ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინასთან 168 ცარიელი მერხის დროებითი ინსტალაცია მოეწყო. ინსტალაცია, სახელად "საკლასო ოთახი პანდემიისას", UNICEF-მა შექმნა დახურული სკოლების პრობლემის წარმოსაჩენად — თითოეული მერხი 1 მილიონ ბავშვს განასახიერებს, რომელიც უკვე ერთი წელია, რაც სასკოლო სწავლებასაა მოწყვეტილი.

გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ 168 მილიონი ბავშვისთვისაა სკოლა დაკეტილი ამ დრომდე. ამასთან, 214-მა მილიონმა ბავშვმა, ანუ 7-დან 1-მა მოსწავლემ, საკლასო ოთახში გასატარებელი დროის სამი მეოთხედი დაკარგა.

"საკლასო დასწრება — არ ესწრება 168 მილიონი ბავშვი".

ფოტო: Chris Farber / Getty Images / UNICEF

ინსტალაცია, რომელიც პანდემიურ რეალობაში შექმნილი განათლების სფეროს კრიზისზე ამახვილებს ყურადღებას, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც მოინახულა. მან აღნიშნა, რომ ეს გამოწვევა კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე "დრამატული შედეგია" და, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების ნაწილი განათლების მიღებას ვირტუალურ სივრცეში აგრძელებს, განვითარებად ქვეყნებში ინტერნეტის პრობლემის გამო ეს ვერ ხერხდება. საბოლოო ჯამში კი, ეს არის "ტრაგედია ბავშვებისთვის, მათი ქვეყნებისთვის და მსოფლიოს მომავლისათვის".

"კორონავირუსის პანდემიის დაწყების ერთი წლისთავზე, ჩვენ უნდა გავიხსენოთ მსოფლიოში გამოცხადებული კარანტინით მიღებული კატასტროფული და საგანგაშო შედეგები", — ამბობს UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორი, — "ბავშვების საკლასო ოთახში არყოფნის პრობლემა ყოველდღიურად უფრო და უფრო მწვავდება და, საბოლოოდ, ყველაზე მეტად მარგინალიზებულ ჯგუფებს უწევთ უმძიმესი საფასურის გადახდა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პანდემიის მეორე წელი საკლასო ოთახთან შეზღუდული ან საერთოდ შეწყვეტილი წვდომით დაიწყონ ამ ბავშვებმა. ძალა არ უნდა დავზოგოთ, რომ სკოლები ღია დარჩეს, ან, მათი გახსნის გეგმა პრიორიტეტული გახდეს".