"ვფიქრობ, საქართველო ყველასთვის არ არის" — გვითხრა რესპონდენტმა ფილიპინებიდან. დივანა, რომლის სახელს მისივე ინტერესებიდან გამომდინარე ვცვლით, თავად დაგვიკავშირდა, როცა გაიგო, რომ საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან საუბარი გვსურდა. თავის პრობლემაზე გვიამბო, მაგრამ საჯარო ინტერვიუზე უარი თქვა. მის მსგავსად, გამოცდილების გაზიარების სურვილი კიდევ რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა, თუმცა უსაფრთხოების მოტივით ნაწილმა ანონიმურობა მოითხოვა. მათი ისტორიები მსგავსია — საქართველო მოსწონთ, უყვართ აქაური კულტურა, ბუნება, სამზარეულო და ხალხი. თუმცა, შეხვედრიან ისეთებსაც, ვინც ხელგაშლილობის ნაცვლად, მათ აგრესიით, დისკრიმინაციითა და სტერეოტიპებით მასპინძლობს.

მაგალითად, დივანა გვიამბობს, რომ შარშან, ფილიპინებიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პანდემიისას ხალხი ცუდად ექცეოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ აზიელია. როცა კორონავირუსი ახალგავრცელებული იყო და სტერეოტიპები ჭარბობდა, არ ეკითხებოდნენ, ჰქონდა თუ არა ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ან ინფიცირებულთან კონტაქტი, მისთვის თავის ასარიდებლად ვიზუალი "საკმარისი" იყო. მსგავსი გამოცდილება ჰქონდა ჩვენს რესპონდენტს ირანიდან, რომელიც ამჩნევდა, რომ ხალხი მის გვერდით ავტობუსში არ ჯდებოდა.

კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც თავის პრობლემებზე გვიამბო, ბანგლადეშიდანაა. გამოჩენის ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების საჯარო კრიტიკა მის პრობლემებს უფრო დიდ მასშტაბს შესძენს. რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს, ცოლიც ქართველი ჰყავს, მაგრამ საბუთების გაკეთებას ისევ ვერ ახერხებს — ეუბნებიან, რომ საშიშია, თუმცა მიზეზს ვერ უხსნიან. ახლა სასამართლოში იბრძვის, რომ საქართველოში ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრების უფლება მოიპოვოს.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია პრობლემებისა, რომლებსაც ჩვენთან მცხოვრები მიგრანტები აწყდებიან. ტოლერანტობით ცნობილ ქვეყანაში ჩამოსული უცხოელები ენობრივი ბარიერის, დისკრიმინაციის, რასიზმის ფონზე იკვლევენ გზას და ცდილობენ თანაცხოვრებას იქ, სადაც ბინის მიქირავებაზე კანის ფერის გამო ეუბნებიან უარს. მათი კითხვების უმეტესობას პასუხები არ აქვს, ხშირად მათი ჩივილებიც არავის ესმის. თუმცა, ყოველთვის არა, ბევრის თქმა შეუძლიათ ქართულ სტუმართმოყვარეობაზეც.

ამ სტატიაში მიგრანტები თავად გვიამბობენ, რატომ ჩამოვიდნენ, რა დახვდათ აქ, როგორ შეძლეს თანაცხოვრება ქართულ საზოგადოებასთან და საერთოდაც, როგორია მათი ქართული "თავგადასავალი".

ამარა აფრიკიდან

ამარა, რომლის სახელს და ქვეყანას მისი უსაფრთხოების მიზნით არ ვასახელებთ, აფრიკიდან ჩამოვიდა. უკვე ცხრა წელია საქართველოში ცხოვრობს. აქ ბევრი მეგობარი ჰყავს. მისი შეყვარებულიც ქართველია. ადგილობრივების გაგების და კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ხდება ისეც, რომ ხალხს არ ესმის მისი — უმიზეზოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ შავკანიანია.

ამარა ქუჩაში ყოველდღიურად აწყდება ირონიას, შეურაცხმყოფელ გამოხედვას, ფრაზებს და ფიზიკურ აგრესიას. ეუბნებიან, რომ ყურადღება არ მიაქციოს და ამის გამო ნერვები არ მოიშალოს, მაგრამ ეს რჩევა არ მოსწონს. არ შეუძლია. საქართველოში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს და დარჩენა უნდა, ფიქრობს, რომ თუ გაჩუმდება და ყურადღებას არ მიაქცევს, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ამიტომ საუბარი სურს, მაგრამ საჯაროდ ვერ — რამდენჯერაც საჯაროდ თქვა, იმდენჯერ სოციალურ ქსელში მუქარა და შეურაცხყოფა მიიღო.

მე ადამიანებში კარგის მჯერა, მჯერა, რომ ისინი რასისტებად არ იბადებიან

ამარა

"2 წლის წინ, ავტობუსში ვიჯექი მეგობრებთან ერთად. ერთ-ერთი მათგანი, ლანა, ქართველი იყო, მეორე ფრანგი. ერთი თინეიჯერი, ალბათ, 16 წლის იქნებოდა, დაჟინებით გვიყურებდა, როცა ლანას ველაპარაკებოდი. გაჩერებაზე, ჩასვლის წინ, მოვიდა და ძალიან ცუდი სიტყვა მითხრა. ქართული მაშინ კარგად არ ვიცოდი, მაგრამ მივხვდი, რომ შეურაცხყოფას მაყენებდა — როცა ადამიანი ცუდ რაღაცას გეუბნება ამას ხედავ. ის გვლანძღავდა და სანამ ავტობუსიდან ჩავიდოდა, ძირს დააფურთხა. ვერ გავიგე, რაში იყო პრობლემა".

ამარას თქმით, აგრესიას უმეტესად კაცები გამოხატავენ და მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ქართველი ქალების მასთან ერთად დანახვა არ მოსწონთ. ისინი თავს უფლებას აძლევენ, დაუკითხავად და უხეშად ჩაერიონ საუბარში, გააკრიტიკონ ამარას თანმხლები ქალები მასთან ურთიერთობის გამო და ხშირად შეურაცხყოფასაც აყენებენ მათ.

"მე და ჩემი შეყვარებული ქუჩაში მივდიოდით ხელიხელჩაკიდებულები. ამ დროს ტაქსის მძღოლმა დამცინავად უთხრა ჩემს მეგობარ გოგოს: ნახე, რა თეთრი შეყვარებული გყავსო. რა იყო მისი მიზანი, რატომ უნდა ეთქვა ეს?

ერთხელ, ნუცუბიძეზე ვიყავი ქართველ მეგობარ გოგოსთან ერთად. პარკში ვისხედით, ვსაუბრობდით. 3 თუ 4 ქართველი ბიჭი გამოჩნდა, ლანძღვა და წყევლა დაგვიწყეს. გაოგნებული ვიყავი, მაგრამ იმდენად შემაწუხა, რომ გადაღება დავიწყე. ყველაფრის თავიდან ჩაწერა ვერ მოვასწარი, მაგრამ რაც ჩავიწერე, იქ ჩემს მეგობარს მიმართავენ და ეუბნებიან, შავ კაცთან გაქვს სექსი, როგორ უნდა გქონდეს სექსი შავთან. მსუბუქი ყოფაქცევის ხარ და გვაგინებენ.

აქ ხშირად მეუბნებიან, მათ შორის ჩემი მეგობრები, რომ საქართველოში რასიზმი არ არის, რომ ქართველები რასისტები არ არიან, მე კი ვაპირებ ყველას ეს ვიდეო ვაჩვენო, ვინც ამას ისევ მეტყვის".

მოუსმინეთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

მეგობრები იმასაც ურჩევენ, რომ პოლიციას არ მიმართოს, რადგან ენობრივი ბარიერის გამო კომუნიკაცია ჭირს, დაგვიანებულია რეაგირებაც. ხშირად პოლიციაც ურჩევს, რომ არ იჩივლოს, "გაატაროს", რადგან გაქცეული მოძალადის დევნა უშედეგოდ მიაჩნიათ.

"ყოფილ შეყვარებულთან ერთად პარკში ვიყავი. უცნობი ქართველი ბიჭი მოვიდა ჩვენთან და სიგარეტი გვთხოვა. არ ვეწევით და ვუთხარით, რომ არ გვაქვს. გვეგონა წავიდოდა, მაგრამ მიუბრუნდა ჩემს შეყვარებულს და ჰკითხა, რას აკეთებდა ჩემთან. გავბრაზდი და ვკითხე, რას ნიშნავდა ეს კითხვა. მითხრა, შენ მოკეტეო და დაუწყო ყვირილი, ბოზი ხარო. ერთმანეთს ხელით შევეხეთ და ქვების სროლა დაიწყო. ჩემი შეყვარებული პანიკაში ჩავარდა და პოლიცია გამოიძახა, მაგრამ სანამ პატრული მოვიდა, ბიჭი გაიქცა.

ზოგადად, როცა ჩემი მეგობრები ყოფილან მსგავს სიტუაციაში და პოლიციას იძახებენ, ენობრივი ბარიერი წარმოიქმნება ხოლმე. ჩვენ არ შეგვიძლია ქართულად თავისუფლად საუბარი და ვერ ვუხსნით მომხდარს კარგად. პოლიციის ოფიცრების უმეტესობა კი ინგლისურს კარგად ვერ ფლობს. ამიტომ, პოლიციელი ყოველთვის ქართველს უჯერებს, რომელიც ქართულად უკეთესად უხსნის.

მკაცრ ზომებს არ იღებენ ხოლმე ამ დროს. გვეუბნებიან, რომ ამაზე არც ვილაპარაკოთ, გაატარეთო, რადგან დამატებითი პრობლემები არ გვქონდეს. მე მჯერა, რომ სანამ ასეთი მიდგომაა, არაფერი შეიცვლება".

ფიზიკური აგრესიის და შეურაცხყოფის გარდა, მის მიმართ რასობრივი დისკრიმინაცია სხვა დროსაც გამოუხატავთ. მაგალითად, ყოველ ჯერზე, როცა ბინის დაქირავებას ცდილობდა, მეპატრონე მხოლოდ იმიტომ ამბობდა უარს, რომ ის შავკანიანია.

"არ გვინდა შავი ხალხიო, ეუბნებოდნენ ჩემს მეგობარს, რომელიც ბინების ძებნაში მეხმარებოდა" — გვეუბნება და არ ესმის, რატომ აქვს ხალხს ასეთი რეაქცია. ამბობს იმასაც, რომ არამხოლოდ ხალხი, სახელმწიფოც კი საშიშად მიიჩნევს — სწორედ ამ მიზეზით ეუბნებიან უარს ქვეყანაში ცხოვრებისთვის საჭირი საბუთების მიღებაზე. არ იცის რა ხდის საშიშად.

"მე აქ ვმუშაობ, გადასახადებს პატიოსნად ვიხდი, სხვების მსგავსად, მთავრობას ყოველ თვე ხელფასიდან 20% ჩემიც მიაქვს. კარგი მოქალაქე ვარ, მაგრამ ზოგჯერ შენი კანის ფერია პრობლემა, საშიში ხარ, რადგან შავი ხარ და ეს მართლა სამწუხაროა".

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საბუთების მიღების პრობლემაზე ომბუდსმენიც ამახვილებს ყურადღებას. მის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიგრანტთა ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით პრობლემები იკვეთება. სახალხო დამცველის განცხადებით, 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საფუძვლით ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ამარას საქართველო უყვარს, განსაკუთრებით აქაური ბუნება და ხინკალი მოსწონს. უნდა კიდევ დიდი ხნით დარჩეს და არ სურს, რომ სასეირნოდ ან რესტორანში შესულს თვალს აყოლებდნენ, საფრთხეს უქმნიდნენ. ნორმალურ, ტოლერანტულ გარემოში ცხოვრება სურს და არა იქ, სადაც თავს იტყუებენ, თითქოს რასიზმი არ არსებობს.

იმედი მაქვს ხალხი გაიაზრებს — შენ არ ხარ საშიში იმის გამო, რომ შავი ხარ. საშიში ხარ იმის გამო თუ ვინ ხარ, რანაირად ფიქრობ და როგორ მოქმედებ. შენ არ ხარ საშიში იმის გამო, რომ აზიელი, ჩინელი ან თეთრი ხარ. ეს ის გზავნილია, რომელიც მინდა ყველას გავუზიარო

ამარა

აბასილი ირანიდან

აბასილ აშინა 26 წლისაა. საქართველოში 2 წლის წინ ჩამოვიდა ირანიდან. სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. ამბობს, რომ ადაპტაცია არ გასჭირვებია, რადგან ქართული და ირანული კულტურა ერთმანეთს ჰგავს და ხალხიც თბილად შეხვდა. აქ ცხოვრებისას აღმოაჩინა, რომ რამდენიმე სიტყვა ერთნაირიც გვაქვს; მართალია, ეს ენის ბარიერის დაძლევაში არ დახმარებია, მაგრამ საინტერესო ნამდვილად იყო. ჟესტიკულაცია და მიმიკები კარგი მეგობარები აღმოჩნდნენ, თან ხანდახან უმართლებდა და ინგლისურის მცოდნეებიც ხვდებოდნენ, ამიტომ თავის დამკვიდრება შეძლო.

აბასილ აშინა

აბასილ აშინა

აბასილი კომუნიკაბელურია, ბევრი მეგობარი ჰყავს. ძირითადად იმიტომ, რომ უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სტუდენტებიც არიან და მათი ესმის. სხვებთან კომუნიკაციას მაინც ვერ ასწრებს, ხშირად მეცადინეობს. ამის ფონზეც კი, უარყოფითი გამოცდილება არც მისთვისაა უცხო. მაგალითად, უჭირს ბინის დაქირავება და ხშირად გაურვეველი მიზეზით.

"ბინის დაქირავების დროს ერთგვარ გამოცდილებას იღებ. ფასი არ არის სტანდარტული, რადგან არ ვარ ადგილობრივი".

ბინის პრობლემა აბასილს საბუთების მოწესრიგებაშიც უშლის ხელს. სჭირდება, რომ რომელიმე მისამართზე დაფიქსირებული იყოს, მაგრამ უარს ეუბნებიან. ამის გამო, საბუთების განახლება ხშირად უწევს, რაც რთული და უსიამოვნო პროცედურაა.

"როცა მივიღე ვიზისთვის საჭირო დოკუმენტები, ბინის მესაკუთრემ ხელი არ მომიწერა მისამართის დასაფიქსირებლად, რის გამოც პრობლემები შემექმნა. მითხრა, რომ ხელს არასდროს მომიწერდა, არ ვიცი რატომ. მომსახურების სააგენტოში მეკითხებოდნენ — რატომ მოხვედი, ბინის მესაკუთრის გარეშე რას ითხოვ, როცა ხელს არ გიწერს? მე კი არ მქონდა პასუხები. ეს რამდენჯერმე განმეორდა. არ ვიცი, სხვა რა გზა არსებობს".

აბასილი ამბობს, რომ იგივე პრობლემები აქვთ მის მეგობრებსაც. საქართველო მათ 4-წლიან სტუდენტურ ვიზას აძლევს სასწავლებლად, მაგრამ მისამართის გარეშე ყოველ 6 თვეში განახლებას სთხოვს, რაც ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული. თუმცა, ახლა ეს ერთი დაბრკოლებაა, თავიდან კი არც ვიზის აღება იყო მარტივი. ამბობს, რომ ენის ბარიერის გამო, ყველა საბუთის შეგროვებას დროულად ვერ ასწრებდა, რაც პროცესების დამატებით გართულებას იწვევდა.

"ვიზის მისაღებად, პირველ და მეორე მცდელობაზე იყო ძალიან დიდი სირთულე. ქვეყანაში შემოსვლიდან 5 დღეში უნდა წარგვედგინა საბუთები. თუ ვერ ვასწრებდით, მივდიოდით უკან საზღვარზე, გადავდიოდით და შემოვდიოდით, რომ ხელახლა დაწყებულიყო იმ 5 დღის ათვლა. გადასვლისას მესაზღვრეები უამრავ კითხვას მისვამდნენ. ვაფრთხილებდი, რომ უკან ვბრუნდებოდი, მაგრამ შემოსვლისას ისევ უამრავ კითხვას ვიღებდი.

დისკრიმინაციის შემთხვევები იყო მესაზღვრეებთან, როცა ყველა დოკუმენტი მქონდა, რაც მათ სჭირდებოდათ, მაგრამ არ მიშვებდნენ. ერთხელ, როცა თურქეთის საზღვართან მივედი, მათ ძალიან მარტივად შემიშვეს და გამომატარეს, მაგრამ საქართველოს პოლიციაში მითხრეს, რომ ვერ შემომიშვებდნენ. დაჯექი და მოვიფიქრებთ, რა უნდა ქნაო. სადღაც 2 თუ 3 საათი ველოდებოდი უშედეგოდ. მიზეზი არ ვიცოდი. არ შემეძლო ქართულად საუბარი, მათ კიდევ ინგლისურად და ასე ვკარგავდი დროს.

იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როცა სომხეთის საზღვართან ვიყავი. მკითხეს, რატომ მივედი, თუ მქონდა რაიმე გეგმა დასარჩენად. ყველა ჩემს საბუთზე დამემომწმნენ, დამატებითი მოთხოვნების გარეშე. მივედი საქართველოს საზღვართან და ისევ უარი მითხრეს შესვლაზე. მე მათ ყველა საბუთი ვაჩვენე".

სირთულეების მიუხედავად, აბასილი არ ნებდება. საბუთებისთვის საჭირო მისამართი ისევ არ აქვს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მოაგვარებს. საქართველოში დარჩენა სურს, ხალხი მოსწონს და ამბობს, რომ აქაურ მეგობრებთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე ირანში მყოფებთან. ადგილობრივების მხარდაჭერის იმედი აქვს და არც ქართული სამზარეულოს დატოვება სურს.

რაც შეეხება გარემოსა და მიმღებლობას, ყველაზე მეტად კორონავირუსის პირველი ტალღისას გაუჭირდათ — როცა საშიშად მხოლოდ იმის გამო მიიჩნევდნენ, რომ ირანელი იყო.

ჩვენს ქვეყანაში ახალი რეგულაციები შემოჰქონდათ, რადგან იქ უფრო მეტი ინფიცირების შემთხვევა იყო, ამიტომ არ წავსულვარ. მაგრამ ხალხი მიყურებდა, როგორც მოსიარულე კორონავირუსს, თითქოს ჩემს სისხლში იყო კორონა. ზოგიერთი იმ ავტობუსშიც ვერ ჩერდებოდა, სადაც მე ვიჯექი

აბასილი

ასეთი გამოცდილების მიუხედავად, აბასილი საქართველოს უარყოფითად არ აფასებს. ამბობს, კარგი და ცუდი ყველგან არიან და ცუდისგან თავის შორს დაჭერას ცდილობს.

ჰარვინდერი ინდოეთიდან

ჰარვინდერ ვერმა საქართველოში 2009 წელს ჩამოვიდა. მაშინ მეგობარმა რუსთავში მეტალურგიული ქარხანა გახსნა და სამსახური შესთავაზა, იდეა მოეწონა და ინდოეთიდან წამოვიდა.

რამდენიმე წელი მეგობართან იმუშავა, შემდეგ თავისი ქარხანა გახსნა. ახლა თბილისში ცხოვრობს, ქართველი ცოლი ჰყავს და შვილებს ზრდის. ქართული ენა კარგად იცის. აღმოჩნდა, რომ დილაობით, ყავის სმისას ისწავლა.

"პირველი ერთი-ორი კვირა ცოტა უცნაურად ვიყავი. ინგლისური არ იცოდა არცერთმა. პირველივე დღეს ვიყიდე ინგლისურ-ქართული ლექსიკონი. ყოველ დილას, ყავასთან ერთად, 10 სიტყვას ვსწავლობდი და სამ თვეში დავასრულე.

მეგობრების გაჩენა არ გამჭირვებია, ქარხანაში ბევრი ინდოელი იყო. მაგრამ ახლა ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და ყველა კარგია. სადაც უნდა მივიდე, იქაური ქუდი უნდა დავიფარო. როგორც ინდოეთში ძმაკაცები "ჯიგრულად" არიან, იგივე "პონტია" აქაც".

ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ბინის დაქირავების პრობლემა არ ჰქონია, რადგან კარგი მეგობრები ჰყავდა და ეხმარებოდნენ. საქართველოში ცხოვრებით კმაყოფილია, ხალხიც მოსწონს, წეს-ჩვეულებებიც.

"სიმამრი კახელი მყავ, ცოლი კახელი მყავ, კახეთში ვარ და მწვადი და ღვინო მიყვარს" — გვეუბნება და ამატებს, რომ ყაზბეგი, გუდაური და ბაკურიანი ძალიან ლამაზია და საქართველოში მოგზაურობა უყვარს.

ჰარის ქართული ტოლერანტობის სჯერა და თავადაც გამოუცდია. მის ოჯახში ქართული და ინდური კულტურა მშვიდობიანად თანაცხოვრობს. შვილებმა სამი ენა ისწავლეს, დედ-მამის მშობლიური ენები და ინგლისური. დღესასწაულებსაც ორივე ქვეყნისას ზეიმობენ, მაგალითად, მალე დივალის აღნიშვნას აპირებს მეგობრებთან ერთად, მერე აღდგომას ელოდება და სხვათა შორის, საახალწლო სამზადისიც მოსწონს. ამბობს, რომ უარყოფითი გამოცდილება ან რაიმე სახის კონფლიქტი არ ჰქონია და საქართველოში ჩამოსულს ძალიან გაუმართლა.

ნახეთ ნაწყვეტი ვიდეოინტერვიუდან:

ბაშარი ბანგლადეშიდან

ბარშასთან ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ინტერვიუს განმავლობაში ის, მეგობართან ერთად, გულახდილად ყვებოდა საქართველოში ცხოვრების გამოცდილებაზე, გვპირდებოდა, რომ მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს გამოგვიგზავნიდა. თუმცა, დასასრულს დაფიქრდა იმაზე, ხომ არ შეუქმნიდა გასაჯაროება რაიმე პრობლემას, რადგან ქვეყანაში არალეგალურადაა და საბუთებს ვერ აკეთებს — ეუბნებიან, რომ საშიშია. ამიტომ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, სახელი შევცვალეთ.

საქართველოში 2014 წელს შემოვიდა. 2015 წელს მომავალი ცოლი გაიცნო და ახლა მასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. ქართული "ნელა-ნელა, ლაპარაკით" ისწავლა.

"შვილი მყავს უკვე 4 წელია. დედის გვარზეა და ჩემი გვარი არ აქვს. თავიდან პასპორტი ვერ გავაკეთე, აქ ჩვენი საელჩო არ არის, სხვა საბუთი მქონდა. შემდეგ გამოვაგზავნინე ჩემი პასპორტი, თურქეთშია, მაგრამ ვერ გადმომაქვს, პანდემია დაიწყო. სხვა საბუთებს არ მაძლევენ. პოლიციასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. კონფლიქტი არავისთან მქონია, მაგრამ მეუბნებიან, რომ საშიში ვარ", — გვიყვება ის.

პანდემიამდე ბარშა ტურისტებზე მუშაობდა და მათ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებინებდა. ამის გამო დისკრიმინაციული მიდგომის მსხვერპლი არაერთხელ გახდა.

"აეროპორტში პრობლემა გვქონდა ბევრჯერ. ტაქსის მძღოლები გვეუბნებოდნენ, რატომ ხარ შენ აქ, წადი, აქ ჩვენ ვმუშაობთ", — გვითხრა მან და ამ დროს საუბარში მისი მეგობარი საიდი ჩაერთო.

ფოტო: Street Art / iStock

საიდიც ბანგლადეშიდანაა, 10 წელია საქართველოშია. ბარშა აქ გაიცნო. გვიამბობს, რომ საქართველო ძალიან მოსწონს და მასაც ადგილობრივი ცოლი ჰყავს. აქ ცხოვრებითაც კმაყოფილია და ქართველებიც უყვარს, მაგრამ დისკრიმინაცია და უსამართლო მოპყრობაც ბევრჯერ უნახავს.

"ქუჩის პრობლემები ისეთი თემაა, ვერ დაამტკიცებ, რომ მოხდა. აზიური წარმოშობის ხალხს რომ ხედავენ, რაღაც ცუდი დამოკიდებულება აქვთ. პირდაპირ გინებით იწყებენ ხოლმე, დედის გინება, ცუდი სიტყვები. პასუხს რომ ვუბრუნებთ და ხედავენ, რომ ქართული ვიცით, ჩერდებიან.

ასეთი რამე ძალიან მწყინს ხოლმე. მეც ადამიანი ვარ, შენც ადამიანი ხარ და ადამიანებმა ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. მე ვფიქრობ, რომ ასე ვინც იქცევა, გაუნათლებლები არიან. თქვენ ხომ არ იქცევით ასე? ბევრია ასეთი, ვისაც არ მოსწონს მსგავსი შეხედულებები", — გვეუბნება საიდი და თავის საქმეებს უბრუნდება.

თხრობას ბარშა აგრძელებს. ამბობს, რომ ხალხი ბევრნაირია და საქართველოში კარგიც ბევრი უნახავს. იმ აგრესიას, რაც აეროპორტში ხვდებოდა, მუშაობის დაბრკოლების უფლებას არ აძლევდა, რადგან ოჯახი ჰყავს სარჩენი.

მისი მდგომარეობა პანდემიის შემდეგ გართულდა, როცა ეს სამსახურიც დაკარგა — ტურისტები არ შემოდიან. საბუთების არქონის გამო, მთავრობის დახმარებას ვერ იღებდა. ამ პერიოდში დახმარება International Organization for Migration-სგან მიიღო. ახლა მეგობრის მაღაზიაში მუშაობს და ისე ცდილობს ოჯახისთვის ფინანსების მოპოვებას.

რაც შეეხება თანაცხოვრებას, ბარშა ამბობს, რომ ის და მისი ცოლი ტრადიციების შერწყმას მარტივად ახერხებენ და ამის დასტურია ისიც, რომ ხინკალი და ხაჭაპური ძალიან უყვარს.

სუმეიე თურქეთიდან

სუმეიე საქართველოში 10 წლის წინ, ტრაპიზონიდან ჩამოვიდა. მაშინ სტუდენტი იყო, ახლა კი მუშაობს და ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ბინადრობის მოწმობა აქვს, რაც სხვების მსგავსად, რთულად მოიპოვა.

თავიდან საქართველოში ცხოვრება უჭირდა, სახლი ენატრებოდა, მაგრამ მარტივად შეეგუა. მეგობრებიც გაიჩინა და ქვეყანა იმდენად შეუყვარდა, რომ გადაწყვიტა ქორწილიც აქ გადაეხადა. მოსწონს ჯვრის მონასტერი და ქმართან ერთად ხშირად სეირნობს. ქართული სამზარეულოც ძალიან უყვარს, აჭარული ხაჭაპური კი განსაკუთრებით.

სუმეიე ქანოღლუ

სუმეიე ქანოღლუ

"საქართველოში რომ ჩამოვედი, 18 წლის ვიყავი. ძალიან გამიჭირდა, პატარაც ვიყავი და ვიტირე კიდეც, მაგრამ ქვეყნის გამო არა. უფრო იმის გამო, რომ მშობლიური სახლი დავტოვე. თავიდან ცოტა შოკირებული ვიყავი, ეს უფრო კულტურული შოკი იყო. თურქეთში მაღალ შენობებს ვიყავი მიჩვეული, უნივერსიტეტის შენობებიც უფრო დიდი, დეკორაციებიც სხვანაირი იყო და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი რომ ვნახე, მოლოდინები ცოტა დამიდაბლდა. მაგრამ როცა სწავლა დავიწყე, ხარისხი დავინახე. კარგი იყო ის, მაგალითად, რომ აქ შეგიძლია რექტორის კაბინეტში შეხვიდე, ისინი მიგიღებენ, დაგელაპარაკებიან. თურქეთის უნივერსიტეტებში ეს შეუძლებელია, ძალიან რთულია.

გარდა ამისა, თურქეთთან შედარებით, საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. ჩვენი ქვეყანა უფრო დიდია და შესაბამისად, პრობლემებიც უფრო მეტი. მაგალითად, ღამის 12 საათზე თურქეთში მარტო სეირნობა შეუძლებელია, მაგრამ საქართველოში ეს პრობლემა არ დგას".

კულტურული ადაპტაციის პრობლემა არ ჰქონია. ამბობს, რომ ეკითხებოდნენ რელიგიაზე, მაგრამ აგრესია არ უგრძვნია. თუმცა, იცის, რომ ამ კუთხით პრობლემები ექმნებოდათ მის მეგობრებს.

"მეც შავი ზღვის რეგიონიდან ვარ. ქართველები ხანდახან ირანელს მამსგავსებენ, ზოგჯერ კი ქართველს. ის, რომ მე უშუალოდ დისკრიმინაციის შემთხვევა არ მქონია, არ ნიშნავს, რომ სხვას არ აქვს. ჩემს მეგობრებს სადღაც 5 წლის წინ ჰქონიათ შემთხვევები, როცა პარკში მშობლები ბავშვებს უფლებას არ აძლევდნენ თურქი ჩადრიანი ქალების ბავშვებთან ეთამაშა.

როცა დაწყებით კლასს ვასწავლიდი, ხშირად მეკითხებოდნენ ჩემი რელიგიის შესახებ, რატომ ვაკეთებდი, მაგალითად, კონკრეტულ რაღაცებს, რამაზანის დროს რატომ ვმარხულობდი. მეკითხებოდნენ, რატომ არ ვჭამდი არაფერს.

პრობლემა აქ ბინის დაქირავებაა. როცა ხედავენ რომ უცხოელი ხარ, უფრო მეტს გახდევინებენ და მოსიარულე ფულებად გვხედავენ".

სუმეიე ამბობს, რომ ყველაზე მეტ დაბრკოლებას ენობრივი ბარიერი ქმნის. ქართული კარგად არ იცის, სხვადასხვა დაწესებულებაში კი ინგლისური არ იციან. განსაკუთრებით გაუჭირდა პანდემიისას, როცა რეკომენდაციები ქართულად ვრცელდებოდა და არ იცოდა, სად მოეძებნა წესები ინგლისურ ენაზე.

"პანდემიის დროს, არ ვიცოდით როგორ მოვქცეულიყავით. როცა მანქანის წინა სავარძელზე ორ ადამიანზე მეტის დაჯდომა აკრძალული იყო, ამის შესახებ ინგლისურად არ განუცხადებიათ, ან შეიძლება მე არ ვიცოდი სად მომეძებნა ინფორმაცია. ერთხელ წინ დავჯექი და ვიღაცამ მანიშნა, რომ არ შეიძლებოდა. პოლიციის ოფიცერს რომ დავენახე, დამაჯარიმებდნენ და 3 000-ლარიანი ჯარიმა, მოგეხსენებათ, ცოტა არ არის.

პანდემიის დროს მხოლოდ ერთხელ მივიღე SMS-ით რაღაც გაფრთხილება, მაგრამ ქართულად იყო და კარგად ვერ გავიგე. მეგობრებმა მითხრეს, ახალი წესებისა და რეგულაციების შესახებ. ისინი რომ არა, ინფორმაცია ვერ მექნებოდა.

ინგლისურად რომ იყოს გარკვეული სახის განცხადებები, კარგი იქნება. როცა, მაგალითად, ბანკში ვარ, ან საავადმყოფოში, კი გიპასუხებენ ინგლისურად, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ სათანადოდ არ იცის ენა, ამიტომ კომუნიკაციის დამყარების პრობლემა იქმნება".


ჩვენი რესპონდენტები მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ამავე ქვეყნებიდან ჩამოსულ სხვა პირებს აქ უკეთესი ან უარესი გარემო დახვდათ. თავადაც ამბობენ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურადააა და ერთი ხელის მოსმით ვერავის შეაფასებენ. ჩვენ მხოლოდ ის გვსურდა, რომ რამდენიმე ადამიანის ისტორიით გვეჩვენებინა, როგორია უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხოვრება ტოლერანტობით სახელგანთქმულ ქვეყანაში, სადაც ქსენოფობია და რასიზმიც არ არის უცხო.

სტატია მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის "მედიის ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე" და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის EMERGE ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge