"დიდი სიამაყით ამბობენ, რომ საქართველო ტოლერანტული და მრავალფეროვანი ქვეყანაა. ეს მხოლოდ სიტყვებია", — თქვა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა აქტივისტმა, გიულგუნ მამედლიმ რამდენიმე თვის წინ. ასე შეაფასა მან მარნეულში კარანტინის გამოცხადების შემდეგ ეთნიკური უმცირესობებისკენ მიმართული აგრესია.

ქსენოფობიისა და აგრესიის მაშინდელმა ტალღამ "ტოლერანტული ერის" წოდება აშკარად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუმცა გიულგუნის სიტყვებმა იმაზე დამაფიქრა, საერთოდ ვიმსახურებთ თუ არა ამ სტატუსს.

ქართველებს ძალიან გვიყვარს იმაზე საუბარი, რომ ტოლერანტობა, მიმღებლობა ისტორიულად გვახასიათებს და ჩვენთან მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენლები. ამის დასამტკიცებლად გულზე მჯიღიც ხშირად დაგვირტყამს და აბანოთუბნის ფოტოც გაგვიზიარებია, სადაც მეჩეთის, სინაგოგისა და ეკლესიის სიახლოვე ჩანს. მარნეულიც ხშირად მოგვიყვანია მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითად. მაგრამ როგორ ვიქცევით სხვა დროს, როცა თავის ტოლერანტად წარმოჩენა საერთაშორისო ყურადღების მისაქცევად ან სადღეგრძელოსთვის არ გვჭირდება? მშვიდობიანი თანაცხოვრება ნამდვილად რეალობაა თუ ხშირად გვავიწყდება, რომ საქართველოში სხვა ეთნოსის წარმომადგენლებიც არიან? როდის გვახსენდება ისინი? როცა ქართული მარში ქსენოფობიური მოტივით ესხმის თავს თუ როცა კორონავირუსის გამო წითელ ზონად აცხადებენ? ნამდვილად ვართ ტოლერანტები თუ ეს მართლა მხოლოდ სიტყვებია?

გადავწყვიტე, ამ კითხვებზე პასუხები არა კვლევებსა და განცხადებებში, არამედ ადგილობრივებში მეძებნა. ამიტომ თბილისთან საკმაოდ ახლომდებარე მარნეულის მუნიციპალიტეტს ვესტუმრე. სტატიაში გაიგებთ, რას ფიქრობენ ადგილობრივები, რა აწუხებთ, რა სურთ და რა არის მათი მთავარი სათქმელი, რომელიც საზოგადოებას და სახელმწიფოს არ ესმის.


თბილისიდან მარნეულში ჩასვლა მარტივია. რკინიგზის სადგურის წინ რამდენიმე მიკროავტობუსი დგას, ბავშვთა სამყაროს მიმდებარედ კი ტაქსის ან მინივენის ნახვა შეგიძლიათ. მგზავრობის საფასური 2-3 ლარია.

იმ მიკროავტობუსის მძღოლს, რომლითაც ვიმგზავრე, სარკეზე დიდი ჯვარი ჰქონდა ჩამოკიდებული და ქართულ სიმღერებს უსმენდა. მის გვერდით მდებარე სავარძლებზე ორი კაცი აზერბაიჯანულად ლაპარაკობდა, ერთ-ერთი მგზავრი კი ტელეფონზე სომხურად საუბრობდა — ერთი შეხედვით, იდეალური თანაცხოვრების მაგალითია.

თბილისიდან გზას 40 წუთიდან 1 საათამდე სჭირდება. მარნეულის შესასვლელში პოლიციის შენობას და მართლმადიდებელურ ეკლესიას ვხედავთ. აქვეა ჩაის სახლი, რომლის ეზოში ორი ეთნოსისთვის პატივსაცემი პოეტების, შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯავის საერთო მონუმენტი დგას. შეიძლება ისევ იფიქრო, რომ მარნეული ჩვენი ტოლერანტობის იდეალური მაგალითია.

შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯავის მონუმენტი მარნეულში

შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯავის მონუმენტი მარნეულში

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ქალაქის სიღრმეში შესასვლელად ხიდი უნდა გადაიარო, საიდანაც ფერადაივნიანი სახლები მოჩანს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ხიდს იქით მაღაზიები, სალონები და სხვა დაწესებულებებია. ბევრ მათგანს ერთი საერთო ნიშანი აქვს — რუსულენოვანი წარწერები. იშვიათად, მაგრამ შეხვდებით შენობებსაც, სადაც ქართულთან ერთად, აზერბაიჯანულადაც არის მინაწერი. რუსულად ნათარგმნი დასახელებები გვხვდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც, რომლითაც მოსახლეობა ქალაქის ცენტრიდან სოფლებში ჩადის.

რუსულენოვანი წარწერები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ვიტრინებზე

რუსულენოვანი წარწერები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ვიტრინებზე

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ცივი ამინდის გამო ქუჩაში ხალხმრავლობა არ იყო, თუმცა საქმეზე მიმავალი რამდენიმე ადგილობრივი ვიპოვე და იმაზე ველაპარაკე, რა აწუხებთ, რა პრობლემები აქვთ, როგორ თანაცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთან და აქვთ თუ არა შეგრძნება, რომ საზოგადოებას და სახელმწიფოს მათი ესმის.

ქალაქის ბაზარში მყოფი 30 წლის გიუნელი მეუბნება, რომ მარნეულში ცხოვრება მოსწონს, მაგრამ თავს არაკომფორტულად გრძნობს, როცა საქმეებზე თბილისში ჩადის. ამბობს, რომ აქცენტზე მიუთითებენ და იმასაც ეკითხებიან, "ქართველია თუ აზერბაიჯანელი". გიუნელი ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას თავს უხერხულად გრძნობს და მხოლოდ ის უნდა, მიიღოს კონკრეტული მომსახურება ზუსტად ისე, როგორც სხვებმა, პროცესში კი განხილვის ან ზედმეტი ინტერესის საგანი არ გახდეს.

დედაქალაქში ხალხის მიშტერება, ზედმეტი ინტერესი და გაუცხოება არც 44 წლის ესინისთვისაა უცხო, თუმცა ამბობს, რომ ყურადღებას არ აქცევს — საქართველოში დაიბადა, გაიზარდა და არაფრის მტკიცებას აპირებს, რადგან ქვეყნის სტუმარი კი არა, მოქალაქეა.

მარნეულის ბაზრობა

მარნეულის ბაზრობა

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

აფთიაქის რიგში მდგომი 54 წლის აიდას უკვირს, რატომ მაინტერესებს მარნეულში ხალხის თანაცხოვრება და ხომ არ ვაპირებ, "სკანდალი გამოვაცხო", სიტუაცია დავძაბო. ვუხსნი, რომ მხოლოდ მისი აზრების და ხმის მიტანა მინდა საზოგადოებამდე და ეჭვიანი მზერის შემდეგ გულწრფელ ღიმილს ვიმსახურებ. მპასუხობს, ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს იმის გარდა, ვის უფრო გემრიელად გამოგვდის ტოლმაო. აქვე ამატებს, რომ მისი სომხური ტოლმა ნამდვილი საოცრებაა და ამაში დასარწმუნებლად სტუმრად მეპატიჟება.

ერთ-ერთ სკვერში ნარდის თამაშით გართულ მოხუცებს მყუდროება ჩემი აპარატის ხმამ დაურღვია. გაბრაზდნენ, რატომ გვიღებო. როცა ავუხსენი, რომ ჟურნალისტი ვიყავი, საუბარზე დამთანხმდნენ, მაგრამ ფოტო დამიწუნეს და მთხოვეს, არ გამომექვეყნებინა. მცირეხნიანი საუბრისას 60 წლის არმენმა მითხრა, რომ პირად ურთიერთობებში პრობლემა არ აქვთ, ამის დასადასტურებლად კი აღნიშნა — სომეხი და აზერბაიჯანელი ერთად ვთამაშობთ ნარდსო. ისიც დააყოლა, დაძაბულობა მაშინ იწყება, როცა რომელიმე ვაგებთ და ჩვენი უპირატესობის მტკიცებას ვიწყებთო. მოხუცებმა გულდაწყვეტით მითხრეს, რომ კომუნიკაცია ეთნიკურად ქართველებთან უჭირთ, რადგან ისინი ხშირად "ზევიდან უყურებენ". დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.

მარნეულის ცენტრალური ქუჩა

მარნეულის ცენტრალური ქუჩა

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

რესპონდენტებთან კორონავირუსზე, ჩაკეტილ მარნეულსა და ტოლერანტობაზეც მქონდა კითხვები, მაგრამ ეს მტკივნეული თემა აღმოჩნდა. მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდამ მიპასუხა ძალიან მოკლედ — "სამარცხვინო იყო, რაც მაშინ ქართველებისგან მივიღეთ", "მეგონა, ერთმანეთს თანაბარუფლებიანად ვთვლიდით, მაგრამ "ბინძურ და გაუნათლებელ" ჩამოსახლებულებად წარმოგვაჩინეს".

რამდენიმე ადამიანის მოსმენის შემდეგ ცხადი გახდა მარნეულში მცხოვრებთა ერთ-ერთი მთავარი სურვილი — მათ ისეთივე მოქალაქეებად აღიქვამდნენ, როგორც ნებისმიერ სხვას.


სანამ ეთნიკურ უმცირესობებს და მათ ისტორიებს დავუბრუნდებით, ცოტა ხნით შევჩერდეთ და გავიხსენოთ, რა მოხდა მარნეულში 2020 წლის მარტში, როცა რეგიონი წითელ ზონად გამოცხადდა და რა ეწყინათ ადგილობრივებს.

საკარანტინე სივრცედ მარნეულისა და ბოლნისის გამოცხადებაზე მაშინდელმა პრემიერმინისტრმა 23 მარტს გვამცნო. ქვეყანაში დაძაბულობა და შიშები ჭარბობდა, თუმცა ეს ვერაფრით ახსნის იმ აგრესიასა და სიძულვილის ენას, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლები თავს ესხმოდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ და საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეების "გადასახლებას" ითხოვნდნენ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან, ინფორმაციის დეფიციტი ჰქონდათ. ეს ქვეყნის მთავრობას მარნეულის ჩაკეტვიდან 2 დღის შემდეგ გაახსენდა და გვამცნო, რომ ვებგვერდი StopCov.ge, რომელზეც რეკომენდაციებისა და სამთავრობო გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდებოდა, აზერბაიჯანულ ენაზე ჩაეშვა, რამდენიმე დღეში კი, ამოქმედდებოდა სომხურ ენაზეც.

სიტუაცია მარნეულის შესასვლელთან კარანტინის დროს

სიტუაცია მარნეულის შესასვლელთან კარანტინის დროს

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

26 მარტს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თქვა, რომ დაიბეჭდა სამენოვანი საინფორმაციო ბუკლეტები და აქტიურად მუშაობდნენ რეგიონებში საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ გაიგოს, პირველ რიგში მათთვის გასაგებ ენაზე, რასთან გვაქვს საქმე", — განაცხადა მან.

ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი ნამდვილად იყო, თუმცა დაგვიანებული. ამას მოჰყვა ადგილობრივი თვითმართველობის საინფორმაციო კამპანია. მათ შორის, მანქანებით გადაადგილება, რეკომენდაციების მიკროფონით გამოცხადება და ა.შ.

თუმცა ჩაკეტილ მარნეულში მოსახლეობის პროტესტმა იფეთქა. მათ ვერ გაიგეს, რატომ გადაწყდა ცხოვრების რიტმის შეცვლა ერთ დღეში და როგორ უნდა ერჩინათ თავი ჩაკეტილ რეგიონში. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მანამდე კორონავირუსზე სიახლეებს ძირითადად აზერბაიჯანულ და სომხურ მედიაში ეცნობოდნენ და არ ფლობდნენ საკმარის ინფორმაციას იმაზე, რა ხდებოდა საქართველოში და რატომ იყო აუცილებელი საკარანტინო რეჟიმი.

ეს ფაქტორები არ ადარდებდათ აგრესიულ პირებს კომენტარებში, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ადგილობრივები პატივს არ სცემენ ქვეყანას, არ ითვალისწინებენ წესებს და არც სახელმწიფო ენა იციან. მათ არც იმაზე უფიქრიათ, რატომ არის ეთნიკურად დასახლებულ რეგიონში ენის არცოდნა პრობლემა და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. ამ თემებზე პასუხებს დღეს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი აქტივისტებისგან მივიღებთ.


ქსენოფობიაზე, ტოლერანტობაზე, მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაციის პრობლემაზე გიულგუნ მამედლი გვესაუბრა. ის 22 წლის აქტივისტია მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოდან, სადაც მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.

ამბობენ, საქართველო ტოლერანტულია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ეთნოსის ხალხი ცხოვრობსო. ეს რეალობაა, მაგრამ როგორ მდგომარეობაში ცხოვრობენ? როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ ხალხის მიმართ? მართლა ტოლერანტული ხარ?!

გიულგუნ მამედლი

გიულგუნი ამბობს, რომ ქსენოფობიურ დამოკიდებულებებს ჯერ კიდევ მარნეულის ჩაკეტვამდე ამჩნევდა. მაგალითად, როცა ავტობუსში აზერბაიჯანულად საუბრობდა, მოუსმენია სიტყვები: "საუკუნობით აქ ცხოვრობენ და ქართული ენა არ იციან", "გაუნათლებლები". ამბობს, რომ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ჩაკეტვის შემდეგ წამოსულმა აგრესიამ მასზე ძალიან იმოქმედა.

გიულგუნ მამედლი

გიულგუნ მამედლი

"მოდი, რეალისტები ვიყოთ — ყოველ ერში არის სიძულვილის ენა, რაღაცა დონეზე, მაგრამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმან, რაც კარანტინის დროს ხდებოდა. ისედაც ძალიან ცუდად ვიყავით, გვჭირდებოდა მხარდაჭერა ერთმანეთის, მაგრამ ამ დროსაც სიძულვილის ენით საუბარი უკვე ზედმეტია და აუცილებლად მოსაგვარებელი საკითხია სახელმწიფოს მხრიდან.

წერდნენ, თქვენ ბინძურებო, გაუნათლებლებო, თქვენ გამო ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, რატომ არ მიდიხართ აზერბაიჯანში... ისეთი სიტუაცია შეიქმნა, თურმე ჩვენ გავავრცელეთ კორონავირუსი საქართველში. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები ასე ფიქრობენ, მართლა", — ამბობს ის და ამატებს, რომ ამ აგრესიის ფონზე, ეთნიკურად სომეხი და ქართველი მეგობრებისგან დიდ მხარდაჭერას გრძნობდა.

მარნეულის ჩაკეტვასა და მოქალაქეების ნაწილის აგრესიას სოციალურ ქსელში ფლეშმობი მოჰყვა — ადგილობრივები წერდნენ "მე ვარ ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ვარ საქართველოს მოქალაქე და ვიცავ წესებს". ამაში გიულგუნიც ჩაერთო, თუმცა ახლა ნანობს.

"ეს იყო ერთგვარი გამართლება სხვების წინაშე, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ. ისედაც ვარ, მაგრამ ჩვენ იძულებული გავხდით, ამ აგრესიული ქცევის გამო დაგვეწყო ჩელენჯი. ახლა ვხვდები, რომ არ უნდა გაგვეკეთებინა".

გიულგუნის აზრით, ენობრივი ბარიერის პრობლემას საზოგადოება ცალმხრივად უყურებს, რაც არასწორია. იხსენებს, რომ 18 წლამდე ძალიან იშვიათი ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან და ქართულად საუბარი უჭირდა. მისი თქმით, ახალგაზრდებს აქვთ მეტი შესაძლებლობა ენის შესასწავლად, მაგრამ თავის დროზე იგივე არ ჰქონიათ სხვებს.

"ძალიან ადვილია კრიტიკა, მაგრამ მოდი, ვნახოთ ამ პრობლემის მეორე მხარე. მოდი, საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, რატომ არ იცის ამ თემმა ქართული ენა. მოგახსენებთ, რომ როცა ჩვენი უფროსი თაობა განათლებას იღებდა, საბჭოთა კავშირში, ქართული ენა პრიორიტეტი არ იყო. მათთვის არ იყო ქართულის სწავლის შესაძლებლობა. მერე დაიშალა სსრკ და ეკონომიკურად საქართველოს უჭირდა, არც მაშინ იყო საშუალება, ესწავლათ ენა. სოფლის მეურნეობაზე იყვნენ ფოკუსირებულნი, რომ თავი ერჩინათ.

ჩვენ დემოკრატიულ საქართველოში დავიბადეთ, ქართულის მასწავლებლები გვყავდა. ასეთი სტერეოტიპებია, რომ ეთნიკურ უმცირესობებს სურვილი არ აქვთ ისწავლონ ენა და პატივს არ სცემენ ქართველებს. ეს არასწორი მიდგომაა — ჩვენ ძალიან გვინდა, უბრალოდ, შესაძლებლობა არ გვაქვს. შეიძლება, ვიღაც ზარმაცი ადამიანიც იყოს, ვისაც არ უნდა ენის სწავლა, მაგრამ ისინი ცოტანი არიან", — გვეუბნება გიულგუნი.

ერთ-ერთი სკვერი მარნეულში

ერთ-ერთი სკვერი მარნეულში

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მარნეულის რეგიონში აქტიურად მუშაობს და ადგილობრივის პრობლემებზე ინფორმირებულია. EMC-ის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე განმარტავს, რომ ენის არცოდნის ეთნიკურ უმცირესობებზე დაბრალება არასწორი მიდგომაა.

"გაბატონებულ წარმოდგენაში ჩვენი საზოგადოება ხშირად ეთნიკურ უმცირესობებს ადანაშაულებს იმაში, რომ მათ არ იციან ენა ან არ სურთ შესწავლა. თუმცა, ამ პროცესზე სიღრმისეული დაკვირვება აჩვენებს, რომ ამას აქვს სისტემური მიზეზები.

თვითონ ეს დისკურსი პრობლემურია, რადგან სახელწიფოს როლს გამორიცხავს და თემზე მიმართავს პასუხისმგებლობას. ეს არასწორია, რადგან ისტორიულად განათლების სისტემები და პოლიტიკა არ პასუხობდა თემის რეალურ საჭიროებებს და იმას, რომ სახელმწიფო ენა ესწავლათ", — ამბობს ის.

რის თქმა სურს გიულგუნს

საქართველოში ისეთი გრძნობაა, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ის არის მათ სამშობლო, სომხებისა კი სომხეთი. ჩვენ, აზერბაიჯანელები, სომხები, ქართველები და სხვები ერთად ვქმნით საქართველოს

გიულგუნ მამედლი

გიულგუნი სამოქალაქო აქტივისტი იმიტომ გახდა, რომ მისი თემის პრობლემებს ხედავდა და მიხვდა, გამოსავალი ახალგაზრდობა იყო, რადგან უფროსი თაობა სათქმელს ქართულად ვერ აჟღერებდა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო აქტივიზმის დადებით შედეგებს ხედავს, ეს საკმარისად არ მიაჩნია, რადგან ცვლილებები ნელი ტემპით ხდება.

"უბრალოდ, ხმას ვაწვდენ სახელმწიფოს, მთავრობას, რომ ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ... კი ნელ-ნელა ნაბიჯებს დგამენ.

ეს ნიშნავს, რომ აქტივიზმი აგვარებს პრობლემას და ცვლილებებს იწვევს. სახელმწიფომ ენის პრობლემაზე ეთნიკურ უმცირესობებთან კარგად უნდა იმუშაოს, ეს საწყისი ეტაპია. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, ეთნიკური უმცირესობები საქართველოში უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ და უფრო აქტიურები ვიქნებით".

გიულგუნი ამბობს, რომ პრობლემა მხოლოდ ენის არცოდნაში კი არა, იზოლაციაშიცაა, რადგან ეთნიკურ ჯგუფებს ერთმანეთთან კომუნიკაცია აკლიათ.

"სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხალხს შორის კონტაქტის გაუმჯობესება. შეიძლება, რამე პროგრამები იყოს, ეთნიკურად აზერბაიჯანელები მივიდნენ ქართველ ოჯახებში ან ქართველები ჩამოვიდნენ ჩვენთან. ძალიან მინდა, რომ ეს იყოს ჩემს თემში".


იმავე თემებზე ეთნიკურად სომეხ აქტივისტს, არამ აკოპიანს ვესაუბრეთ. ის სტუდენტია, წითელსოფელში ცხოვრობს და ბაშვების საფეხბურთო გუნდს წვრთნის. ამავდროულად, სოფლის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

არამ აკოპიანი

არამ აკოპიანი

ფოტო: არამ აკოპიანი / FB

"ძირითადად, ვსაქმიანობთ ახალგაზრდებისა და ქალების განვითარებაზე. რაც შეეხება გუნდს, მე თვითონ ვთამაშობდი და გამიჩნდა იდეა, რომ სპორტის განვითარება მომხდარიყო ჩვენს სოფელსა და რეგიონში. ერთადერთი და პირველი ვართ მარნეულში, ვისაც ჰყავს გოგოების გუნდი.

პირველ დღეს, როცა ვთქვი, რომ გოგოებიც ივარჯიშებდნენ, ბიჭებმა უცნაურად მიიღეს. მომიწია სადღაც ერთი კვირა მათთან საუბარი, ტრენინგის ჩატარება, რომ თქვენი დები მოვლენ სავარჯიშოდ-თქო. პირველ დღეს მხოლოდ 3 გოგო მოვიდა, მეორე დღეს კი 13-14".

არამი იხსენებს, რომ როცა თავად თამაშობდა, გუნდში იყვნენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, ასირელები და თანაცხოვრების მხრივ არანაირი პრობლემა არ ყოფილა.

ამბობს, რომ ენობრივი ბარიერი ერთმანეთთან ურთიერთობებისას პრობლემას არ ქმნის, მაგრამ არ მოსწონს კომუნიკაციისთვის რუსული ენის გამოყენება.

"თუ არ იციან აზერბაიჯანული, სომხური ან ქართული, მეოთხე ენას იყენებენ, რაც პირადად ჩემთვის არასასიამოვნოა — ეს არის რუსული ენა და სად რუსეთი და სად ჩვენი მარნეული, რუკას რომ დავხედოთ. რატომ უნდა ვესაუბროთ ვიღაცას ოკუპანტის ენაზე და რატომ არა ქართულ ან ჩემს მშობლიურ და სხვის მშობლიურ ენაზე. თუმცა, ახალგაზრდებმა ძალიან ხშირად იციან სამივე ენა".

არამს ვკითხე, ქმნის თუ არა ენობრივი ბარიერი პრობლემას სახელმწიფოსთან ურთიერთობისას, მაგალითად კი მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი დავუსახელე, სადაც ინფორმაცია მხოლოდ ქართულ ენაზე იძებნება და ფეისბუქგვერდზეც პოსტები ქართულად და აზერბაიჯანულად ვრცელდება.

"ვებგვერდის ამბავი უქმნის რა თქმა უნდა დაბრკოლებას, რადგან უმეტესობა არ ფლობს ქართულ ენას და წაკითხვა უჭირთ. მერიიდან რომ გავრცელდეს სომხურენოვანი ნიუსები, კარგი იქნებოდა, რადგან ყველას სათანადო ინფორმაცია მიეწოდებოდა, როცა 7-8 სომხურენოვანი სოფელია მარნეულში", — გვეუბნება ის.

ქსენოფობიის ტალღას, რომელიც კორონავირუსის დროს ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ წამოვიდა, არამი გაუმართლებელს უწოდებს და ამბობს, რომ ის სოლიდარობით მოიგერიეს.

"მარნეულის მუნიციპალიტატს მაშინ ამ ქსენოფობიისთვის დრო არ ჰქონდა. ყველა იყო დაკავებული იმით, რომ მოსახლეობას დახმარებოდა. ჩვენმა თანადგომამ და ერთობლიობამ აჩვენა მთელ საქართველოს, თუ როგორ ებრძვის მარნეული ვირუსს. მერია, ბიზნესმენები, მოქალაქეები ეხმარებოდნენ მოსახლეობას.

ჩვენი ორგანიზაციიდან ვავრცელებდით ბუკლეტებს, როგორ უნდა მოიქცეს ხალხი. გავაკარით სტიკერები სოფლის ტერიტორიაზე და ვკერავდით პირბადეებს სახლის პირობებში", — ამბობს ის.

წითელსოფელში მოსახლეობისთვის პირბადეებს კერავენ

წითელსოფელში მოსახლეობისთვის პირბადეებს კერავენ

ფოტო: არამ აკოპიანი / FB

მარნეულში სოლიდარობისა და ერთად დგომის მაგალითები ჩვენს მკითხველსაც უნდა ახსოვდეს. სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს. ადგილობრივებმა სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნეს და ოჯახს, რომლის წევრებიც საავადმყოფოში მკურნალობდნენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგეს. ვწერდით 24 წლის დავით დალაქიშვილზეც, რომელმაც, დედასთან ერთად, საკარანტინო ზონად გამოცხადებული მარნეულის მოსახლეობას ორი დღით უფასო პური შესთავაზა.


სამირა ბაირამოვა სამოქალაქო აქტივისტი და ქალთა უფლებადამცველია. ამბობს, რომ მისი აქტივიზმის საფუძველი რეგიონში არსებული პრობლემები გახდა, სურდა ნორმალურად ეცხოვრათ, ამას კი ხმამაღლა საუბარი სჭირდებოდა, რადგან სახელმწიფოს მათთან აქტიური კონტაქტი არ აქვს და ინფორმაციას არაპირდაპირი გზით იღებს. ამბობს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, მოსმენა და პრობლემის არსის გარკვევა, რაც დღეს არ ხდება, შედეგად, პრობლემას პრობლემა ემატება.

ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ ჩართული სახელმწიფოს შენებაში, მაგრამ გარიცხული ვართ, შორს ვართ. თითქოს გვეუბნებიან, იყავი გვერდზე, ჩვენ გავაკეთებთ და შენ უფრო მსუბუქ საქმეში ჩაერთე

სამირა ბაირამოვა

სამირა ბაირამოვა

სამირა ბაირამოვა

სამირას თქმით, ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობა და კავშირები ძლიერი არ არის — ერთმანეთთან ახლოს არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ერთად სწავლობენ, მუშაობენ ან რამე სხვა საერთო აქვთ. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ თანაცხოვრების მიუხედავად, ერთმანეთს არ იცნობენ.

"საკმარისი არ არის მხოლოდ იმის თქმა, რომ "ეროვნება მთავარი არ არის და მთავარია ადამიანობა". ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შორის იყოს სოციალიზაცია, კულტურების გაცვლა, ორმხრივი ინტეგრაცია.

ეს პროცესი არის ცალმხრივი. კარგი, მე ვისწავლე ქართული ენა, ლიტერატურა, მეორე მხარემაც ხომ უნდა ისწავლოს სხვა ადამიანების კულტურა? გარდა ამისა, ჩვენ მარტო ქართულ ენას ვსწავლობთ. ენის გარდა, ძალიან ბევრი რამის სწავლაა საჭირო — ქართული კულტურა, საზოგადოება, ლიტერატურა. მარტო ენა არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გამოგვივიდეს".

მარნეულის საკარანტინე ზონად გამოცხადების პერიოდის გახსენებისას, სამირა გვიყვება, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, ადგილობრივების ნაწილს ფიზიკურად არ ჰქონდა რეკომენდაციების შესრულების შესაძლებლობა, რადგან ხელების ხშირი დაბანა, სველი წესით დამუშავება და დეზინფექცია წყალს საჭიროებს, რომელიც ბევრ სოფელში არ არის.

"მოსახლეობა ამბობდა, ჩვენთან წყალი არ არის და როგორ დავიბანოთ ხელებიო. დავინახეთ, რამდენად პრობლემური იყო, რომ სასმელი წყალი არ იყო სოფელში. კარანტინის დროს მოსახლეობას გაუჭირდა იმ ადგილებამდე მისვლა, საიდანაც წყალი მოჰქონდათ. იძულებულნი იყვნენ, სადღაც შორს წასულიყვნენ წყლის მოსატანად. ჩვენ მანქანით დავდიოდით, მაგრამ ყველა ოჯახს არ აქვს ამის საშუალება".

დაზიანებული ბანერი მარნეულში, რომელზეც კორონავირუსისგან თავის დასაცავი რეკომენდაციები იყო დაბეჭდილი

დაზიანებული ბანერი მარნეულში, რომელზეც კორონავირუსისგან თავის დასაცავი რეკომენდაციები იყო დაბეჭდილი

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

რაც შეეხება ქსენოფობიურ თავდასხმებს, ამბობს, რომ ისინი მეგობრების მხარდაჭერით მოიგერია.

"თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან გვიგზავნიდნენ საჭირო ნივთებს და ეს გვიტოვებდა იმედს, რომ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვესმის ერთმანეთის და ვიცით, რომ ვჭირდებით ერთმანეთს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, რომ ერთად ავაშენოთ ტოლერანტი სახელმწიფო".

რის თქმა სურს სამირას

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფოს მჭიდრო დიალოგი არ აქვს ჩვენთან, ჩვენ მაინც ვასრულებთ მოქალაქის ვალდებულებას. ხანდახან ვხედავთ, რომ ჩვენს ხმას ძალა აქვს და ჩვენი კრიტიკა, პრეტენზია სადღაც მაინც მოქმედებს. სამწუხაროდ, აქტივისტები ცოტანი ვართ. მაგრამ პირველი ნაბიჯებისთვის ცუდი ნამდვილად არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამავდროულად, სახელმწიფო დაგვიჯდეს, მოგვისმინოს. ეს საუკეთესო იქნება, რადგან სიღრმისეულად გაიგებს, რა საჭიროებები გვაქვს, რა გვაწუხებს. სამწუხაროდ, ეს არ ხდება", — ამბობს ის.

სამირას აწუხებს ისიც, რომ სახელმწიფო მარნეულში არსებულ პრობლემებს მხოლოდ წყლისა და გზის გაუმართავობაში ხედავს და არ ხარჯავს რესურსს ინკლუზიისთვის.


ეთნიკური ჯგუფებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონზე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი, ნონა სამხარაძეც გვესაუბრა. ყველაზე დიდი პრობლემად მან საზოგადოების ინერტულობა დაასახელა. ამბობს იმასაც, რომ ჯერ კიდევ არსებობს "უპირატესი მოქალაქის" სინდრომი, რაც ურთიერთობებში პრობლემებს ქმნის:

ნონა სამხარაძე

ნონა სამხარაძე

"ვეღარ გადავლახეთ კომუნიკაციის პირველი საფეხური. ჯერ საერთოდ "გამქრალი" იყო არაქართულენოვანი მოსახლეობა, ახლა თითქოს შევამჩნიეთ, მაგრამ ისევ პასიური მონაწილეობა აქვთ.

ტოლერანტობის პრობლემა ჯერ კიდევ არის, თუმცა მარნეულში მცხოვრებ ქართველებს ვერ შევადარებ სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან — სხვაგან საერთოდ გაუცხოება აქვთ. მარნეულში რომ გვაქვს ურთერთობა, ასე თუ ისე უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ არა იდეალური".

ნონა ამბობს, რომ წლებთან ერთად სიტუაცია იცვლება, თუმცა ნელა. პრობლემად ასახელებს იმასაც, რომ რეგიონში ქალთა წარმომადგენლობა დაბალია, რაც მთელ ქვეყანაშიც იგრძნობა, თუმცა ეთნიკურად მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში ამ საკითხს უფრო მეტი დაბრკოლება ახლავს. პრობლემების მოგვარების გზას ადგილობრივების მეტ აქტიურობაშიც ხედავს.

"მარნეულის იქეთ რომ გაიხედოთ, როგორ ფიქრობენ აქ მცხოვრებ სომხურ თუ აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაზე, თვალები შუბლზე აგივათ. კოვიდის დროს კომენტარები იყო ძალიან შემაშფოთებელი, სიძულვინის ენის შემცველი. სახელმწიფოს როლია, რომ ეს აღარ მოხდეს, თუმცა პასუხისმგელობას მარტო მათ ვერ დავაკისრებთ, აგრესია საზოგადოებაშიც არის და უნდა აღმოიფხვრას", — აცხადებს ის.

რის თქმა სურს ნონას

ნონას სურს, რომ საზოგადოებამ მარნეული ისე დაინახოს, როგორიც რეალურად არის და მეტი ინტერესი ჰქონდეს მის შესასწავლად.

"მარნეულშიც ისეთივე ადამიანები ცხოვრობენ, კულტურით, ტრადიციით, შეგნებით, როგორც სხვაგან. მარნეული ძალიან ძლიერი მუნიციპალიტეტია და აქ ძალიან ძლიერი ხალხი ცხოვრობს. ისინი ასეთი მშრომელები რომ არ იყვნენ, ძალიან გაუჭირდებოდა დანარჩენ საქართველოს. რაღაცნაირად მადლიერების გრძნობა უნდა ჰქონდეთ სხვებს, რომ აქ არ ცხოვრობს ზარმაცი ხალხი. მე ძალიან მიყვარს მარნეული, არ ვაპირებ სხვაგან ცხოვრებას და ბევრი სილამაზე მაქვს დაჭერილი აქ. მომწონს მეჩეთებისა და ეკლესიის თანაცხოვრებაც.

ერთ-ერთი მეჩეთი მარნეულის მუნიციპალიტეტში

ერთ-ერთი მეჩეთი მარნეულის მუნიციპალიტეტში

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

რა უნდა ვუთხრა დანარჩენ საქართველოს იმის გარდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ნუ შეეშინდებათ, მოვიდნენ, გაეცნონ, დაინტერესდნენ და როგორც კახეთი და აჭარა მოსწონთ, ისე უნდა მოსწონდეთ მარნეულიც, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რაღაცას აღმოაჩენენ", — გვეუბნება ნინო.


ენობრივი ბარიერით გამოწვეული სიცარიელის შევსებას მარნეულში სათემო რადიო ცდილობს. ისინი სამ ენაზე მაუწყებლობენ და სამენოვანი ვებგვერდიც აქვთ. რადიოს ხელმძღვანელი, კამილა მამედოვა განმარტავს, რომ აუცილებელია მრავალეთნიკურ დასახლებაში ყველას ინტერესი იყოს წარმოდგენილი — "თუ საუბრობ აზერბაიჯანულად, უნდა ისაუბრო სომხურადაც და ქართულადაც. ანუ, თემი უნდა საუბრობდეს საკუთარ ენაზე".

კამილა მამედოვა

კამილა მამედოვა

ფოტო: კამილა მამედოვა / FB

"ვები სრულფასოვნად მუშაობს სომხურ ენაზე, მაგრამ რადიოში დაიჯესტი გვაქვს მოკლე. ამ ეტაპზე ასეა, კადრების და სხვა რამეების პრობლემაა.

ჩვენი ყველა ეთერი პარალელურად ორ ენაზე მიგვყავს. ერთსა და იმავეს ვსაუბრობთ აზერბაიჯანულად და ქართულად. ეს, ერთი მხრივ, უწყობს ხელს ენის სწავლას — როდესაც ხშირად ვიმეორებთ სიტყვებს, ჩვენი მსმენელები ეჩვევიან, როგორც ქართველები, ასევე, აზერბაიჯანელები".

კამილა გვესაუბრა იმაზეც, რა პრობლემას ქმნის ენობრივი ბარიერი, როგორ იჩინა ამან თავი პანდემიისას და რა რეაგირება ჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველობას.

"როდესაც მარნეული დაიკეტა აბსოლუტურად დავკარგეთ კონტაქტი ადგილობრივ თვითმართველობასთან. თან დისტანციურად მუშაობ და ტელეფონი არის ერთადერთი საშუალება, რომ დაეკონტაქტო. შენთან კონტაქტზე არ გამოდის, არ გპასუხობს, არანაირ ინფორმაციას არ გაწვდის და უცებ საღამოს ნახევარსაათიანი ჩართვა აქვს ტელევიზიებთან, გადადის საგუშაგოსთან და ინტერვიუებს აძლევს სხვა მედიებს. აქ ჩნდება კითხვა: თუ ადგილობრივების ინფორმირებაზეა საუბარი, როცა იცი, რომ ქართული ყველას არ ესმის, რატომ არ მოდიხარ ჩვენთან, როცა შეგიძლია სამიდან ერთ ენაზე მელაპარაკო და მე ვდებ რესურსს, რომ ეს ვთარგმნო ყველასთვის გასაგებად".

მედიასთან ურთიერთობა, რომ პრობლემურია, ამაში ჩვენც დავრწმუნდით. მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ყველა დეპარტამენტის უფროსის ნომერი, კომუნიკაცია არც ისე მარტივია. მაგალითად, იმისთვის, რომ პრესცენტრისგან მიიღო პასუხი კითხვაზე, რატომ არ აქვს მუნიციპალიტეტს სამენოვანი ვებგვერდი ან მუშაობს თუ არა იმაზე, რომ ფეისბუქპოსტები არამხოლოდ აზერბაიჯანულად და ქართულად, არამედ სომხურადაც გამოქვეყნდეს, საჯარო ინფორმაცია უნდა გამოითხოვო. ამ საკითხზე სატელეფონო კომუნიკაცია გვქონდა ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელთანაც. მიუხედავად იმისა, რომ თავი ჟურნალისტად წარვუდგინე და ჩაწერაზეც გავაფრთხილე, რაზეც უარი არ მიმიღია, საუბრის დასასრულს მითხრა, რომ ჩანაწერის გამოქვეყნებაზე თანხმობა არ მოუცია და თუ დეტალები მაინტერესებს, პრესცენტრს უნდა მივმართო.

მარნეულში ადგილობრივები ამბობენ, რომ აზერბაიჯანულად ნათარგმნი ინფორმაცია მხოლოდ მოთხოვნისა და ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მიიღეს. მათი აზრით, ასევე უნდა მოიქცეს სომხურენოვანი მოსახლეობაც.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი შულავერი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი შულავერი

მარნეულიდან წამოსვლის შემდეგ დამრჩა შეგრძნება, რომ გაუცხოება გვაქვს. ერთმანეთზე მხოლოდ ის ვიცით, რასაც პოლიტიკური ტრიბუნებიდან ან სხვისი მონაყოლიდან ვიგებთ. მარნეულში კი უნდათ, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობდეთ. უნდათ, არამხოლოდ ვიმეგობროთ, არამედ თანაბარუფლებიანი, შეკრული საზოგადოების წევრები ვიყოთ.

მარნეულელების სურვილია, სანამ ეთნიკური მრავალფეროვნებისა და მიმღებლობის შესახებ ლამაზი ფრაზებით ვისაუბრებთ, მანამდე გავიხსენოთ, რომ დედაქალაქიდან არც ისე შორს, ცხოვრობენ ეთნიკური ჯგუფები, რომლებსაც თავიანთი კულტურა, ენა, რელიგია და გრძნობები აქვთ და თუ გვინდა, რომ ტოლერანტობა მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს, მათ უნდა მოვუსმინოთ.

მასალა მომზადდა პროექტის ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში ფარგლებში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი STRIVE Global program-ის ფარგლებში ახორციელებს.