ბერა ივანიშვილის თქმით, TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში არა "ტრი-ტრის" ამბობს, არამედ ირაკლი ღარიბაშვილს "ანტონიის" ეძახის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

"ეს ტრი-ტრი საერთოდ საიდან გაიგეს მე არ ვიცი. იქ 2010-11 წლებში მე და ბატონი ირაკლი [ღარიბაშვილი] ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით, ირაკლიმ ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით და ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ვიძახი "ანტონიი". ასე ვეძახდით ერთმანეთს. ტრი-ტრი საიდან გაიგეს არ ვიცი", — ამბობს ბერა ივანიშვილი.

გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის, რომ ბერა ივანიშვილი "ტრის" ამბობს და ირაკლი ღარიბაშვილის ეუბნება, რომ "ტრი" ზუმერად დაიყენოს. სოციალურ ქსელში იმასაც განიხილავდნენ, რომ შესაძლოა, ბერა ივანიშვილი თავის ერთ-ერთ კომპოზიციაზე მიუთითებდა. თუმცა როგორც მან თქვა, მას ეს სიტყვა საერთოდ არ უთქვამს.

ტელეკომპანია იმედის წამყვანმა ჰკითხა ბერა ივანიშვილს, რატომ გაჩნდა ვერსია, რომ "ტრი-ტრი" მის სიმღერას უკავშირდება. ამასთან, მან ახსენა, რომ ზოგიერთი სიმღერაში თოლიის ხმას ეძებდა.

"მე როგორც ვიცი, ისინი ჩემს სიმღერაში ქათმების ხმას ეძებენ, მაგრამ როდესაც ვერ იპოვეს ქათმების ხმა, შემდეგ თოლიების ხმებსაც დასჯერდნენ", — განაცხადა ივანიშვილმა.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ჩანაწერებს ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტიის აღმასრულებელმა მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერები 2010 წლისაა და "ფაბრიკაციაა". მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "2011 წელს არის გაკეთებული ჩაწერები, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული".

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე მუსიკოსმა და მოქალაქემ განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილზე არასასურველი კომენტარისა და განცხადებების გამო, მათ ემუქრებოდნენ.