არქეოლოგებმა 1000 წლის კვერცხი აღმოაჩინეს და შემთხვევით გატეხეს
არქეოლოგებმა ისრაელში, იავნეს უძველეს ინდუსტრიულ ადგილას წარმოუდგენლად იშვიათი რამ — 1000 წლის წინანდელი ქათმის კვერცხი აღმოაჩინეს.
როგორც Haaretz იუწყება, ამ წლების მანძილზე კვერცხი მიწის ქვეშ ინახებოდა იქამდე, სანამ არქეოლოგებმა იპოვეს და შემთხვევით, თავიანთ ლაბორატორიაში არ გატეხეს. ლაბორატორიას ისრაელის ანტიკვარიატის განყოფილება (IAA) მართავს. ეს ნამდვილად დიდი დანაკარგია, თუმცა ასევე პოეტური მაგალითია იმისა, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი კავშირი ჩვენს შორეულ წარსულთან.
"დროდადრო კვერცხის ნაჭუჭის ფრაგმენტებს ვპოულობთ ხოლმე, მთლიანი კვერცხის აღმოჩენა კი ნამდვილად უჩვეულო იყო", — განუცხადა ჟურნალს IAA-ს არქეოლოგმა, ალა ნაგორსკიმ.
ნაგორსკის მტკიცებით, ამ შემთხვევას კვერცხის არქეოლოგიურ ღირებულებაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. გულის ნაწილი გადარჩა და ახლა მის დნმ-ს იკვლევენ. არქეოლოგებმა კი ჟურნალს განუცხადეს, რომ შიგთავსის შესასწავლად კვერცხის გატეხვა ისედაც მოუწევდათ. გათხრების ადგილას მათ ასევე აღმოაჩინეს ზეთის სანათი და ძვლებისგან დამზადებული სამი თოჯინა — ეს უკანასკნელი XI საუკუნეში ამ ადგილისთვის იყო დამახასიათებელი.
აღმოჩენილი სანათის განსაკუთრებული ტიპი მხოლოდ XI საუკუნისთვის იყო დამახასიათებელი, აქედან გამომდინარე, არქეოლოგებმა დაასკვნეს, რომ კვერცხიც იმავე პერიოდიდან უნდა ყოფილიყო.
"ადრეული პერიოდის კვერცხის ნაჭუჭის ფრაგმენტებიც არის აღმოჩენილი — მაგალითად, დავითის ქალაქში, კესარიასა და აპოლონიაში", — განუცხადა Haaretz-ს IAA-ს უძველესი ხანის მეფრინველეობის მთავარმა ექსპერტმა, ლი პერი გალმა. "მაგრამ, კვერცხის მყიფე ნაჭუჭის გამო, მთლიანი კვერცხები თითქმის არ შემონახულა".
არქეოლოგები უფრო ხშირად პოულობენ ბევრად უფრო ძველ კვერცხებს, რომლებიც არც ისე ადვილად იმტვრევა და რომლებსაც მორთულობებიც ამშვენებს. ეს პრაქტიკა მინიმუმ 60 000 წლის წინ იღებს სათავეს.
მიუხედავად კვერცხის დამტვრევისა, არქეოლოგები ამ აღმოჩენამ ძალიან გაახარა. "ეს ძალიან იშვიათი აღმოჩენაა, გლობალურ დონეზეც კი", — ამბობს გალი.
კომენტარები