ჰიუნდაის დირექტორის თქმით, 10 წელიწადში მფრინავი მანქანები მასიურ წარმოებაში იქნება
ათწლეულის ბოლოს მფრინავი მანქანები რეალობა იქნება, ამტკიცებს Hyundai-ს გენერალური დირექტორი. სამხრეთ კორეული ავტომობილების მწარმოებლის ევროპული ოპერაციების პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ კოულმა თქვა, რომ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი გამონაბოლქვის და საცობების შემცირების.
"მფრინავი მანქანების მასიური წარმოებისთვის ჯერ კიდევ დრო გვჭირდება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ ათწლეულის ბოლოსთვის ეს შესაძლებელი იქნება. ეს როგორც გამონაბოლქვის შემცირებისთვისაა მნიშვნელოვანი, ისე საცობების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება", — თქვა მაიკლ კოუელმა.
მაიკლ კოუელს მიაჩნია, რომ "საჰაერო ურბანული მობილობა" დროსთან ერთად სულ უფრო მოთხოვნადი გახდება. ამ ტერმინში ის პროდუქტის და ნივთების მფრინავი მანქანებით გადაზიდვას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ Hyundai-მ 2020 წლის იანვარში ლას-ვეგასში CES-ის ტექნოლოგიურ გამოფენაზე თავისი ელექტრო ვერტიკალური ასაფრენი ავტომობილის პროტოტიპი წარადგინა.
"ჩვენ მფრინავ მანქანებში დიდ ინვესტიციას ვდებთ და გვჯერა, რომ ეს ნამდვილად ისაა, რაც მომავალში ყველას დასჭირდება. რამდენიმე წლის წინ ჩემთვის რომ გეკითხათ, მოვესწრებოდი თუ არა მფრინავი მანქანების მასიურ წარმოებას, გეტყოდით, რომ არა. თუმცა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ეს ჩვენი სამომავლო გადაწყვეტის ნაწილია, რომელიც ინოვაციურ მობილობას გვთავაზობს", — განაცხადა მაიკლ კოუელმა.
იანვარში ცნობილი გახდა, რომ წელს ქოვენთრიში გაიხსნება მსოფლიოში პირველი სრულად მოქმედი აეროპორტი მფრინავი მანქანებისა და მიწოდების დრონებისთვის. Air One-მა სწორედ ამისთვის სახელმწიფოსგან 1,2 მილიონი ფუნტი სტერლინგის გრანტი მიიღო.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები