კლიმატის ცვლილებას მთელი პლანეტის ტყით დაფარვაც კი ვერ შეაჩერებს — კვლევა
კლიმატის ცვლილება ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე განსაკუთრებით მწვავე პრობლემად იქცა. გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კომპანიები უმეტესად ხეების დარგვას მიმართავენ, რადგან ხე ფოტოსინთეზისთვის საჭირო ნახშირორჟანგს ატმოსფეროდან შთანთქავს.
რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი გეგმაა — ხეების თავიდან დარგვა ისეთ ადგილებში, რომლებიც ერთ დროს ტყეებით იყვნენ დაფარულნი, მხოლოდ სიკეთეს თუ მოუტანს პლანეტას. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, დედამიწაზე რამდენი ხეც არ უნდა დარგონ, ეს არასდროს იქნება საკმარისი იმ ზიანის გამოსასწორებლად, რომელსაც კაცობრიობა დედამიწას აყენებს.
"ფაქტი ისაა, რომ დედამიწაზე უბრალოდ ვერასდროს დაირგვება საკმარისი რაოდენობის ხეები იმისთვის, რომ ატმოსფეროში ანთროპოგენული გზით გამოყოფილი ნახშირორჟანგის კონცენტრაცია დააბალანსოს", — წერს The Conversation-ში ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის ლექტორი, ბონი უერინგი.
კვლევის მიხედვით, რომელიც უერინგმა Frontiers For Global Change-ში გასულ წელს გამოაქვეყნა, პლანეტის ყველა შესაძლო ადგილის ტყით დაფარვა მხოლოდ გარკვეული ხნით, საშუალოდ 10 წლით შეაყოვნებს კლიმატის ცვლილებას, სათბურის აირების გაფრქვევის ამჟამინდელი მაჩვენებლის გათვალისწინებით. ამის შემდეგ, ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის რაოდენობა ისევ გადაწონის ხეების მიერ ამ ნივთიერების შთანთქმის უნარს.
მეტიც, ადამიანის მიერ უდიდესი რაოდენობით ხეების დარგვამ, შესაძლოა, მეტი ზიანიც კი გამოიწვიოს.
"გარემოსR დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ჯობს თავი შევიკავოთ ტყეების გაშენებისგან იქ, სადაც ბუნებრივად მათი ადგილი არაა. მაქსიმალურად ვეცადოთ იმ ტყეების შენარჩუნებას, რომლებიც გვაქვს და რომლებიც ჯერ არ განადგურებულა", — წერს უერინგი.
ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის შემცირების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ტყეების გაშენებას მათთვის არაბუნებრივ გარემოში, არამხოლოდ მარცხისთვისაა განწურული, არამედ შესაძლოა ნახშირორჟანგის გაფრქვევაც კი გამოიწვიოს და მეტად ავნოს პლანეტას.
"როგორც ეკოლოგს, მაწუხებს ის, რომ ტყეების როლის გამარტივებული პერსპექტივით, შესაძლოა, რაიმეს გამოსწორების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი ზარალი მივაყენოთ გარემოს", — წერც მეცნიერი.
კომენტარები