ობლიგაციის ტიპები — რისკები და უპირატესობები
ობლიგაცია ფასიანი ქაღალდია, რომელსაც მთავრობა ან კორპორაცია ფულადი სახსრების მოზიდვის მიზნით უშვებს. როდესაც კომპანიას ან რომელიმე დაწესებულებას ფული სჭირდება, მისი მიღება რამდენიმე გზით შეუძლია — ერთ-ერთი ასეთი საშუალება სწორედ ობლიგაციების გამოშვებაა. ინვესტორი კი, რომელიც ობლიგაციებს შეიძენს, მისი ყიდვის სანაცვლოდ საპროცენტო შემოსავალს იღებს, რომელიც კუპონის განაკვეთით განისაზღვრება. დათქმული პერიოდის გასვლის შემდეგ, ობლიგაციის მყიდველი ფასიან ქაღალდებში თავდაპირველად გადახდილ, ნომინალურ ღირებულებასაც იბრუნებს.
მაგალითად, წარმოვიდგინოთ რომ $10 000-ის ღირებულების 5-წლიან ობლიგაციას ყიდულობ, რომლის საპროცენტო განაკვეთი 8%-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ ობლიგაციის გამომშვები ყოველ 6 თვეში ან კვარტალურად გადაგიხდის თანხის პროცენტს (ჯამში $800-ს), ხოლო მთლიან ფულს 10 წლის შემდეგ დაგიბრუნებს.
ობლიგაციები იმის მიხედვით განსხვავდება, თუ ვინ არის მათი გამომშვები. ამ ტიპის ფასიან ქაღალდებს სახელმწიფო, მუნიციპალურ და კორპორაციულ ობლიგაციებად ყოფენ. ეს მათი ძირითადი კლასიფიკაციებია — გარდა ამისა, ფინანსურ სამყაროში სხვადასხვა ტიპის ობლიგაციებსაც შეხვდებით.
სახელმწიფო / მუნიციპალური ობლიგაციები — ნაკლები რისკი
ამ ტიპის ობლიგაციებს სახელმწიფო, ქალაქი ან ადგილობრივი მთავრობა გამოსცემს, რათა საჯარო დანიშნულების პროექტი დააფინანსოს. როდესაც სახელმწიფო ობლიგაციას უშვებს, ეს ნიშნავს, რომ ის სესხს იღებს, რათა მოზიდული თანხები ბიუჯეტის ხარჯებისა და სხვადასხვა პროექტისთვის გამოიყენოს — ასეთ ფასიან ქაღალდებს სახაზინო ობლიგაციებსაც უწოდებენ. სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ობლიგაციის მთავარი უპირატესობა ისა არის, რომ ის ნაკლებ რისკებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან იმის ალბათობა, რომ მისგან შემოსავალს ვერ მიიღებთ და თქვენს თანხას დაკარგავთ, მცირეა.
რაც შეეხება მუნიციპალურ ობლიგაციებს, როდესაც მათზე ვსაუბრობთ, უმჯობესი იქნება, აშშ-ს მაგალითი განვიხილოთ. აქ საუბარია ისეთი სახის ფასიან ქაღალდებზე, რომელსაც რომელიმე ადგილობრივი თვითმმართველობა, ან შტატი უშვებს. თუ ინვესტორი იმ ტერიტორიული ერთეულის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს შეიძენს, სადაც ის ცხოვრობს, შესაძლებელია, მან საგადასახადო შეღავათები მიიღოს — ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც პოტენციური ინვესტორები ამგვარი ფასიანი ქაღალდებით ინტერესდებიან.
კორპორაციული ობლიგაციები — შედარებით მაღალი საპროცენტო სარგებელი
კომპანიების მხრიდანაც ობლიგაციების გამოშვების ძირითადი მიზანი ფულადი სახსრების მოზიდვაა. როდესაც კორპორაციას ახალი პროექტების დაფინანსება, უძრავი ქონების იჯარით აღება, ან უბრალოდ საბანკო ანგარიშებზე მეტი ფულის განთავსება სურს, ფულადი სახსრების მოძიების ერთ-ერთ ალტერნატივად ფასიანი ქაღალდების გამოშვებას განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ობლიგაციებს, როგორც წესი, შედარებით მაღალი საპროცენტო სარგებელი აქვთ, ვიდრე სხვებს, თუმცა კორპორაციული ობლიგაციის შესყიდვა შედარებით მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე მაგალითად — სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ობლიგაციები. აქ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ წარიმართება კომპანიის სამომავლო საქმიანობა, რადგან ინვესტორის საპროცენტო შემოსავლები ამას მნიშვნელოვნად დაუკავშირდება.
გარდა ამისა, ობლიგაციებს უნივერსიტეტები, სატრანზიტო კომპანიები და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებიც უშვებენ. დაფინანსების ამგვარი წყარო მათ საკუთარი გეგმებისა და მიზნების განხორციელების საშუალებას აძლევს. კომპანიისთვის ობლიგაციების გამოშვების მიზანი შეიძლება იყოს ზრდა, გაფართოება და ახალი ბაზრების ათვისება, ხოლო სახელმწიფოსთვის — მიმდინარე და სამომავლო საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსება.
როგორც ნებისმიერი სახის ფინანსურ საქმიანობას, ობლიგაციებში ფულის დაბანდებასაც უპირატესობებთან ერთად გარკვეული რისკ-ფაქტორები ახლავს თან.
ობლიგაციებში ფულის დაბანდების უპირატესობა: ნაკლები რისკი, პროგნოზირებადი შემოსავალი, მეორად ბაზარზე გადაყიდვის შესაძლებლობა და მრავალფეროვანი პორტფელის შექმნის საშუალება.
ამასთან, ობლიგაციის ყიდვას უარყოფით მხარეებიც შესაძლოა ჰქონდეს. როდესაც ობლიგაციის გამომშვები ორგანიზაცია კოტრდება, შესაძლებელია, რომ ინვესტორმა ძირი თანხის მხოლოდ ნაწილი დაიბრუნოს. ასევე, არსებობს კიდევ რამდენიმე გასათვალისწინებელი ფაქტორი, რომელიც ყველა სახის ფინანსურ საქმიანობას ყოველთვის თან ახლავს.
როგორც წესი, ობლიგაციებში ფულს კონსერვატიული ინვესტორები აბანდებენ. ისინი უპირატესობას ფინანსურ უსაფრთხოებას ანიჭებენ. მათთვის დანაკარგების თავიდან აცილება ყველაზე მნიშვნელოვანია. კონსერვატიული ინვესტორები საკუთარ ფულს ისეთი სახის აქტივებში დებენ, სადაც მათი ფინანსური სახსრები ყველაზე მეტად დაცულია — ასეთი ტიპის ინვესტირების საშუალებას კი სწორედ ობლიგაციების შეძენა იძლევა.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.
კომენტარები