ინვესტირების სამყაროში ბაზრის მდგომარეობის აღსაწერად ხშირად იყენებენ ტერმინებს "Bull" და "Bear". ეს ტერმინები აღწერს, რა ვითარებაშია საფონდო ბირჟა — რომელი ტენდენცია იჩენს თავს, აღმავალი თუ — დაღმავალი. საბაზრო ვითარებასა და მის მიმართულებას ინვესტორის პორტფელზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

Bull Market საფონდო ბაზრის ისეთი სახეა, რომელსაც აღმავალი ტენდენციები ახასიათებს და ეკონომიკურად ხელსაყრელია. Bear Market კი ისეთ ბაზარს აღნიშნავს, სადაც აქციების უმეტესობის ფასი ვარდება.

Bull Market-ისთვის დამახასიათებელია ფასების მდგრადი ზრდა. ჩვეულებრივი აქციების ბაზრის შემთხვევაში Bull Market აღნიშნავს ვითარებას, როცა კომპანიების წილების ფასები იზრდება. ასეთ დროს ინვესტორებს სჯერათ, რომ აღმავალი ტრენდი დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. როგორც წესი, პოზიტიური მოლოდინები ინვესტორებისთვის დამატებით წამახალისებელ როლს თამაშობს, რასაც ბაზარზე არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო აუმჯობესებს. ამ სცენარის შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა, როგორც წესი, ძლიერია და დასაქმების დონეც მაღლა იწევს.

ამის საპირისპიროდ, ტერმინ Bear Market-ით იმ ბაზრებს აღწერენ, სადაც ფასები მუდმივად იკლებს. როგორც წესი, ბაზარი არ ითვლება ჭეშმარიტ Bear Market-ად, თუ უახლეს მონაცემებთან შედარებით 20%-იანი ან მეტი ვარდნა არ ფიქსირდება. აქციების ფასების მუდმივი ვარდნის პერიოდში დასაქმების დონე იკლებს, რადგან კომპანიებს თანამშრომლების გაშვება უწევთ.

რა უნდა გავაკეთოთ ორივე ტიპის ბაზრის შემთხვევაში?

ფოტო: Shutterstock

Bull Market-ის შემთხვევაში ინვესტორისთვის იდეალურია, მზარდი ფასებისგან მოგება ნახოს — იყიდოს აქციები რაც შეიძლება ადრე და გაყიდოს ფასის პიკში. ამ დროს ნებისმიერი დანაკარგი უნდა იყოს მცირე და დროებითი. ინვესტორმა კი აქტიურად და თავდაჯერებით უნდა განაგრძოს ინვესტირება უფრო მეტ ჩვეულებრივ აქციაში, რომ მეტი მოგება მიიღოს.

Bear Market-ის დროს პირიქით, მასშტაბური დანაკარგების შანსი დიდია, რადგან, ბაზარზე ფასები მუდმივად იკლებს და ამ ტრენდს დასასრული არ უჩანს. თუ ასეთ დროს დაიწყებთ ინვესტირებას იმ იმედით, რომ ახლო მომავალში ფასები მოიმატებს, შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ, სანამ აღმავალი ტენდენცია დაიწყება. ასე რომ, ამ პერიოდში მოგებას უფრო დაბალი რისკის მქონე აქტივებში, მაგალითად ობლიგაციებში ინვესტირებით მიიღებთ.

ინვესტორების ნაწილი ე.წ თავდაცვით აქციებს (Defensive Stocks) ანიჭებს უპირატესობას. ასეთ აქციებზე ბაზრის ტენდენციები ნაკლებ გავლენას ახდენს, შესაბამისად, ის ეკონომიკის აყვავების პერიოდშიც სასარგებლოა და ვარდნის დროსაც. ამაში უმეტესად სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომუნალური ინდუსტრიები და პირველადი საჭიროების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები მოიაზრება, რომლებზე მოთხოვნაც კრიზისის დროსაც კი ნარჩუნდება.

Bull და Bear ბაზრებთან დაკავშირებული ფაქტორები

ფოტო: Shutterstock

ის ფაქტორები, რომლებიც საფონდო ბირჟის აქციების ფასების ცვლილებაზე მოქმედებენ, გავლენას ახდენენ Bull და Bear ბაზრების ჩამოყალიბებაზეც. ქვემოთ შეხვდებით ეკონომიკაზე მოქმედ რამდენიმე ფაქტორს, რომელთა ზეგავლენითაც მსგავსი ბაზრები ყალიბდება.

დასაქმება — ამ ფაქტორზე უკვე ვისაუბრეთ, ამიტომ მოკლედ გეტყვით, რომ მაღალი დასაქმება Bull ბაზრისთვის არის დამახასიათებელი. ამ დროს კომპანიებს უკეთესი ფინანსური პერიოდის მოლოდინი აქვთ, რის გამოც, მათ შორის, ადამიანური კაპიტალის განახლებას არ ერიდებიან. რაც შეეხება მაღალ უმუშევრობას ეს Bear მარკეტისთვის არის დამახასიათებელი, რადგან როდესაც ბაზარი კრახს განიცდის, ეს, პირველ რიგში, სწორედ კომპანიებში მომუშავე ადამიანებზე აისახება.

საპროცენტო განაკვეთები — ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც სახელმწიფოს ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის შეუძლია. საქართველოს მაგალითზე, როდესაც ეროვნული ბანკი სესხებზე რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს, ეს ზრდის კრედიტებზე ხელმისაწვდომობას, რაც ეკონომიკისთვის დამატებითი სტიმულია — ზოგჯერ ბაზრისთვის ამგვარი დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას, ამას მრავალი მიზეზი აქვს, თუმცა ეს ნაბიჯი, თითქმის ყოველთვის, ეკონომიკის შენელების წინაპირობა ხდება.

საერთაშორისო ინვესტიციები — როგორც წესი, უცხოური ინვესტიციები ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას იწვევს. ეს ქვეყნისთვის, ან კონკრეტული ბაზრისთვის დამატებითი კაპიტალია, რაც ეკონომიკას ასტიმულირებს. ამგვარი ინვესტიციების ზრდა Bull ბაზრის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და პირიქით, როდესაც ინვესტიციები მცირდება, ამან, შესაძლებელია, Bear ბაზრის შექმნას დაუდოს საფუძველი.

ნდობა და მოლოდინები — როდესაც ინვესტორს ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს და ბაზარს ენდობა, ის აუცილებლად დააბანდებს ფულს მასში. ეს ფაქტორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ბაზრის ჩამოყალიბებისას. როგორც უკვე აღინიშნა, Bull ბაზარს პოზიტიური მოლოდინები ქმნიან, ხოლო Bear-სთვის ბაზრის კრახია დამახასიათებელი.

ისევე როგორც ცხოვრებაში, ეკონომიკაშიც დაღმავალ ტრენდებს აღმავალი პერიოდები მოჰყვება და პირიქით. ასე იქმნებიან Bull და Bear ბაზრები, რომლებიც საფონდო ბირჟაზე პოზიტიურად და ნეგატიურად მოქმედებენ. ინვესტორი უნდა მიხვდეს, ვინ ბატონობს ბაზარზე მიმდინარე პერიოდისთვის — ხარი, თუ დათვი და იმგვარად იმოქმედოს, რომ მაქსიმალური მოგება მიიღოს.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.