NASA-მ მარსზე უცნაური ორმო აღმოაჩინა — რა ხდება
NASA-ს ორბიტერმა Mars Reconnaissance მარსის ზედაპირზე უცნაური რამ აღმოაჩინა — დაახლოებით, 180 მეტრის სიგრძის ღრმა ორმო, რომელიც ფოტოებზე შავი ლაქის სახით ჩანს.
Mars Reconnaissance NASA-ს ხომალდია, რომელიც წითელი პლანეტის გეოლოგიასა და კლიმატს მის ორბიტაზე მოძრაობის პარალელურად სწავლობს, HiRise (High Resolution Imaging Science Experiment) კი ორბიტერზე განთავსებული კამერაა, რომელმაც ეს უცნაური რამ დააფიქსირა.
ორბიტერმა ფოტო 24 იანვარს გადაიღო, მისმა გარჩევამ კი HiRise-ისა და არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარები გააოცა. "ორმოში, როგორც ჩანს, გლუვი ქვიშაა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთითაა დაქანებული", — წერს NASA-ს გეოფიზიკოსი, როს ბეიერი თავის ბლოგში.
აღმოჩენის უკან მდგარი მეცნიერები ახლა ცდილობენ გაარკვიონ, უკავშირდება თუ არა ეს ღრმა ორმო მიწისქვეშა გვირაბების ქსელს, რომელიც ლავის დინებისგანაა გაჩენილი.
მკვლევრები დიდი ხანია ეჭვობენ, რომ უძველეს ვულკანებს პლანეტაზე ლავის დიდი მღვიმეები აქვს დატოვებული. ამ მღვიმეების ნაწილი კი შეიძლება საკმარისად დიდი იყოს იმისათვის, რომ შიგნით მთელი პლანეტარული ბაზები მოთავსდეს. თუ ეს ასეა, მარსის მკაცრ პირობებში ადამიანის უსაფრთხო ცხოვრება უფრო რეალური გახდება.
ვიცით, რომ მარსის ზედაპირზე ადამიანისთვის ძალიან მკაცრი გარემო და კლიმატია. მღვიმეების არსებობის შემთხვევაში კი, მარსზე გამგზავრებული ადამიანი შეძლებს წითელი პლანეტის გამოქვაბულებს შეაფაროს თავი. ეს კი სიმბოლურია, თუ ადამიანის სახეობის წარსულსა და პირველყოფილთა ცხოვრების წესს გავითვალისწინებთ.
გამოქვაბულის მსგავსი რამ 2012 წელსაც გადაიღო Mars Reconnaissance-მა, ის 225 მეტრის სიგრძის იყო. მსგავსი გამოქვაბულებისა თუ მიწისქვეშა გვირაბების ქსელის კვლევა კი იმ როვერებით არაა შესაძლებელი, რაც ამ ეტაპზე, მარსზეა განთავსებული. სავარაუდოდ, ამ საკითხის კვლევაში NASA დრონებს ჩართავს, მომავალში კი Boston Dynamics-ის ცნობილ რობოტს Spot, რომელსაც მარსის გვირაბების კვლევისთვის უკვე ამზადებს.
ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ რა ხდება მარსის ზედაპირის ქვეშ, წითელი პლანეტის სიღრმეში.
კომენტარები