შესაძლებელი.

ამის მიუხედავად, სინათლეს ხშირად დედავარსკვლავის სიკაშკაშე ფარავს, რის გამოც ციურ სხეულებზე პირდაპირი დაკვირვება ასტრონომებისთვის გამოწვევად რჩება. შედარებით მარტივია ისეთი ობიექტების დაფიქსირება, რომლებიც დიდი ზომისაა, მნათობისგან შორს გადაადგილდება ან საკმარისად ცხელია. კლდოვანი და ცივი (1.85°C-ზე ნაკლები) ციური სხეულების ამ გზით აღმოჩენა კი რთულია.

თეთრი ჯუჯები მეცნიერებს სწორედ ცივი ეგზოპლანეტების გამოკვლევის უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს, რადგან მათი ელვარება ხელის შემშლელი არაა. ასევე, მათი მეშვეობით საშუალება გვაქვს გავაანალიზოთ, რა ემართება სისტემას მზის მსგავსი ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ — აქვს თუ არა პლანეტებს გადარჩენის ან სასიცოცხლო პირობების შენარჩუნების შანსი.

ვების მონაცემებმა აჩვენა, რომ WD 1856+534 b-ის საშუალო ატმოსფერული ტემპერატურა -87 °C-ია. ამ მაჩვენებლით კი ის ციურ სხეულებში სიცივის რეკორდს მყარებს. დამტკიცდა ისიც, რომ მისი მასა იუპიტერისას 6-ზე მეტჯერ არ აღემატება, როცა წინა ვარაუდი 13.8 იუპიტერის მასა იყო.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ პლანეტების გადარჩენა და უფრო ახლო, სასიცოცხლო ზონის ორბიტაზე გადანაცვლება შესაძლებელია. მიმდინარე წელს WD 1856+534 b-ზე ხელახალი დაკვირვება იგეგმება და იმედოვნებენ, რომ მის მეზობელ ობიექტებსაც დააფიქსირებენ.

ახალი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.