ცივი ყავის 5 რეცეპტი, რომელიც ამ ზაფხულს მეგობრებში საუკეთესო ბარისტად გაქცევს
ევროპელებთან ხშირად გვიწევს კამათი იმის შესახებ თუ რეალურად როდის იწყება ზაფხული. მათი აზრით, ის ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან, 21 ივნისს იწყება და შეიძლება მეცნიერულად მართლაც ასეა, მაგრამ ყველა ქართველისთვის 1 ივნისი უკვე ზაფხულია და ამ თემასთან დაკავშირებით შარ მიშელიც კი ვერ შეგვაცვლევინებს აზრს.
ზაფხული კი მზესთან, ზღვასთან და დასვენებასთან ასოცირდება. ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაზე პოპულარული ფრაზა სტუმრის ვიზიტის დროს არის "ცივ ყავას დალევ?". მიუხედავად იმისა, რომ ცივი ყავის მომზადება შეჯიბრი არ არის, მაინც სასიამოვნოა, როცა მეგობრები შენზე ამბობენ, რომ საუკეთესო ყავას ამზადებ.
ამ ზაფხულის ცხელ დღეს, გვსურს ცივი ყავის 5 რეცეპტი შემოგთავაზოთ, რომელიც შენს მეგობრებში საუკეთესო ბარისტად გაქცევს და ზაფხულსაც გაგიგრილებს.
1. მარტივი ცივი ყავა
გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არ არის საუკეთესო მეთოდი, მაგრამ ძალიან სწრაფია და შეგიძლია მაშინ გამოიყენო, თუ სწრაფად გჭირდება გაგრილება და გამოფხიზლება.
ინგრედიენტები
- ნახევარლიტრიანი წყლის ბოთლი (ცივი წლით სავსე);
- ერთჯერადი ყავის პაკეტი.
მაღაზიაში შეიძინე ცივი ნახევარლიტრიანი წყლის ბოთლი. გახსენი და ცოტა წყალი მოსვი. შემდეგ, მასში ჩაყარე თქვენი გემოვნები შერჩეული ერთჯერადი ყავა. რადგან თავიდანვე წყალი დალიე, ბოთლში წყლის და ყავის შესანჯღრევად ადგილი განთავისუფლდება. ამ პროცესის რამდენჯერმე განმეორების შემდეგ შენ უსწრაფესად დაამზადებ ცივ ყავას, რომელიც სხვათა შორის ძალიან გემრიელია.
2. რძიანი ცივი ყავა
კარგი იქნება თუ ამ ყავას ქილაში დაამზადებ.
ინგრედიენტები
- რძე;
- ცივი წყალი;
- ყავა;
- შესქელებული, შედედებული რძე, "სგუშონი";
- ნუთელა (გემოვნებით).
ჩაყარე ქილაში ერთი კოვზი ყავა. დაამატე 1/3 ჭიქა რძე და 2/3 ჭიქა ცივი წყალი. თუ გინდა, რომ ცოტა ტკბილი გამოვიდეს დაამატე შესქელებული, შედედებული რძე, "სგუშონი" და შეანჯღრიე. თუ გინდა, რომ ის უფრო შოკოლადის გემოთი იყოს, შეგიძლია 1 კოვზი ნუთელაც დაუმატო.
3. რძიანი ცივი ყავა ნაღებით
უნდა ვაღიარო, ამ სიაში ეს ჩემი ფავორიტია.
ინგრედიენტები
- რძე;
- შესქელებული, შედედებული რძე, "სგუშონი";
- ვისკი (გემოვნებით).
ქილაში ჩაასხი რძე და დაუმატე შესქელებული, შედედებული რძე, "სგუშონი", შეანჯღრიე კარგად და 45 წუთის განმავლობაში შეინახე საყინულეში. როცა გამოიღებ კიდევ შეანჯღრიე, შედეგად მიიღებ ძალიან სასიამოვო ტექსტურას და საოცარ გემოს. დამატებითი რჩევა: თუკი ამ ყავაში ცოტა ვისკის ჩაასხამ, მერწმუნე, სხვანაირ ყავას აღარასდროს აღარ დალევ.
4. ცივი ყავა ნაყინით
ცივი ყავის ეს საიდუმლო რეცეპტი შარშან აღმოვაჩინე და ჩემს მეგობრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ინგრედიენტები
- ყავა;
- ცოტაოდენი ცხელი წყალი;
- ცივი წყალი;
- ყინულები;
- ნაყინი;
- ნუთელა.
მომზადების წესი მარტივია. ისეთივე როგორც სხვა რეცეპტებში, ქილაში ჩაყარე ერთი კოვზი ყავა და დაასხი რამდენიმე კოვზი ცხელი წყალი, კარგად ათქვიფე და შემდეგ დაუმატე ნაყინი და ცივი წყალი. თუ ბლენდერი გაქვს, შეგიძლია ნაყინი, ცივი წყალი და ყინულები ერთად დააბლენდერო და უგემრიელესი ყავა გამოგივა. ბოლოს კი ნუთელათი გააფორმე.
5. ცივი ყავა 90-იანებიდან
ბოლო რეცეპტი ძალიან პოპულარული იყო 90-იანების საქართველოში, ახლა კი სახელი ტიკტოკზეც გაითქვა. მომზადების წესი ძალიან მარტივია.
ინგრედიენტები:
- 1 კოვზი ყავა;
- 2 კოვზი შაქარი;
- ცოტაოდენი ცხელი წყალი;
- 1 ჭიქა რძე.
ყავა და შაქარი და რამდენიმე კოვზი ცხელი წყალი ათქვიფე ერთმანეთში, სანამ არ გასქელდება და გახდება ღია ყავისფერი. ყინულებით სავსე ჭიქაში ჩაასხი რძე და დაამატე ათქვეფის შედეგად მიღებული მასა და გემრიელად მოსვი.
სულ ეს არის. იმედია გრილი და გემრიელი ზაფხული გექნება ჩვენს რეცეპტებთან ერთად.
კომენტარები