თუ ინვესტირების სამყაროში ფეხის შედგმას ახლა აპირებ, გილოცავ, ეს სტატია ზუსტად შენთვისაა. ინვესტირება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ხერხია დოვლათის დასაგროვებლად, ჩვენ კი ვეცდებით, გაგარკვიოთ, რა არის, როგორ უნდა დაიწყო და რას უნდა ელოდო ამ საქმისგან.

რა არის ინვესტირება?

ინვესტირება შენს ხელთ არსებული რესურსებით (ფულით ან დროით) ვაჭრობას გულისხმობს, მისი მიზანი კი აქტივების დაგროვებაა, რომელიც სამომავლოდ სარგებლის მომტანი უნდა გახდეს. მაგალითისთვის, როცა ინვესტიციას საფონდო ბირჟებზე დებ, შენ ფულს (აქტივებს) ფასიანი ქაღალდებში ცვლი და თუ ყველაფერი რიგზეა, სწორ დროსა და ადგილას ჩადებული ინვესტიციის ღირებულება, როგორც წესი, იზრდება.

ერთი სიტყვით, ინვესტირების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მან ინვესტორს დროთა განმავლობაში სარგებელი უნდა მოუტანოს. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არაა, ინვესტირებას გარკვეული რისკებიც ახლავს თან. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ფასიან ქაღალდებს ან ქონებას შეიძენ, შესაძლოა ის გაუფასურდეს.

რა სახის ინვესტიციებს ვიცნობთ?

ფოტო: Kindel Media / Pexels

ფულის ან სხვა აქტივების ჩადება სხვადასხვა სახის ფასიან ქაღალდებშია შესაძლებელი. მოგება, რისკები და სხვა მახასიათებლები (მაგალითად გადასახადები ან საკომისიოები) იმისდა მიხედვით განსხვავდება, თუ რაში დებ ფულს:

აქციები

აქციების შესახებ ყველა საუბრობს და ყველგან იწერება. არა, ამჯერად პოლიტიკურ დემონსტრაციებზე არ გიყვებით, ფინანსურ საკითხზე მოგითხრობთ, რომელთა შესახებ მუდმივად გვესმის — "ტესლას აქციების ფასმა მოიმატა", "გაიცანით მილიარდერები, რომლებიც აქციებით ვაჭრობენ" და სხვა. და მაინც რა არის აქციები? მარტივად რომ ვთქვათ, აქციებში ინვესტირებით კომპანიის მფლობელობის მცირე წილს ყიდულობ და მოლოდინი გაქვს, რომ მას გაზრდილი ფასით გაყიდი. სარგებელს, უმეტესწილად, სწორედ გაძვირებული ფასით გაყიდვით ნახულობ (ანუ აქციებს იმ ფასად ყიდი, რომ ტრანზაქციის ღირებულებას თუ ვაჭრობის საკომისიოს ფარავ და მოგებაც გრჩება). ზოგიერთი კომპანია კი წილების მფლობელებს მოგებიდან კვარტლურად დივიდენდებს აძლევს.

ობლიგაციები

როცა ობლიგაციას ყიდულობ, ფულს მთავრობას, კომპანიას ან სხვა სასესხო დაწესებულებას ასესხებ. სანაცვლოდ კი შენი მოვალე (ობლიგაციის გამომშვები) ვალდებულია, გადაგიხადოს ეს სესხი გარკვეული პროცენტის დამატებით. ტრადიციულად, ობლიგაციები ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტია, რადგან გადახდები წინასწარ დადგენილი განრიგის მიხედვით სრულდება. მათ აქვთ დასრულების თარიღი, რომლის დროსაც საბოლოო საპროცენტო სარგებელი ირიცხება და თანხის საწყისი ოდენობა უკან ბრუნდება.

აქციებთან შედარებით, ობლიგაციებში ინვესტირება ნაკლებ რისკებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, სარგებელი წინასწარაა განსაზღვრული და კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში მევალეები აქციონერებთან შედარებით უპირატესობით სარგებლობენ.

სხვა საინვესტიციო კატეგორიები

აქციებისა და ობლიგაციების გარდა კიდევ რამდენიმე სახის საინვესტიციო სახე არსებობს. ესენია უძრავი ქონება, ფიუჩერსი, კრიპტოვალუტები, ოპციონი, საბირჟო საქონელი და სხვა. მანამ, სანამ რაიმე სახის აქტივში ინვესტირებას გადაწყვეტ, მნიშვნელოვანია, რომ მისი პირობები, საკომისიოები და არსებული რისკები კარგად აწონ-დაწონო.

როგორია ინვესტირების პროცესი?

ფოტო: Olya Kobruseva / Pexels

იმის მიხედვით, თუ რა მიზნების მიღწევას ცდილობ, შესაძლებელია კარგად დაგეგმო და შეარჩიო შენთვის საჭირო საინვესტიციო პორტფელი, რაც, რა თქმა უნდა, ფულის, დროის ან შრომის გაღებას საჭიროებს. იდეალურ შემთხვევებში, ინვესტიციები იზრდება და შემოსავლით ან სხვა სახის სარგებლით ბრუნდება, თუმცა ყველა ინვესტიცია მოგებით არ სრულდება.

ბევრი ადამიანი უძრავ ქონებაში ინვესტირებას ირჩევს. ამ შემთხვევაში, მაგალითად, ყიდულობ სახლს იმ იმედით, რომ ის შემოსავლის წყაროდ იქცევა — დროთა განმავლობაში გაძვირდება და გაყიდი ან მიაქირავებ მას სხვას და შემოსავალს ქირის სახით მიიღებ. ორივე შემთხვევაში სახლი, რომელშიც ინვესტიცია ჩადე, მომავალში გარკვეულ მოგებას გაძლევს.

როგორ დავიწყოთ ინვესტირება?

ფოტო: Olya Kobruseva / Unsplash

როცა ფულის დაბანდებას გადაწყვეტ, უნდა გახსოვდეს, რომ ყველა სახის ინვესტიციას თან პოტენციური რისკი ახლავს. პირველ რიგში კი უნდა გამოიკვლიო, რაში აპირებ ინვესტირებას და გჭირდება თუ არა პროფესიონალი, რომელიც ამაში დაგეხმარება. მოკვლევა დაგეხმარება, გაიგო, რა არის შენი საინვესტიციო მიზნები და რამდენად შეგიძლია, რისკებს გაუმკლავდე.

თუ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბაზარი აღმავლობასაც განიცდიდა და ვარდანასაც, საფონდო ბირჟაში ინვესტირება კი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დიდ მოგებასთანაა დაკავშირებული, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ სფეროში წარსული გამოცდილებით მომავლის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია.

ინვესტირების დაწყებისთვის პირველ რიგში უნდა გახსნა საინვესტიციო ანგარიში წილების ყიდვისა და გაყიდვის ფუნქციით. ამისათვის ადგილობრივ საბროკერო კომპანიაში ანგარიშის გახსნა დაგჭირდება, რომელიც აქციებითა და სხვა აქტივებით ვაჭრობაში დაგეხმარება. ინვესტირებისთვის საუკეთესო გზა ისაა, როცა შენს საქმეს თავადვე წარმართავ. ამისათვის კი აუცილებლად ბევრი რამ უნდა გაიგო ბაზრისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, სადაც ფულის დაბანდებას აპირებ.

იმისათვის, რომ სწორად წარმართო ინვესტირების პროცესი, სამი მთავარი რამ უნდა გაითვალისწინო: ინვესტირების სტილი, ბიუჯეტი და რისკები.

1. სტილი

რა დროის გამოყოფა შეგიძლია ინვესტირებისთვის? — ინვესტიციების სამყაროში ორი მთავარი მიდგომა არსებობს: აქტიური და პასიური ინვესტირება. ორივე მათგანი გამართლებულია, მთავარია, გქონდეს გრძელვადიანი მიზნები და ორიენტირებული არ იყო მცირე მოგებაზე დროის მოკლე პერიოდში. არჩევანი კი იმაზეა დამოკიდებული, როგორია შენი ცხოვრების სტილი, ბიუჯეტი და რისკებთან გამკლავების უნარი.

აქტიური ინვესტირება ნიშნავს იმას, რომ დროს უთმობ ბაზრის კვლევას და ქმნი და თავად ავითარებ საკუთარ პორტფოლიოს. წარმატებული, აქტიური ინვესტირებისთვის სამი მთავარი კომპონენტი გჭირდება:

დრო: აქტიური ინვესტირება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ შემთხვევაში არამხოლოდ საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიება, არამედ ანალიზის გაკეთებაც დაგჭირდება და მას შემდეგ, რაც ფულს დააბანდებ, აქტივებს ყურადღება მუდმივად უნდა მიაქციო.

ცოდნა: რაც უნდა ბევრი დრო გქონდეს, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, თუ ინვესტიციებს არ გააანალიზებ და აქციებს არ გამოიკვლევ. სულ მცირე, საბაზისო ცოდნა გჭირდება იმისთვის, რომ სანამ ფულს დააბანდებ, აქციების ანალიზი შეძლო.

სურვილი: ბევრს უბრალოდ არ სურს, ყოველდღე საათები დახარჯოს აქტიურ ინვესტირებაზე. ამიტომ, ამ შემთხვევაში პასიური ინვესტირება შეგიძლია განიხილო. მართალია, აქტიურს უფრო მეტი მოგების მოტანა შეუძლია, თუმცა არც პასიურია მთლად უშედეგო.

პასიური ინვესტირება თვითმფრინავის ავტოპილოტით მართვას ჰგყავს. მას გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი შედეგები მოაქვს და დიდი ძალისხმევის გაწევა საჭირო სულაც არაა. ამ შემთხვევაში, ფულს აბანდებ საინვესტიციო საშუალებებში, სადაც სხვა აკეთებს შენ ნაცვლად საქმეს. ამასთან, შესაძლებელია ჰიბრიდული მიდგომაც შეიმუშავო, მაგალითად, დაიქირავო ფინანსური მრჩეველი, რომელიც შენზე მორგებულ საინვესტიციო სტრატეგიას განსაზღვრავს.

2. ბიუჯეტი

ფოტო: Karolina Grabowska / Pexels

რა თანხა გაქვს ინვესტირებისთვის? — შეიძლება იფიქრო, რომ პორტფოლიოს შესადგენად ბევრი ფული გჭირდება, მაგრამ ასე არაა, $100-ითაც შეიძლება საქმის დაწყება და ის, თუ რამდენი ფული გაქვს თავიდან, სულაც არაა მნიშვნელოვანი. მთავარია, დარწმუნებული იყო, რომ ინვესტირებისთვის მზად ხარ.

ამასთან აუცილებელია, გქონდეს ფული გადაუდებელი შემთხვევებისთვის. ყველა ინვესტიციას თან რისკები ახლავს, ამიტომ როცა ფული დაგჭირდება, დაგროვებული აქტივების მუდმივად გაყიდვა არ უნდა დაგჭირდეს. ფინანსური მრჩევლები ამბობენ, რომ იდეალურია, თუ ექვსი თვის ხარჯებისთვის საჭირო თანხას გადადებ. ცხადია, ეს სტაბილურობის გარანტია, თუმცა დასაწყისისთვის ამდენის გადანახვა საჭირო არაა — მთავარია, ყოველ ჯერზე, როცა მოულოდნელად რაღაც დაგჭირდება, აქტივები არ გაყიდო.

ჭკვიანურია, თუ ინვესტირების დაწყებამდე მაღალი პროცენტის ვალს (მაგალითად, საკრედიტო ბარათებს) თავიდან მოიშორებ. რატომ? — საფონდო ბირჟაზე მოგება წლიურად 9-10%-მდე მერყეობს, თუ კრედიტორებს 16-18% ან კიდევ უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს მისცემ, ეს იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ფულს კარგავ.

3. რისკებთან გამკლავების უნარი

ყველა ინვესტიცია ავტომატურად წარმატებული არაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას დიდი რისკიც ახლავს თან, თუმცა ხშირად რისკები მოგებასთანაა კავშირში. აუცილებელია, ბალანსი დაიცვა მოგების მაქსიმიზაციასა და იმ რისკებს შორის, რისი ატანაც შეგიძლია. მაგალითად, ობლიგაციები დაბალ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა მათი მოგება 2-3%-ს იშვიათად აღემატება (საქართველოში ეს მაჩვენებელი 6-7%-ის დიაპაზონში მერყეობს და ზოგ შემთხვევაში 9-10%-იც შეიძლება იყოს). მსგავსად მცირე რისკი აქვს ანაბარსაც, მაგრამ მცირეა მოგებაც. ამისგან განსხვავებით, საფონდო ბირჟებზე აქციებს წლიურად საშუალოდ 10%-მდე მოგება მოაქვს, თუმცა აქ ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის.


ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.