მარსის ვულკანები, შესაძლოა, ისევ აქტიური იყოს და სიცოცხლისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიდეს
იქნებ მარსის ვულკანები არა მილიარდობით, არამედ სულ ათასობით წლის წინ ამოიფრქვა?
მარსი შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი მთვლემარე, უკაცრიელი და უნაყოფო პლანეტა, როგორიც ჩვენ გვგონია. მეტიც, ახალი კვლევა გვთავაზობს, რომ მასზე შესაძლოა ისევ იყოს აქტიური ვულკანები.
ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე გვიანდელი ამოფრქვევები მარსზე შესაძლოა სულ რაღაც 50 000 წლის წინ მომხდარიყო — აქამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ბოლო ამოფრქვევები აქ მილიარდობით წლებით თარიღდება.
თუ მარსის ვულკანები მართლაც შედარებით ახლო წარსულში ამოიფრქვა, მაშინ ეს სრულებით შეცვლის ჩვენს წარმოდგენას წითელი პლანეტის გარემოს შესახებ — და, შესაძლოა, იმაზეც მიგვანიშნებდეს, რომ აქ ახლაც ხელსაყრელი გარემოა სიცოცხლისთვის.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვულკანური აქტივობისას მარსზე ძალიან იშვიათად ჰქონდა ადგილი დიდ აფეთქებებს და ეს პროცესი, ძირითადად, ლავის ამოფრქვევით ხასიათდებოდა. თუმცა, როგორც კვლევის მთავარი ავტორი და პლანეტარული მეცნიერებების ინსტიტუტის მკვლევარი, დევიდ ჰოვარტი განმარტავს თავის პრესრელიზში, ნახევრად პარალელური ნაპრალების წყებასთან ახლოს აღმოჩენილი ფერფლისა და ქვის შედარებით ახალი ნალექები გვთავაზობს, რომ ეს პროცესები არა მილიარდობით წლის წინანდელი აფეთქებების დროს, არამედ ვულკანური აქტივობის სრულიად სხვა ეპოქაში ვითარდებოდა.
"შედარებით ახალი ნალექების აღმოჩენა წარმოშობს აზრს, რომ მარსის ვულკანები შესაძლოა, ისევ აქტიურად მოქმედებდნენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ცოტა ხნის წინ InSight მისიის ფარგლებში NASA-მ მარსის ძვრები — მარსული მიწისძვრები დააფიქსირა და მათი წყარო, შესაძლოა, სწორედ ზემოთ აღნიშნული ნაპრალების წყება იყოს", — ამბობს ჰოვარტი. ვულკანური აქტივობა მარსზე ბოლოდროინდელი, ან სულაც ამჟამინდელი სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას ქმნის.
"ამ რეგიონში ამომავალი მაგმისა და ყინულოვანი სუბსტრატის ურათიერთქმედებას ათასწლეულების წინ, შესაძლოა, ხელსაყრელი პირობები შეექმნა მიკრობული სიცოცხლისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ წითელ პლანეტაზე, შესაძლოა, ახლაც კი იყოს სიცოცხლე", — ამბობს ჰოვარტი რელიზში. აქედან გამომდინარე, ეს საინტერესო შესაძლებლობას ქმნის, რომ NASA-ს რამდენიმე მარსის მოხეტიალე და დამშვები შესაძლოა მალე ახალ მეზობლებს გადააწყდნენ.
კომენტარები