საფონდო ბირჟის ძირითადი მოთამაშეები — ვინ ქმნის ფასიანი ქაღალდების ბაზარს
საფონდო ბირჟებზე რამდენიმე მთავარი მოთამაშეა, თუმცა მის მთავარ გამწევს ძალას ინვესტორები წარმოადგენენ — ისინი აქციებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვითა და გაყიდვით არიან დაინტერესებულნი. საფონდო ბირჟაზე შეხვდებით საცალო ინვესტორებსაც, რომლებიც ამ საქმეში პროფესიონალები არ არიან, თუმცა საბროკერო ანგარიშების დახმარებით ფასიანი ქაღალდებით ისინიც ვაჭრობენ.
ვინ არიან საფონდო ბირჟის მოთამაშეები
ასეთ ბირჟებზე მხოლოდ მყიდველები და გამყიდველები არ არიან. საქმეში სხვა მოთამაშეებიც ერთვებიან, რომლებიც ინვესტორებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას უწევენ და ამის სანაცვლოდ ფულს გამოიმუშავებენ. ასეთები არიან: ბროკერები, პორტფელის მენეჯერები და საინვესტიციო ბანკირები.
ბროკერები არიან "რეგისტრირებული წარმომადგენლები", რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები და ჩაბარებული აქვთ სალიცენზიო გამოცდა. ბროკერები საფონდო ბირჟაზე აქციების ვაჭრობაში დაგეხმარებიან, ვინაიდან მათ შეუძლიათ ინვესტორების სახელზე ივაჭრონ. საბროკერო კომპანიები შემოსავალს ვაჭრობის საკომისიოებით იღებენ.
პორტფელის მენეჯერები ინვესტორებს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებიან. ისინი რესტორნის მფლობელებს ჰგვანან — ბევრ პროდუქტს ყიდულობენ, რადგან უამრავი ადამიანის "გამოკვება" უწევთ. უფრო კონკრეტულად კი, პორტფელის მენეჯერები აქციების ყიდვა-გაყიდვისთვის დიდი ზომის "შეკვეთებს დებენ", რადგან შედარებით დიდი ზომის პორტფელებს მართავენ.
საინვესტიციო ბანკირები კომპანიებს საფონდო ბირჟებზე წილების განთავსებაში ეხმარებიან. ისინი შუამავლები არიან ინვესტორებსა და კაპიტალის მაძიებლებს შორის.
ისინი, ვინც ფასიანი ქაღალდების ბაზარს ქმნიან
გარდა ამისა, საფონდო ბირჟებზე არაერთ პირს შეხვდებით, რომლებიც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცესში დახმარებასა თუ კონსულტაციას შემოგთავაზებენ. ასეთები არიან აგენტები, მეურვეები, ე.წ ბაზრის შემქმნელები და სხვ. ბუნებრივია, ყველა სახის კონსულტაციის სანაცვლოდ საფონდო ბირჟების ეს მოთამაშეები საკომისიოებსა და გასამრჯელოებს იღებენ.
გადამყიდველები — საუბარია საბროკერო ფირმებზე, რომელიც უკვე ფლობენ აქციების პაკეტს და მზად არიან საკუთარ პორტფელში შემავალი აქტივები გაასხვისონ, ანუ გაყიდონ ინვესტორებზე. მსგავსი ფირმები აქციების ყიდვის სურვილსაც გამოთქვამენ იმ ინვესტორებისგან, რომლებიც მათ გაყიდვას ცდილობენ. ასეთ ფირმებში მომუშავე დილერები ცდილობენ, რომ აქციები საბაზრო ფასზე ძვირად გაყიდონ, ხოლო მათი შეძენისას მაქსიმალურად დაბალ ფასებს იხდიან — ისინი მაქსიმალურ მოგებას სწორედ ამ გზით აღწევენ.
აგენტები — ისინი შუამავლები არიან და აქციების მყიდველებსა და გამყიდველებს ერთმანეთთან აკავშირებენ. საფონდო ბირჟის მონაწილეებისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ აგენტები საკომისიოს იღებენ, რაც მათი შემოსავლის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.
მეურვეები — ისინი თქვენს აქციებს თქვენთვისვე ინახავენ — ეს, როგორც წესი, ელექტრონული ფორმით ხდება, რათა დანაკარგების რისკები მინიმუმამდე შემცირდეს. საბროკერო სახლები ხშირად იხდიან თანხებს მსგავსი სახის სამეურვეო მომსახურებისთვის.
ბაზრის შემქმნელები — ისინი იმ მეგობრებს გაგახსენებენ, რომლებიც თქვენს დასახმარებლად ნებისმიერ რამეს გააკეთებენ. ისინი მზად არიან შეიძინონ ან გაყიდონ აქციები საჯაროდ გაცხადებულ ფასებში და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თქვენ სარგებელი ნახოთ.
იქიდან გამომდინარე, რომ საფონდო ბირჟებზე დიდი მოცულობით თანხები ბრუნავს, მას კანონმდებლობით დარეგულირება ესაჭიროება. საქართველოში ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს რამდენიმე კანონი არეგულირებს, რომელთა მიზანიც ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრებაა — ეს არის სახელმწიფოს როლი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საქმეში.
საფონდო ბირჟის მინდორზე სხვადასხვა პროფესიისა და ფუნქციის მქონე ადამიანი თამაშობს, რომელთა მთავარი მიზანი სარფიანი გარიგებების დადებაა. ისინი ყიდულობენ და ყიდიან, ინვესტორებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის სერვისს და მუშაობენ იმისთვის, რომ ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის შედეგად მათ, ან მათმა დამკვეთებმა მაქსიმალური მოგება მიიღონ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.
კომენტარები