ახალი ზელანდია ფინანსურ სექტორს გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას დაავალდებულებს
ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველ კანონმდებლობას ქმნის, რომელიც ფინანსურ სექტორს გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას აიძულებს. საუბარია კანონზე, რომელიც ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს და საინვესტიციო ფირმებს კლიმატის ცვლილების მიმართ ბევრად ანგარიშვალდებულს ხდის.
"ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა და მსგავსი კანონის შემოღებით, ჩვენ ვეცდებით სხვა ქვეყნებს კარგი მაგალითი მივცეთ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ზელანდიის ეკონომიკის ყოველი ნაწილი გამონაბოლქვის შემცირებაში დაგვეხმაროს." — თქვა ახალი ზელანდიის კომერციის მინისტრმა, დევიდ კლარკმა.
კლარკის თქმით, ეს ფინანსურ ინსტიტუტებს გარემოს მოფრთხილებას დაავალდებულებს. მსგავსი ანგარიშვალდებულება საჯარო იქნება და საზოგადოებას ეცოდინება, თუ ვინ რა პასუხისმგებლობას იღებს.
კანონმდებლობა ორშაბათს, 12 აპრილს წარადგინეს და მიღების შემთხვევაში, 2023 წლისთვის ამოქმედდება.
კლიმატის ცვლილების მინისტრმა, ჯეიმს შოუმ თქვა, რომ ყოველწლიური ანგარიშები ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ გამონაბოლქვის შემცირება სულ უფრო აქტუალური ხდება.
"2050 წლისთვის ნულოვან გამონაბოლქვს ვერ მივაღწევთ, თუ ფინანსურმა სექტორმა ეს ყველაფერი ბოლომდე არ გაიაზრა. ინვესტიციები უნდა ჩაიდოს იქ, სადაც გარემოს საფრთხე არ ექნება." — თქვა ჯეიმს შოუმ.
შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ხელისუფლების გეგმებით, ქვეყანა 2050 წლისთვის გამონაბოლქვისგან სრულად თავისუფალი უნდა იყოს.
კომენტარები