პანდემიის გამო ბევრ რამეზე მოგვიწია უარის თქმა, მათ შორის მოგზაურობაზეც: კარანტინში უცხო ქვეყნის ხმები, გემოები და ხედები თითქოს კიდევ უფრო შორს, პარალელურ სამყაროში დარჩა.

ერთი შეხედვით, ნელ-ნელა ადრინდელ რუტინას ვუბრუნდებით და სამომავლო გეგმებს უფრო იმედიანად ვალაგებთ, თუმცა მოგზაურობა ჯერ კიდევ რთული და ნაკლებად უსაფრთხო ჩანს.

ამის მიუხედავად, საერთო დანაკლისის ნაწილობრივ შევსება ვებგვერდ Radio Garden-ის საშუალებით შეგიძლიათ, რომელიც ნებისმიერ მსურველს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს: დედამიწის ლამის ყველა წერტილიდან ადგილობრივი რადიოს სიხშირე დაიჭიროთ და მოუსმინოთ.

ვიღაცები იტყვიან, რაღა დროს რადიოა, კავშირის ამ სახეობამ უკვე თავისი დრო მოჭამაო, მაგრამ საკმარისია, ამ განსაკუთრებულ გლობუსზე ათასობით სიგნალიდან ერთ-ერთის დაჭერა სცადოთ, რომ მაშინვე გაიგებთ, რა ხიბლი შეიძლება ჰქონდეს მას.

ფოტო: Radio Garden

ამ ვებგვერდის სერვისით სარგებლობა ძალიან მარტივია: ხელის გულზე გადაშლილ დედამიწის გლობუსს მარტივად დაატრიალებთ და სასურველ წერტილს შეარჩევთ.

დიახ, შეგიძლიათ გაიგოთ, მოცემულ მომენტში რა სიმღერას უსმენენ ბრაზილიის პატარა ქალაქში, რა სიახლეებს გადმოსცემენ ლონდონში ან კიდევ რაზე საუბრობენ ინდურ რადიოში. ამ უკანასკნელის გაგება უმეტეს თქვენგანს, ალბათ, გაუჭირდება, მაგრამ შეგიძლიათ, უბრალოდ ყური დაუგდოთ მაინც და ცოტა ხანი თავი იქ წარმოიდგინოთ.

რაც მთავარია, ეს ყველაფერი სრულიად უფასოა.

პლატფორმაზე მარცხენა კუთხეში მოთავსებულია საინფორმაციო ჩარჩო, რომელიც გაცნობებთ, თუ რომელი ქვეყნის და ქალაქის რადიოს უსმენთ, რომელი საათია ადგილობრივი დროით და ახლომდებარედ სხვა რომელი სიხშირის დაჭერა შეგიძლიათ.

მოკლედ, ის Google Maps-ის მსგავსად მუშაობს და როგორც ტერიტორიის მოახლოება, ისე დაშორება შეგიძლიათ.

ფოტო: Radio Garden

Radio Garden 2016 წლიდან ფუნქციონირებს და მას ამსტერდამში მცხოვრები ჯონათან პაკი განკარგავს. კომპიუტერულ ვერსიასთან ერთად, არსებობს მობილურის აპლიკაციაც, რომელიც როგორც თქვენი ანდროიდებისთვის, ისე iOS სისტემისთვისაც შეგიძლიათ გადმოიწეროთ და სულ უცებ მსოფლიო ნებისმიერი კუთხის ხმები შეიგრძნოთ.