მეორე მეორედ მოსვლა — ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი
"ეს არის ტიპიურად კახელი კაცი, ძალიან პატიოსანი, უაღრესად გულწრფელი და ნაღდი კაცია, ძალიან წესიერი კაცია" — თქვა ივანიშვილმა 2013 წელს, როცა პოსტი ღარიბაშვილს გადააბარა და დაამატა, რომ გუნდში ამ გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ. მან მემკვიდრეს ოჯახიც შეუქო და გაგვიმხილა, რომ ის "ვერტალიოტის" ყიდვისას გაიცნო:
"ირაკლი გავიცანი, თუ გნებავთ, სავაჭრო დეპარტამენტში იყო მემგონი, როდესაც პირველი ვერტალიოტი ვიყიდე ფრანგული და ფრანგები ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ასე არ გაეყიდათ [...] ვერტალიოტი. ფრანგებმა, კომპანიამ, ვინც მომყიდა ვერტალიოტი, ვინ არის ეს კაცი, გვაჩვენეთო, იქნებ ჩამოვიდეს საფრანგეთში, ჯერ ასეთი ფრანგული საიდან იცისო და მერე ასეთი ვაჭრობა საიდან ისწავლაო".
ეს იყო 2013 წელს. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს აქამდე და ამის შემდეგაც ჰქონდა ქმედებები თუ განცხადებები, რომელთა მოყოლაც ღირს. გეტყვით იმას, რომ სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მას ხშირად აკრიტიკებდნენ და ადანაშაულებდნენ ნეპოტიზმსა და "კახური კლანის" გაძლიერებაში. კიდევ ერთი დეტალი, რითაც ის საზოგადოებას ახსოვს, ივანიშვილისადმი მადლიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა განცხადებაში გამოხატავს.
ბიოგრაფია
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი 1982 წლის 28 ივნისს დაიბადა. სწავლობდა დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით მიიღო განათლება. პარალელურად, იგივე მიმართულებით ორი წელი ისწავლა საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში, 2005 წელს კი თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.
19 წლის ასაკში, 2001 წელს დაიწყო სტაჟირება საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, 2004 წელს კი ქართუ ჯგუფის შპს ბურჯის ლოჯისტიკის დეპარტამენტში შესყიდვების განყოფილების მენეჯერი გახდა. ერთი წლის შემდეგ, ამავე დეპარტამენტში დირექტორის მოადგილის პოსტზე გადავიდა, სადაც 5 თვე იმუშავა. მერე გახდა სააქციო საზოგადოება ქართუ ჯგუფის პრეზიდენტის თანაშემწე და ამ პოსტზე 3 წლის განმავლობაში, 2008 წლამდე იყო. პარალელურად, იყო საქველმოქმედო ფონდ ქართუს გამგეობის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი. ამავე წლებს ემთხვევა ქართული ოცნების დირექტორობა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პარტია. ღარიბაშვილის სამუშაო გამოცდილებაში მითითებულია საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენლის თანამდებობაც, ასევე, 2012 წლის თებერვლამდე ის იყო ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2012 წლის 15 თებერვლიდან ირაკლი ღარიბაშვილმა გადაინაცვლა პოლიტიკაში, გახდა პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი, წევრი და სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი. ამავე წლის ოქტომბრიდან ერთი წლის განმავლობაში იკავებდა შს მინისტრის პოსტს, 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს პრემიერმინისტრი.
ამის შემდეგ, ოფიციალურად, ღარიბაშვილმა კერძო სექტორში გადაინაცვლა. მის საჯარო ბიოგრაფიებში 2015 წლიდან 2018 წლამდე პერიოდი არ ჩანს, 2018 წელზე კი მითითებულია მხოლოდ კერძო სექტორი, კომპანიის დაკონკრეტების გარეშე. თუმცა უფრო მეტ დეტალს შეხვდებით მის დეკლარაციაში, რომელზეც სტატიის მომდევნო ნაწილში ვისაუბრებთ.
2019 წლის მარტიდან ივანიშვილი ოფიციალურად დაბრუნდა ქართულ ოცნებაში, გახდა პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარტიის პოლიტიკური მდივანი. 2019 წლის სექტემბრიდან არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 2021 წლიდან კი უკვე მეორედ არის პრემიერმინისტრი.
ბიოგრაფიის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ელენს. ჰყავს ცოლი და ოთხი შვილი.
დეკლარაცია
მთავრობაში ყოფნისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ექვსჯერ შეავსო. პრემიერის პოსტის დატოვებიდან თავდაცვის მინისტრობამდე შუალედში, მას ქონება შეემატა.
მისი ბოლო დეკლარაცია 2020 წლის 30 ოქტომბრითაა დათარიღებული. დოკუმენტის მიხედვით, იგი თბილისში, საბურთალოზე, გაგარინის ქუჩაზე ფლობს 121 კვ.მ. ბინას, რომელშიც 2009 წელს 100 000 ლარი აქვს გადახდილი. ამავე მისამართზე აქვს ავტოფარეხი, რომელიც 10 000 ლარად შეიძინა. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაშია ორი ბინა ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთსა და იმავე მისამართზე — 170 კვ.მ. და 159 კვ.მ. ფართობის. დეკლარაციის თანახმად, მას ორივე 2011 წელს, 221 000 და 185 000 ლარად აქვს შეძენილი. აქვე ფლობს ორ არასაცხოვრებელ ფართს, 38 კვ.მ. და 11 კვ.მ. ფართობის. გარდა ამისა, ღარიბაშვილი ცოლი, ნუნუკა თამაზაშვილი არის დაბა ბაკურიანში, 1 530 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც, დეკლარაციის მიხედვით, 76 500 დოლარად 2019 წელს შეიძინა.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაშია 2019 წელს გამოშვებული აუდი A8, რომელიც გამოშვების წელსვე 75 620 ევროდ აქვს შეძენილი. ნუნუკა თამაზაშვილის სახელზეა 2018 წელს გამოშვებული RANGE ROVER VELAR, რომელიც ასევე გამოშვების წელსაა შეძენილი და დეკლარაციის მიხედვით, გადახდილია 46 000 ევრო.
დოკუმენტის თანახმად, ღარიბაშვილის ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ არიან ჩართულნი სამეწარმეო საქმიანობაში და 2019 წელს არ მიუღიათ 500 ლარზე მეტის ღირებულების საჩუქრები.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს ბანკი ქართუს მიმდინარე ანგარიშზე 2 333 ლარი ჰქონდა, ხოლო ამავე ბანკის საბარათე ანგარიშზე 1 160 ლარი და 26 დოლარი. ნუნუკა თამაზაშვილს კი, ასევე ქართუ ბანკში, მიმდინარე ანგარიშზე 2 498 ლარი ჰქონდა, ხოლო საკრედიტოზე — 126 263 ლარი და 18 817 დოლარი. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილს დანაზოგის სახით აქვს 40 000 ლარი ნაღდი ფული.
ირაკლი ღარიბაშვილს 2019 წლის პირველ 8 თვეში შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოსტზე აღებული აქვს 240 776 ლარი, 2018 წელს კი, იგივე პოსტზე ჯამში 170 ათას ლარამდე მიიღო. მთავრობაში დაბრუნების შემდეგ, 2019 წლის ოთხ თვეში ღარიბაშვილმა 19 102 ლარი აიღო.
დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის ძვირადღირებულ მაჯის საათებზე. თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ცოლ-ქმარი სხვადასხვა პერიოდში 8 საათს ატარებდა, თითოეულის ფასი კი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.
მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, რომ საჯარო მოხელემ 10 ათას ლარზე ძვირადღირებული ნივთი დეკლარაციაში უნდა ასახოს, ღარიბაშვილის ოჯახის საათების კოლექცია დოკუმენტში ვერ მოხვდა.
ღარიბაშვილი — შინაგან საქმეთა მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების პირველი შინაგან საქმეთა მინისტრია. ის ამ პოსტზე პარტიის გამარჯვების შემდეგ, 2012 წელს დაინიშნა. სწორედ მას უკავშირდება ფარული ჩანაწერების აღმოჩენისა და შემდეგ, კამერების თანდასწრებით განადგურების საქმე. მაშინ, 2013 წელს, ითქვა, რომ 110 დისკი განადგურდა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ 144 ფაილს შეიცავდა. მანამდე კი, ეს მასალა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აჩვენეს, რაც ნაწილმა იმის გამო გააპროტესტა, რომ ფირებზე გამოსახული ადამიანების იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო.
ამის შემდეგ, არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ ასლები შენახულია. მოგვიანებით, უკვე პრემიერმინისტრობისას, ღარიბაშვილმა ეს დაადასტურა კიდეც. მისი თქმით, "ე.წ. ექსპერტები და ვიღაცები" მოსახლეობას ატყუებენ რომ ღარიბაშვილმა კადრების განადგურების პირობა დადო, სინამდვილეში კი, მას ამის უფლება არ აქვს.
"ჩვენ გავანადგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები ასობით. ეს კადრები როგორ შეიძლება მე გავანადგურო, რა უფლება მაქვს? ეს კადრები ინახება საქმეში".
აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე წელს, ღარიბაშვილის მოადგილე, გელა ხვედელიძე პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნების გამო დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს. ღარიბაშვილმა მაშინ თქვა, რომ კადრები წინა ხელისუფლებამ გადაიღო, ისინი დალუქული იყო და ხვედელიძეს მათი უსაფრთხოება ჰქონდა მინდობილი, თუმცა შურისძიების მოტივით, ინტერნეტში განათავსა.
ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას არაერთი ხმაურიანი აქცია უკავშირდება, სადაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, მოძალადეები ან არ დასჯილან, ან 100-ლარიანი ჯარიმების სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. პირველი ასეთი შემთხვევა 2013 წლის 8 თებერვალია, როცა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა ადგილზე მისულ ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ჩაშალეს.
მაშინ შსს-მ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის მელორ ვაჩნაძე, რომელიც, მიიჩნევა, რომ აქციებს ქართული ოცნების დავალებით აორგანიზებდა. დაკავებული იყო მიშა მესხიც, რომელსაც ახლა საზოგადოება "სოფო ბედიას ქმრის" სტატუსით უფრო იცნობს და რომელიც ამჟამად ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს წევრია. ის პარტიულ საქმიანობაშიც მონაწილეობს. ვაჩნაძე და მესხი სასამართლომ მეორე დღეს, 100-100 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2017 წლის 17 მაისსაც, როცა სასულიერო პირები და მრევლი მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ აქტივისტებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. "ტაბურეტით" მორბენალი მღვდელი და მოძალადეებით გარშემორტყმული ყვითელი ავტობუსები სწორედ ამ დღის "სიმბოლოა". ამ ადამიანების ნაწილი საერთოდ არ დასჯილა, ნაწილს კი, უკვე ტრადიციად ქცეული 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში არაერთხელ დაირღვა მუსლიმი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარნატირებული რელიგიური თავისუფლების უფლებაც, როცა ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში მუსლიმებს ქრისტიანმა მოსახლეობამ ლოცვის უფლება არ მისცა, შსს-ს კი არაფერი გაუკეთებია მათ დასაცავად. მეტიც, ამავე წელს, სოფელ ჭელაში შემოსავლების სამსახურმა მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი მოახდინა, რასაც პროტესტი მოჰყვა.
ირაკლი ღარიბაშვილს პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი ბარბარე რაფალიანცის საქმეც, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია. საუბარია 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების წინა ღამეს, 10 თვის ბავშვის გარდაცვალებაზე, რომელიც ქვევრში იპოვეს და იმავე ღამეს, ქართული ოცნების ლიდერები ამტიცებდნენ, რომ მკვლელობა ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა.
და ბოლოს, ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობისას საზოგადოებას პარლამენტში გაკეთებული განცხადებითაც დაამახსოვრა თავი. საქმე იმაშია, რომ ნათესავების დასაქმებაში მას თავიდანვე ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ჰყავს "კახური კლანი". ეს, პირველ რიგში, ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს გულისხმობს, რომელიც შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანია და კახეთში მისი გავლენების შესახებ არაერთხელ დაწერილა. ასევე, ზვიად ჯანყარაშვილს, რომელიც, ასევე, ღარიბაშვილის ნათესავია და მისი მინისტრობის პერიოდში შსს-ს გენინსპექციის უფროსად დაინიშნა. სწორედ მის უწყებაში ნათესავების დასაქმების შესახებ ჰკითხეს ღარიბაშვილს 2013 წელს, პარლამენტში, რაზეც ხუმრობით უპასუხა:
"თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?".
ღარიბაშვილი — პრემიერმინისტრი
2013 წლის მიწურულს ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან წავიდა და მემკვიდრედ 33 წლის ირაკლი ღარიბაშვილი დატოვა. ღარიბაშვილმა კი, მის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრად ალექსანდრე ჭიკაიძე დაასახელა.
შს მინისტრი მოგვიანებით არაერთი ფრთიანი ფრაზით გახდა ცნობილი, მაგალითად: "პიროვნება თალიბანი", "კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში", "თხევადი გერაინი" და სხვა. ჭიკაიძეს უკავშირებდნენ ქვეყანაში კრიმინალის ზრდას და უწყების არაეფექტური მართვისთვის აკრიტიკებდნენ, პრემიერი კი თავისი კადრით კმაყოფილი იყო და ამბობდა, რომ "ლექსო" სწრაფად იზრდება.
პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის საკადრო პოლიტიკაზე საუბრისას რთულია, არ გავიხსენოთ ოთარ ფარცხალაძე. სწორედ მან მოაწერა ხელი ფარცხალაძის მთავარ პროკურორად დანიშვნას, რომელიც ნასამართლევი აღმოჩნდა და დაახლოებით ერთ თვეში პოსტის დატოვება მოუხდა.
ღარიბაშვილი იყო პრემიერმინისტრი, როცა კოალიცია ქართული ოცნება ერთ-ერთმა ძირითადმა წევრმა დატოვა. ირაკლი ალასანიას მიერ დაფუძნებული პარტია კოალიციიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ალასანია, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, ღარიბაშვილმა გადააყენა. მანამდე არაერთხელ ვრცელდებოდა ინფორმაცია ღარიბაშვილი-ალასანიას დაპირისპირების შესახებ, ამბობდნენ იმასაც, რომ ღარიბაშვილი მას კონკურენტად აღიქვამს და არგუმენტად NDI-ის კვლევები მოჰყავდათ, სადაც ალასანიას გაცილებით მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე პრემიერ ღარიბაშვილს. ქართულ ოცნებასთან ასოცირებული ორგანიზაციები პერიოდულად ავრცელებდნენ ინფორმაციას ჯარში საკვების ინტოქსიკაციის შესახებაც, რომელიც ხან დასტურდებოდა, ხან — არა.
2014 წელს, მოულოდნელად, როცა თავდაცვის მინისტრი მივლინებით გერმანიაში იმყოფებოდა, მისი სამინისტროს მაღალჩინოსნები სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს (ე.წ. კაბელების საქმე). ალასანია მათ უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო და პროკურატურა საგანგებო ბრიფინგზე გააკრიტიკა, რამდენიმე საათში კი ის ღარიბაშვილმა გადააყენა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ალასანია ჯარში "კვების უზრუნველყოფას ვერ აკეთებს". მეტიც, ღარიბაშვილმა, მოგვიანებით, უკვე ყოფილს მინისტრს მოღალატე, ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციურიც უწოდა.
"პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, რაღაც კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი", — ამბობდა ღარიბაშვილი ალასანიას შესახებ.
ალასანიას გადაყენებას კიდევ ორი მინისტრის წასვლა და კოალიციიდან თავისუფალი დემოკრატების გამოსვლა მოჰყვა. ღარიბაშვილმა ისინი ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთობაში დაადანაშაულა და უსაყვედურა, რომ ერთი ხელის მოსმით დაივიწყეს გამარჯვება, "რომელსაც მივაღწიეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად".
ამის შემდეგ ღარიბაშვილს დიპლომატებთან იმის მტკიცება მოუწია, რომ ალასანიას წასვლა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გავლენას არ მოახდენდა.
ალასანია არ იყო ერთადერთი ადამიანი გუნდში, ვისაც ღარიბაშვილი დაუპირისპირდა. ქართული ოცნების სახელით არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თავდაპირველად კრიტიკის ობიექტი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გახდა, მიზეზი კი ის იყო, რომ მან "ხასიათი გამოავლინა" და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან ათონელზე არ გადაინაცვლა.
ივანიშვილის შემდეგ, მარგველაშვილის კრიტიკას არ მორიდებიან ღარიბაშვილის მთავრობის წევრებიც. დაპირისპირება განსაკუთრებით აშკარა მაშინ გახდა, როცა პრეზიდენტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის სურვილი გამოთქვა. მთელი მინისტრთა კაბინეტი, მათ შორის ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი თავისუფალი დემოკრატები, აცხადებდნენ, რომ ბრიუსელში ღარიბაშვილი უნდა წასულიყო. ასეც მოხდა.
რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ გიორგი მარგველაშვილის სახელზე საგარეო საქმეთა სამინისტროში შესული გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური მიწვევის შესახებ უწყებამ პრეზიდენტს თითქმის 4-თვიანი დაგვიანებით აცნობა, მარგველაშვილმა სამიტში მონაწილეობა დაადასტურა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, გაეროში პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი გაემგზავრებოდა. მედიაში გასაჯაროებული მიმოწერა პრემიერმინისტრმა არ უარყო და წუხილი იმის გამო გამოთქვა, რომ ეს მედიაში გავრცელდა.
ღარიბაშვილის მთავრობის ანტიმარგველაშვილისეული კამპანიის ნაწილი იყო პარლამენტში მის მოხსენებაზე მინისტრების არმისვლა, ასევე, უშიშროების საბჭოს სხდომებზე არ დასწრება და მისი როლის დაკნინება. უპასუხოდ არც მარგველაშვილი რჩებოდა და ქართული ოცნების არაერთ კანონს დაადო ვეტო, რომელთა დაძლევა პარლამენტს არ გასჭირვებია. საპრეზიდენტო ვადის დასასრულს კი, პრეზიდენტმა კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა.
ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობას დაემთხვა ტრაგედია ვერეს ხეობაში, როცა წყალდიდობამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. მის ხელისუფლებას დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებდნენ.
მისი პრემიერმინისტრობის დროს დაიწყო ლარის გაუფასურება, რაზეც კრიტიკას კრიტიკით პასუხობდა. მეტიც, ამბობდა, რომ მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარს "ინახავენ" და ამიტომ არ მყარდება ლარი.
ღარიბაშვილი იყო პრემიერმინისტრი, როცა რუსთავი 2-ის საქმე გააქტიურდა. ის და მისი მთავრობის წევრები ამას კერძო დავად მიიჩნევდნენ.
ღარიბაშვილი პრემიერი იყო მაშინაც, როცა სამეგრელოს ქალაქებში მათ შორის სკოლის მოსწავლეებს აჩვენეს ფილმი სახელწოდებით სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა, რომელშიც ძალადობის ამსახველი კადრებიც იყო. ამ "ღონისძიების" ინიციატორი ღარიბაშვილმა, მოგვიანებით, გუბერნატორად დანიშნა. კადრების ჩვენების გამო კრიტიკის პასუხად კი ღარიბაშვილმა თქვა:
"ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ კანონს გადავლენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა და ადამიანური მოპყრობა მათ ვერ დააფასეს".
მეტიც, ის წინა ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაში ადანაშაულებდა, თავად კი იმეორებდა, რომ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის მომხრეა.
"მათი [ენმ] დამსახურებაა, რომ აფხაზეთი და ოსეთი, ქვეყნის ტერიტორიის 20% დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი და მათი პოლიტიკის შედეგად მივიღეთ 25 ათასი დევნილი".
ის მიიჩნევდა, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა კოჰაბიტაცია იყო და "ამას სჭირდება გამოსწორება".
ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობას ემთხვევა საყდრისის აფეთქებაც — RMG Gold-მა დაიწყო მადნის მოპოვება იქ, სადაც, მეცნიერების აზრით, ისტორიული ძეგლი მდებარეობს. ამ საქმეზე დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
კიდევ ერთი საკითხი, რაც ღარიბაშვილის უკავშირდება, მისი ერთგვარი მეტსახელი, "ჰაკიმ ფაშაა". 2014 წელს Youtube-ზე hakim pasha-მ გაავრცელა ჩანაწერი სახელწოდებით "საკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია". კადრებში გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია ჩანს. ავტორი იმაზე მიუთითებს, რომ ცხედარს აქვს დაზიანებები. ეს ვიდეო პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის წინააღმდეგ სასამართლოზე გამოიყენა, ოპოზიციაში კი იყო აზრი, რომ Youtube-ზე კადრები ხელისუფლებამ ატვირთა, რის გამოც ღარიბაშვილს "ჰაკიმ ფაშად" მოიხსენიებენ.
ყველაფერთან ერთად, უნდა ითქვას ისიც, რომ ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს ამოქმედდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დაავადების დიაკნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას ითვალისწინებს.
პრემიერი ღარიბაშვილი და ადამიანის უფლებები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, როცა სასულიერო პირებმა და მრევლმა მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბიეს, პოლიციამ კი მათ კორდონის გარღვევის საშუალება მისცა. უკვე პრემიერმინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა რომ 17 მაისს პოლიციამ ძალიან კარგად იმუშავა და არცერთი ადამიანი არ დაზარალებულა, პოლიციის გარდა.
ღარიბაშვილს არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა, სამაგიეროდ, იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ჩაწერის ინიციატორი. მან მოითხოვა, ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ჩაწერილიყო, რომ ოჯახი ქალისა და კაცის ერთობაა.
სწორედ ღარიბაშვილი იყო პრემიერმინისტრი მაშინ, როცა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერი, სანდრო ბრეგაძე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
პრემიერმინისტრობისას ღარიბაშვილმა განაცხადა ისიც, რომ აბორტის წინააღმდეგია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუცილებლობა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით 12 კვირამდე აბორტი დასაშვებია და ამას არანაირი "განსაკუთრებული აუცილებლობა" არ სჭირდება, პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ თუ ასე არ არის, "მაშინ აბორტი არ უნდა გააკეთოს არცერთმა მოსიყვარულე ოჯახმა".
ღარიბაშვილი იყო მარიხუანის დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგიც. მეტიც, ის ამტკიცებდა, რომ "შემდეგ მოითხოვენ ლეგალიზაციას" და რომ სანამ ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, ეს არ მოხდება.
"სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ საუბრობს მთის განვითარებაზე, დემოგრაფიის საკითხებზე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს და საუბრობენ იმაზე, რომ თავისუფლად მოსწიონ ქუჩებში მარიხუანა. ვისაც სურს, თუ ასე ძალიან უნდათ, ეს მოუწოდონ თავიანთ შვილებს", — ამბობდა ღარიბაშვილი.
სამაგიეროდ, წყალობს ეკლესიაც და არც ეკლესია რჩება ვალში — ღარიბაშვილს პატრიარქისგან საჩუქრად მიღებული აქვს თეთრი ცხენი, "გულის ჯვარი", ხატები და ა.შ.
2015 წლის მიწურულს, ღარიბაშვილმა თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. გადადგომის შესახებ ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა პრესსამსახური არ ადასტურებდა. მისი გამოსვლა დღის განმავლობაში სამჯერ გადაიდო, საბოლოოდ კი, ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება ჟურნალისტების გარეშე, ვიდეო მიმართვით გააკეთა.
თანამდებობიდან წასვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მაგალითი მოიშველია და თქვა, რომ "ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და პოლიტიკური გავლენისა და პოპულარობის ზენიტში მყოფმა მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა". მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილმა უკვე ღარიბაშვილზე თქვა: "წარმატებების ზენიტში დატოვა ხელისუფლება, როგორც მე".
პაუზა
როგორც უკვე ვთქვით, ღარიბაშვილის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ ჩანს, სად მუშაობდა პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან 2018 წლამდე. 2018 წლის შემდეგ კი, ბიოგრაფიაში კერძო სექტორი უწერია, თუმცა დეკლარაციაში დაკონკრეტებულია — შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი.
მიუხედავად თანამდებობიდან წასვლისა, ღარიბაშვილი ქართული ოცნების მხარდამჭერად რჩებოდა. ის ესწრებოდა ქართული ოცნების ყრილობებსაც, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ამომრჩეველს საგანგებო განცხადებით ქართული ოცნების მხარდაჭერისკენაც მოუწოდა.
"საბოლოოდ უარი ვუთხრათ მოღალატე სააკაშვილს" — დაწერა მან Facebook-ზე არჩევნებამდე ორი დღით ადრე.
პარტიაში დაბრუნება
მიუხედავად იმისა, რომ გადადგომის წინ ღარიბაშვილმა გვითხრა, თანამდებობა დროებითია, მარადიული კი უფალი და სამშობლოაო, 2019 წელს პოლიტიკაში დაბრუნდა. მან ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა, არის პოლიტსაბჭოს წევრიც.
შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციისადმი აგრესიული რიტორიკა მან ჩვეულ სტილში გააგრძელა. იმავე დღეს, როცა მისი დაბრუნების შესახებ გახდა ცნობილი, ღარიბაშვილმა 2008 წელს ტერიტორიების დაკარგვაში კვლავ ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა და თქვა, რომ წინა ხელისუფლება რუსეთის ჯარს შემოუძღვა.
20 ივნისის შემდეგ, ღარიბაშვილი ამბობდა, რომ გიორგი გახარიას, რომელმაც აქციის მონაწილეების დაშლის ბრძანება გასცა, გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, სპეცრაზმელების გადაცდომებს შეისწავლიან, დანარჩენი კი არის "უბრალოდ იმ უდიდესი შეცდომის გადასაფარად ატეხილი ისტერია, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა". მეტიც, Tbilisi pride-ის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშიც ენმ-ს დაუკავშირა, "პროვოკაციული მარში" უწოდა და ლგბტქ აქტივისტებს მიმართა, საზოგადოება არ გააღიზიანონ.
"ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არის ტრადიციული, კონსერვატიული, შესაბამისად, ის, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არის აღშფოთებული მსგავსი ტიპის მარშების და პარადების მიმართ არის აბსოლუტურად გასაგები. ამ უმცირესობის წარმომადგენლებს მივმართავ, არ გააღიზიანონ, ძალით არ გამოიწვიონ საზოგადოების დანარჩენი წევრები. რეალურად მათ საქართველოში არავითარი პრობლემა არ აქვთ. ჩვენ ტოლერანტული ხალხი ვართ. ეს არის მორიგი მოგონილი პროვოკაცია, რომელიც დაიგეგმა ნაცმოძრაობის და მათი ლიდერების ორგანიზებით ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ".
თავდაცვის მინისტრი
მთავრობაში დაბრუნების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, ვის მიმართაც ღარიბაშვილს უხეში რიტორიკა არ დაუშურებია, გირჩი იყო. მინისტრმა პარტია მათ მიერ დაფუძნებული ბიბლიური თავისუფლების გამო გააკრიტიკა და ახალგაზრდობის "დეგრადაციასა" და სახელმწიფოსთვის "ძირის გამოთხრაში" დაადანაშაულა.
"არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა ვთქვა, რომ ამ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას, მე არ მოვერიდები თქმას, რომ ეს არის ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი", — თქვა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი, როგორც მინისტრის, ერთ-ერთი პირველი ამოცანა ამ საკითხის დარეგულირება იქნება.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ღარიბაშვილმა, როგორც თავდაცვის მინისტრმა, საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, არის კარტოგრაფების საქმე. პროკურატურის ინფორმაციით, მათ სწორედ თავდაცვის სამინისტრომ მიმართა. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შემდეგ, ღარიბაშვილმა უკვე დაადანაშაულა ნაციონალური მოძრაობა დავით გარეჯის დაკარგვაშიც. პოლიტიკის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე წინასაარჩევნოდ საუბარი და იმის თქმა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ტერიტორიები დაკარგა, ქართული ოცნების წისქვილზე ასხამდა წყალს, ამიტომ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი.
"გარკვეული ფრაგმენტები, გარკვეული საზღვრის მონაკვეთები ამ ბატონებმა, სააკაშვილი დავარქვათ, კოლექტიური სააკაშვილები არიან ყველანი, ვინც ეს ღალატი ჩაიდინა, ან მცდელობა ჰქონდა და ჩვენ წავუსწარით ბედზე", — თქვა მან.
მეორე დასაწყისი
ირაკლი ღარიბაშვილი უკვე გახდა საქართველოს პრემიერმინისტრი მეორედ. პირველივე განცხადებაში, როცა ის ამ პოსტზე წარადგინეს, თქვა, რომ წესრიგს და წონასწორობას ძალიან მალე აღადგენს. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ზუსტად იმ დღეს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიცია არ შეუშვეს, გიორგი გახარია კი გადადგა და შსს-მ ენმ-ის ლიდერი დაკავება "დროებით" გადადო. მინისტრს ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებენ მელიას დაკავებას — მან თქვა მხოლოდ ის, რომ ვადებში შეზღუდულები არ არიან. უკვე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა კი პარლამენტში თქვა, რომ მელია "ჩვეულებრივი კრიმინალია" და "თურმე არ უნდა შევეხოთ ნიკა მელიას".
აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის ივნისში ღარიბაშვილი ამბობდა: "რატომ დადის მელია გარეთ, გამაგებინეთ? რატომ, რატომ დადის? მიუღებელია ჩემთვის". ცხადია, წინასწარ ვერ გვეცოდინება, რას იზამს ძველი ახალი მთავრობა, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან აქციის გადადებისა და მოლაპარაკებებისთვის მზაობის გამოთქმისა, ღარიბაშვილმა თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ იქნება.
ივანიშვილმა მეორედ წასვლის დროს მტკიცედ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აღარ ჩაერევა. მეტიც, მან მოუწოდა ქართული ოცნების ლიდერებს, ამ საკითხებზე არც დაურეკონ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკის სპეციალისტები პრემიერმინისტრის პოსტზე მადლიერებით სავსე ღარიბაშვილის დასახელებას სწორედ მისი "მთავარსარდლის" (როგორც თავად უწოდა, სხვათა შორის, თავდაცვის მინისტრობის დროს) გადაწყვეტილებას უწოდებენ.
კომენტარები