მეცნიერებმა შორეული კოსმოსიდან მომავალი ასობით იდუმალი სიგნალი დააფიქსირეს
ერთწლიანი კვლევის ფარგლებში, კანადაში, მეცნიერებმა CHIME ტელესკოპის გამოყენებით 500-მდე ახალი სწრაფი რადიო ანთება(FRB) — შორეული კოსმოსიდან მომავალი სიგნალები დააფიქსირეს.
CNN-ის მიხედვით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სიგნალების ნაწილი ერთჯერადი ანთების, ნაწილი კი რამდენიმე სწრაფად გამეორებადი ანთების სახით ფიქსირდებოდა. აქედან გამომდინარე, გუნდის აზრით, მათი წყარო ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავებული კოსმოსური მოვლენები უნდა იყოს. მათ კვლევა ოთხშაბათს, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების შეხვედრაზე წარადგინეს და აღნიშნეს, რომ შემდეგი ნაბიჯები ამ ანთებების წყაროების დადგენაა.
ამ ერთწლიანი დაკვირვებების საფუძველზე ცნობილი FRB-ების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ერთ დროს იშვიათ მოვლენებად მიჩნეული FRB საკმაოდ ხშირი ფენომენია.
"FRB-ის დანახვა ძალიან ძნელია, მაგრამ ეს არც ისე იშვიათი მოვლენაა", — ამბობს პრეს რელიზში MIT-ის ფიზიკოსი და CHIME-ის წევრი, კიოში მასუი. "მისი დანახვა ისევე რომ შეგვეძლოს, როგორც კამერის ციმციმს ვხედავთ ხოლმე, ცაში ახედვის შემთხვევაში მათ ნებისმიერ დროს შევამჩნევდით".
მეცნიერები ახლა იმედოვნებენ, რომ შეძლებენ იმის გარკვევას, თუ რა იწვევს ამ სიგნალების წარმოშობას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მაგნეტარები, თუმცა, ჰარვარდის ასტრონომის, ავი ლოუბის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადების მიხედვით, შესაძლოა, ეს სიგნალები უცხოპლანეტური ცივილიზაციების ჩვენთან დაკავშირების მცდელობას წარმოადგენდეს.
"CHIME კვლევამდე ჯამში 100-ზე ნაკლები FRB იყო აღმოჩენილი. ახლა კი, ერთწლიანი დაკვირვებების შემდეგ, კიდევ ასობით ასეთი სიგნალი აღმოვაჩინეთ", — ამბობს MIT-ის განცხადებაში ამ ინსტიტუტის მკვლევარი და CHIME გუნდის წევრი, ქეითლინ შინი. "ამ მონაცემებზე დაყრდნობით უკვე შეგვიძლია იმის გარკვევა, თუ როგორ გამოიყურებიან FRB-ები, რა მართავს ამ მოვლენებს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება სამყაროს უფრო სიღრმისეულად შესასწავლად".
კომენტარები