სამოქალაქო აქტივისტი, დავით კაპანაძე აცხადებს, რომ მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავების შემდეგ უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩაარტყა თვალისა და შუბლის არეში.

"მივედით გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე, რის შემდეგაც დამაკავეს და პოლიციის მანქანაში რომ ჩამაგდეს ძალის გამოყენებით, შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა, უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში", — აცხადებს აქტივისტი.

On.ge დაუკავშირდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქტივისტის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო ძალადობის გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე 10 აქტივისტი დააკავეს.

აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებდნენ და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქტივისტების განცხადებით, პოლიციელმა გიორგი მუმლაძეზე ფიზიკურად იძალადა. მათი მოთხოვნაა, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყონ.