როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენს მომავალს — ინტერვიუ ბრაიან გილიკინთან
თანამედროვე ადამიანისთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევას ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობა და მათთან ერთად ცხოვრების სწავლა წარმოადგენს. ხელოვნური ინტელექტის გამოჩენის შემდეგ ადამიანთა დიდ ნაწილს აშინებს ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი ნელ-ნელა ჩვენს საქმიანობას შეითავსებს და შესაძლოა, მალე სამსახურების გარეშე, უფუნქციოდ დაგვტოვოს. თუმცა, ხელოვნური ინტელექტის ექსპერტების აზრით, საქმე ასე ცუდად სულაც არაა. ისინი ფიქრობენ, რომ AI-ის მიერ ადამიანების ჩანაცვლება ძალიან ნელი პროცესი იქნება, რომელიც გზად ახალ, უფრო საინტერესო პროფესიებს წარმოშობს. ამ თემებთან დაკავშირებით IBM-ის მონაცემთა მეცნიერსა და AI ექსპერტს, ბრაიან გილიკინს ვესაუბრეთ.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე უკვე აშკარაა, რომ არსებულ ტექნოლოგიებთან ერთად, ის ტექნოლოგიები, რომლებიც შემდგომში შეიქმნება, დიდ გავლენას მოახდენენ ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. თუმცა, ცალსახად ამ ყველაფრის უარყოფითად შეფასება არალოგიკური იქნება.
ბრაიანი ფიქრობს, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტ მიმართულებას მოიცავს, რომელთა უმრავლესობა ახლა იწყებს ჩამოყალიბებას. ის სფეროები, სადაც ამჟამად AI-ის იყენებენ, საკმაოდ შეზღუდულია და, მისი აზრით, სხვადასხვა მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების ყველა მცდელობა წარმატებული ვერ იქნება.
"დღევანდელი გადმოსახედიდან, რთულია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება ხელოვნური ინტელექტის მომავალი, თუმცა ახალი ალგორითმები, მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ახალი გზები თუ ტექნოლოგიური მიღწევები სხვადასხვა სფეროში AI-ს ინტეგრაციას კიდევ დააჩქარებს და ამ პროცესს უფრო მასშტაბურს გახდის".
როგორ შეცვლის AI ჩვენს ყოველდღიურობას
AI ექსპერტის თქმით, ამ კითხვაზე ერთი მარტივი პასუხი არ არსებობს, თუმცა თვითონ ფიქრობს, რომ ეს ცვლილება ძნელად შესამჩნევი იქნება და მეტიც, მასზე ყურადღებას დიდად არც გავამახვილებთ (როგორც ამას ტექნოლოგიების უდიდეს ნაწილზე ვაკეთებთ). გარდა ამისა, ისევე როგორც ყველაფერს, ამ ცვლილებასაც ექნება როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი მხარეებიც. დადებითი ცვლილების მაგალითად გილიკინს რობოტი ქირურგები მოჰყავს, უარყოფითის კი — პერსონალიზებული ონლაინ კონტენტი.
მონაცემების გაზრდა და მისი გავლენა AI-ს სიზუსტეზე
IoT-ის (Internet of Things), მოსაზღვრე დათვლების, 5G და შემდგომ 6G ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, მომავალში იმაზე მეტი მონაცემის შეგროვება და დამუშავება გახდება საჭირო, ვიდრე ეს დღეს ხდება და ეს პროცესები ამ სფეროში ისევ მთავარ როლს შეასრულებს. გილიკინი ფიქრობს, რომ AI/ML-ში გამოყენებული მონაცემებისა და მათი ტიპების მატება კიდევ უფრო გაზრდის AI-ს სიზუსტეს, თუმცა შეცდომები და აშკარა თუ დაფარული მიკერძოებების პრობლემა მომავალშიც იქნება. AI-ის სიზუსტეს გააუმჯობესებს მათი უკეთესი დამუშავება და პრაქტიკაც. ამაში წვლილს შეიტანს AI აქტივების თავიდან გამოყენების შესაძლებლობა, რაც ამჟამად სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრობლემაა.
"დღეს პრობლემას წარმოადგენს მაღალი სიზუსტის მქონე AI სისტემის შექმნა, რომელიც 2-5 წელში არ მოძველდება და რომლის გამოყენებასაც თავიდან შევძლებთ სხვა შემთხვევბისთვისაც".
როგორ გვესმის AI ახლა და როგორ შეიცვლება ეს მიდგომა მომავალში
დროთა განმავლობაში იმატებს იმ ხალხის რიცხვი, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი კარგად ესმის, თუმცა მათი რაოდენობა ბევრად ნაკლებია იმ ადამიანების რიცხვზე, რომლებსაც მის შესახებ არასწორი წარმოდგენა აქვთ.
"AI უბრალოდ იმდენად კომპლექსური დარგია, რომ ადამიანებისთვის მისი გაგება ცოტა რთულია, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს რომ იგი რაღაც მისტიკური და ამოუხსნელი რამაა. ჩემი წარმოდგენით, ამის მსგავსად არსებობს ბევრი ტექნოლოგია და არსებობს ყოველდღიური მოვლენებიც კი, რომლებიც ბევრს არ გვესმის კარგად — მაგრამ, ამ ყველაფერის არ ცოდნა დიდად არ გვაწუხებს. 'საშიში AI ალგორითმები' კი, რომლებიც რამდენიმე წელში ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება, საკმაოდ მოსაწყენი რამეა", — მიყვება ბრაიან გილიკინი.
ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ AI-ით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი მუდმივად იზრდება და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, უფროდაუფრო მეტ ადამიანს გამოსდის მასთან კარგად მუშაობა. ეს სფერო ბევრ ნიჭიერ ადამიანს, რესურსებსა და ყურადღებას იზიდავს, რაც მის ზრდა-განვითარებასა და ინოვაციების გაჩენას უზრუნველყოფს მას შემდეგაც კი, როდესაც მის გარშემო არსებული აჟიოტაჟი გაცვდება.
როგორ შევასრულებინოთ AI-ის საქმის უდიდესი ნაწილი?
გილიკინის აზრით, ის მოსაზრება, რომ AI ჩვენი სამუშაოების უდიდეს ნაწილს ჩაანაცვლებს, აზრსმოკლებულია და დღეს უკვე აშკარაა, რომ ამაში ისეთი საგანგაშო არაფერია, როგორიც აქამდე ეგონათ.
"ტექნოლოგიების განვითარება ყოველთვის იწვევდა სამუშაოების გაქრობას და, როგორც წესი, კიდევ უფრო საინტერესო სამუშაოებს აჩენდა. სხვა ინსტრუმენტებისა და მეთოდების მსგავსად (როგორებიცაა RPA და პროცესების ოპტიმიზაცია), AI-იც განაგრძობს ჩვენი ყოველდღიურობის და სამუშაო პროცესის შეცვლას, თუმცა ამაზე გლობალური თუ ლოკალური ეკონომიკისა და მთავრობის პოლიტიკის ცვლილებებიც არანაკლებ გავლენას ახდენს. რაც მთავარია, ჩვენი ყოველდღიური საქმის მოსაწყენი ნაწილის მოცილება აქამდე ვერ შევძელით და მგონი, ამას AI-იც ვერ შეცვლის დიდად", — ამბობს ბრაიან გილიკინი.
ბრაიან გილიკინმა მაისში გამართულ ღონისძიება DataFest Tbilisi: All About AI-ში მიიღო მონაწილეობა და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება მეტამონაცემებმა შეასრულონ საქმის 80%. მისი აზრით, ეს სრულებით შესაძლებელია, თუმცა დღემდე არავინ იცის, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ამ თემაზე დამატებით ინფორმაციისთვის გილიკინის და სხვა AI ექსპერტების გამოსვლებს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
კომენტარები