როგორია წყალი იქ, სადაც ვცურავთ და არა მარტო
ახლა, როცა მსოფლიო კლიმატის ცვლილების საფრთხის წინაშე დგას, ხოლო ჰაერისა და წყლის დაბინძურება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად უსაფრთხოა გარემო ჩვენ ირგვლივ.
მაშინ, როცა საბანაო სეზონი იხსნება, ზღვები, ტბები თუ მდინარეები ყველასთვის საყვარელი საკურორტო ზონები ხდება. მას სტუმრობენ ადგილობრივები, ტურისტები და ზაფხულის ცხელ დღეებს ყველაზე ხშირად სწორედ აქ ატარებენ.
პანდემიის ფონზე კი, როცა საზღვრების გახსნა და თავისუფლად მოგზაურობა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სავარაუდოა, რომ წელს მეტწილად დროის გატარება სწორედ ქვეყნის შიგნით მოგვიწევს და არჩევანსაც იმ ადგილებზე გავაკეთებთ, სადაც მწველი მზისგან თავის დაღწევას ყველაზე მარტივად შევძლებთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ინფორმირებულები ვიყოთ, როგორია წყლის ხარისხი თბილისის ყველაზე ცნობილ საკურორტო ზონებზე და შევუქმნით თუ არა საფრთხეს საკუთარ თავებს იქ ცურვით.
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად წყლის ხარისხის ლაბორატორიული შემოწმება და პარალელურად, ჩვენი ძალებით, მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტეთ.
წყლის ხარისხის შემოწმება მარტივი ექსპრეს-ტესტით
რა თქმა უნდა, წყლის ხარისხის შემოწმება მხოლოდ საცურაოდ მისი ვარგისიანობის დადგენას არ გულისხმობს და საინტერესოა იმის ცოდნა, რა წყალს მოვიხმართ დასალევად. ამის გაზომვა კი მარტივად, ერთი მოწყობილობითაც შეგვიძლია.
ჩვენ პატარა ექსპერიმენტი On.ge-ს ოფისში ჩავატარეთ, რათა მოკლე დროში დაგვედგინა, აკმაყოფილებს თუ არა ის, სასმელი წყლის სტანდარტს. ამისთვის ინდიკატორის ტესტი გამოვიყენეთ, რომელიც 60 წამში ზომავს წყლის 6 პარამეტრს: მჟავიანობას, ჰიდროკარბონატულ სიხისტეს, საერთო სიხისტეს, ნიტრიტებს, ნიტრატებს და წყალში ქლორის არსებობას. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ჩვენი წყალი სასმელად ვარგისია.
ბუნებრივია, წყლის ხარისხის სწრაფი ტესტირება საკმარისი არ არის. ამისთვის სპეციალური მოწყობილობები და ლაბორატორიული კვლევებია საჭირო. აქედან გამომდინარე, უფრო ფართო სურათის მისაღებად და წყლის ხარისხის სიღრმისეული კვლევისთვის, სპეციალისტებთან ერთად უკვე თბილისის ზღვასა და კუს ტბაზე გადავინაცვლეთ.
ზაფხულში დასასვენებლად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას, თბილისის ზღვაზე წყლის მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია. შესაბამისად, ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილიც სწორედ ეს წყალსაცავი იყო. ამჯერად ვამოწმებთ, რამდენად უსაფრთხოა აქ წყალი საბანაოდ.
წყლის ხარისხის დასადგენად ადგილზე რამდენიმე ნაბიჯის გავლაა საჭირო, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, გელა სანდოძე დაგვეხმარა. თავდაპირველად წყლის სინჯი ვერტიკალური ბათომეტრის დახმარებით ავიღეთ. სიღრმიდან წყლის აღება, სწორედ მისი დახმარებით ხდება.
შემდგომი ლაბორატორიული ანალიზის მიზნით კი, სპეციალური ხელსაწყოთი ადგილზევე გავზომეთ წყლის 5 პარამეტრი:
- pH;
- წყლის ტემპერატურა;
- გახსნილი ჟანგბადი;
- ელექტროგამტარობა;
- მარილიანობა.
მიღებული შედეგები ადგილზევე დავაფიქსირეთ, რათა ტრანსპორტირებით გამოწვეული ცვლილება არ მიგვეღო.
თბილისის ზღვის მსგავსად, ზაფხულის დადგომასთან ერთად საბანაო სეზონი იხსნება კუს ტბაზეც. ამიტომ, იმავე ნაბიჯების გავლით, წყლის ხარისხი აქაც შევამოწმეთ და ორივე ადგილიდან აღებული სინჯები ლაბორატორიაში წავიღეთ.
რას გულისხმობს ლაბორატორიული ანალიზი
ჩვენ მონიტორინგი ზედაპირულ წყლებზე განვახორციელეთ და როგორც ადგილზე დაფიქსირებული მონაცემებით გაირკვა, ყველა კომპონენტი დამაკმაყოფილებელი იყო.
ელინა ბაქრაძე
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ელინა ბაქრაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ლაბორატორიული ანალიზის დროს ადგილზე გაზომილი 5 კომპონენტის გარდა, 30-მდე დამატებითი პარამეტრი იზომება.
მისი თქმით, ამ 5 კომპონენტის განსაზღვრა მნიშვნელოვანი იყო, რათა გაგვეგო, რა ხდება კონკრეტულ ობიექტზე და როგორი ხარისხის წყალია იქ.
მე მომივიდა ამ კომპონენტების შედეგები, რაც აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია. ხოლო დანარჩენი, რაც არის ქიმიური ინგრედიენტების სხვა კვლევები, უკვე ლაბორატორიაში განხორციელდება. ქიმიურ ანალიზებს ზოგადად, სჭირდება ხუთი სამუშაო დღე. რაც ადგილზე შეამოწმეთ, ამ შედეგებით აბსოლუტურად ნორმაშია ყველა კომპონენტი.
იმისთვის, რომ სრულყოფილი მონიტორინგი განხორციელდეს, ლაბორატორიას სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო-დანადგარები სჭირდება. სწორედ რამდენიმე ასეთი ხელსაწყო-დანადგარი მიიღო უკვე ლაბორატორიამ ევროკავშირის წყლის ინიციატივა + პროექტისგან.
ხელსაწყო ლაბორატორიული კვლევებისთვის
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
ევროკავშირის წყლის ინიციატივა + პროექტის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადმოეცა რამდენიმე მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვამზადოთ ნიმუშები უფრო მაღალი სიზუსტით. ასევე, აღნიშნული ხელსაწყოებით ანალიზი საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ წყლის ჩარჩო დირექტივით მოთხოვნილი პრიორიტეტული დამაბინძურებლიდან რამდენიმე კომპონენტი.
ლაბორატორიული ანალიზის შედეგად წყალი 24 პარამეტრზე, მათ შორის, ნიტრატებზე, ფოსფატებზე, ქლორიდებზე, კალციუმზე და სხვა ინგრედიენტზე შემოწმდა. შედეგების მიხედვით, ყველა მათგანი ნორმაშია და დადგენილ ზღვარს აკმაყოფილებს.
რა კეთდება ევროკავშირის წყლის ინიციატივა + ფარგლებში
ევროკავშირის წყლის ინიციატივა + აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის წარმომადგენლის, ზურაბ ჯინჭარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში სააუზო გეგმები შემუშავდა, რომელიც შემდეგ საკანონმდებლო დონეზე მიღებასა და აღსრულებას საჭიროებს. ჯინჭარაძის განმარტებით, მართვის გეგმა პირველ რიგში სიტუაციურ ანალიზსა და იმ პრობლემების გამოვლენას გულისხმობს, რაც დღეის შეიძლება აუზში არსებობდეს, იქნება ეს წყლის ეკოსისტემების დეგრადირება, დაბინძურება, რაოდენობრივი შეფასება თუ სხვა.
მისი განცხადებით, საქართველოში პროექტის განხორციელების მთავარი მიმართულება სწორედ წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებაა.
ზურა ჯინჭარაძე
ფოტო: On.ge / მაიკო გაგუა
პირველ რიგში, ეს არის მონიტორინგის გაუმჯობესება და ამისთვის ტექნიკური დახმარება, ტრენინგების ჩატარება, აღჭურვილობის შეძენა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, წყლის რესურსების მართვის მხრივ ჩვენ ვმუშაობთ სააუზო მართვის გეგმების მომზადებაზე და დღეისათვის მომზადებულია ორი დიდი საპილოტე აუზის მართვის გეგმები, ესენი არის ალაზანი-ივრის და ხრამი-დებედას სააუზო მართვის გეგმები. გარდა ამისა, სანაპირო ზოლისთვის, ჭოროხი-აჭარისწყლის აუზისთვის მომზადდა სანაპირო და გარდამავალი წყლის მართვის გეგმები.
კუს ტბა
ფოტო: On.ge / მაიკო გაგუა
პროექტი ევროკავშირის წყლის ინიციატივა + აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის 2016 წელს დაიწყო და 2021 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს დაეხმაროს, თავიანთი კანონმდებლობა და უნარები ევროკავშირის წყლის რესურსების მართვის სტანდარტებთან დააახლოვონ. პროექტი ამა წლის ივლისში სრულდება, თუმცა ახალი ფაზის ფარგლებში შემოდგომიდან იგეგმება სხვა აქტივობების განხორციელება, რომელიც შემუშავებული გეგმების აღსრულებას შეუწყობს ხელს და წყლის დაბინძურებას თავიდან აგვარიდებს.
სტატია მომზადდა პროექტის "EU NEIGHBOURS east" თანამშრომლობის ფარგლებში. სტატიაში გამოხატული ინტერესები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.
კომენტარები