ენერგოკრედიტი საქართველოს ბანკისგან — ეკომეგობრული შესაძლებლობა ბიზნესისთვის
2700 წელზე მეტია ადამიანები მზის ენერგიას გათბობის, საკვების მომზადების თუ სხვა საყოფაცხოვრებო მიზნით იყენებენ. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ წინაპრები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში ცეცხლს გამადიდებელი შუშითა და მზის სხივებით, ხოლო ბერძნები და რომაელები რელიგიურ ცერემონიებზე ჩირაღდნებს სარკეებით ანთებდნენ. კიდევ უფრო ძველ დროში კი ჩინელები სახლებს ისე აშენებდნენ, რომ მზის სხივები ზამთარშიც არ "დაეკარგათ".
მზე კაცობრიობისთვის ენერგიის შეუცვლელი წყაროა — სეირნობისას სხეულს გვითბობს და ცოცხალ ორგანიზმებს სიცოცხლისუნარიანობას უნარჩუნებს. ასე რომ, სანამ დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს, მისგან უფრო მეტი სარგებლის მიღებაც შეგვიძლია.
მიუხედავად ამისა, მზის ენერგიის აქტიურად ათვისება და შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარება მხოლოდ ნახევარი საუკუნის წინ, 1954 წელს მოხერხდა. მას შემდეგ მზის ენერგიის ათვისება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგი გახდა. ამ სფეროში გაჩნდა სამუშაო ადგილები და ბიზნესმა მისი პოტენციალის შემჩნევა აქტიურად დაიწყო.
რატომაა ბიზნესისთვის მზის ენერგიის გამოყენება მნიშვნელოვანი?
მზის ენერგიას ბიზნესისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ბიზნესებს საკუთარი საქმიანობა ენერგიის ტრადიციულ წყაროებზე აქვთ მიბმული. ხშირად ისინი ფიქრობენ, რომ მზის ენერგია ძალიან ძვირია. სინამდვილეში ბოლო ორ წელიწადში მზის ენერგოსისტემის გამართვის ღირებულება თითქმის 90%-მდე შემცირდა, განსაკუთრებით კი მცირე ბიზნესებისა და სტარტაპებისთვის გაჩნდა მრავალი შესაძლებლობა. მათ შორისაა საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი, ენერგოკრედიტი, რომლის უპირატესობებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი გაგაცნობთ 5 მიზეზს, რატომ უნდა დაიწყონ ბიზნესებმა მზის ენერგიის უფრო აქტიურად გამოყენება.
ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება
ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. იზრდება მისი ტარიფებიც. 2021 წელს ელექტროენერგიის ტარიფი, როგორც კომერციულ სექტორს, ასევე ფიზიკურ პირებს გაუძვირდათ. Galt and Taggart-ის კვლევის მიხედვით, ტარიფები იურიდიული პირებისთვის, საშუალოდ, 74,6-65,6 პროცენტით, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 19-18,7 პროცენტით გაძვირდა. ამასთან, როგორც ენერგოექსპერტი, ლევან ფავლენაშვილი გვიყვება, ეკონომიკური ზრდის პირობებში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად გაიზრდება.
არადა, ბიზნესებს საქმიანობის უწყვეტად წარმართვისთვის უამრავი მოწყობილობისა და დანადგარის ენერგიის წყაროსთან მიერთება სჭირდებათ, რაც მათ ხარჯებზე ყოველთვე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, მზის პანელების დახმარებით მათ ელექტროენერგიის დამატებითი, დამოუკიდებელი წყარო უჩნდებათ, რაც დანახარჯებს ამცირებს და საშუალებას აძლევს კომპანიებს, დაზოგილი თანხა თავისივე საქმის გაძლიერებისა და დამატებითი ინვესტიციებისკენ მიმართონ.
ნახშირბადის ნაკვალევის შემცირება
მზის ენერგია არა მხოლოდ კარგი ინვესტიციაა ბიზნესისთვის, არამედ, მეტწილად, სასარგებლოა გარემოსთვის. ტრადიციული ენერგიის წყაროების უფრო იშვიათად გამოყენებით თქვენ გარემოს ნაკლები ნახშირბადის ემისიებით აბინძურებთ, არ გროვდება სათბურის აირები და ჰაერში უფრო მცირე რაოდენობის ქიმიური ნივთიერებები გაიტყორცნება.
ნაკლები შეფერხება ელექტროენერგიის მოწოდებაში
ტრადიციული ენერგიის წყაროების გამოყენებას ხშირად ახლავს შეფერხებები, რაც ბიზნესისთვის სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებთანაა დაკავშირებული. მზის ენერგიის გამოყენების შემთხვევაში ამის შანსი, ფაქტობრივად, ნულს უტოლდება, რადგან ეს სისტემები უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა.
მოვლის დაბალი ხარჯები
მზის ენერგიის სისტემა თითქმის არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას. მას წელიწადში ერთხელ სჭირდება წმენდა და გადამოწმება, რომ პანელები კარგ მდგომარეობაშია. როგორც წესი, ის 25-40 წელი შეუფერებლად ფუნქციონირებს.
კარგი რეპუტაცია და მეტი მომხმარებელი
კომპანია, რომელიც მზის ენერგიას იყენებს, ბევრად უფრო კარგი რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში, რის გამოც მეტ მომხმარებელს იზიდავს.
ენერგოექსპერტი ლევან ფავლენაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ რეალობაში ეს ფაქტორი ბევრად მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის, რომლებსაც განახლებად ენერგიაზე გადასვლა სურთ. მისი თქმით, რიგ ქვეყნებში განახლებად ენერგიაზე გადასვლა შესაბამისი სტიმულებითაა ნაკარნახევი. "ისინი შეიძლება გათავისუფლდნენ გარკვეული გადასახადებისგან, შეამცირონ მათ მიერ გარემოს დაბინძურებისთვის გადასახდელი თანხები, გაყიდონ ნამეტად გამომუშავებული ენერგია ქსელზე ან, უბრალოდ, აკეთებდნენ ამას საკუთარი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. საქართველოში განახლებად ენერგიაზე გადასვლა ამ უკანასკნელი მოტივით უფრო მოხდება", — ამბობს ის და დასძენს, რომ ერთეული კვტ/სთ-ს საფასური ქსელიდან უფრო იაფია, ვიდრე თავად რომ გამოიმუშაონ, მაგალითად, მზის პანელებით.
მიუხედავად ამისა, უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომელიც ბიზნესებს ელექტროენერგიაზე მზარდი ტარიფების პირობებში დანახარჯების შემცირებასა და ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაში დაეხმარება. ესაა საქართველოს ბანკის ენერგოკრედიტი, რომელიც, ისევ ლევან ფავლენაშვილის თქმით, კარგი წამოწყებაა მზის ელექტროსადგურების განვითარებისათვის, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, სადაც ის ელექტროენერგიის მიწოდების ერთადერთი, ან ქსელის გაყვანასთან შედარებით იაფი ალტერნატივა იქნება.
"საბაზრო რეფორმისა და ელექტროენერგიის ბაზარზე ტარიფების ზრდის პირობებში, მომხმარებლისათვის რესურსების დასაზოგად და იაფი ელექტროენერგიის მისაღებად მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გახდება", — ამბობს ლევან ფავლენაშვილი.
ენერგოკრედიტი — ეკომეგობრული პროდუქტი საქართველოს ბანკისგან
ელექტროენერგიაზე შემცირებული ხარჯები ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით, ბიზნესების ხელშეწყობისთვის შეიქმნა ენერგოკრედიტი, რომელიც ქართული ბაზრისთვის უპრეცედენტოა. როგორც ბანკში აღნიშნავენ, პროდუქტი განკუთვნილია ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც დიდი რაოდენობით მოიხმარს ელექტროენერგიას. მისი უპირატესობა კი ისაა, რომ მზის სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნის პროცესი მაქსიმალურად ეკომეგობრული და ეკონომიურია.
"ჩვენი გამოთვლებით, მომხმარებელი 5-6 წელიწადში შეძლებს აღნიშნული კრედიტის დაფარვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ის თანხები, რომლებიც წლების განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადებს უნდა მოხმარებოდა, სესხის დასაფარავად შეგიძლიათ მიმართოთ. საბოლოოდ კი, სესხის დაფარვის შემდეგ გამოთავისუფლებული ფინანსები ისევ თქვენი ბიზნესის განვითარებას მოახმაროთ. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც, დაახლოებით, 50%-ითაა გაძვირებული, ენერგოკრედიტის დაფარვის შემდგომ თქვენი კომპანიისთვის, ფაქტობრივად, აღარ იარსებებს", — აღნიშნავს ზურაბ მასურაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
ენერგოკრედიტის ინიციატივის ფარგლებში ბიზნესს შეუძლია შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. ამ ინოვაციური პროდუქტის დანერგვის პროცესში, ბანკის პარტნიორები ის წამყვანი კომპანიები არიან, რომლებიც ამ სფეროში უკვე მრავალი წელია, მოღვაწეობენ. მათი დახმარებით, 500 კილოვატამდე სიმძლავრის დახვეწილი პანელების დამონტაჟება უმოკლეს დროშია შესაძლებელი. ბანკში აცხადებენ, რომ შედეგად ბიზნესი საწყისი ინვესტიციის დაფარვის შემდეგაც, 20 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს.
"გვაქვს მოლოდინი, რომ ამ პროდუქტით ბევრი ბიზნესი დაინტერესდება და პრინციპში ეს უკვე ასეც არის. პროდუქტის გაშვებიდან ერთ დღეში 40-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. ასევე, მოლოდინი გვაქვს რომ გარემოზე ზრუნვის მიზნით შექმნილი ეს პროდუქტი ბევრ ბიზნესს მისცემს ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას და ამასთან, გაზრდის ამ პროდუქტის მოთხოვნას ბაზარზე", — ამბობს ზურაბ მასურაშვილი.
ასე რომ, იმ პირობებში, როცა საქართველოს ენერგოსექტორი მკვეთრად დეფიციტურია და მოხმარების თვალსაზრისით გამოხატულია სეზონურობა, ბიზნესისთვის ენერგოკრედიტი ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიცირების, ხარჯების შემცირებისა და გარემოზე ზრუნვისთვის უნიკალური ინსტრუმენტია.
ენერგოკრედიტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
კომენტარები