ახლო მომავალში, შესაძლოა, ასთმის ვაქცინა გვქონდეს
გულმკერდის არეში დაძაბულობა, სუნთქვის გაძნელება, ხველა და ცემინება, ეს ის სიმპტომებია რაც ალერგიული ასთმით დაავადებულ ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს. ასთმა მსოფლიოში 340 მილიონ ადამიანს აწუხებს, აქედან ალერგიული ასთმა ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ბავშვების შემთხვევაში ეს 90%-ია, ხოლო მოზარდების შემთხვევაში 50%.
მკვლევარებმა ლორან რებერმა და პიერ ბრუნსმა, ფრანგულ კომპანია — NEOVACS-თან ერთად შეიმუშავეს ვაქცინა, რომელიც ალერგიული ასთმისგან გრძელვადიან დაცვას უზრუნველყოფს. ამასთან, მას პაციენტისთვის მძიმე სიმპტომებისგან დაცვაც შეუძლია.
ალერგიული ასთმის დროს, საჭიროა თერაპიული მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, მაგრამ ისინი ძვირია და მოითხოვს ხანგრძლივ პროცედურებს. ვაქცინა ამ მხრივ ბევრად მარტივი და ეფექტიანი იქნება. სწორედ ამიტომ მკვლევრებმა გადაწყვიტეს შეემუშავებინათ კონიუგირებული ვაქცინა, სახელწოდებით კიოიდი.
როდესაც ალერგიული ასთმით დაავადებული ადამიანი ალერგიის გამომწვევი ნივთიერებებისგან "ტრიგერდება", ეს ქმნის მოვლენათა ჯაჭვს, რაც იწვევს სასუნთქი გზების ჰიპერრეაგირებას და ლორწოს გადაჭარბებულ წარმოებას.
ვაქცინის შესაქმნელად მკვლევრებმა რეკომბინანტული ციტოკინები IL-4 და IL-13 გადამზიდავ ცილას — სახელად CRM197-ს შეუთავსეს. შედეგები იმედისმომცემია: წინასწარი კლინიკური კვლევების თანახმად, ვაქცინა იწვევს ანტისხეულების მდგრად ფორმირებას. თაგვების 90 პროცენტს ანტისხეულების მაღალი დონე ჩამოუყალიბდა პირველი დოზადან ექვსი კვირის შემდეგ. ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ კი, 60 პროცენტს ჯერ კიდევ ჰქონდა ანტისხეულები, რომლებსაც შეეძლოთ IL-4 და IL-13 აქტივობის განეიტრალება.
ამასთან, ვაქცინამ დადებითად იმოქმედა ასთმის ისეთ სიმპტომებზე, როგორიცაა მტვრის ტკიპის ალერგიული მოდელი IgE, ეოზინოფილია, ლორწოს წარმოება და სასუნთქი გზების ჰიპერრეაგირებება.
საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა, რომელსაც არავითარი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია ცხოველებზე, არის პროფილაქტიკური და პრევენციული ასთმის სხვადასხვა მოდელში. ვაქცინის გამოცდა მომავალშიც გაგრძელდება და ადამიანებმა მისი გამოყენება შეიძლება მომდევნო ორი წლის შემდეგ შეძლონ.
თუ ეს შრომატევადი ნაბიჯი ტრიუმფით დასრულდა, ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადება აქვთ, საბოლოოდ შეეძლებათ თავისუფლად ამოისუნთქონ.
კომენტარები