ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს კორონავირუსის პანდემიის წარმომავლობის დადგენა დაავალა. უფრო კონკრეტულად, ბაიდენს აინტერესებს მართლა ცხოველისგან გავრცელდა ვირუსი, თუ მან ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა.

სანამ გავაგრძელებდეთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო საზოგადოება უმეტესწილად ვირუსის ცხოველისგან გავრცელებას ემხრობა. თუმცა, არიან მეცნიერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სანამ ზუსტი პასუხები არ გვექნება, ლაბორატორიის ფაქტორიც არ არის ბოლომდე გამოსარიცხი.

შესაძლებელია, რომ ვირუსს ლაბორატორიიდან გაეჟონა?

ეს აზრი ძირითადად სოციალურ მედიაშია აქტუალური. რეალურად სამეცნიერო საზოგადოებებში ამაზე ფაქტიურად არ ლაპარაკობენ. ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) დაასკვნა, რომ ასეთი სცენარი "თითქმის გამორიცხულია", და რომ პათოგენი, სავარაუდოდ, ადამიანზე ღამურიდან გადავიდა. გავრცელების პირველი სერიოზული წყარო კი ვუჰანის ზღვის პროდუქტების ჰუანის ბაზარი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოითხოვა ამ საკითხის გამოძიება, პრეზიდენტის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ განმარტა, რომ "ცხოველისგან ბუნებრივად განვითარებული პანდემიის ისტორიული საფუძველი ძალიან ძლიერია. და სწორედ ამიტომ, მსგავსი ალბათობა ბევრად მაღალია."

მართლაც, ვირუსების უზარმაზარმა რაოდენობამ, მათ შორის აივ ინფექციამ, ებოლამ და ფრინველის გრიპმა ადამიანების პოპულაციაში სწორედ ცხოველებისგან შეაღწია. ხოლო ლაბორატორიიდან გამოსული ვირუსები უფრო სამეცნიერო ფანტასტიკაში გვხვდება.

და მაინც, პანდემიის სრულად შესწავლის გარეშე ბოლომდე ვერაფერს გამოვრიცხავთ. ამასთან, არის ფაქტორები რითაც ლაბორატორიისგან გამოსული ვირუსის მომხრეები მანიპულირებენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზართან ახლოს მდებარე ორი ლაბორატორია ატარებდა კვლევას ღამურებზე კორონავირუსის ეფექტზე და ეს ყველაფერი პანდემიის დაყწებამდე. აღსანიშნავია, ისიც რომ ერთ-ერთ ამ დაწესებულებაში მომუშავე სამი მკვლევარი საავადმყოფოში კორონავირუსის მსგავსი სიმპტომებით გადაიყვანეს. ეს ყველაფერი 2019 წლის ნოემბერში ხდებოდა.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტების უმრავლესობა ვირუსის გავრცელებაში ლაბორატორიების როლს ვერ ხედავს, ბოლომდე ჯერ ვერაფერს გამოვრიცხავთ.

რატომ მატულობს ეჭვები?

ბაიდენის ბოლო განცხადება გამოძიების საჭიროებასთან დაკავშირებით, არ ემყარება რაიმე ახალ მტკიცებულებას ან მოვლენას, რაც ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვაზე მიუთითებს. მეტიც, მსგავსი მოვლენის მტკიცებულება ახლა ისეთივე მწირია, როგორც პანდემიის დასაწყისში. თუმცა, ის ფაქტი, რომ ვირუსის გავრცელებაზე ჯერ ყველაფერი არ ვიცით სპეკულაციური თეორიების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს.

მაგალითად, 14 მაისს, მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წერილი ჟურნალ Science-ში, რომელშიც ისინი ვირუსის წარმოშობის დეტალურ გადახედვას ითხოვენ. მასში ისინი აცხადებენ, რომ WHO-ს თავდაპირველი ანგარიში არ იყო საკმარისად ყოვლისმომცველი და ლაბორატორიიდან გაჟონვის ფაქტორი ფაქტიურად არ განიხილებოდა.

"მოხსენების 313 გვერდიდან ამ თემას მხოლოდ 4 გვერდი დაეთმო. პანდემიის წარმოშობასთან დაკავშირებით მეტი სიცხადეა საჭირო. სერიოზულად უნდა მივიღოთ ჰიპოთეზა როგორც ბუნებრივ, ისე ლაბორატორიულ გავრცელებაზე", — ამბობენ მეცნიერები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხსენებული მეცნიერები არ ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა. ისინი მხოლოდ მეტ გამოძიებას ითხოვენ.

შესაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის გამოწვევის ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ შესასწავლი გვაქვს. თუმცა, არ არსებობს მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა.