არის თუ არა ბავშვების აღზრდის დასავლური მეთოდი უცნაური?
განცალკევებულ საძინებელში ძილი თუ ეტლში მოკალათებული სეირნობა იმ უჩვეულო მეთოდებს შორისაა, რომლებსაც დასავლური კულტურის საზოგადოებებში მშობლები შვილების აღზრდისას მიმართავენ.
"უკვე გადაიყვანეთ ცალკე საძინებელში?" — ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახალბედა მშობლებს ხშირად მაშინვე უწევთ, როცა ახალშობილთან თანაცხოვრების დაწყებით გამოწვეული დაბნეულობიდან ახალგამოსულები არიან. რეალურად, ბავშვების განცალკევებით ძილი მეტნაკლებად თანამედროვე ფენომენია და მას არც დედამიწის ყველა კუთხეში ვხვდებით. სხვა კულტურებში ოთახის, ზოგჯერ კი ლოგინის ბავშვთან გაზიარება ნორმაა.
ეს ერთადერთი ასპექტი არ არის, რომელსაც დასავლელი მშობლები განსხვავებულად უდგებიან. ძილის რეჟიმით დაწყებული და საბავშვო ეტლებით დამთავრებული, ყველაფერი, რაც დასავლურ კულტურაში სტანდარტად ითვლება, სინამდვილეში, საერთო კანონზომიერება სულაც არ არის.
მშობლებს აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში ურჩევენ, მინიმუმ პირველი ექვსი თვე ოთახში ბავშვებთან ერთად დაიძინონ. სხვა ქვეყნების უმეტესობაში ეს პერიოდი გაცილებით უფრო ხანგრძლივია. 2016 წლის კვლევამ ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი რამ გვაჩვენა: პრაქტიკა, რომ ბავშვები არათუ ოთახს, არამედ მშობლების საწოლსაც კი ინაწილებენ, აზიის ქვეყნებში ფართოდ გავრცელებულია: მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება მოსახლეობის 70%-ზე მეტში ინდოეთსა და ინდონეზიაში, ხოლო 80%-ზე მეტში შრი–ლანკასა და ვიეტნამში. აფრიკის ქვეყნებში ლოგინის გაზიარების სიხშირეზე ჩატარებულმა კვლევამ არაერთგვაროვანი შედეგები აჩვენა, თუმცა ის, რომ აფრიკაშიც იძინებენ მშობლები შვილებთან ერთად, ამ ფენომენის უნივერსალურობაზე მიუთითებს.
დებმიტა დუტა, ექიმი და მშობლის კონსულტანტი ინდოეთის ქალაქ ბანგალორიდან, ამბობს, რომ დასავლეთის გავლენის მიუხედავად, საწოლის გაზიარება მაინც ძლიერ ტრადიციად რჩება ინდოეთში — იმ სახლებშიც კი, სადაც ბავშვებს საკუთარი ოთახები აქვთ. "თუ ოთხსულიან ოჯახს სამი საძინებელი აქვს, თითო ოთახი თითო ბავშვისთვის და ერთიც მშობლებისთვის, ორივე ბავშვს მაინც მშობლების ლოგინში იპოვით," — ამბობს ის.
ლოგინის გაზიარება ერთგვარი ხერხია, რომ ღამით ბავშვის გამო გაღვიძების ტვირთი შეიმსუბუქო, ამბობს დუტა. დუტას შვილს გასაშლელი საწოლი ჰქონდა მშობლების საძინებელ ოთახში, რომელზეც 7 წლამდე ეძინა. "მაშინაც კი, როდესაც დედის რძით კვება შეწყვიტა, ამ ლოგინზე იძინებდა ხოლმე, მშობლების გვერდით".
ამის საპირისპიროდ კი, ბევრი მშობელი დასავლურ საზოგადოებებში შვილებს "ძილში ავარჯიშებს". ამ მეთოდის ყველაზე უკიდურესი ფორმა საწოლში ბავშვის მარტო დატოვებაა, რათა "გამოიტიროს" და ამით ძილის ფაზები გაიხანგრძლივოს, ამ დროს კი მშობლები დასვენებას შეძლებენ. ავსტრალიაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკოლებიც კია, სადაც მშობლებს ამ მეთოდს ასწავლიან.
ბავშვებში დამოუკიდებლობის ადრეულ ასაკშივე წახალისება დასავლური კულტურის მიერ ინდივიდუალიზმისთვის უპირატესობის მინიჭების ტიპური გამოვლინებაა. შესაბამისად, ზოგიერთის აზრით, ლოგინის გაზიარება მშობელზე მეტად დამოკიდებულებას შეიძლება აძლიერებდეს. თუმცა ისეთი უფრო კოლექტივისტური აზროვნების მშობლები, როგორიც დუტაა, ამ საკითხს ასე არ უყურებენ: "თუ ცოტა თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას მისცემ, ბავშვები თავად დაგტოვებენ. სამუდამოდ არ მოგეჯაჭვებიან", — ამბობს დუტა.
კულტურული ფაქტორები გავლენას არამხოლოდ იმაზე ახდენს, თუ სად სძინავთ ახალშობილებს, არამედ იმაზეც, თუ როდის და რამდენ ხანს სძინავთ მათ.
ტოკიოს ურაიასუ იჩიკავას სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ჯუნ კოჰიამას ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამი თვის ასაკს მიღწეულ ბავშვებს იაპონიაში უფრო ცოტა ხანი სძინავთ, ვიდრე იმავე ასაკის ბავშვებს აზიის სხვა ქვეყნებში. ჯუნ კოჰიამას აზრით, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის არის, რომ "ძილი იაპონიაში სიზარმაცედ ითვლება".
კოჰიამამ ასევე აღმოაჩინა, რომ ბავშვები აზიის ქვეყნებში უფრო გვიან იძინებენ, ვიდრე – დასავლურ ქვეყნებში. მისი აზრით, ამის მიზეზი მეტწილად მშობლების სურვილია, რომ საღამოს დიდი დრო გაატარონ თავიანთ შვილებთან ერთად. "მშობლები ჩვილებს თავიანთი სხეულის ნაწილად აღიქვამენ", — ამბობს კოჰიამა.
დიდი ბრიტანეთის მსგავსად, აშშ–შიც ამერიკული პედიატრთა ასოციაცია მშობლებს ურჩევს, ჩვილთან ერთად ერთ საძინებელში დაიძინონ, რათა ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომის სახელით ცნობილი (SIDS) შემთხვევების რისკი შეამცირონ. ამავდროულად კი აფრთხილებენ, რომ ჩვილთან საწოლი არ გაიზიარონ, რადგან ეს ფაქტორი უეცარი სიკვდილის სინდრომის შანსს ზრდის.
თუმცა რაშმი დასი, პედიატრიის პროფესორი ინდოეთის სამედიცინო მეცნიერებების ინსტიტუტში, ამბობს, რომ ამ საკითხზე მაღალი ხარისხის კვლევის არარსებობა ართულებს იმის თქმას, ნამდვილად ზრდის თუ არა ახალშობილის უეცარი სიკვდილის სინდრომის შანსს ლოგინის შვილთან გაზიარება იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მოწევა და დალევა.
ამ თემაზე კვლევები ძირითადად ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებშია ჩატარებული, სადაც შვილთან საწოლის გაზიარება ნაკლებად გავრცელებულია. თუმცა სანაცვლოდ ეკონომიკურად უფრო სუსტ ქვეყნებში, სადაც ეს პრაქტიკა დამკვიდრებული ტრადიციაა, ახალშობილის უეცარი სიკვდილის სინდრომის სიხშირე გაცილებით დაბალია.
ეს არ არის ერთი რიგითი საკითხი, რომლის პასუხიც გეოგრაფიაში იმალება: როდესაც დასავლეთში ემიგრირებული აზიური წარმოშობის ოჯახები თავიანთ კულტურულ ჩვეულებებს ინარჩუნებენ, მათი ახალშობილებიც უეცარი სიკვდილის სინდრომის დაბალი რისკის ქვეშ არიან. იმის მიუხედავად, რომ დიდ ბრიტანეთში მცხოვრები პაკისტანური წარმოშობის ოჯახებში დედებს მეტწილად ჩვილთან ერთად სძინავთ, ხსენებული სინდრომის გამოვლენის სიხშირე მათთან ბევრად დაბალია, ვიდრე თეთრკანიან ოჯახებში.
"სწორედ კულტურული ჩვეულებები უკავშირდება ამ სინდრომის შემცირებას", — ამბობს ჰელენ ბოლი, ანთროპოლოგიის პროფესორი დურჰამის უნივერსიტეტში. პაკისტანური წარმოშობის დედები სტატისტიკურად ნაკლებს სვამენ, ნაკლებს ეწევიან, ნაკლები სიხშირით აწვენენ შვილს ცალკე ოთახში და სანაცვლოდ, უფრო ხშირად ჰყავთ ჩვილები ძუძუთი კვებაზე — ყველაფერს ასრულებენ, რაც ამ სინდრომის რისკს ამცირებს.
რაშმი დასის თქმით, ჩვილთან ერთ საწოლში ძილი უნდა წახალისდეს, მაგრამ "გაფრთხილებით, რომ მშობლები, რომლებიც ბავშვთან ერთად იძინებენ, არ უნდა ეწეოდნენ, არ სვამდნენ და არ უნდა იყვნენ ჭარბწონიანები".
როგორც ლოგინის გაზიარებისას ჰყავს მშობელს ბავშვი ახლოს, ისე ტანსაცმლით თანტარებისას არ იშორებს შვილს გვერდიდან დღის განმავლობაში, როდესაც მშობელი მუშაობს ან რაიმე საქმითაა დაკავებული. ეს არ არის ახალი ტრენდი, ადამიანები ამას უხსოვარი დროიდან ვაკეთებთ. სიტუაცია მხოლოდ ვიქტორიანულ ეპოქაში შეიცვალა, როდესაც ბავშვის ზურგით ტარება საბავშვო ეტლმა ჩაანაცვლა დასავლური სამყაროს დიდ ნაწილში. დანარჩენ მსოფლიოში ბავშვთან ერთად გადაადგილების იმდენივე ხერხი არსებობს, რამდენიც კულტურა, რომელშიც ბავშვს სხეულზე გამონასკვულს დაატარებენ.
იმ მშობლებსაც კი, რომლებიც შვილებს სხეულზე ჩამოკიდებულები არ ატარებენ, ალბათ, შეუმჩნევიათ ის დამაწყნარებელი ეფექტი, რომელიც ბავშვის ხელში აყვანას და გადაადგილებას ახლავს თან. "მათ ინტუიციურად იციან, რომ ამ ერთგვარ 1–2-ჰერციან რიტმულ მოძრაობას შეუძლია, ბავშვი დააწყნაროს", — ამბობს კუმი კუროდა იაპონიის ტვინის კვლევის რიკენის ცენტრიდან.
კუროდამ ჩვილის თანტარების ფიზიოლოგიურ ეფექტებზე დაკვირვება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნახა მანამდე ჩატარებული კვლევა, რომელიც მშობლების მონათხრობებს ეყრდნობოდა და არა რეალურ ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებს. ამ წინა კვლევამ ბავშვების ტირილის სიხშირესა და მშობლის მიერ ხელში აყვანას შორის ვერანაირი კავშირი ვერ იპოვა. "ამას ვერ დავეთანხმებოდი", ამბობს კუმი კუროდა. მისმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ხელით ტარება ბავშვის გულის ცემას ანელებს და ამცირებს მათი ტირილის სიხშირესაც.
დღის და ღამის განმავლობაში ახლო კონტაქტი ბავშვებისთვის ბიოლოგიურ საჭიროებას წარმოადგენს. პირველ თვეებში დღე–ღამის განმავლობაში ისინი განსაზღვრულ საათებში უნდა იკვებებოდნენ. მაშინაც კი, როდესაც ბავშვი დღეღამურ რიტმს დაირეგულირებს და ძილის პერიოდი ღამის საათებში გადაინაცვლებს, მინიმუმ პირველი წლის განმავლობაში ღამით გაღვიძება სრულიად ნორმალურია.
"ჩვილთა ბიოლოგია ბოლო ასობით ათასი წლის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა, მაგრამ სანაცვლოდ გასულ ათწლეულებში ჩვენი კულტურა და მასთან ერთად მშობლის როლთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინები შეიცვალა რადიკალურად", — ამბობს ჰელენ ბოლი.
თუმცა დღემდე დასავლურ კულტურაში ახალბედა, გამოუცდელ მშობლებს თავიანთ ოჯახებსა და სამეგობრო წრეში არავინ ეუბნება, რომ ბავშვის ღამით გაღვიძება ჩვეულებრივი მოვლენაა. "კულტურული მითი შევქმენით, რომ თითქოს ჩვილები ღამით არ უნდა იღვიძებდნენ", — აღნიშნავს ბოლი.
ამ მითს თავისი შედეგები აქვს: მშობლობის როლის მორგების ადრეულ ეტაპზე არეული ძილის რეჟიმმა, შეიძლება, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარებას შეუწყოს ხელი. ბოლი ამბობს, რომ ბავშვის ძილის რეჟიმის "გამოსწორება" არ არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა. ამის მაგივრად, მშობლების პირდაპირი მხარდაჭერა უფრო გააუმჯობესებს მათ ფსიქიკურ მდგომარეობას.
"მშობლები, რომლებიც დეპრესიაში არიან, ბავშვის არეულ ძილს ბევრად უარესად აღიქვამენ, ვიდრე მშობლები, რომელთაც დეპრესია არ აწუხებთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ პრობლემა მშობლების გონებაშია გამოსასწორებელი: მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ამ ყველაფერს სხვა თვალით შეხედონ".
აზრი, რომ ბავშვებს მთელი ღამე "უნდა" ეძინოთ, 1950–იან წლებში ლონდონში ჩატარებული კვლევის შედეგებიდან იღებს სათავეს. ამ კვლევის მიხედვით, 160 ბავშვზე დაკვირვებისას 70%–მა "მთელი ღამით ძილი" სამი თვის ასაკამდე დაიწყო.
თუმცა მეცნიერებმა დააზუსტეს, რომ "მთელი ღამით ძილი" იმას ნიშნავს, როცა ღამის საათებში, დილის 5 საათამდე, მშობლებს ჩვილების ტირილი არ აღვიძებთ, იმის მიუხედავად, ბავშვებს მართლა ეძინათ თუ არა ამ პერიოდში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვილების 30%–ს ეს ხანგრძლივი ძილის ფაზა დაწყებული არ ჰქონდა, ხოლო იმ ბავშვების ნახევარი, რომლებსაც "მთელი ღამე ეძინა", ღამით გაღვიძების ჩვევას მოგვიანებით, პირველივე წელში დაუბრუნდა.
დღესაც კი, ახალშობილთა ძილზე ჩატარებული კვლევების უმეტესობა მხოლოდ მთლიანი მოსახლეობის მცირე ჯგუფს აკვირდება. "ბოლო ათწლეულის უამრავი კვლევა ბავშვებს მხოლოდ დასავლურ ქვეყნებში იკვლევს", — ამბობს ბოლი.
მართალია, ყველა კულტურა განსხვავებულად აღიქვამს ბავშვის მოვლას, მაგრამ ბევრ სხვაობას თავად ამ კულტურებშიც ვხვდებით. მაგალითად, დასავლეთში ყველა არ ფიქრობს, რომ ბავშვის მარტო, თავის ოთახში ძილი საუკეთესო საშუალებაა: ერთ–ერთ კვლევაში იტალიელმა მშობლებმა ამას "გულქვაობა" უწოდეს.
პირადი მდგომარეობაც დიდ როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ ვუვლით შვილებს და ყოველი მშობელი საკუთარ ხერხს პოულობს. "ყველა ოჯახი განსხვავებულია, ამიტომ მრავალფეროვნება მისაღებია", — ამბობს კუმი კუროდა.
კუროდამ სამუშაოზე გატარებული მთელი დღის ასანაზღაურებლად ღამით თავის ოთხ შვილთან ერთად ძილი დაიწყო. "სრული განაკვეთით ვმუშაობ და თუ ღამესაც ცალ-ცალკე გავატარებთ, სულ მინიმალური საერთო დრო გვექნება. ასე კი ღამითაც შეგვიძლია, ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდეს და მეტი დრო დავუთმოთ ერთმანეთს".
თუმცა, მისი თქმით, როგორც მშობლის როლთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, ამჯერადაც მშობელმა თავად უნდა აირჩიოს, რა შეეფერება მას და თავის ბავშვს და იმაზე არ უნდა იდარდოს, თუ სხვები როგორ იქცევიან. "ჩემი აზრით, მშობელს და შვილს ერთმანეთისთვის ნაბიჯის აწყობა შეუძლიათ. ტანგოსავით".
დასავლური პერსპექტივის მიღმა აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ბავშვები ჩვენით არ მანიპულირებენ, როგორ ძლიერადაც არ უნდა გვჯეროდეს ამის ღამის 3 საათზე მათი ტირილის გამო გაღვიძებულებს. "რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ ბავშვები არ არიან პრეტენზიული ბოსები", ამბობს დუტა. "ისინი უწყინარი, პატარა არსებები არიან, რომლებიც ამ სამყაროს მოევლინენ და ჩვენ მათ ემპათიითა და თანაგრძნობით უნდა მივუდგეთ".
კომენტარები