ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსების პლატფორმა, ანუ ბევრი ახალი სახე პოლიტიკაში
საქართველოში პოლიტიკისადმი ინტერესი არასდროს ცხრება. მეტიც, ბოლო ერთ წელია საერთაშორისო საზოგადოებაც აკვირდება ჩვენთან მიმდინარე პროცესებს და აქტიურადაა ჩართული იმ კრიზისის აღმოსაფხვრელად, რომელმაც ბევრ სხვა პრობლემას დაუდო საფუძველი. მიუხედავად ამ ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც ახალ იდეებს, განსხვავებულ მიდგომებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ჩაკეტილია.
არახალია, რომ ძველი სახეები საქართველოს პოლიტიკური ელიტის უცვლელი ნაწილია. საზოგადოება შეთანხმდა და თითქმის შეეგუა კიდეც, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალგაზრდების ნაკლებობაა. ნაწილი ამას, როგორც პრობლემას, ალბათ, საერთოდ არ აღიქვამს, დანარჩენი კი მის მოგავრებას ცდილობს. ევროპულ-ქართული ინსტიტუტმა (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან ერთად ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსების პლატფორმა დაიწყო, რომლის ყურადღების ცენტრშიც სწორედ ახალი თაობა იქნება.
რას მოიცავს ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსების პლატფორმა
ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნათია ქალდანი გვეუბნება, რომ პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერის ბოლომდე გაგრძელდება. მისი განცხადებით, მთავარი სამიზნე ახალგაზრდები, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, აქტივისტები და ასევე, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები არიან.
"პროექტი ახალგაზრდებში პოლიტიკური პროცესებისა და პარტიების მიმართ ნდობის აღძვრას, განსაკუთრებით კი 2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდას ემსახურება", — აღნიშნავს ის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ნათია გვეუბნება, რომ თავდაპირველად ონლაინკონფერენცია ტარდება, რომელშიც მონაწილეობას თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მიიღებს. მისი თქმით, ამით სურთ, დაანახონ საზოგადოებას, რა გამოწვევებს ხედავენ ახალგაზრდები პოლიტიკურ პროცესებში მათ ჩართულობასთან დაკავშირებით.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, შაკო ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ეს კონფერენცია, რომელიც 5-8 აპრილის კვირაში ჩატარდა, ახალგაზრდა პოლიტკოსებს საშუალებას მისცემს ფართო მასებს საკუთარი თავები გააცნონ და მეტად გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე.
"რადგან პანდემია ჯერ კიდევ არ გვაძლევს საშუალებას, დიდი კონფერენცია გავმართოთ, ისეთი, როგორიც გვინდა რეალურ ცხოვრებაში, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ინტერნეტ სივრცეში და დაგვეყო 4 ნაწილად, 4 მთავარ თემად, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის არსებული ახალგაზრდა ლიდერი და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი", — გვითხრა მან.
პროექტის დეტალებზე გვესაუბრა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, გიორგი მელაშვილიც. მისი განცხადებით, კონფერენციაზე იქნება დისკუსია იმ თემების ირგვლივ, რომელიც საინტერესოა როგორც პარტიებისთვის, ასევე, ზოგადად საზოგადოებისთვის.
"ჩვენ გვაინტერესებს მათი მოსაზრება მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე, იქიდან გამოსვლის გზებზე და ასევე, სხვა თემებზე, როგორიცაა, სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკური გამოწვევები და სხვა", — თქვა მან.
გარდა ამისა, იგეგმება ტრენინგებიც. ორგანიზატორების განმარტებით, ტრენინგი გათვლილი იქნება იმ 50 ახალგაზრდაზე, რომლებიც არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებენ.
"ტრენინგები ორ ნაწილად არის გაყოფილი, ერთი ტრენინგ მოდული უშუალოდ მორგებულია ცენტრალურად, თბილისში არსებული ახალგაზრდული ფრთებისათვის, 4-დღიანი ტრენინგი. ხოლო მეორე ტრენინგკურსი იქნება უკვე აგვისტოში, მას შემდეგ, როცა გადაწყდება კანდიდატები და ის, თუ ვინ იღებს არჩევნებში მონაწილეობას", — გვიხსნის შაკო ჩხეიძე.
ახალგაზრდა კანდიდატებს მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ონლაინ სივრცეში ეყოლებათ მენტორები, ხოლო პოტენციურ ამომრჩეველში მათი ცნობადობის გაზრდის მიზნით, ჩაწერენ ვიდეორგოლებსაც. ჩვენი რესპონდენტების თქმით, ეს ყველაფერი ახალგაზრდებს დაეხმარებათ, ისწავლონ კომუნიკაცია, როგორც მედიასთან, ასევე, კამერებთან თუ პოტენციურ ამომრჩევლებთან, ნახონ, როგორ იქმნება დღის წესრიგი, იწერება დოკუმენტები და ასე შემდეგ.
"კანდიდატებს გადავუღებთ ერთ წუთიან პროფილის ვიდეოს, დავარეკლამებთ მის კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, მივეხმარებით საზოგადოებასთან კომუნიკაციაში, დავატრენინგებთ მათ საკომუნიკაციო სტრატეგიებში და პოლიტიკური დოკუმენტების წერაში. გარდა ამისა, ვაპირებთ, რომ თბილისში არსებული პარტიების ახალგაზრდული ფრთების ლიდერები 12 რეგიონში შევახვედროთ, ასევე, ახალგაზრდებს, რათა რეგიონებში მცხოვრებლების აზრიც მეტად იყოს გათვალისწინებული სხვადასხვა პარტიის სამოქმედო გეგმაში", — ამბობს შაკო.
როგორც გიორგი მელაშვილი გვეუბნება, საინფორმაციო კამპანიასთან ერთად, იგეგმება ცალკე ვებგვერდის შექმნაც, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება კანდიდატების დათვალიერება, მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება და იმის ნახვა, რამდენად ემთხვევა მათი მოსაზრებები ერთმანეთს.
რატომ გაჩნდა ეს იდეა და რა ამოცანები აქვს მას
მელაშვილის განმარტებით, ახალგაზრდა პოლიტიკოსთა გაძლიერების პროგრამის შექმნის ერთ-ერთი მიზანი პოსტსაბჭოთა ტრანზიციის დაჩქარება, მისი დასრულება და პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ადამიანების გამოჩენაა.
"EGI ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მსგავს პროექტებს. ჩვენ გვგონია, რომ ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დღეს არის საქართველოში, მომდინარეობს იმ მემკვიდრეობიდან, რომელიც გვერგო საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული, ავტორიტარული სისტემისგან და ამას დაემატა ბნელი 90-იანები. აუცილებელია, რომ მოხდეს ეს ტრანზიცია საბოლოოდ და ამისი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა, ჩვენი აზრით, არის მუშაობა ახალგაზრდებთან, მომავალ თაობასთან, ვინც დაიბადა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში", — ამბობს ის.
მისი თქმით, მათი სურვილია, ახალი თაობა მეტად ორიენტირებული იყოს კონსტრუქციული კომუნიკაციის, კომპრომისის აუცილებლობისკენ და საბოლოო ჯამში, უფრო მეტად შეძლონ საკუთარი დადებითი წვლილის შეტანა ქვეყნის განვითარებაში. მელაშვილის განმარტებით, ეს არ არის მათი პირველი პროექტი, რომელიც მიზნად ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ისახავს.
"პირველად, პოლიტიკოსთა გაძლიერების პროგრამა ჩვენ წამოვიწყეთ შვედეთის საერთაშორისო ლიბერალურ ცენტრთან ერთად, როცა შევქმენით ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი, ეს იყო პირველი მცდელობა, რომ სხვადასხვა პარტია დაგვესვა ერთად, რათა ესაუბრათ თემებზე, რომელიც აინტერესებს ყველა მოქალაქეს", — თქვა მან.
შაკო ჩხეიძეც პრობლემად ხედავს იმას, რომ პოლიტიკაში ახალგაზრდები მარტივად ვერ იმკვიდრებენ თავს. ამ პლატფორმის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად, ისიც სწორედ ამ სფეროში ახალგაზრდებისთვის არსებულ სირთულეებს ასახელებს.
"თუნდაც რომ გადავხედოთ პარტიების დაპირებებს და მათ სამოქმედო გეგმებს, ძალიან იშვიათად არის ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული, რაც ძირითადად იმის გამო ხდება, რომ ახალგაზრდები არ არიან ამ სამუშაო გუნდებში. სამწუხაროდ, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, დიდი და ტრადიციული პარტიების უმეტესობა, ახალგაზრდებს იყენებს აქციების მონაწილეებად", — გვეუბნება ის.
საერთო ჯამში, როგორც ის ამბობს, პროექტს 2 მიზანი აქვს. ერთი არის ახალგაზრდა პოლიტიკოსების გაძლიერება და მეორე — ახალაგზრდების დაინტერესება პოლიტიკით.
რა მოლოდინები აქვთ ორგანიზატორებს
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარეა, ორგანიზატორები საკუთარ მოლოდინებზე და პლატფორმის ფარგლებში სურვილებზეც გვესაუბრნენ. ნათია ქალდანი იმედს გამოთქვამს, რომ ის ნიჰილიზმი, რაც ახალგაზრდებში პოლიტიკის მიმართ არსებობს, შეიცვლება და უფრო მეტი დაინტერესდება პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენით.
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომ ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა, მეტი მათგანი ჩავრთოთ პოლიტიკაში და უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება გვქონდეს, გავიდეთ რეგიონებში, პარტიების ახალგაზრდები დავაკავშიროთ ადგილობრივ ახალგაზრდებთან და გავუხსნათ გზები კომუნიკაციისკენ", — თქვა მან.
პოლიტიკაში ყოფნის მოტივაციის ზრდაზე მიუთითებს გიორგი მელაშვილიც და ასახელებს ორ ძირითად მიმართულებას, რომლის გაუმჯობესებასაც ისურვებდა პროექტის დასრულების შემდეგ.
"ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, პირველი — თუ ამ ადამიანების მოტივაცია გაიზრდება და მეორე — თუ ამ ადამიანებს გაუჩნდებათ უფრო მეტი შესაძლებლობა, გავლენა იქონიონ საკუთარ პარტიებზე და ზოგადად, ხელი შევუწყოთ შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებას. პოლიტიკაში მისვლა ნამდვილად არ არის მარტივი, მოითხოვს რთული გადაწყვეტილების მიღებას და ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მივიდნენ ეს ადამიანები ამ გზამდე", — აღნიშნავს ის.
პროექტი გრძელდება. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე კი, ახალგაზრდა სახეების ჩართულობისკენ სწრაფვა ის დიდი ნაბიჯია, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება. ახალგაზრდების წახალისება, ინოვაციური იდეები, ახალი თაობის ინტერესების გათვალისწინება და მათი წინ წამოწევა, არის ის, რასაც პლატფორმა სათავეს დაუდებს, ხოლო უფრო ხანგრძლივ პერიოდში მოსალოდნელია, რომ ბევრად დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.
კომენტარები