რა არის პანდემიური მოწყენილობის მთავარი მიზეზი?
პანდემიის დაწყებიდან წელზე მეტი გავიდა და ბევრი ჩვენგანი განწყობის გაფუჭებას და მოწყენილობას უჩივის. ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას The New York Times-ის ჟურნალისტი, ჯესიკა გროუსი გვიზიარებს.
პანდემიის დაწყებამდე ცხოვრების რუტინა და ოჯახის რიტმი ჩემთვის კომფორტის წყარო იყო. მომწონდა ქარიშხლიანი დილა, როცა ბავშვები იცვამდნენ, საუზმობდნენ და სკოლამდე გზაში რამდენჯერმე კამათსაც ასწრებდნენ. შემდეგ მათ სკოლაში ვტოვებდი და მეტრომდე ფეხით 20 წუთი მივდიოდი. მეტროდან რომ ამოვიდოდი, შემეძლო, ყავის დასალევად ნებისმიერ კაფეში შევსულიყავი. ეს მაშინ ამაღელვებლად სულაც არ ჟღერდა, თუმცა პანდემიური იზოლაციიდან ერთი წლის შემდეგ ლამის კლდიდან ხტომის მსგავს აქტივობად მეჩვენება.
ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემი მარშრუტი სულ 5 მეტრია — საწოლიდან სამუშაო მაგიდამდე — და რატომღაც მაინც ყოველდღე, როცა მუშაობას ვიწყებ, ერთდროულად აჟიტირებულიც ვარ და დაღლილიც. ჩემი ბავშვები სახლიდან თითქმის არ გადიან — თუ არ ჩავთვლით ხანდახან ჩვენი სამეზობლოს ერთსა და იმავე სამ პარკში გასეირნებას. ზოგჯერ, როცა გარეთ დავრბივარ, წარმოვიდგენ, რა მოხდება, თუ... უბრალოდ, არ გავჩერდები. თვალებს ახალი ჰორიზონტის დანახვა სწყურიათ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალიან მოვიწყინე.
მე არ ვარ ერთადერთი, ვისთვისაც ეს მონოტონურობა პრობლემად იქცა. საფრანგეთში 4 ათასზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტები სტრესისა და შიშის მომატების გარდა, "დროის შენელებასაც" განიცდიდნენ, რაც მობეზრებას და მოწყენილობას დაუკავშირეს.
"წელს განსაკუთრებით გამიჭირდა მოწყენილობასთან გამკლავება. ეს შეგრძნება ძალიან ჰგავდა იმ გაორებას, დეკრეტული შვებულებისას რომ მქონდა: თავს ერთდროულად მარტოდ და მოწყენილადაც ვგრძნობ და სინდისიც მქენჯნის იმის გამო, რომ ჩემს შვილთან გატარებული ყოველი წამით არ ვტკბები", — ამბობს ჯენი ბრუერი, ახალბედა დედა ლონდონიდან. მისი თქმით, გრძნობს, როგორ "ეშლება" თავის ტვინის უჯრედები და ფიქრობს, რომ სამსახურში ვერაფერს აღწევს. "იმდენად მიჩვეული ვიყავი დროის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გატარებას, რომ ამ ყველაფრის დაწყების შემდეგ წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა გამეყვანა დრო", — აღნიშნავს ის.
ის, თუ როგორ აღწერს ბრუერი მოწყენილობას, სინამდვილეში ძალიან ახლოსაა მოწყენილობის მკვლევრების განსაზღვრებასთან — დიახ, მოწყენილობის მკვლევრები მართლა არსებობენ. "გამოწვევების ნაკლებობის შეგრძნება და ქმედებების უსარგებლოდ აღქმა მოწყენილობაში მთავარ როლს თამაშობს", — ნათქვამია ლონდონის ესექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, უაინენდ ვან ტილბურგის კვლევაში.
ან, როგორც ლევ ტოლსტოიმ თქვა, მოწყენილობა "სურვილების სურვილია".
"მოწყენილ ადამიანს სასოწარკვეთამდე აქვს რაიმეს გაკეთების სურვილი, თუმცა კონკრეტულად არაფრის კეთება უნდა", — ამბობს ჯონ ისტვუდი, ტორონტოს იორკის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი და წიგნის, ჩემი თავის ქალის გარეთ: მოწყენილობის ფსიქოლოგია, ავტორი. მოწყენილობა აპათიისგან განსხვავდება, რადგან აპათიურობის შემთხვევაში საერთოდ არაფრის კეთება გინდა, ხოლო თუ მოწყენილი ხარ, მოუსვენრობა და ლეთარგიულობა ერთდროულად გიტევს.
მოწყენილობა არა მხოლოდ პანდემიაში, ჩვეულებრივ დროშიც გავრცელებული მდგომარეობაა. თითქმის 4 ათასი ამერიკელი მოზარდის გამოკვლევამ აჩვენა, რომ 10-დღიანი დაკვირვების პერიოდში 63%-მა ერთხელ მაინც იგრძნო მოწყენილობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცდა ძირითად შემთხვევებში მსუბუქი და უმნიშვნელოა, ქრონიკულმა მოწყენილობამ, შესაძლოა, დეპრესიას გაუხსნას კარი; ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევების ჩამოგვიყალიბოს — მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარებისკენ გვიბიძგოს; ან უსაფუძვლო რისკებზე წასვლა გვაიძულოს — აღნიშნავს დოქტორი ვან ტილბურგი. მოწყენილობის მიზეზები მრავალმხრივია, თუმცა საერთოა სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის შეგრძნება: "არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ როცა სიტუაციაზე კონტროლი ხელიდან გეცლება, ეს მოწყენილობას აძლიერებს", — ურთავს ფსიქოლოგი.
მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა, შესაძლოა, პანდემია განსაკუთრებით დამამუხრუჭებლად მიიჩნიონ — ამ დროს არჩევანი არ გაქვს, პატარების რუტინა უნდა შეინარჩუნო. მათ არ შეუძლიათ, საკუთარი თავისთვის თავად გააკეთონ რამე, ამიტომ მშობლებმა პანდემიამდელი ცხოვრების წესი ახლებურ რეალობას მაქსიმალურად უნდა მოარგონ. ემილი ლინ-სუ, მაიამელი ორი შვილის დედა ამბობს, რომ როცა მისი ქმარი და უფროსი ვაჟი სახლიდან სამსახურში და სკოლაში წასასვლელად გადიან, ის სახლში სამი წლის ბავშვთან ერთად თავს იზოლირებულად გრძნობს და მოწყენილია: "ჩვენ სრულიად უცხო ენაზე ვსაუბრობთ, რომელიც არავის ესმის. ჩვენ, ფაქტობრივად, კუნძულზე ვართ მარტოები — ის არის ჩემი უილსონი, მე კი მისი ტომ ჰენქსი ვარ".
იმის გამო, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრ ჩვენგანს არ ექნება საშუალება, საკუთარ ქმედებებს კონტროლი თავად გაუწიოს, მოწყენილობის შემსუბუქების გზებზე დაფიქრება კარგი იდეაა. მკვლევრების მიხედვით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ჩვენი პრობლემები მარტივი მოსაგვარებელი არაა. ბევრი რამ ხდება, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, ვაქცინაციაც მხოლოდ ახლა დაიწყო და ჯერ დიდ ძვრებს ვერ ვამჩნევთ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მონოტონურობის დასარღვევად პატარ-პატარა ცვლილებების განხორციელება მაინც შეგვიძლია. ჯეიმს დანკერტმა, ონტარიოს ვატერლოოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა მითხრა, რომ რადგან მოწყენილობა ცხოვრებაზე კონტროლის დაგაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს, შენ შეგწევს ძალა, ეს უკანასკნელი მცირე დოზებით დაიბრუნო, რაც ცხოვრებაში მეტად ჩართულობის განცდას გაგიჩენს. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ხანდახან სახლის გვერდით რესტორანში ლანჩის წამოსაღებად გავიდე იმის ნაცვლად, რომ მოსაწყენი სალათა თავად მოვიმზადო.
დოქტორი დანკერტი ასევე გვირჩევს, რომ ბედნიერება და სიხარული ყოველდღიურ წვრილმანებში ვეძებოთ. ის ენდი უორჰოლს ციტირებს: "წვრილმანებს, რომლებიც მოსაწყენად გეჩვენება, უფლება უნდა მისცე, რომ შენში აღფრთოვანება გამოიწვიოს". სიმართლე რომ გითხრათ, ამ მიდგომის ეფექტიანობის დაჯერება მიჭირს. როცა ჩემი უმცროსი შვილი მის საყვარელ ადგილას წავიყვანე — ჩვენ რომ "სათამაშოების პარკს" ვეძახით, რადგან იქაურობა გადაყრილი გატეხილი სათამაშოებითაა სავსე — შევეცადე, მეტი ყურადღება მიმექცია იმისთვის, თუ როგორ თამაშობდნენ ბავშვები ხის ტოტებიდან შემოჭრილი გაზაფხულის მზის სხივების ფონზე. თუმცა მოწყენილობამ გაიმარჯვა და ისევ Twitter-ს დავუბრუნდი.
ვან ტილბურგის რჩევა კი მეტად მომეწონა. მის მიხედვით, არაა აუცილებელი, რომ მოწყენილობა მხოლოდ ნეგატიურ მოვლენად აღვიქვათ. ეს, შეიძლება, გამომაფხიზლებელი ზარიც იყოს, რომელიც გიბიძგებთ, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები იპოვოთ.
მე ბუნებით განდეგილი ვარ, თუმცა პანდემიურმა იზოლაციამ ინტროვერტობისადმი ჩემი მიდრეკილება შეამსუბუქა. როცა სააღდგომოდ ჩვენი საყვარელი ნათესავები ვნახეთ, მათთან გატარებული საათნახევარიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ სითბოთი და ბედნიერებით ავსებულიყავი და მთელი დღე სახიდან ღიმილი არ მომშორებოდა.
ამინდი უკვე გამოვიდა და მეც ვგეგმავ, უფრო ხშირად შევხვდე მეგობრებს — შვილებთან ერთად ან მათ გარეშე. შემდეგ კი, როცა იმ დამტვრეულ სათამაშოებს შორის დავბრუნდები, ჰორიზონტზე გამოჩენილ ერთობლივ სეირნობებზე, სადილებზე და ჩახუტებებზე ვიფიქრებ.
კომენტარები