კლინიკური კვლევის თანახმად, ალცჰაიმერის ახალი ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ალცჰეიმერის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინა უსაფრთხოა და შეუძლია იმუნური რეაქცია გამოიწვიოს. ვაქცინა — AADvac1 არის რევოლუციური მიდგომა ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ და მან ცოტა ხნის წინ მეორე ფაზის კლინიკური გამოკვლევა გაიარა.
როგორც Nature Aging ამბობს, ვაქცინა უსაფრთხოა, ასტიმულირებს იმუნურ რეაქციას და ალცჰაიმერის გაჩენის პრევენციას ახდენს. მკვლევრების თქმით, ვაქცინამ შეანელა პლაზმური ნეიროფილატის მსუბუქი ჯაჭვის ცილის (NfL) დაგროვება, რაც ნეიროდეგენერაციის მარკერია. თუმცა, მეტი კვლევის ჩატარება იქნება საჭირო იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ეფექტიანია ვაქცინა.
კვლევაში მონაწილეობდა 196 ადამიანი ევროპის რვა ქვეყნიდან, მათგან 117-მა მიიღო ვაქცინა, ხოლო დანარჩენ 79-ს პლაცებო მისცეს. მოხალისეებმა 24 თვის განმავლობაში ვაქცინის 11 დოზა მიიღეს. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინა ეფექტიანი აღმოჩნდა იმ მოხალისეებში, რომლებსაც ალცჰაიმერის დიაგნოზი უკვე დასმული ჰქონდათ.
"ამილოიდზე დაფუძნებული თერაპიის ბოლოდროინდელი დამტკიცება ალცჰეიმერთან ბრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამილოიდისგან განსხვავებით, რომელიც გავლენას ახდენს ალცჰეიმერის პროგრესირების სიჩქარეზე, არსებობს მტკიცებულებები, რომ ტაუს ცილის პათოლოგია დაკავშირებულია დაავადების გამომწვევ მიზეზებთან. ჩვენი ვაქცინა მიზნად ისახავს შეაჩეროს ტაუს პათოლოგიის წარმოქმნა და გავრცელება, რასაც საბოლოოდ აქვს პოტენციალი აჩვენოს მაღალი სარგებელი ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებისთვის", — უთხრა IFLScince-ს ნორბერტ ზილკამ, Axon Neuroscience-ის დირექტორმა, რომელიც ვაქცინის შემქმნელია.
აღსანიშნავია, რომ ტაუს ყველა ცილა არ არის ცუდი და ვაქცინა შექმნილია იმისთვის, რომ იმუნურ სისტემას ასწავლოს კარგი და მავნე ნივთიერებების ამოცნობა. AADvac1-ის მიზანია შეაფერხოს ამ მავნე ტაუ ცილების წარმოქმნა და შეაჩეროს უკვე წარმოქმნილი.
მეცნიერები კვლევების გაგრძელებას კვლავაც აპირებენ და იმედი აქვთ, რომ მალე მათი ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები