10 "დასამშვიდებელი" ფრაზა, რომელიც გვარწმუნებს, რომ "ზოგჯერ თქმითაც დაშავდების"
თითოეული ადამიანი მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დაბრკოლებებს, დანაკარგს, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს განსხვავებული სიმძაფრით აღიქვამს, შესაბამისად მათთან გამკლავების ხერხებიც ინდივიდუალურია. ამის მიუხედავად, როდესაც ცხოვრებაში რთული პერიოდი გვაქვს, მეგობრების, ოჯახის წევრებისა თუ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, განსხვავებულია მათი მხარდაჭერის ხერხებიც, თუმცა ხანდახან, ჩვენთვის დასამშვიდებლად ნათქვამ ფრაზებს დამატებითი ზიანი მოაქვს ან გვგონია, რომ ამ ფრაზებს არა დასამშვიდებლად, არამედ — თავის დასაღწევად გვეუბნებიან. ასეთ დროს, ხშირად ვნატრობთ, ადამიანებს არაფერი ეთქვათ და ჩვენს გასაჭირს მხოლოდ თანაგრძნობის გამომხატველი დუმილით შეხვედროდნენ.
ამ სტატიაში ჩამოთვლილი ფრაზები, სამწუხაროდ, რამდენჯერმე მეც გამომიყენებია, ამიტომ ვიცი, რომ მის ავტორებს ხანდახან ცუდი განზრახვა სულაც არც ამოძრავებთ. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ფრაზებში ბევრმა შესაძლოა, უარყოფითი ვერაფერი დაინახოს, რადგან ეს სტატია უფრო მეტად პირადი გამოცდილებაა, ვიდრე უნივერსალური გზამკვლევი.
მაშ ასე, გთავაზობთ 10 "დასამშვიდებელ" ფრაზას, რომელიც დაგარწმუნებს, რომ ხშირად დახმარების საუკეთესო გზა სხვების ჩუმად მოსმენაა:
1. შენი თავის ფსიქოლოგი შენ ხარ
"ფსიქოლოგი/ფსიქიატრი რად გინდა, გიჟი ხარ?" — სხვებისგან, განსაკუთრებით უფროსი თაობისგან ხშირად მსმენია დამაკნინებელი ფრაზები იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის დახმარება სჭირდებათ. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ დახმარების მიღება სისუსტის ნიშანია. "შენი თავის ფსიქოლოგი შენ ხარ" — ამ ფრაზით მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ ადამიანი საკუთარი გრძნობებისა თუ პრობლემების გამო თავს დამნაშავედ იგრძნობს და ვერ გაბედავს იმ დახმარების თხოვნას, რომელიც სჭირდება. როდესაც ადამიანი სპეციალისტთან ვიზიტზე ფიქრობს, სჯობს უთხრათ: დახმარების თხოვნაში სამარცხვინო არაფერია.
2. სხვას შენზე მეტი პრობლემა აქვს
ის, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ პრობლემები, ჩვენს პრობლემებსა და გრძნობებს სიმძიმესა და მნიშვნელობას ნამდვილად არ უკარგავს, ამიტომ საკუთარისა და სხვების გრძნობების შედარება სწორი მიდგომა არაა. ეს ფრაზა ადრესატს ნამდვილად ვერაფრით დაეხმარება, უფრო უარესიც — ადამიანი საკუთარი გულწრფელი გრძნობების გამო სინდისის ქენჯნას იგრძნობს. ამის მაგივრად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ფრაზა: შენი გრძნობები და განცდები ბუნებრივია/საფუძვლიანია.
3. პოზიტიურად შეხედე!
ყველამ ვიცით, რომ პოზიტიური დამოკიდებულებით ცხოვრება მენტალური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თუმცა პრობლემა ისაა, რომ თვითონ ცხოვრება ყოველთვის პოზიტიური არაა. არსებობს სიტაუცია, რომელსაც დადებითი მხარე უბრალოდ არ აქვს, შესაბამისად თავისა და სხვების მოტყუება პრობლემისადმი ჯანსაღი მიდგომა ნამდვილად არაა. ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტივის ძიება პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მათი უგულებელყოფის გზაა. რეალური განცდების ყალბი პოზიტივით შენიღბვა ტოქსიკური პოზიტიურობის ნიშანია, რომელიც ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, საბოლოოდ, უარყოფითად აისახება. ალტერნატიული ფრაზა: მართალია, ცუდ მდგომარეობაში ხარ, მაგრამ როცა მზად იქნები, შეგვიძლია, ამასთან გამკლავების გზები ერთად ვეძიოთ.
4. დეპრესიის მიზეზი არ გაქვს
როგორც კი სიტყვა "დეპრესიას" ვახსენებთ, აუცილებლად გამოენთება ვიღაც ფრაზით "შენ დეპრესიის მიზეზი არ გაქვს". აღნიშნული ფრაზა რამდენიმე მიზეზის გამოა მიუღებელი. უპირველეს ყოვლისა, კონკრეტულ ადამიანს მენტალური მდგომარეობა, ყველა პრობლემა თუ საფიქრალი შუბლზე ნამდვილად არ აწერია, შესაბამისად, ყოვლისმცოდნისა და ყოვლისმხილველის როლის მორგებით მხოლოდ მის მდგომარეობასა და გრძნობებს დავაკნინებთ. მეორე: იმ მიზეზების ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც დეპრესიაში ყოფნის უფლებას გვაძლევს, ნამდვილად არავის შეუდგენია.
5. ცუდად ყოფნის არაფერი გეტყობა
თითოეული ადამიანი ცუდად ყოფნას განსხვავებულად გამოხატავს. ხანდახან ცუდად ყოფნას დაუვარცხნელი თმის, ამოღამებული თვალებისა და საწოლში გატარებული დღეების სახე აქვს, ხანდახან კი ცუდად მყოფი ადამიანი სამსახურსა თუ სასწავლებელში გაღიმებული დააბიჯებს და ყოველდღიურ პასუხისმგებლობებს უსიტყვოდ ეჭიდება. საზოგადოებაში ადამიანის ქცევა იმის გარანტია არაა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და დახმარებას, რომელიც სჭირდება, მხოლოდ იმიტომ არ იმსახურებს, რომ იღიმის.
6. დაიკიდე რა
ალბათ, ცხოვრება უფრო მარტივი იქნებოდა, ნებისმიერ ჩვენგანს პატარა ღილაკი, სახელად "დაიკიდე" რომ ჰქონდეს, რომელზე თითის დაჭერითაც ყველა პრობლემა წამში ქრება. პრობლემებს გამკლავება, მუშაობა, სპეციალისტთან ვიზიტი სჭირდება და არა — დაკიდება. ამ ფრაზით ადამიანს იმ მცირე თანადგომასაც კი ვერ სთავაზობთ, რომელმაც, შესაძლოა, დიდი დახმარება გაუწიოს და მხოლოდ იმას აგრძნობინებთ, რომ მისი პრობლემები ან არ გაინტერესებთ, ან არასერიოზულად მიგაჩნიათ. უამრავი ჩვენგანისთვის კი საკუთარი გასაჭირის მეგობრისთვის გაზიარება უდიდესი შვება და გადარჩენის გზაა.
7. არაფერიც არ გჭირს, რაღაცას იგონებ
ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ მოსმენის ან თანადგომის გამოხატვის მაგივრად, ცუდად ყოფნის გამო გვადანაშაულებენ და ჩვენს გრძნობებსა და პრობლემებს არარეალურად მიიჩნევენ. მსგავსი მიდგომა გულში ეჭვის შეგრძნებას გვიტოვებს, რომელიც ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში მიგვყვება. ამ ფრაზის გავლენით, ხშირად ვაკნინებთ და ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს რეალურ ემოციურ მდგომარეობას, რის გამოც, შესაძლოა საჭირო დახმარება დროულად ან საერთოდ ვერ მივიღოთ.
8. გარეთ გადი, გაისეირნე / ივარჯიშე
სეირნობა და ფიზიკური აქტივობა მენტალურ ჯანმრთელობასა და განწყობაზე, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება. თუმცა ნებისმიერი პრობლემის საპასუხოდ გასეირნების ან ვარჯიშის რჩევა ხშირად ადამიანის თავიდან მოშორების ერთგვარი ხერხია. მიუხედავად ფიზიკური აქტივობის დადებითი გავლენისა, ის პრობლემების უებარი წამალი ნამდვილად არაა და ადამიანის ამაში დარწმუნება კარგ მიდგომად არ მიმაჩნია. რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია გამამხნევებელი ფრაზების თქმა და სხვების პრობლემების მიგვარება, მაგრამ სჯობს, ცუდად მყოფ ადამიანს გასეირნების ნაცვლად, სპეციალისტთან ვიზიტი ურჩიოთ ან უბრალოდ ჩუმად მოუსმინოთ.
9. თავი ხელში უნდა აიყვანო
ფრაზა "თავი ხელში აიყვანე" ხშირად ითარგმნება, როგორც "შენი პრობლემებით ნუ გვაწუხებ". ამ ფრაზით დარდი ნამდვილად ვერავის შეუმსუბუქდება. ადრესატმა შესაძლოა, საკუთარი გრძნობების გამო თავი დამნაშავედ იგრძნოს და ჩათვალოს, რომ საკუთარი პრობლემის წინაშე მარტოა და სპეციალისტის დახმარებასაც კი არ იმსახურებს. "თავის ხელში აყვანამ" შესაძლოა, საბოლოოდ, ადამიანის საკუთარ თავში ჩაკეტვა და მისი მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს.
10. რამით დაკავდი და გაგივლის
სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი დეპრესიასა და მენტალურ ჯანრმთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს სიზარმაცედ თვლის. უამრავი ადამიანი, რომელიც მსგავს პრობლემებს ებრძვის, აქტიურად მუშაობს ან სწავლობს. მათ ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ ამ მიდგომამ შესაძლოა მხოლოდ დროებით გააუფერულოს სირთულეები, რომელთაც ვებრძვით. დატვირთული გრაფიკი დეპრესიისა თუ სხვა პრობლემების წამალი ნამდვილად არაა, შესაბამისად ამის რჩევას, ხშირად ნამდვილად გაჩუმება სჯობს.
თანაგრძნობის გამოხატვა და სწორი სიტყვების შერჩევა მარტივი სულაც არაა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ხშირად მსგავს ფრაზებს გაუცნობიერებლად ვიყენებთ. როცა არ ვიცით, რა ვთქვათ და როგორ შევუმსუბუქოთ სხვას რთული მდგომარეობა, შესაძლოა, ჩუმად მოსმენა საუკეთესო გამოსავალი იყოს. თანაგრძნობის გამოსახატავად სიტყვები აუცილებელი არა — მთავარია გრძნობა იმისა, რომ მარტო არ დგახარ და თუ წაბორძიკდები, ვიღაც ხელს აუცილებლად შემოგაშველებს.
ამავე თემაზე:
კომენტარები