რატომ არ ამოქმედდა ერთი წლის წინ მიღებული ანტიკორუფციული კანონი აფხაზეთში
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".
აფხაზეთში საჯარო მოხელეებისა და დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციის შესახებ კანონის მიღებიდან ერთი წელი გავიდა და ის მხოლოდ ქაღალდზეა. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ დეპუტატები ამოქმედების გადადებას განზრახ ცდილობენ.
31 მარტს აფხაზეთის სახალხო კრების (პარლამენტის) დეპუტატებმა ახალი ცვლილებები "საჯარო მოსამსახურეთა და დეპუტატების მიერ შემოსავლების, ხარჯების, ქონებისა და ქონებრივი ვალდებულებების დეკლარირების შესახებ" კანონში პირველი მოსმენით მიიღეს.
საზოგადოებისთვის ეს დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილება იყო, თუმცა შევა თუ არა ძალაში კანონი საბოლოოდ, ეს იმ ცვლილებებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ჯერ კიდევ გასავლელი აქვს მეორე და მესამე მოსმენა.
ეს ცვლილებები 12 მარტს კენჭისყრაზე დეპუტატებმა გივი კვარჩიამ და გარი კოკაიამ გაიტანეს, მაგრამ მაშინ მიღება ვერ მოხერხდა, რადგან ერთი ხმა დააკლდათ. სხდომაზე მყოფმა ერთ-ერთმა დეპუტატმა საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა — არც მომხრე იყო, არც წინააღმდეგი და არც თავი შეიკავა.
გაუთავებელი ცვლილებები
აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ დეპუტატები კანონის ძალაში შესვლას განგებ ავადებენ, რადგან ცვლილებები მათ უნდა შეეხოს.
"იმის მაგივრად, რომ კანონის ძალაში შესვლის გზა იპოვონ, უაზრო ცვლილებებს იღებენ. ხან ადგილს უცვლიან ოჯახის წევრებს, რომლებსაც ასევე უწევთ დეკლარაციის შევსება, ხან ამოიღებენ არასრულწლოვნებს, ხან ისევ ჩასვამენ. აი, ამას აკეთებენ, იმის მაგივრად, რომ საქმეზე იმუშაონ", — ამბობს აქტივისტი ასტამურ კაკალია, რომელიც კანონის მიღებას 2012 წლიდან ლობირებს.
31 მარტს მიღებული ცვლილებები სწორედ იმ პირთა წრეს ეხება, რომლებიც დეკლარანტის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, მცირეწლოვანი და ზრდასრული შვილები, მშობლები, და-ძმები, რომლებიც მასზე არიან დამოკიდებულნი.
მანამდე უთანხმოების საგანი კიდევ ერთი საკითხი იყო — დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, კონკრეტულად ვის უნდა ჰქონდეს თავისი შემოსავლების, ხარჯებისა და ქონების დეკლარაციის შევსების ვალდებულება.
აქტივისტები როგორც დეპუტატების, ასევე თანამდებობის პირების დეკლარაციებს მოითხოვენ, რომლებიც, კაკალიას აზრით, საგადასახადო ინსპექციის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს.
"აფხაზეთის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რას ფლობს დეპუტატი, მინისტრი და გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე მყოფი სხვა პირები", — ფიქრობს ასტამურ კაკალია, მაგრამ მას ყველა დეპუტატი როდი ეთანხმება.
"რატომ უნდა შეავსონ დეკლარაცია მხოლოდ საჯარო მოხელეებმა? ყველამ უნდა გაასაჯაროოს საკუთარი შემოსავლები", — თქვა დეპუტატმა, ნატალი სმირმა პარლამენტის სხდომაზე 12 მარტს. მისი თქმით, კანონს მხარი დაუჭირა მხოლოდ იმიტომ, რომ მექრთამედ არ ჩაეთვალათ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონი ხარვეზიანია და მისი მიღება ამ ფორმით არ შეიძლება.
დეპუტატმა ბატალ ტაბაღუამ კი, პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება "შესაძლოა არ იყოს უსაფრთხო", რადგან ეს მონაცემები "ბოროტმოქმედებმა შეიძლება გამოიყენონ", თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ქმედებები ჰქონდა მხედველობაში.
ამაზე აქტივისტ ასტამურ კაკალიას ასეთი პასუხი აქვს — აფხაზეთში ოფიციალური პირები არც მალავენ თავიანთ სიმდიდრეს.
"შემოსავლებით ტრაბახი და შეჯიბრი იმაში, ვის მეტი ფუფუნების საგნები აქვს, ნორმად ითვლება ჩვენს ხალხში", — ამბობს კაკალია.
"არავინ მალავს ამ ინფორმაციას, ისინი გრძნობენ თავიანთ დაუსჯელობას და ღობეზე ლომების ფიგურებს გამოაფენენ ხოლმე, მაგრამ როგორც კი ანტიკორუფციული კანონი ამოქმედდება, ეს ყველაფერი იმის მტკიცებულება გახდება, რომ სამშობლოს ძარცავენ".
მე-16 მუხლი
დეპუტატი ნატალი სმირი აცხადებს, რომ შემოსავლების დეკლარაციის შესახებ კანონი პარლამენტმა 2020 წლის თებერვალში მომიტინგეების ზეწოლის შედეგად მიიღო.
როდესაც აქტივისტებმა დაინახეს, რომ კანონპროექტზე მუშაობა წინ არ მიიწევდა, გასაპროტესტებლად გამოვიდნენ და სოხუმში, პარლამენტის შენობასთან კარვები გაშალეს, რის შემდეგაც პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. როდესაც გაირკვა, რომ ის ძალაში მხოლოდ 10 თვის შემდეგ შევა, ანუ 2020 წლის დეკემბერში, მომიტინგეებმა შიმშილობაც დაიწყეს. 10 დღის შემდეგ, კანონი საბოლოო მოსმენით მიიღეს.
იგი ძალაში 2020 წლის 20 მარტს შევიდა, მაგრამ სხვა სახელით: ნაცვლად "თანამდებობის პირებისა" ("თანამდებობის პირთა და დეპუტატთა მიერ შემოსავლების, ქონებისა და ქონებრივი ვალდებულებების დეკლარირების შესახებ"), მის სახელწოდებაში გაჩნდა სიტყვები "საჯარო მოსამსახურეები", თუმცა კანონი, რომელიც განმარტავს ვინ ითვლება საჯარო მოხელედ, აფხაზეთში არ არსებობს. ამასთან, დოკუმენტის მე-16 მუხლში ჩაიწერა, რომ ძალაში შევა მხოლოდ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ.
აფხაზეთში ზოგიერთი იურისტისა და თანამდებობის პირის თქმით, პარლამენტის მიერ ოფიციალურად დამტკიცებული და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის შესახებ კანონი, ფაქტობრივად, ძალაში არ შევა და არ ამოქმედდება მანამ, სანამ არ იქნება მიღებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონი.
"იურიდიულ ენაზე ამას კანონის ამოქმედების გადავადება ეწოდება", — განუცხადა ადვოკატმა დანა კუჯბამ OC Media-ს.
"ან მე-16 მუხლი უნდა შეიცვალოს ან მიიღონ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეკლარაციის შესახებ კანონი არ იმუშავებს. ნებისმიერ თანამდებობის პირს შეეძლება ეჭვქვეშ დააყენოს დეკლარაციის შევსების აუცილებლობა, თუ კანონის ირგვლივ არსებული დავა არ გადაიჭრა".
დეპუტატ გიგი კვარჩიას აზრით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიღება, რომელიც უკვე შემუშავებულია კიდეც, სიტუაციიდან გამოსავალი იქნებოდა. მაგრამ ასეთი კანონპროექტი ბიუჯეტს დააწვება, ვინაიდან ის თანამდებობის პირების კლასიფიკაციასა და რანჟირებას ითვალისწინებს, რაც სავალდებულოს გახდის საჯარო მოხელეებისთვის შესაბამისი ხელფასების გადახდას. აქტივისტი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ მიზეზით, ის ძალაში მალე არ შევა.
"ჩვენი ბიუჯეტი ამას ვერ გაუძლებს. სწორედ ამიტომ არ მიიღო კანონი საჯარო სამსახურის შესახებ პარლამენტის წინა მოწვევამ", — განმარტა გივი კვარჩიამ.
ერთი კანონი, ორი მოწვევის პარლამენტი
კანონპროექტის ისტორია 2012 წელს დაიწყო, როდესაც სახალხო კრების (პარლამენტის) წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ასტამურ კაკალიამ, ნადირ ბიტიევმა და თენგიზ მალანძიამ დადეს პირობა კანონის ინიცირებაზე, რომელიც უზრუნველყოფდა საჯარო სამსახურში კადრების შერჩევას კონკურსის საფუძველზე და უკანონო გამდიდრების შემთხვევაში, პირის პასუხისგებაში მიცემას ითვალისწინებდა. ეს კანონპროექტი შეესაბამებოდა უკანონო გამდიდრების შესახებ გაეროს კონვენციის მე-20 მუხლს.
ვერც ერთი მათგანი პარლამენტში ვერ მოხვდა, თუმცა მათ დაიწყეს არჩეულ დეპუტატებთან თანამშრომლობა და კანონის მიღებას ლობირებდნენ.
კაკალიამ OC Media-ს განუცხადა, რომ 35 დეპუტატიდან უმეტესობამ, მათ შორის იმ მოწვევის პარლამენტში კარგად ცნობილმა ემა გამისონიამ, არტურ მიკვაბიამ, ვალერი ბგანბამ ინიციატივა მოიწონეს.
კაკალიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან სიტყვიერი მხარდაჭერა მოიპოვა როგორც პარლამენტში, ასევე საზოგადოებაში, კანონპროექტის შემუშავების გზაზე ბევრი სირთულე წარმოიშვა და საქმე წინ არ წასულა. ზოგიერთი პარლამენტარი თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა ამ იდეას:
"ბატალ ტაბაღუამ გააპროტესტა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის არარსებობაზე საუბრობდა, რომლის გარეშეც, მისი აზრით, ჩვენი კანონი, ალბათ, ვერ იმუშავებდა".
2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გაეროს კონვენციის მე-20 მუხლის აქტივისტებმა ახალი მოწვევის დეპუტატებთან დაიწყეს მუშაობა.
"ხელისუფლების იმედი აღარ გვქონდა, ამიტომ შევეცადეთ დაგვეინტერესებინა ოპოზიციონერი დეპუტატები რაულ ლოლუა, ბატალ ტაბაღუა, სერგეი შამბა და ასლან ბჟანია", — ამბობს ასტამურ კაკალია.
იმავე წელს პარლამენტმა სამუშაო კომისია შექმნა, რომელიც შემოსავლების დეკლარაციის საკითხებზე იმუშავებდა. ასევე, პარლამენტში აქტივისტების ინტერესების ლობირება დეპუტატმა ასტამურ ლოგუამ დაიწყო, ხოლო კანონის შემუშავებაში სამი იურისტი ჩაერთო.
"ყირგიზეთის [მსგავსი] კანონი ავიღეთ საფუძვლად, შევიტანეთ მცირე შესწორებები და [აფხაზეთს] მოვარგეთ", — თქვა კაკალიამ.
საბოლოოდ, 2019 წელს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი ასლან ბჟანიას მიერ შემოთავაზებული ფორმულირებით, რომელიც მაშინ დეპუტატი იყო. კაკალიამ და სხვა აქტივისტებმა მხარი დაუჭირეს მომავალ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კანონპროექტი არ იყო სრულყოფილი.
"მის პროექტში არანაირი ხელშესახები პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა დეკლარაციაში არასწორი მონაცემების მითითებას", — ამბობს აქტივისტი.
აქტივისტებმა პასუხისმგებლობად მოითხოვეს თანამდებობიდან გათავისუფლება აღდგენის უფლების გარეშე, მაგრამ ეს წინადადება საბოლოო ტექსტში არ შევიდა.
კითხვაზე, რატომ გადაწყვიტეს ბჟანიას პროექტის მხარდაჭერა, მიუხედავად გამოკვეთილი ხარვეზებისა, კაკალია ამბობს, რომ მათი ამოცანა იყო "არა კონკურენცია, არამედ კანონის მიღების ხელშეწყობა, განურჩევლად იმისა, ვინ იყო მისი ავტორი ან ინიციატორი".
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
კომენტარები