აშურბანიპალის ლომებზე ნადირობა თაბაშირის ბარელიეფია. ძვ.წ. მე-7 საუკუნის ეს ძეგლი, რომელიც ზემო მესოპოტამიაში, ქალაქ ნინევიის სამეფო დარბაზს ამშვენებდა, ერთი შეხედვით, ქაოსური და დამაბნეველი გამოსახულებების მწკრივია, რომელშიც ნადირობაა ასახული. ძლევამოსილების წარმომჩენ ამ ნამუშევარზე ასურეთის მშვილდმომარჯვებული მეფე აშურბანიპალი, ხან ცხენზე ამხედრებული და ხანაც ეტლზე მდგარი, ამაყად ხოცავს განრისხებულ ლომებს. აღმართული შუბებისა და ქვაში გაყინული ღრიალის გარდა, მართლაც რთულია, ჩვეულებრივმა დამკვირვებელმა მასში მეტაფიზიკური ესთეტიკა ან სულიერი გზავნილი ამოიკითხოს.

მაგრამ მაინც, რაზე არის ეს ბარელიეფი? იმაზე ნამდვილად არაა, რასაც პირდაპირ გამოსახავს: ველურ ბუნებაში ლომების თავდასხმის მოგერიებაში მეფის წარმატებას. ერთი პანელი ააშკარავებს, რომ ცხოველები გალიებიდან მიზანმიმართულად გამოუშვეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ნამუშევარი ყალბი ინფორმაციის არქაული ნიმუშია და აშკარა პროპაგანდის სუნი ასდის. და მართალია, უდავოა, რომ ხელოვნების ეს ნიმუში საოცარი ოსტატობით არის შესრულებული უცნობი არტისტის მიერ, თუმცა ჩვენი თვალები ლომთა სისხლისღვრის ყურებისას ნამუშევრის უფრო ღრმა საზრისის დანახვას ცდილობენ.

ბარელიეფის ერთ ფილაზე ნათლად ჩანს, რომ ლომები, რომლებსაც მეფე იგერიებს, გალიებიდან არიან გამოშვებულები.

ფოტო: Wikimedia Commons

და მოულოდნელად ვამჩნევთ კიდეც მას: აშურბანიპალის ბიბილოზე ჩამოკონწიალებულ სამკაულს ბარელიეფის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ სცენაში, რომელშიც მეფეს მშვილდი გასატყორცნად მოუზიდავს. ანტიკური ხანის ხელოვანმა აშკარად დიდი დრო დაუთმო ამ მოზრდილი საყურის ფორმასა და ტექსტურას. სამკაული იმდენად მჭრელად და ბასრად გამოიყურება, რომ დამკვირვებელს განცდა უჩნდება, აშურბანიპალი ახლა მშვილდს მოისვრის და საყურეს ნინძას იარაღივით გამოიყენებსო.

გაცხარებული ბრძოლის აქტში, მოჭიმული კუნთების, აღმართული შუბებისა და ისრების წვიმის სცენაში ეს უწყინარი, თითქოს უმნიშვნელო დეკორაცია მაინც ახერხებს ჩვენი ყურადღების დაპყრობას. სამკაული, რომელიც ციური სხეულის მსგავსი გამომსახველობით თითქოს საკუთარ მოხაზულობასაც კი ცდება, ძალადობის ამსახველ სტატიკურ მომენტს მითიურების ელფერს სძენს: ის ყველა ქმნილების ურთიერთდაკავშირებულობის სიმბოლოდ გვევლინება. ამ სამშვენისის მომაჯადოებლობის მიზეზი რომ შევიმეცნოთ, უნდა გადავხედოთ მთელი ბარელიეფის ზედაპირს და უცნობი ხელოვანის 2 ათასწლეულის წინანდელი მიღწევის მნიშვნელობა გავიაზროთ.

სკულპტურაში ცხადადაა გამოკვეთილი საყურე, რის გამოც ის ჩვენს ყურადღებას წამიერად იქცევს.

ფოტო: Alamy

რომ არა ძვ.წ მე-7 საუკუნის მესოპოტამიის ტენიანი ამინდი, ბარელიეფი, შესაძლოა, არც კი შექმნილიყო. ცხოველებისა და მცენარეებისთვის იდეალურმა ნესტიანმა ჰავამ საშუალება მისცა ლომებს, გამრავლებულიყვნენ და კომფორტულად ეგრძნოთ თავი მცენარეულობით დაფარულ გორებზე, რომლებიც ქალაქ ნინევიას, ასურული ცივილიზაციის ცენტრს, ოდესღაც გარს ერტყნენ. ლომების რიცხვთან ერთად იზრდებოდა მათი მადაც. მტაცებლები იმდროინდელი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდნენ. ისინი თავს ესხმოდნენ გლეხებსა და მოშინაურებულ ცხოველებს. იმდროინდელ წყაროებში ვკითხულობთ: "ცხვრების, ადამიანების და ძროხების გვამები გროვებად ყრია, თითქოს ჭირმა დახოცაო ისინი. მწყემსები მოთქვამენ იმის დანახვაზე, თუ რა ჩაიდინეს ლომებმა. სოფლები დღე და ღამე გლოვობენ".

სიმშვიდეს ისეთ საფრთხეს უქმნიდნენ ლომები, რომ ასურეთის მეფეების ერთ-ერთი მოვალეობა მათთან გამკლავება გახდა. სამეფო ბეჭდის დიზაინით თუ ვიმსჯელებთ, რომელზეც ლომთან მებრძოლი ადამიანი იყო გამოსახული, ხელმწიფის რეპუტაცია პირდაპირ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გადაჭრიდა ის ამ პრობლემას. ასე დაიწყო პომპეზური სამეფო ნადირობის ტრადიცია და ასურეთის მეფის, როგორც ლომების სასტიკი მმუსვრელის, მითი.

როდესაც მეფე აშურბანიპალისთვის ახალი სამეფო რეზიდენცია აშენდა, ერთ-ერთ მოქანდაკეს სასახლის ჩრდილოეთ ნაწილის კედლების ბარელიეფით მოპირკეთება დაევალა; ისეთით, რომელიც ლომების წინააღმდეგ მეფის ბრძოლას განადიდებდა. 10-წლიანი მუშაობის შემდეგ ბარელიეფი დასრულდა და შედეგად მესოპოტამიური ცივილიზაციის შედევრი მივიღეთ, რომელიც თითქმის ისევე სწრაფად დაიკარგა კაცობრიობის კულტურის ისტორიიდან, როგორ სწრაფადაც შეიქმნა.

ბარელიეფის დასრულებიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, ძვ.წ. 612 წელს ქალაქი ნინევია ბაბილონელების, ქალდეელების, სკვითებისა და სპარსელების კოალიციამ დაიპყრო და გაძარცვა. უცნობი ხელოვანის შედევრი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა და ასე 2000 წელი გაატარა. დაკარგული ბარელიეფის თავიდან აღმოჩენა მეცხრამეტე საუკუნის ერაყელმა ასუროლოგმა, ჰორმუზდ რასამმა შეძლო, რომელიც 1852 წლიდან 1854 წლამდე გათხრებსა და ბარელიეფის მის ამჟამინდელ ადგილსამყოფელზე — ბრიტანეთის მუზეუმში გადატანას ხელმძღვანელობდა.

ბარელიეფის დანახვისას პირველი, რაც თვალში გხვდება, ისრებია; ისრები, რომლებიც ლომების ხორცს აპობენ და დროში გაყინულ ვიზუალურ სცენებს განგრძობით ნარატივად გარდაქმნიან. ისინი ბარელიეფის ყოველ პანელზე მეფის ხელახლა გამოჩენას ამბის თხრობის ლოგიკას სძენენ.

ბარელიეფი გვაჩვენებს როგორც ლომების შეუპოვრობას, ისე მათზე მონადირე მეფის ხელმარჯვეობას.

ბრძოლის სცენის ფრაგმენტულად გადმოცემის ზუსტად ეს შეგრძნება იქცა მე-20 საუკუნის ამერიკელი პოეტის, უილიამ უილიამსის შთაგონების წყაროდ. 1920-იან წლებში, თავის ახალგაზრდობაში ბარელიეფს რომ გადააწყდა, მან კიდევ უფრო გაახანგრძლივა აშურბანიპალის მიერ გატყორცნილი ისრების ექო, როდესაც მონადირე მეფის ისტორია თავის პოემაში გააცოცხლა. "აი! აშურ-ბან-ი-პალ-ი", — წერს უილიამსი და დეფისებით, ტირეებითა და ძახილის ნიშნებით მახვილგონივრულად გადმოსცემს ისრების ფრენასა და ვარდნას, — "ცხენზე-ამხედრებული მოისარი-მეფე... დაჭიმული მშვილდით — უკანა ფეხებზე წამომდგარი, კლანჭებგამოშვერილი ლომების პირისპირ, / მისი ისრები ლომების კისრებში გაყრილნი ელვარებენ!"

უილიამსი ბარელიეფის ფანტასტიკურ ასპექტს უსვამს ხაზს — იმას, თუ როგორ არის ისარი მარადიულად გაყინული გასროლამდე წამში ("დაჭიმული მშვილდით") და იმავდროულად მარადიულადვე როგორ ესობა მიზანს ("კისრებში გაყრილნი ელვარებენ"). უილიამსის ამ სიტყვებით თითქოს დრო ქრება და მასთან ერთად — მკვლელისა და მოკლულის ანტაგონიზმიც. თითქოს, მეფე და ლომები, რომლებიც ერთმანეთს მტრობენ, სივრცეს და დროს ტოვებენ და სასიკვდილო მეტოქეების ნაცვლად ერთმანეთის სპირიტუალურ ანარეკლებად გარდაისახებიან.

სწორედ აქ ავლენს აშურბანიპალის საყურე თავის მნიშვნელობას და ამ ორი ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი ძალის, მონადირისა და მსხვერპლის კომპლექსური ურთიერთობის ახსნაში გვეხმარება. თუ მეფე მართლაც ასეთი ძლევამოსილია, მაშინ რატომ არ მთავრდება ლომებთა შემოსევა? ეს მხეცები ბარელიეფის ყოველ ფილაში ახლიდან რატომ ჩნდებიან? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემქმნელი მოქანდაკე დიდი თავსატეხის წინაშე იდგა: მას უნდა აეხსნა ის, თუ რანაირადაა შეუძლებელი "ყოვლისშემძლე" ხელმწიფისთვის მტრის ერთხელ და სამუდამოდ დამარცხება. ამ დილემისგან თავის დაძვრენა მან საყურის მეშვეობით შეძლო.

ლომისა და მეფის სიმბოლო

გამოსახულება ადამიანს და მხეცს ღირსეულ მეტოქეებად წარმოაჩენს.

ფოტო: Getty Images

სამშვენისი ბევრად მეტია, ვიდრე მზის სიმბოლო, რომელიც გამოშვერილი სხივებით მეფის შეუდარებელ ბრწყინვალებაზე აკეთებს აქცენტს. თუ დააკვირდებით, ამოწვერილი წვეტიანი ფირფიტები არა მხოლოდ ისრების, ანუ გმირის ძლევამოსილებისა და ბრწყინვალების სიმბოლოს ფორმას იმეორებენ, არამედ, ამავდროულად, კლანჭებისა თუ ეშვებისაც, რომლებითაც ასურელ მეფეს განგმირვა ემუქრება. საყურე საერთო ემბლემაა, რომელიც მზის მარადიულობას, მეფის უძლეველობასა და ლომების მძვინვარებას უყრის თავს.

სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ იმდროინდელი დამკვირვებელი მაშინვე ამოიცნობდა საყურის ორმაგ სიმბოლიზმს: იმას, რომ საყურე ერთდროულად მონადირის იარაღსაც განასახიერებს და ლომის იარაღსაც. იმდროინდელი მესოპოტამიის მითოლოგიებში მზე მშვილდოსან ღვთაება აშურთან ასოცირდებოდა, საიდანაც თავად მეფე აშურბანიპალის სახელი მომდინარებს. ჩვენამდე მოღწეულ ქვის ორნამენტებში, რომლებიც ლომებზე ნადირობის ბარელიეფზე უფრო ძველია, ფრთოსანი აშურია ასახული მშვილდით ხელში და მზის დისკოთი გარშემორტყმული. მზისა და მშვილდოსნის კავშირი ისეთივე ძველი ტრადიციაა, როგორც მზისა და ლომის, რომლის გაჩენაც აშურბანიპალამდე ათასი წლით ადრე ასტროლოგიურ ნიშნებს უკავშირდება. ფოლკლორისტ ალექსანდრე კრაპეს მიხედვით, "უძველესი კავშირი მზის ღმერთსა და ლომს შორის ზოდიაქოების ტრადიციულ გაგებაშიც იკვეთება, რაც, უდავოდ, მესოპოტამიური წარმომავლობისაა".

შესაბამისად, საყურის ჭრილში გაანალიზებული აშურბანიპალის ლომებზე ნადირობა ბევრად მეტია, ვიდრე მავნებელი მხეცების თავიდან მოშორების მცდელობა. ეს მარადიული მითი არის, რომელიც ლომების სამუდამოდ დამარცხების წარუმატებელ მცდელობას დიდებულ გამარჯვებად აქცევს. უეცრად ის დეტალებიც, რომელიც თანამედროვე დამკვირვებელმა მარტივად შეიძლება უგულებელყოს, უძველესი მოქანდაკის ჩანაფიქრს უფრო მეტად ხდის ფარდას — აშურბანიპალის მშვილდის წვერზე გამოთლილი პატარა, ელეგანტური ლომის თავი; კუნთებზე მოჭერილი ლომისებრი სამკლაურები. მონადირე და მსხვერპლი ავსებენ და არსს სძენენ ერთმანეთის არსებობას. რათა მეფე განდიდდეს, ლომიც უნდა გაიდეალურდეს. როგორი სასტიკიც უნდა იყოს მათი ცხოველური შერკინება, თავად სიცოცხლე ბრძოლაზეა დაფუძნებული. ბარელიეფი გვარწმუნებს იმაში, რომ მეფე და ლომი ერთნი არიან.