უცნაური დაავადებები, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ კულტურებში იჩენს თავს
სიბრაზის ვირუსი იქნება თუ მეტისმეტი ფიქრის სენი — არსებობენ დაავადებები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ კულტურებშია გავრცელებული. რა არის ამის მიზეზი და რისი სწავლა შეიძლება მსგავსი აშლილობებისგან?
"ნუ შეგაშინებთ კორო", მოუწოდებდა მკითხველს სინგაპურული გაზეთის, The Straits Times-ის 1967 წლის 7 ნოემბრის ნომრის პირველ გვერდზე გამოტანილი სათაური. სტატია წინა დღეებში სინგაპურში გავრცელებულ უჩვეულო ფენომენს ეხებოდა: ათასობით კაცმა მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ სასქესო ორგანო უპატარავდებოდა და საბოლოოდ, ამის შედეგად მოკვდებოდნენ.
სინგაპური მასობრივმა ისტერიამ მოიცვა. სასოწარკვეთილი კაცები ცდილობდნენ, გენიტალიები გაქრობისგან გადაერჩინათ და საამისოდ ყველაფერს იყენებდნენ, რაც ხელში მოხვდებოდათ: რეზინის თმის სამაგრებს, სარეცხის სარჭებსა თუ ძაფებს. არაკეთილსინდისიერმა ადგილობრივმა ექიმებმა დრო იხელთეს და პირადი გამორჩენის მიზნით სხვადასხვა ინექციისა და ტრადიციული წამლების რეკომენდება დაიწყეს.
ხალხში მოარული ინფორმაციით, პენისის უეცარ დაპატარავებას კონკრეტული საჭმელი იწვევდა. მოსახლეობა ეჭვობდა, რომ ეს იმ ფერმების ღორის ხორცი იყო, რომლებშიც სინგაპურის მთავრობამ ცხოველები აცრა. ხალხმა ღორის ხორცის ყიდვა შეწყვიტა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ისტერიის შესუსტებას ცდილობდნენ, მოსახლეობას არ სჯეროდა, რომ პანიკას მხოლოდ "ფსიქოლოგიური შიში" იწვევდა. სახელმწიფო საავადმყოფოებში სამკურნალოდ 500 ადამიანზე მეტი მივიდა.
სინამდვილეში, გენიტალიების დაკარგვის შიში ერთობ გავრცელებული ფენომენია და მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩინეთში მას სახელიც კი აქვს: კორო. ეს ტერმინი იავურ ენაზე კუს ნიშნავს და, სავარაუდოდ, კუს მიერ საკუთარი თავის ბაკანში ჩარგვის პროცესს უკავშირდება.
კოროს ისტორია ათასობით წელს ითვლის, თუმცა მისი უკანასკნელი "აფეთქება" 2015 წელს აღმოსავლეთ ინდოეთში მოხდა, რომლის დროსაც 57 ადამიანი დაავადდა. მათ შორის იყო 8 ქალიც, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ძუძუსთავები სხეულში ჩაეზრდებოდათ.
კორო კულტურაზე მიბმულ სინდრომად ითვლება — ასე იმ ფსიქიკურ დაავადებებს მოიხსენიებენ, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ საზოგადოებებში ვლინდება. ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ მსგავსი "უთარგმნელი" დაავადებები "ნაკლებად განვითარებულ სოციუმებში" იჩენს თავს და მათ მხოლოდ სამეცნიერო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შეისწავლიდნენ.
აი, დასავლური ფსიქიკური დაავადებები კი უნივერსალურად მიიჩნეოდა და ყოველი ახლადაღმოჩენილი "ჭეშმარიტი" აშლილობა მაშინვე იმკვიდრებდა ადგილს ამერიკის ფსიქიატრიული სფეროს ბიბლიის, ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური ცნობარის წმინდა გვერდებზე. თუმცა, თანამედროვე მეცნიერები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა.
ჰაიტის ერთ-ერთ რეგიონში ხალხი რეგულარულად ავადდება reflechi twòp-ით, ანუ მეტისმეტი ფიქრის სენით, რომლის დროსაც ადამიანი იმდენს ფიქრობს თავის პრობლემებზე, რომ სახლიდანაც კი ვეღარ გადის. სამხრეთ კორეაში ხშირია Hwa-byung, რაც მძვინვარების ვირუსად ითარგმნება. ის ადამიანს მაშინ ემართება, როცა გულში ბრაზს იქამდე ინახავს, სანამ ისეთი საშიში სიმპტომები არ იჩენს თავს, როგორიც სხეულში წვის შეგრძნებაა. დაავადების გამომწვევი არცთუ იშვიათად ოჯახშიდა კონფლიქტები ხდება — მძვინვარების ვირუსი განსაკუთრებით ხშირია განქორწინებებისა და ცოლის თუ ქმრის ნათესავებთან კონფლიქტების არსებობის დროს.
დადგენილია, რომ Hwa-byung სამხრეთ კორეაში ყოველწლიურად 10 ათასამდე ადამიანს ემართება, რომელთა უმრავლესობას ხანშიშესული დაქორწინებული ქალები შეადგენენ. როგორც ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, ვირუსი ადამიანის ტვინზე ნაკვალევს ტოვებს. 2009 წლის ტომოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ამ დაავადების მქონე ადამიანებს ტვინის იმ ნაწილში, რომელიც ემოციებისა და იმპულსების კონტროლზეა პასუხისმგებელი, შედარებით დაბალი აქტივობა უფიქსირდებათ, რაც ბუნებრივია, რადგან Hwa-byung ბრაზთან დაკავშირებული დარღვევაა.
კულტურაზე მიბმული სინდრომების შედეგები ხშირად ერთობ მძიმეა. კოროს შემოტევები იმდენად დამაჯერებელია, რომ ზოგჯერ კაცები გენიტალიებს იზიანებენ კიდეც. ადამიანებში, რომლებიც reflechi twòp-ით იტანჯებიან, თვითმკვლელობაზე ფიქრი რვაჯერ უფრო ხშირია. Hwa-byung კი მწვავე სტრესთან, იზოლაციასთან, დემორალიზაციასთან, დეპრესიასთან, ფიზიკურ ტკივილებთან, დაბალ თვითშეფასებასა და ტანჯვასთანაა დაკავშირებული.
უცნაურია, რომ ბოლო დროს ზოგიერთი "უთარგმნელი" დაავადება ქრება, ზოგიც კი, პირიქით, სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება. საიდან მოდიან ისინი და რა მნიშვნელობა აქვს მათი გავრცელების არეალს? პასუხის პოვნას ანთროპოლოგები და ფსიქიატრები ათწლეულებია, ცდილობენ და მათი აღმოჩენები მენტალური დაავადებების ზოგად წარმოშობაზეც იძლევა ინფორმაციას.
ნევრასთენიის უცნაური ისტორია
ყველაზე უცნაური ისტორიის მქონე კულტურაზე მიბმული დაავადება ალბათ ნევრასთენია, იგივე shenjing shuairuo არის. დღეს ის უმეტესად ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გვხვდება, თუმცა მე-19 საუკუნეში ის კოლონიალური სენი გახლდათ.
ნევრასთენიაზე საზოგადოებას ყურადღება პირველად ამერიკელმა ნევროლოგმა, ჯორჯ მილერ ბირდმა მიაპყრობინა. მან დაავადება "ნერვული სისტემის გადაღლად" აღწერა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ინდუსტრიულმა რევოლუციამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოიტანა. ბირდის აზრით, ნევრასთენია, რომელიც სხვა სიმპტომებთან ერთად, თავის ტკივილით, გადაღლილობით და შფოთვით ხასიათდება, სწორედ მისი შედეგი იყო.
"მას შემდეგ, რაც დიაგნოზი ისეთ სახელგანთქმულ მწერლებს დაუსვეს, როგორიც მარსელ პრუსტია, დაავადება ძალიან ცნობილი გახდა", — ამბობს ფილოსოფოსი კევინ აჰო, რომელიც ნევრასთენიის ისტორიას სწავლობს, — "ის ლამის მოდური სენი იყო და მგრძნობიარობაზე, ინტელექტუალურ კრეატიულობაზე, ერთგვარ კულტურულ დახვეწილობაზე მიუთითებდა".
საბოლოოდ, ნევრასთენია ევროპის კოლონიებში გავრცელდა, სადაც ის ოფიცრებმა და მათმა ცოლებმა დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს და სამშობლოს მონატრების იარლიყი მიაკრეს. 1913 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ნევრასთენია ყველაზე ფართოდ ინდოეთში, შრი-ლანკაში (იმ დროის ცეილონში), ჩინეთსა და იაპონიაში მცხოვრებ თეთრკანიან კოლონიზატორებს შორის იყო გავრცელებული.
თანდათანობით ნევრასთენიამ დასავლეთში მომხიბვლელობა დაკარგა და გაცილებით სერიოზულ ფსიქიატრიულ პრობლემებთან გახდა დაკავშირებული. დღესდღეობით ის სრულიად მივიწყებულია. თუმცა მსოფლიოს სხვა ნაწილებში საპირისპირო რამ მოხდა: ნევრასთენია იქ მენტალური დაავადების სტიგმით არ გავრცელებულა და ამ დიაგნოზს დღემდე ხშირად სვამენ.
აზიის ზოგიერთ ნაწილში ადამიანები იმას უფრო ხშირად ამბობენ, რომ ნევრასთენია აქვთ, ვიდრე იმას, რომ დეპრესია სჭირთ. 2018 წელს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში შემთხვევით შერჩეულ ადამიანებს შორის ჩატარებული კვლევისას, გამოკითხულთა 15,4% ფიქრობდა, რომ ნევრასთენია ჰქონდა, ხოლო დეპრესიასთან საკუთარი მდგომარეობა 5,3%-მა დააკავშირა.
თუმცა, როგორც უკანასკნელ პერიოდში ირკვევა, ნევრასთენია აზიიდანაც ქრება. "როცა 2008 წელს ვიეტნამში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები გამოვკითხე, თითქმის ყველა ფიქრობდა, რომ ნევრასთენია ჰქონდა", — ამბობს ფსიქოლოგიური ანთროპოლოგი, ალენ ტრანი, — "როცა 10 წლის შემდეგ განმეორებითი კვლევა ჩავატარე, ერთი ადამიანიღა თვლიდა ასე".
რითი აიხსნება მსგავსი ცვლილებები?
კულტურული ნორმების გავლენა
მომხდარის ახსნა ორი სავარაუდო სცენარით შეიძლება. პირველი ვარიანტი ისაა, რომ მთელი კაცობრიობა ერთი და იმავე, განსაზღვრული რაოდენობის ფსიქიკურ დაავადებათა მიმართაა მგრძნობიარე. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად შფოთვას ან დეპრესიას ყველანი ერთნაირად განვიცდით, თუმცა როგორ აღვწერთ მათ, იმაზეა დამოკიდებული, თუ სად და როდის ვცხოვრობთ.
ის, რომ კულტურაზე მიბმული დაავადებები ცალკეულ საზოგადოებაში თვალშისაცემად სწრაფად ჩნდება და ქრება, მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაძლევს. კერძოდ, ამ ცნობაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მსგავსი დარღვევები გენეტიკურ ფაქტორებზე არაა დამოკიდებული, რადგან ასეთი სახის ცვლილების მოხდენას არათუ ათობით, არამედ ასობით და ათასობით წელი სჭირდება. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, ვიეტნამში ნევრასთენიის სწრაფი გაუჩინარების მიზეზად მოსახლეობის მიერ შფოთვის ფენომენში უკეთ გარკვევა შეიძლება ჩავთვალოთ. ეს ინფორმაცია ქვეყანაში უცხოეთიდან შემოვიდა. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფსიქიკური დაავადების სიხშირე ყოველთვის უცვლელი იყო, თუმცა იცვლებოდა მისი დახასიათების ფორმები.
მწერლისა და მედიცინის ისტორიკოსის, ედვარდ შორტერის აზრით კი, ყოველ საზოგადოებას საკუთარი "სიმპტომების რეპერტუარი", ანუ იმ სიმპტომების სია აქვს, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვამჟღავნებთ, როცა თავს ფსიქიკურად კარგად არ ვგრძნობთ.
მაგალითად, ვიქტორიანულ ეპოქაში დამწუხრებული ქალი იტყოდა, რომ გონება ებინდება, ხოლო თანამედროვე ბრიტანეთში დაიჩივლებდა, რომ შფოთავს ან დეპრესიაშია. იმავე მდგომარეობაში მყოფი ჩინეთში მცხოვრები ქალი კი იტყოდა, რომ მუცელი სტკივა. რეალურად, სამივე ადამიანს ერთნაირი სიმპტომები ექნებოდა — სავარაუდოდ, სამივე თავბრუსხვევას, გაღიზიანებასა და ფიზიკურ ტკივილს იგრძნობდა — თუმცა თითოეული ყურადღებას იმ სიმპტომზე გაამახვილებდა, რომელიც მათ საზოგადოებაში ნორმად იქნებოდა მიღებული.
ბრიტანეთში უკვე "ვადაგასული" დაავადება, ისტერია, რომელზეც ფიქრობდნენ, რომ ყველაზე ხშირად ქალებს ემართებოდათ და გულის წასვლას, ემოციურ აფეთქებებსა და ნერვიულობას იწვევდა, საზოგადოებრივი ცნობიერებიდან მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გაუჩინარდა. თუმცა ედვარდ შორტერი თვლის, რომ ის სულაც არ გამქრალა — უბრალოდ, ახლა სხვა, მეცნიერულად გამოკვლეულ სიმპტომებს ვუთმობთ მეტ ყურადღებას. შედეგად, იგივე ფსიქიკური ფენომენი დღეს სხვა დიაგნოზების, მაგალითად დეპრესიის მიღმა იმალება.
ეს ფენომენი ბოლო დროს პოპულარულ კონცეფციას, "მწუხარებათა იდიომებს" ერგება, რომლის მიხედვითაც, ყოველ კულტურას განსაზღვრული, დამკვიდრებული გზები აქვს ტანჯვის გამოსახატად. ზოგიერთ საზოგადოებაში ბევრს სვამენ, ზოგიერთში ყველაფერს ჯადოქრობასა თუ მაგიას აბრალებენ, ზოგიერთში კი საკუთარ თავს კოროს ან დეპრესიის დიაგნოზს უსვამენ.
მაგალითად, ისლამურ სამყაროში გავრცელებულია რწმენა, რომ ადამიანი ჯინებმა ან ბოროტმა სულებმა შეიძლება შეიპყრონ. ისინი ცუდები, კარგები ან ნეიტრალურები შეიძლება იყვნენ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ადამიანის უცნაური საქციელი ბრალდებათ ხოლმე.
ეს იდეა ისეთი გავრცელებულია, რომ მუსლიმთა წმინდა წიგნში, ყურანშიც კი გვხვდება. "ჩემს ბევრ პაციენტს ამ ყველაფრის მტკიცედ სჯერა", — აღნიშნავს შაჰზადა ნავაზი, ფსიქიატრ-კონსულტანტი დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ მანჩესტერის საავადმყოფოდან. მისივე თქმით, ისლამურ კულტურაში ჯინებზე აპელირებას დასავლური ფსიქიკური დაავადებების თანმხლები სტიგმა ხდის საჭიროს. ლონდონში მენტალური აშლილობების მკურნალობის პროცესში ჩართულ 30 ბანგლადეშელ პაციენტს შორის ჩატარებული კვლევის შედეგები ამ მოსაზრებას ამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მონაწილეებს შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზები ჰქონდათ დასმული, მათი ოჯახის წევრები მაინც თვლიდნენ, რომ ისინი ჯინებით იყვნენ შეპყრობილნი.
მაგრამ რამდენად მართებულია იმის მტკიცება, რომ კულტურაზე მიბმული დაავადებების არსებობა მხოლოდ ჩვენი განსხვავებული ხედვების შედეგია? მეორე შესაძლებლობის მიხედვით, ჩვენი საზოგადოება იმასაც კი განსაზღვრავს, თუ როგორ ვხდებით ავად.
როგორ განვავსხვავოთ ფიზიკური ტკივილი ფსიქოლოგიურისგან
როგორც აღმოჩნდა, დისტრესს დედამიწის სხვადასხვა წერტილში განსხვავებულად განიცდიან. 21-ე საუკუნეში აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში თუ ევროპის კონტინენტზე ეს მდგომარეობა სევდის, ბრაზისა და შფოთვის შეგრძნებების მეშვეობით გამოიხატება, რაც, სინამდვილეში, უცნაურიც კია. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ეთიოპია და ჩილე, დისტრესის სიმპტომები ფიზიკურად ვლინდება.
მაგალითისთვის, ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური ცნობარის უახლესი გამოცემა პანიკურ შეტევას შემდეგნაირად აღწერს: "ძლიერი შიშის ან დისკომფორტის უეცარი ტალღა". კამბოჯელი ლტოლვილებისათვის კი ის კისრის არეში ტკივილით გამოიხატება. ისეთი მენტალური მდგომარეობებიც, როგორიც კორო ან Hwa-byung-ია, ფიზიკური სიმპტომებით ვლინდება.
ამის საპირისპიროდ, ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებული ფსიქიკური დაავადებები დასავლურ სამყაროში ძალიან იშვიათია და მათი არსებობა ცხარე კამათის საგანიც კია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ფიბრომიალგია სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა ეს სადავო მოსაზრებაა.
სინამდვილეში, დიდი ხანია ვიცით, რომ ჩვენს რწმენებს ჩვენივე გრძნობებზე დიდი გავლენა აქვს. ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს "ვუდუთი სიკვდილი", რაც შიშის გამო უეცარ გარდაცვალებას ნიშნავს. მსგავსი შემთხვევა ახალ ზელანდიაში მყოფმა ადრეულმა მოგზაურმა აღწერა: მაორელმა ქალმა შემთხვევით ტაბუდ გამოცხადებული ადგილიდან დაკრეფილი ხილი შეჭამა, რის შემდეგაც გამოაცხადა, რომ ტომის ბელადის სული ამ მკრეხელური საქციელისთვის დასჯიდა. ის მეორე დღესვე გარდაიცვალა.
სადავო საკითხია, კვდებიან თუ არა ადამიანები მხოლოდ შიშის საფუძველზე. თუმცა, იმის მრავალი მტკიცებულება არსებობს, რომ ჩვენს ფიქრებსა და გრძნობებს ჩვენზე აშკარა ფიზიკური გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ამის მაგალითია, როცა პაციენტს სჯერა, რომ წამალი გვერდით მოვლენებს გამოიწვევს და ამის გამო ასეც ხდება. მსგავს ფენომენს ნოცებოს ეფექტი ეწოდება.
"არსებობს შემთხვევები, როცა გამოცდილებებისთვის მინიჭებული მნიშვნელობა მათ ბიოლოგიურ სახეცვლილებას იწვევს", — ამბობს ბონი კაიზერი, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის ექსპერტი კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტიდან. ის ამის მაგალითად kyol goeu-ს ასახელებს, რაც სიტყვასიტყვით ქარით გადატვირთვას ნიშნავს. ამ ამოუცნობ დაავადებას გულყრა ახასიათებს და აშშ-ში ქმერ ემიგრანტებს შორისაა გავრცელებული.
ქმერთა მშობლიურ ქვეყანაში, კამბოჯაში, ფართოდ გავრცელებული შეხედულებაა, რომ ადამიანის სხეულში ქარის მსგავსი სუბსტანციით სავსე არხები გადის. მათი დახშობა ქარით გადატვირთვას იწვევს, რაც ადამიანს ან სამუდამოდ პარალიზებულს ტოვებს, ან კლავს. აშშ-ის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში ას ქმერ პაციენტს შორის ჩატარებული კვლევის მიხედვით, 36%-ს ამ დაავადებისეული შეტევა ერთხელ მაინც ჰქონდა გადატანილი.
ქარით გადატვირთვის შეტევა ჩვეულებრივ ნელა იწყება. მის წინა პერიოდში ადამიანი, უბრალოდ, თავს სუსტად გრძნობს. ერთ დღესაც კი მას წამოდგომისას თავბრუ ეხვევა, რაც შეტევის დაწყების ნიშანია. ადამიანი ძირს ეცემა, ვერ მოძრაობს და ვერ ლაპარაკობს, სანამ ნათესავები შესაბამის პირველად დახმარებას არ გაუწევენ, რაც, როგორც წესი, კიდურების დამასაჟება ან კოჭებზე კბენაა.
კაიზერის თქმით, ადამიანების უმრავლესობა თავბრუსხვევას მარტივად უმკლავდება. თუმცა, როცა ვინმე ამ სიმპტომს ქარით გადატვირთვის შეტევის დასაწყისად თვლის, იგი პანიკაში ვარდება. "ისინი ამ გრძნობას ჰყვებიან და თავს ვერ აკონტროლებენ", — ამბობს ექსპერტი.
მაშასადამე, ყველაფერს თავბრუსხვევას მიწერილი მიზეზი იწვევს. "ამ გზით სხეულში განცდილი რეალური შეგრძნებები არსებითად იცვლება", — ამბობს კაიზერი, — "ჩემთვის ეს მხოლოდ განსხვავებული ტერმინების ქონამდე არ დაიყვანება. ზოგი დაავადება მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში არსებობს და მთლიანად კულტურითაა განსაზღვრული".
კაიზერის აზრით, ფსიქიკური დაავადებების უმრავლესობის შემთხვევაში განსხვავებულია როგორც ადამიანების მიერ ფიზიკური სიმპტომების ინტერპრეტაცია, ასევე ის უკუკავშირიც, რომელიც კულტურულ იდეებს სხვადასხვა სახით გამოვლენის საშუალებას აძლევს.
რა სარგებელს მოგვიტანს დასავლური დაავადებების რევიზია
მას შემდეგ, რაც კულტურაზე მიბმული დაავადებების შესახებ ცოდნა გაღრმავდა, ფსიქოლოგებმა იმის გამოკვლევა დაიწყეს, დასავლური დაავადებებიც მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა თუ არა. ზოგიერთი აშლილობა, მაგალითად, შიზოფრენია, როგორც ჩანს, უნივერსალურია და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ასე თუ ისე იდენტურად ვლინდება. იმავეს ყველა დაავადებაზე ვერ ვიტყვით. მაგალითად, ბულიმია აღმოსავლურ კულტურებში ნაკლებად გვხვდება. მენსტრუაციისწინა სინდრომი ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და ინდოეთში, ფაქტობრივად, არ არსებობს. საკმაოდ თამამი მოსაზრების თანახმად კი, დეპრესია ინგლისურ ენაზე მოსაუბრე სამყაროს გამოგონებაა და იმ მცდარი მოსაზრებისგან წარმოიშვა, რომ მუდმივი ბედნიერება ნორმალური მდგომარეობაა.
თანამედროვეობაში მიამიტური იქნებოდა გვეფიქრა, რომ ფსიქიკური დაავადებები ჩვენი ცხოვრების წესისაგან დამოუკიდებელია. "ჩემი აზრით, ფსიქიკური აშლილობების განზოგადება და მათი სოციალური და ისტორიული სპეციფიკურობის არად ჩაგდება ყოვლად გაუმართლებელია", — ამბობს კევინ აჰო და იხსენებს, რომ ყურადღების დეფიციტის სინდრომი ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ ცნობარში მხოლოდ 1980 წელს შეიტანეს, — "აშკარაა, რომ ბავშვებს კონცენტრაცია ახლა უფრო უჭირთ, რადგან უამრავი სენსორული სიმულაციითა და ეკრანით არიან გარშემორტყმულნი. ეს რეალობისაგან განცალკევებული სამედიცინო აღმოჩენა არაა — ადვილი შესამჩნევია, როგორ გავლენას ახდენს ტექნოლოგია ბავშვების ფსიქიკაზე, ემოციებსა და ქცევებზე".
ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ მუდმივად ცვალებად თანამედროვე სამყაროში კულტურულად სპეციფიკურ დაავადებებს საკმარისი ყურადღება არ ეთმობა. "აღმოსავლეთ აზიურ კულტურებში დისტრესის სიმპტომების გამომხატველი ლექსიკა და ენა საკმაოდ განსხვავებულია", — ამბობს სუმინ ნა, მაკგილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი. ეს იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ აზიელი ემიგრანტები ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრებისას საკუთარ საჭიროებებს სრულფასოვნად ვერ გადმოსცემენ.
მისივე თქმით, დასავლური საზოგადოების დიდი ნაწილი დეპრესიასა და შფოთვას ქიმიურ დისბალანსად აღიქვამს, ამიტომაც დახმარებისათვის ექიმს მიმართავს და მედიკამენტების მიღებას იწყებს. აღმოსავლეთ აზიაში კი ეს დაავადებები სოციალურ, სპირიტუალურ, ოჯახურ პრობლემებად ითვლება და ხალხიც მათ მოგვარებას შესაბამისად — სპირიტუალური სეანსებით ან ოჯახური პრობლემების აღმოფხვრით ცდილობს.
სუმინ ნას აზრით, მნიშვნელოვანია პაციენტის ღირებულებათა შესახებ ინფორმაციის ქონა და იმის გათვალისიწნება, თუ რა ნორმებია დამკვიდრებული მათ კულტურებში. ასევე საჭიროა იმის გარკვევა, თუ რა უფლებები და პრივილეგიები დაკარგეს მათ ემიგრაციის შემდგომ, რადგან ცხოვების წესის ამგვარ რადიკალურ ცვლას ფსიქიკური პრობლემების გამოწვევა შეუძლია. "ვფიქრობ, ისიც საჭიროა, რომ მენტალურ ჯანმრთელობასა და აშლილობებზე ჩვენში გამჯდარი წარმოდგენები შევიცვალოთ და მხოლოდ მათზე და ცნობარებზე დაყრდნობით არ ვცადოთ პრობლემების გადაჭრა", — აღნიშნავს ის.
არც ის იქნება სწორი, ჩავთვალოთ, რომ ყველა პაციენტთან მკურნალობის იდენტური მეთოდები გაჭრის. ფსიქოლოგის თქმით, ზოგიერთი კულტურის წარმომადგენლების შემთხვევაში, მედიკამენტების მიღებაზე სასარგებლო, შესაძლოა, ფსიქოთერაპია აღმოჩნდეს.
თანამედროვე სამყარო — სახეობებიდან დაწყებული, ენებით დამთავრებული — მრავალფეროვნების მრავალგვარ სახესხვაობას კარგავს. სავარაუდოა, რომ მთელი რიგი ფსიქიკური დაავადებებიც გაქრობის პირასაა. ითენ უოტერსი წიგნში, ჩვენსავით შეშლილები, ბოლო პერიოდში მიმდინარე ნელ პროცესს — მენტალური დაავადებების ვერაგულად "ამერიკანიზაციას" აღწერს, რომლის დროსაც ფსიქიკურ და ემოციურ გამოცდილებათა მრავალფეროვანი სპექტრი ვიწროვდება და გარკვეულ ჩარჩოებს ერგება. უოტერსი ამას "სამყაროს შეშლილობის ჰომოგენიზაციას" უწოდებს.
აღწერილ პროცესში არა მხოლოდ ახალ დიაგნოზთა გამორჩენასა და მკურნალობის სწორი საშუალებების პოვნის ხელიდან გაშვებას ვრისკავთ, არამედ ფსიქიკური დაავადებების წარმოშობის გზებზე დაკვირვების შესაძლებლობასაც ვკარგავთ.
კომენტარები