სალომე ჯაშის "მოთვინიერება" — რა ღირს ხე სინამდვილეში?
მოთვინიერება დოკუმენტური ფილმია, რომელიც გვიყვება მილიარდერის მიზანზე, ააშენოს ედემის ბაღი — თუმცა რეჟისორის მთავარი შთაგონების წყარო, ამ შემთხვევაში, ის კვალია, რომელსაც მსგავსი მიზანი ტოვებს. სალომე ჯაშის მიერ გადაღებულ 2021 წლის დოკუმენტურ ფილმზე The Calvert Journal წერს.
ხეები საოცარი ქმნილებები არიან. ჟანგბადს გვაძლევენ, ნახშირორჟანგს აგროვებენ, თავიანთ გარშემო მიწას განამტკიცებენ. ისინი ასევე სიმბოლურ დატვირთვასაც ითავსებენ, რაც რეჟისორის, სალომე ჯაშის ახალ დოკუმენტურ ფილმში, მოთვინიერება, მშვენივრად ჩანს.
ფილმის ონლაინპრემიერა სანდენსის კინოფესტივალის 2021 წლის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამის ფარგლებში გაიმართა. "ხეებს ყოველთვის ფუნდამენტური ადგილი ეკავათ ჩემს ცხოვრებაში", — ამბობს ჯაში, — "ბავშვობაში სოფელში ყოფნისას ერთ უზარმაზარ მინდორს მივაშურებდი ხოლმე, სადაც ბევრი ბავშვი იკრიბებოდა. იქ რამდენიმე დიდი ხე იყო და თითოეულს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ერთი იმისთვის იყო, რომ მის გარშემო შევკრებილიყავით, მეორე იმისთვის, რომ მასზე ავმძვრალიყავით, ერთიც სიძლიერის ერთგვარ სიმბოლოს განასახიერებდა. ხეებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ჩემთვის, და სხვებისთვისაც".
მიუხედავად იმისა, რომ მოთვინიერება მცენარეების ცხოვრებაზე ფოკუსირდება, ის არ არის ფილმი ეკოლოგიაზე. იგი ეკოლოგიის ძირეულ თემას იმისთვის იყენებს, რომ სოციოლოგიური კვლევა ჩაატაროს. ფილმი აღწერს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მშენებლობას — პარკის, რომელიც საზოგადოებისთვის ამჟამად ხელმისაწვდომ დენდრარიუმს წარმოადგენს და შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაში მყოფ მიწაზეა გაშენებული. როგორც საქართველოს ყველაზე მდიდარ და დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანს, ივანიშვილს, რასაც მოისურვებს, ყველაფრის მიღება შეუძლია. თუმცა ის, რასაც იგი რეალურად დაეძებს, ქვეყნის ყველაზე ლამაზი და მაღალი ხეებია — მოთვინიერებაც სწორედ იმ უკიდურეს მეთოდებს აღწერს, რომელსაც ივანიშვილი მათ მოსაპოვებლად იყენებს.
ფილმი პროცესის პოეტურობაზე აქცენტის გაკეთებით აკვირდება იმ ხეების ამოძირკვას და გადაადგილებას, რომლებიც ივანიშვილმა პარკში დასარგავად შეარჩია. ნელ-ნელა ადგილობრივების მიერ თითოეული ხისადმი მინიჭებული ფასისა და მნიშვნელობის განსხვავებულ ინტერპრეტაციებსაც ვეცნობით. ზოგი ხეს საკვების მომცემად აფასებს, ზოგი სიძლიერის, სტაბილურობის ნიშნად ან, უბრალოდ, დროის წარმავლობის ხილულ ნიმუშად ხედავს. კიდევ სხვები მას წინაღობად აღიქვამენ — რაღაცად, რაც მზის სხივებს ფარავს ან ინფრასტრუქტურის მშენებლობას აყოვნებს. ივანიშვილის ინტერვენცია კიდევ უფრო ართულებს საკითხს. ჩნდება ძალაუფლების, სტატუსისა და ფულის ფაქტორი — განსაკუთრებით იმ ფულის, რომელსაც ივანიშვილი თითოეული ხისთვის იხდის. როგორც ჯაში ამბობს, "როდესაც ფული ჩნდება, თითქოს ყველა სხვა ღირებულება უკან იხევს".
მან ფილმის თემა საკითხის კომპლექსურობის გამო შეარჩია. მოთვინიერება ყველაზე განსაცვიფრებელი კადრით იწყება და მთავრდება: მოტივტივე გემზე აღმართული უშველებელი ხით, რომელიც ნაპირს ნელ-ნელა უახლოვდება. ამ სიურრეალისტური სურათის პირველად ნახვისას რეჟისორში არაერთგვაროვანი გრძნობები აღიძრა. "ეს ზღვაში მოცურავე ხის კადრი იყო, რომელმაც საქართველოს ყველა საინფორმაციო გამოშვება შემოიარა", — ამბობს ჯაში, — "ეს სანახაობა იმდენად უცნაური და უჩვეულო იყო, რომ დანახვისთანავე ურთიერთსაწინააღმედგო გრძნობები დამეუფლა. ერთმხრივ, ეს იყო იყო ულამაზესი, გასაოცარი რამ: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზღვაში ხე ძალიან პოეტურად გამოიყურება. მეორე მხრივ, რაც ამ კადრის უკან იმალებოდა, სულ სხვა ამბავს ყვებოდა. ამ გაურკვევლობამ მიმიზიდა და ფილმზე მუშაობის დაწყება შთამაგონა".
ამ გაურკვევლობის მთელი სისავსით შენარჩუნება ჯაშისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ივანიშვილის ბაღის ისტორია ყველა ქართველისთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ მედიაში ეს საკითხი გამარტივებულად და მიზანმიმართულად ცალმხრივად იყო განხილული. "ჯერ ერთი საინფორმაციო წყარო იტყოდა, რომ რაც მან გააკეთა, საშინელებაა და ის, უბრალოდ, ბუნების განადგურებას ცდილობს. ამის საპასუხოდ კი მეორე წყარო მხოლოდ პოზიტიურ ასპექტებზე კონცენტრირდებოდა და სანახაობის სილამაზეს უსვამდა ხაზს". თავად ჯაში არ აღიქვამს სამყაროს "შავად და თეთრად" და არც ამ ისტორიას აფასებს ერთმნიშვნელოვნად. "არ არსებობს ერთი სწორი მხარე, არ არსებობს აბსოლუტურად მართალი ან მცდარი პოზიცია. ამიტომ ჩვენ ბალანსის დაცვას ვცდილობთ, არავის მხარეს არ ვდგებით".
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეჟისორს დენდრარიუმთან დაკავშირებით საკუთარი აზრი არ გააჩნია. უბრალოდ, ის ამ პოზიციის წარმოჩენისგან თავს იკავებს და არც ფილმი განუვითარებია მის გარშემო. "გამიზნულად ვეცადეთ, ფილმის მეშვეობით მაყურებელში ისეთი გრძნობები აღიძრას, ისეთი დამოკიდებულებები გაჩნდეს, რომ აუდიტორიამ თავად მოახდინოს ნანახის ინტერპრეტირება".
რაღაც დოზით ინტერპრეტირება მართლაც უშუალოდ მაყურებელს ევალება. ფილმში ივანიშვილის პარკი ნაკლებად ფიგურირებს, ის მხოლოდ გაკვრით ჩანს ბოლოსკენ. თავად ივანიშვილს კი ვერც თვალს მოკრავთ და ვერც მის ხმას გაიგონებთ. ამის მაგივრად, ფილმი ორ ალტერნატიულ საკითხზე კონცენტრირდება: ერთმხრივ, ესაა თავად ხეები და წარმოუდგენელი დატვირთვის სამუშაო, რომელიც მათ გადასაზიდად სრულდება. მეორე მხრივ კი, მაყურებელი ამ გრანდიოზული პროექტისა და ივანიშვილის შესახებ ჩვეულებრივი, რიგითი ქართველების მოსაზრებებს ეცნობა. შედეგად, თავის პროექტთან მიმართებაში ივანიშვილის ზუსტი მიზნები ფარული რჩება. თუმცა ფილმში ერთი კაცი ეჭვობს, რომ ეს წამოწყება რაღაც გაცილებით დიდმასშტაბიანი გეგმის პირველი ეტაპი შეიძლება იყოს. მისი თქმით, როდესაც ივანიშვილი ყველა ხეს დაისაკუთრებს, შემდეგ ჩიტებს მიადგება.
ჯაშის თქმით, თავდაპირველად მას ფილმში ივანიშვილის გამოჩენა ჰქონდა დაგეგმილი. მაგრამ შემდეგ გაიაზრა, რომ ეს სიტუაცია "ნებისმიერ მდიდარ და ძლევამოსილ ადამიანს ერგება, ამიტომ კონკრეტულად მის დანახვას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა". ფიზიკურად არყოფნის მიუხედავად, ივანიშვილის ფიგურის მნიშვნელობა მაინც გამუდმებით იგრძნობა ფილმში. "ის მაინც მთავარი პროტაგონისტია, თუნდაც არ ჩანდეს. ღვთაების მსგავსი ფიგურაა, რომელსაც ვერასოდეს ვხედავთ, მაგრამ მაინც განაგებს მიწიურ მოვლენებს". საბოლოო შედეგი კი ერთობ დასაფასებელია: იმის მაგივრად, ნარატივზე კონტროლი ძალაუფლების მქონეს დაემყარებინა, ამბავი ქვემოდანაა მოყოლილი.
ეს გადაწყვეტილება ფილმის არსებით ბუნებას განსაზღვრავს. ის რიგით ადამიანებზე ფოკუსირებულ პორტრეტს ჰგავს, რომლის ფონადაც უძრავი ლანდშაფტი შეუხამებიათ. "სხვადასხვა გარემო მაინტერესებს", — ამბობს ჯაში, — "ძალიან მსიამოვნებს იმაზე დაკვირვება, თუ როგორ ახდენს ის ადამიანზე გავლენას. ამიტომ როდესაც სადმე ფილმს ვიღებ, პირველ რიგში სწორედ გარემო შთამაგონებს. შემდეგ კი ამ გარემოში ადამიანების აღმოჩენას ვიწყებ".
ფილმში ნაჩვენები ხეების უშველებელი ზომის გამო გარემოს ასახვა დამატებით შემოქმედებით გამოწვევად იქცა. უზარმაზარი ხის მასშტაბი ჯაშის მიერ კადრების ფრთხილი შერჩევითა და მეთოდური მიდგომის წყალობით შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი. ერთ მომენტში ხე, რომელიც 1000 ტონამდე იწონის — რაც, როგორც ჯაში აღწერს, "ნავთობის გადამზიდავი მთლიანი მატარებლის" სიმძიმისაა — ღამით სატვირთო მანქანით გადააქვთ. ერთ გრძელ, დრამატულ კადრში ხე ნელა მისრიალებს ტყეში, საიდანაც იგი ამოგლიჯეს. გზას მხოლოდ ფარნით ანათებენ, ხე კი გადაადგილებისას ცახცახებს.
ჯაში ასეთ კადრებს ფილმის მთავარ საყრდენად მიიჩნევს, რომლებსაც შემდეგ დანარჩენი სცენები ამდიდრებს. რეჟისორის თქმით, მას და მის გუნდს თავიდანვე უნდოდა, ძირითადად ფართო კადრები და სტატიკური კამერა გამოეყენებინა, რათა ფირზე აღბეჭდილი სანახაობისგან მანძილი შეენარჩუნებინათ და "დამკვირვებლებად დარჩენილიყვნენ და არა მონაწილეებად". "ჩვენ ასევე გვინდოდა, რაც შეიძლება ნაკლები მონტაჟი გამოგვეყენებინა, რათა თითოეულ სცენას ატმოსფერო შეექმნა და ეჩვენებინა გარემო, კონკრეტული მოქმედების მაგივრად", — ურთავს ის.
ხეების ამოძირკვის სცენების გადაღებას დიდი დრო და მოთმინება დასჭირდა. რეჟისორმა და მისმა გუნდმა ფილმზე მუშაობის ორწლიანი პერიოდის უმრავლესი თვეები გადაღებას დაუთმეს. ისინი მუშებისგან იღებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად და როდის იგეგმებოდა მორიგი ხის ამოთხრა. ხე მხოლოდ ერთხელ შეიძლება წაიქცეს და ეს რომ მხატვრული ფილმი ყოფილიყო, ამოთხრის ამსახველი კადრები მოქმედებით დატვირთულ, კულმინაციურ სცენებად ჩაითვლებოდა. "არასოდეს ვიცოდით, როდის მოგვიწევდა გადაღება, რადგან ეს ამინდზე ან მუშებზე და ტექნიკის ქონაზე იყო დამოკიდებული. ამიტომ ზოგჯერ, უბრალოდ, მივვარდებოდით გადასაღებ ადგილას, მაგრამ აღმოჩნდებოდა, რომ სამუშაოები შემდეგ კვირამდე არ დაიწყებოდა", — იხსენებს ის.
პროფესიით ჟურნალისტი, ჯაში მიჩვეულია ასეთ ტემპსა და მოულოდნელობებს. ის ჟურნალისტიკას თავის "სულ პირველ სამუშაოდ" მოიხსენიებს, მაგრამ ამბობს, რომ მოვლენების მშრალად აღწერის პროცესმა საბოლოოდ ვერ შთააგონა. ეს სამუშაო "ძალიან ჩქარია და ასევე, პრეტენზია აქვს მიუკერძოებლობაზე, რაც ნაკლებადაა შესაძლებელი", — ურთავს ის.
ჯაშის ხედვა დოკუმენტური ფილმების გადაღებას მეტად შეესაბამებოდა. მის მიერ გადაღებულ სამ ფილმში — რომელთა რიცხვში მოთვინიერებაც შედის — მან საკუთარი ხედვების ზედმიწევნით განხორციელება შეძლო. შედეგად კი შექმნა ფილმები, სადაც სამშობლოში არსებული სიტუაციები რიგითი ადამიანების პერსპექტივით წარმოჩნდა; თანაც ისე, რომ დასახული მიზნის ამბიციურობაც შენარჩუნდა და რეალობის ორაზროვნებაც. "ბევრად უფრო მიზიდავდა ასეთი ფართომასშტაბიანი დოკუმენტური ფილმები, რომლებშიც საკუთარ რეალობას ქმნი და სამყაროს საკუთარი ხედვის წარმოსადგენად იყენებ", — ამბობს ჯაში, — "ხელოვნება ჩემთვის ეს არის".
კომენტარები