მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი შარშან COVID-19-ს გადაურჩა, ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მაინც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს სხეულებზე, ტვინიდან დაწყებული, კანით დამთავრებული.

ამ ერთი წლისა და ერთი თვის მანძილზე პანდემიამ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, რაც გამოიხატება მუდმივ შიშში მომაკვდინებელი ვირუსისა და მოულოდნელად საყვარელი ადამიანების დაკარგვის მიმართ. ასევე, შიშში, რომელიც უკავშირდება სოციალურ იზოლაციას, ზოგისთვის სამსახურის დაკარგვას, ფინანსურ პრობლემებს, დაუსრულებელ Zoom შეხვედრებსა თუ სხვა მრავალ გამოწვევას, რომელთა პირისპირ მოუმზადებლები აღმოვჩნდით. ამ სიტუაციამ ჩვენს ჯანმრთელობაზეც დიდი გავლენა იქონია და რიგი ცვლილებებიც გამოიწვია.

"პანდემიის გავლენას ადამიანების ჯანმრთელობაზე მრავალი სხვადასხვა ფორმით ყოველდღიურად ვხედავ", — ამბობს ადა სტიუარდი, ოჯახის ექიმი სამხრეთ კაროლინადან და ოჯახის ექიმთა ამერიკული აკადემიის პრეზიდენტი.

ქვემოთ უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, თუ როგორ შეცვალა პანდემიამ ჩვენი სხეულები.

ფსიქიკა

ფოტო: www.nbcnews.com

კორონავირუსით გამოწვეული შფოთვის დროს ბევრს მოუწია ღამეების უძილოდ გატარება, თუმცა, ამ მდგომარეობამ ადამიანთა ნაწილის მენტალური ჯანმრთელობა სერიოზულად შეცვალა.

მაგალითად, ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციის გამოკითხვის მიხედვით, საშუალოდ, ყოველი 4 მოზარდიდან ერთმა, ან ამერიკის მოსახლეობის 23%-მა შარშან, სტრესთან გასამკლავებლად, დაიწყო მეტი ალკოჰოლის მოხმარება. კვლევა, სახელწოდებით "სტრესი ამერიკაში", 2021 წლის 11 მარტს გამოქვეყნდა.

ჟურნალ JAMA Network Open-ში 2021 წლის თებერვალში გამოქვეყნებული გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის სექტემბერში ჩატარდა, მკვლევრებმა 5 000 მონაწილის მონაცემებზე დაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ პანდემიის დაწყებიდან ამერიკელებში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა არსებითად იმატა: გამოკითხულთა 33% შფოთვის ან დეპრესიის სიმპტომებს უჩიოდა, 15%-ში დაფიქსირდა სხვადასხვა მედიკამენტების, ალკოჰოლის და ნარკოტიკების გაზრდილი მოხმარება, 30%-ს COVID-19-თან დაკავშირებული ტრავმა და სტრესის სიმპტომები გამოუვლინდა, 12%-მა კი აღნიშნა, რომ ისინი ერთი თვის წინ სერიოზულად განიხილავდნენ სუიციდს.

აქვე, ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ფსიქიატრიის ასისტენტ პროფესორი და მენტალური დაავადებების ეროვნული კავშირის (NAMI) სამედიცინო ხელმძღვანელი, კენ დაქვორტი აღნიშნავს, რომ რესპონდენტების 43%-ს მენტალური ჯანმრთელობის ერთი პრობლემა მაინც აწუხებდა, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

"ადამიანები ძალიან სოციალური არსებები ვართ. ადამიანური ურთიერთობები ჩვენთვის ანტიდეპრესანტებივით მოქმედებს და შფოთვის დაძლევაშიც გვეხმარება".

თუმცა, სანამ სოციალიზაცია საფრთხეს შეიცავს, დაქვორტი ხალხს ურჩევს, რაიმე კრეატიული გზა იპოვონ ადამიანებთან კავშირის შესანარჩუნებლად, როგორიცაა, მაგალითად, ვირტუალური კავშირები, ან გარეთ გასეირნება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებთან საკმარის დისტანციას დაიცავთ და რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებთ.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამ ძილის პრობლემებიც შეგვიქმნა. მაგალითად, "სტრესი ამერიკაში" გამოკითხვის მონაწილეთა 67%-მა აღნიშნა, რომ მათ იმაზე მეტ ან ნაკლებ ხანს სძინავთ, ვიდრე მათ ეს უნდათ.

თუმცა, მსოფლიოში ჩატარებული არაერთი კვლევის მიხედვით, ბევრისთვის ძილსაც არ მოაქვს შვება, რადგან შფოთვა და ნეგატიური ემოციები ჩვენს სიზმრებშიც აღწევს.

კანი და თმა

აღნიშნულმა მდგომარეობამ ადამიანის თმასა და კანზეც იქონია გავლენა. პანდემიის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ეფექტს აკნე და კანის გაღიზიანება წარმოადგენს, რაც ნიღბის ტარებას უკავშირდება.

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის რეკომენდაციის, პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას წარმოადგენს სახეზე დამატენიანებლის გამოყენება ნიღბის გაკეთებამდე და მაკიაჟზე უარის თქმა, ან ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც კანის ფორების დახშობას არ გამოიწვევს. გარდა ამისა, უმჯობესი იქნება, თუ ისეთ ნიღაბს შეარჩევთ, რომელიც დისკომფორტს არ შეგიქმნით. ასევე, თუ ინტენსიური დაბანის შედეგად ხელის კანი გაგიუხეშდათ, მაშინ სჯობს ხელებზე ყოველი დაბანის შემდეგ დამატენიანებელი წაისვათ.

რაც შეეხება თმის ცვენას, იგი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს როგორც მომატებული სტრესით, ასევე ვიტამინების დეფიციტით და არაჯანსაღი კვების სტილით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტრესის და შფოთვის შედეგად ადამიანს, შესაძლოა, განუვითარდეს ტრიქოტილომანია (ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს თმის ამოგლეჯვის დაუძლეველი სურვილი).

კბილები

ფოტო: www.nbcnews.com

ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA) თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ 2 300 ამერიკელი სტომატოლოგის 70%-ზე მეტმა პანდემიის დაწყების შემდეგ შენიშნა ისეთი დაავადების გაზრდილი რიცხვი, როგორიცაა კბილების დაფქვა. გამოკითხულთა 60%-ზე მეტმა შეამჩნია კბილის სხვა ისეთი დაავადებების გაზრდილი რაოდენობა, რომლებიც სტრესთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა გატეხილი ან გაბზარული კბილები და ასევე, კბილთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორებიცაა ყბისა და თავის ტკივილი.

აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემების გახშირებას ხელს უწყობს ისიც, რომ ვირუსის გამო ადამიანები ხშირად თავს არიდებენ სტომატოლოგთან ვიზიტს, ამ უკანასკნელმა კი, შესაძლოა, მთელი რიგი დარღვევები გამოიწვიოს.

ზურგი და კისერი

მას შემდეგ, რაც სამუშაო ადგილებმა სახლებში გადმოინაცვლა, ბევრმა ჩვენგანმა დაიწყო მუშაობა სამზარეულოს მაგიდასთან, ზოგმა კი — საწოლში ან ტახტზე წამოგორებულმაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა ნაწილს სახლში აქვს სამუშაო სივრცე, შესაძლოა, მათაც ჰქონდეთ ყველაფერი ისე გამართული, რომ ზურგის ტკივილი, კისრის დაჭიმულობა და მაჯის დაზიანება აიცილონ თავიდან. ალბათ, ყველამ იცის, რომ კომპიუტერთან გაუმართავ მდგომარეობაში ხანგრძლივად მუშაობა მთელ რიგ დაზიანებებს იწვევს. ასეთია, მაგალითად, მაჯის არხის სინდრომი.

ექსპერტების თქმით, ასეთი განმეორებითი დაზიანებები თანდათან უფრო სერიოზულ პრობლემებში გადაიზრდება, რომლებმაც, შესაძლოა, რამდენიმე თვის შემდეგ იჩინონ თავი.

გული

ფოტო: www.nbcnews.com

ადამიანების დიდმა ნაწილმა პანდემიის დროს უარი თქვა ვარჯიშსა და დიეტაზე. გამონაკლისს არც გულის დაავადებების მქონე პაციენტები წარმოადგენენ, რომლებიც ხშირად ექიმთან ვიზიტსაც არიდებდნენ თავს მიუხედავად სისხლის წნევის და ქოლესტერინის დონის მონიტორინგის მუდმივი საჭიროებისა. სტიუარტის თქმით, ეს მათთვის კიდევ ერთ დამატებით რისკს წარმოადგენს.

"ერთ-ერთი ცვლილება, რასაც პანდემიის დაწყების შემდეგ მეც და ჩემი კოლეგებიც ვხედავთ, ქრონიკული დაავადებების გაუარესებაა", — ამბობს იგი. "ადმაიანებმა უარი თქვეს ექიმებთან ვიზიტებზე. შესაბამისად, მომაკვდინებელი ვირუსის შიშის გამო, მათ შეწყვიტეს დიაბეტისა და ჰიპერტენზიის კონტროლი".

კუნთები

პანდემიის დაწყების შემდეგ დაიხურა სპორტული დარბაზები და რეკრეაციული ცენტრები. ადამიანების დიდ ნაწილს სამსახურში სიარულიც კი არ უწევს. აქედან გამომდინარე, მათთვის ფორმაში ყოფნა დიდ გამოწვევად იქცა.

სტიუარტი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი იმ პაციენტების ფორმაზეც აისახა, რომლებიც პანდემიამდე ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ და ფიზიკურ აქტივობას საჭირო დროს უთმობდნენ. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს სახლში ის სივრცე და პირობები, რაც ვარჯიშისთვისაა საჭირო, ხანგრძლივად ჯდომა კი კუნთებს ნამდვილად ასუსტებს და სხეულსაც უცვლის ფორმას.

წონა

ფოტო: www.nbcnews.com

რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, პანდემიის დაწყების შემდეგ ადამიანთა ნაწილმა წონაში დაიკლო — ისინი გარეთ ვეღარ ახერხებენ კვებას, სახლში ყოფნისას კი საკმარის დროს პოულობენ ჯანსაღი საკვების მოსამზადებლად და რეგულარულად ვარჯიშისთვისაც. თუმცა, დანარჩენებზე, პანდემიამ სრულიად საპირისპირო ეფექტი იქონია.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის "სტრესი ამერიკაში" გამოკითხვის მონაცემებით, ამერიკელების საშუალოდ 60%-ის წონა პანდემიის დაწყების შემდეგ შეიცვალა.

აპრილში ჩატარებული საერთაშორისო გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც 7 700 ადამიანი მონაწილეობდა, გამოკითხულთა 27%-მა პანდემიის დაწყების შემდეგ წონაში მოიმატა. წონის მატება 33%-ით გაიზარდა იმ ადამიანებში, რომელთა წონა უკვე სიმსუქნის ზღვარს მიღმაა. მონაწილეთა 20%-ზე ნაკლებმა წონაში დაიკლო.

იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანთა უმეტესობა დროის დიდ ნაწილს სახლში ატარებს, მუშაობს კომპიუტერთან და დაკავებულია ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა ტელევიზორის ყურება, საჭმლის მომზადება, ცხობა თუ შემდეგ შედეგის მირთმევა, წონის მატების ასეთი მაჩვენებლები უჩვეულო სულაც არაა. სპორტული დარბაზების დახურვით და ზოგადად, პანდემიით გამოწვეულმა დაღლილობამ და უენერგიობამ თითქმის ყველა მოიცვა.

ხალხში წონის მატება კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა შემოდგომის შემდეგ, როდესაც პანდემიას ცივი ამინდები დაერთო და ადამიანებმა გარეთ გასვლაზეც აიღეს ხელი.

ფეხები

ფოტო: www.nbcnews.com

იმ ადამიანებს, რომლებსაც პანდემიის დროს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული არ უწევდათ, ალბათ, ახლა უკეთეს მდგომარეობაში აქვთ ფეხები. თუმცა, ამერიკის ორთოპედების სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენელი და თავადაც ორთოპედი ჯეინ ანდერსენი ამბობს, რომ ვინც სახლში მუდამ შიშველი ფეხებით ან წინდებით დადის, მათში მაღალია ისეთი პრობლემების განვითარების რისკი, როგორებიცაა ქუსლის ტკივილი და ტენდინიტი (მყესის ქსოვილის დისტროფია).

შემოწმების გარეშე, ერთი შეხედვით მარტივი პრობლემები, როგორიცაა ტენდინიტი, შესაძლოა, ისეთ მძიმე მდგომარეობაში გადაიზარდოს, როგორიცაა ტენდინოსისი (მყესის ქსოვილის ქრონიკული დაზიანება), რომლის განკურნება, ანდერსენის მიხედვით, დიდ ძალისხმევას მოითხოვს და რთულია.

ანდერსენის თქმით. მეტი სიფრთხილე მართებთ დიაბეტის მქონე ადამიანებს მაშინ, როდესაც საქმე ფეხებზე მიდგება.

ჯანმრთელი ფეხების შენარჩუნებისთვის უმჯობესი იქნება, თუ სახლშიც ატარებთ ფეხსაცმელებს, რომლებიც თქვენს ფეხებს დაზიანებებისგან დაიცავს.