ინდოეთში კორონავირუსის "ორმაგად მუტანტ" ვარიანტს მიაგნეს
ბოლო დროს ინდოეთში COVID შემთხვევებმა იმატა. ამის ფონზე ქვეყანაში 736 ადამიანი კორონავირუსის ბრიტანული ვარიანტით, 34 სამხრეთ აფრიკული და ერთი ბრაზილიური ვარიანტით დაინფიცირდა. ამას ემატება ისიც, რომ ვიროლოგებმა ქვეყანაში კორონავირუსის ორმაგად მუტირებული ვარიანტი დააფიქსირეს.
მთავრობა იუწყება, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ზემოხსენებულ ვარიანტებთან დაკავშირებული არაა. მიუხედავად ამისა, ოთხშაბათს ინდოეთში კორონავირუსის დამატებით 47 262 შემთხვევა დაფიქსირდა, 275 ადამიანი კი დაიღუპა.
ინდოეთის გენომიკის SARS-CoV-2 კონსორციუმმა (INSACOG), რომელიც 10 ეროვნულ ლაბორატორიას აერთიანებს, ნიმუშების გენომური სეკვენირება დაიწყო, რის ფარგლებშიც მეცნიერები ვირუსის მთელ გენეტიკურ კოდს შიფრავენ.
კოდის გაშიფვრით მეცნიერებები მუტაციებზე მნიშვნელოვან მინიშნებებს იღებენ. ვირუსებში მუტაციები ხშირია, თუმცა მათი უმეტესობა უმნიშვნელოა და ინფექციის ტრანსმისიაზე ნაკლებად აისახება. თუმცა, რამდენიმე ვარიანტი უფრო სახიფათო შეიძლება იყოს. მაგალითად, სამხრეთ აფრიკული და ბრიტანული ვარიანტები.
ვიროლოგი შაჰიდ ჯამეელის თქმით, ორმაგი მუტაცია ვირუსში ორ ერთდროულ მუტაციას ეწოდება.
"ვირუსის სპაიკ ცილის არეში ორმაგი მუტაცია შეიძლება დამატებით რისკს უკავშირდებოდეს და ვირუსს იმუნური სისტემისგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევდეს, რაც მას უფრო ინფექციურს ხდის".
სპაიკ ცილა კორონავირუსის იმ ნაწილს ეწოდება, რომლითაც ვირუსი ადამიანის უჯრედს არღვევს.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ "ორმაგი მუტაცია ვირუსს იმუნური სისტემისგან თავის დაღწევის უნარსა და ინფექციურობას ზრდის". მიუხედავად ამისა, ვარიანტის გავრცელება საკმარისად დიდი არაა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატება აიხსნას.
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ინდოეთის ზოგ ადგილებში კომენდანტის საათი და დამატებითი შეზღუდვები შემოიღეს.
კომენტარები