როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა?
ალბათ არაერთხელ გსმენიათ, რომ აქციებში ინვესტირება დოვლათის დაგროვების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, თუმცა საინტერესოა, რამდენად ბევრი რამ იცით კომპანიების აქციების ბაზარზე, საფონდო ბირჟაზე ან თავად აქციებზე?
საფონდო ბირჟები აქციების ყიდვით დაინტერესებული ადამიანებსა და კომპანიების წილებით მოვაჭრეებს აკავშირებს. ბირჟა აუქციონის მსგავსად ფუნქციონირებს — პოტენციური მყიდველები იმ ფასს ასახელებენ, რომლის გადახდაც სურთ, მოვაჭრეები კი — კომპანიის აქციის გასაყიდ ფასს. ერთი სიტყვით, საფონდო ბირჟები საკმაოდ კომპლექსური საკითხია, თუმცა ყველა მათგანი ერთ მარტივ პრინციპზეა აგებული — ნიუ იორკიდან ჰონგ კონგამდე ყველა საფონდო ბირჟა ერთმანეთს აკავშირებს მყიდველებსა და გამყიდველებს, რომლებიც, გარკვეული წესების მიხედვით, აქციებით ვაჭრობენ.
საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის დასაწყებად საბროკერო კომპანიაში ანგარიშის გახსნა დაგჭირდებათ, რის შემდეგაც შეძლებთ ნებისმიერი ტიპის აქტივით ვაჭრობას.
საფონდო ბირჟის მთავარი ფუნქციები
საფონდო ბირჟა სივრცეა, სადაც საჯაროდ გამოტანილ აქციებზე საზოგადოებას წვდომა აქვს. ის აგრარული ბაზრის მსგავსად მოქმედებს — აქაც, როგორც ბაზარში, მყიდველები და გამყიდველები პროდუქტებით ვაჭრობენ, თუმცა საფონდო ბაზრები ბევრად უფრო კომპლექსური და რეგულირებულია, თანაც, ფასები აქ ბევრად უფრო სწრაფად იცვლება. საფონდო ბირჟებზე ორი მთავარი რამ ხდება:
აქციების ყიდვა — კომპანიების წილების ყიდვა ერთჯერადად, "საცალო" ინვესტორებსაც შეუძლიათ და გამოცდილ, ინსტიტუციურ ინვესტორებსაც.
აქციების გამოშვება — თუ კერძო კომპანიას დამატებითი ფულადი სახსრების მოძიება სურს, ერთ-ერთი გზა საფონდო ბაზარზე კომპანიის წილის გაყიდვაა. ამას აქციების პირველადი საჯარო განთავსება (IPO) ეწოდება. პირველადი შეთავაზების შემდეგ კომპანიის აქციები მეორად ბაზარზე იყიდება, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
აღსანიშნავია ისიც, რომ აქციების გარდა საფონდო ბაზრებზე სხვა ინსტრუმენტებითაც ვაჭრობენ, მათ შორისაა: სავალო ფასიანი ქაღალდები, როგორიცაა კორპორატიული და სახაზინო ობლიგაციები, ფიუჩერსები, ოფციონები, კრიპტოვალუტები, სასაქონლო პროდუქტები (ნავთობი, ოქრო და სხვა).
არის თუ არა საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა სარისკო?
მოკლე პასუხია — კი. ხოლო უფრო ვრცლად გეტყვით, რომ თუ საფონდო ბირჟაზე ინვესტირებას აპირებთ, მოკლე და გრძელვადიანი რისკები უნდა აწონ-დაწონოთ. აქციების ფასები ხშირად იზრდება და ეცემა, ზოგჯერ — ძალიან დაბლაც. თუ აქციის ფასი $0-ს გაუტოლდა, შესაძლებელია მთელი ინვესტიცია დაკარგოთ. შესაბამისად, ინვესტორებს გადაწყვეტილების მიღებისას წინასწარ მოფიქრებული და კარგად გააზრებული სტრატეგია უნდა ჰქონდეთ.
რას ნიშნავს საფონდო ინდექსის ვარდნა ან აღმავლობა?
საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციები იყიდება. იმისათვის, რომ გაიგოთ, მოცემულ მომენტში რა ვითარებაა ბირჟებზე, საფონდო ბირჟის ინდექსებს უნდა დააკვირდეთ. ასეთებია დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსი ან S&P 500 ინდექსი. S&P 500 ხუთასი ყველაზე დიდი კომპანიის აქციების შეწონილი საშუალო ღირებულების მიხედვით იცვლება. მაგალითად, როცა მისი ღირებულება 5%-ით იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხუთასი კომპანიის აქციების ფასების ნაწილმა მოიმატა, ნაწილმა — დაიკლო, თუმცა საშუალოდ, ჯამურად, 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა?
საფონდო ბირჟის მთავარი ფუნქციაა, ერთმანეთს დააკავშიროს აქციების ყიდვითა და გაყიდვით დაინტერესებული ადამიანები, რომ მათ ვაჭრობა დაიწყონ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფასის განსაზღვრისას ბირჟა აუქციონის პრინციპით მოქმედებს — მყიდველებს აქციების შეძენა დაბალ ფასად უნდათ, მფლობელებს კი — მაღალ ფასად გაყიდვა. ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობას კი "სპრედი" ეწოდება. სპრედი ბროკერის შემოსავლის ძირითადი წყაროა — როცა ორივე მხარე ვაჭრობაზე შეთანხმდება, სავაჭრო ოპერაციის შესრულების შემდეგ შუამავალი ფასებს შორის სხვაობას საკომისიოს სახით იღებს.
ბირჟებზე ფასები მუდმივად იცვლება, ამ ცვლილებას მოთხოვნა-მიწოდების ტენდენციები განსაზღვრავს. გარდა ამისა, ფასებზე მოქმედებს ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სახის ფაქტორები, ზოგ შემთხვევაში კი ისეთი სიახლე, როგორიც ილონ მასკის თუნდაც ერთი ტვიტია.
ვინ იყენებს საფონდო ბირჟებს?
საფონდო ბირჟებზე რამდენიმე მთავარი მოთამაშეა. ინვესტორები საფონდო ბირჟის მთავარ გამწევ ძალას წარმოადგენენ — ისინი აქციების ყიდვითა და გაყიდვით არიან დაინტერესებულები. ხოლო საცალო ინვესტორები (როგორიც შეიძლება იყოთ თქვენ) საბროკერო ანგარიშის დახმარებით ყიდულობენ ან ყიდიან ინდივიდუალურ აქციებს. ისინი არ არიან პროფესიონალი ინვესტორები.
მოვაჭრეებისა და მყიდველების გარდა კიდევ არიან სხვა მოთამაშეებიც, რომლებიც ინვესტორებს გარკვეულ მომსახურებას უწევენ და ამით ფულს გამოიმუშავებენ.
ბროკერები არიან "რეგისტრირებული წარმომადგენლები", რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები და ჩაბარებული აქვთ სალიცენზიო გამოცდა. ბროკერები საფონდო ბირჟაზე აქციების ვაჭრობაში დაგეხმარებათ, ვინაიდან მათ შეუძლიათ ინვესტორების სახელზე ივაჭრონ. საბროკერო კომპანიები შემოსავალს ვაჭრობის საკომისიოებით იღებენ.
პორტფოლიო მენეჯერები ინვესტორებს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებიან. ისინი რესტორნის მფლობელებს ჰგვანან — ბევრ პროდუქტს ყიდულობენ, რადგან უამრავი ადამიანის "გამოკვება" უწევთ. უფრო კონკრეტულად კი, პორტფოლიო მენეჯერები აქციების ყიდვა გაყიდვისთვის დიდი ზომის "შეკვეთებს დებენ", რადგან შედარებით დიდი ზომის პორტფელებს მართავენ.
საინვესტიციო ბანკირები კომპანიებს საფონდო ბირჟებზე წილების განთავსებაში ეხმარებიან. ისინი შუამავლები არიან ინვესტორებსა და კაპიტალის მაძიებლებს შორის.
ვინ არეგულირებს საფონდო ბირჟებს?
საფონდო ბირჟებზე ტრილიონობით დოლარი ბრუნავს. საქართველოში ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები აწესრიგებს. ამავე კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებიც. ამ რეგულაციის მიზანი ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრებაა.
საფონდო ბირჟები მსოფლიოში
მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი საფონდო ბირჟა აშშ-ში მდებარეობს, ესენია ნიუ იორკის საფონდო ბირჟა და ნასდაქი. არაერთი წამყვანი საფონდო ბირჟა ფუნქციონირებს აშშ-ს მიღმაც. მათ შორისაა Euronext (ბაზრებით ამსტერდამში, ბრიუსელში, დუბლინში, ლისაბონსა და პარიზში) ბომბეის საფონდო ბირჟა, TMX Group ტორონტოში, Deutsche Boerse ფრანკფურტში, შენჟენისა და შანხაის საფონდო ბირჟები. ამ რეგიონულ ბაზრებზე წვდომა მოვაჭრეებს მთელი მსოფლიოდან აქვთ. ამასთან, ერთ რომელიმე ბირჟაზე განთავსებული აქცია სხვა რეგიონის ბირჟაზეც შეიძლება გამოიცეს.
საფონდო ბირჟის მოკლე ისტორია
კომპანიის წილის დაყოფისა და ინვესტორებისთვის მიყიდვის პრინციპი ასობით წელს ითვლის. მე-17 საუკუნეში ევროპელი მკვლევრები თავიანთი კომპანიის წილებს მოგზაურობის დასაფინანსებლად ყიდდნენ, ინვესტორები კი სარგებელს ამ მოგზაურების მისიებიდან ნახულობდნენ. მათ შორის პირველი ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანია იყო. ის საკუთარი კომპანიის წილებს ამსტერდამის საფონდო ბირჟაზე სამომავლოდ შემოსავლების მიღების სანაცვლოდ ყიდდა.
პირველი თანამედროვე საფონდო ბირჟა კი ლონდონში ჩამოყალიბდა. იმის გამო, რომ მას დასაწყისში ნაკლებად არეგულირებდნენ, კომპანიებზე საჯაროდ ცოტა ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი და აქციებისადმი მზარდი ინტერესი იყო, ის რისკის შემცველი და ცვალებადი იყო, ამასთან, თაღლითობაც ხშირად ხდებოდა. ამ ყველაფერის გამო 1773 წელს "ლონდონის საფონდო ბირჟა" ჩამოყალიბდა, რამაც უფრო თანმიმდევრულ და სამართლიან ვაჭრობას შეუწყო ხელი.
აშშ-ში თანამედროვე საფონდო ბირჟა 1790 წელს ფილადელფიაში შეიქმნა. მომდევო წელს "ბატონვუდის შეთანხმებით" გაჩნდა ნიუ იორკის საფონდო ბირჟა. დღეს ის ფიზიკურ და ელექტრონულ სავაჭრო სართულებს აერთიანებს, მოვაჭრეები კი უოლ სტრიტზე არიან წარმოდგენილნი. აქ ყოველ დილას, 9:30-ზე და საღამოს 16:00 საათზე ხმამაღლა რეკავს ზარი და ვაჭრობის დაწყებასა და დასრულებას იუწყება.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.
კომენტარები