საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ადვოკატი სექსუალურად ავიწროებდა ქალს, რომელსაც ჰქონდა მოლოდინი, რომ იურიდიულ კონსულტაციას გაუწევდა. საქმეზე ომბუდსმენს ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, საფარმა მიმართა.

ომბუდსმენის დასკვნის მიხედვით, ორი არასრულწლოვნის დედამ, რომელიც ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, ბავშვების მამისგან ალიმენტის მოთხოვნის მიზნით სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა. უსახსრობის გამო, ნინო გოდერძიშვილი უფასო იურიდიული დახმარებისთვის სხვადასხვა ორგანიზაციას დაუკავშირდა. ერთ-ერთი ორგანიზაცია დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ქალმა, ბავშვების გამო, ოფისში მისვლა ვერ მოახერხა და კომპანიას დისტანციური კონსულტაცია სთხოვა. რამდენიმე დღეში მას Facebook-ზე დაუკავშირდა ადვოკატი, რომელიც, ნინოს თქმით, მიმართავდა ძალიან ფამილარულად, შენობით, რაც მისთვის გასაკვირი იყო, თუმცა, ქალი შეეცადა აეხსნა საქმის დეტალები, რომლებიც, მისი აზრით, საჭირო იქნებოდა ალიმენტთან დაკავშირებული სარჩელის მომზადებისთვის.

სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, ადვოკატმა ქალს უთხრა, რომ სიტუაცია, ფაქტობრივად, უიმედო იყო და მის გარდა ვერავინ დაეხმარებოდა. საკუთარი მაღალი პროფესიონალიზმის დასადასტურებლად კი, მის შესახებ ლინკებსა და ვიდეომასალებს უგზავნიდა.

"ვინაიდან განმცხადებელი პროფესიით არის ექიმი და შეხება არ ჰქონია სამართალთან, დააიმედა ადვოკატის საუბარმა და ჩათვალა, რომ იგი სამართლებრივი დავის წარმატებად დასრულებისთვის უკანასკნელი იმედი იყო", — აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ნინო გოდერძიშვილი ამბობს, რომ კომუნიკაციის პერიოდში, ადვოკატი ლ.ჯ. იწყებდა სხვადასხვა საკითხზე საუბარს — თავდაპირველად, შედარებით ნეიტრალურ თემებს არჩევდა, შემდეგ კი პირადი ხასიათის საკითხებს ეხებოდა. ქალის თქმით, ამან დააბნია და დელიკატურად, "ღიმილაკით" უბრუნებდა პასუხს.

"მიმოწერის დროს, ადვოკატი აქცენტს აკეთებდა საკუთარ ფიზიკურ მონაცემებზე და განმცხადებელს პერიოდულად უგზავნიდა თავის ფოტოებს/ვიდეოებს, გადაღებულს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას (ქუჩაში, ზღვის სანაპიროზე, სავარჯიშო დარბაზში, ტელესტუდიაში, ჰამაკში წამოწოლილი და ა.შ.), ერთ-ერთი ვიდეო კი გამოაგზავნა შეკითხვით — აბა, არ მოგწონვარ?", — აღნიშნულია სახალხო დამცველის დასკვნაში.

გარდა ამისა, ადვოკატი კაცი ნინო გოდერძიშვილს ეკითხებოდა, მოსწონდა თუ არა ის, უგზავნიდა გულებს და კოცნის სმაილებს. ქალმა ამაზე გამოხატა გაკვირვება და მიუთითა, რომ ზღვარს გადადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ალიმენტის საქმის მოგებას დაჰპირდა, შემდეგ ტაქტიკა შეცვალა და უთხრა, რომ სამართლებრივი დავისთვის თავი დაენებებინა. ნინო გოდერძიშვილის თქმით, ადვოკატი ეუბნებოდა, შეეშვას წყლის ნაყვას და "ღირსეული ვინმე" იპოვოს და რომ "ცუდ ქმარს კარგი საყვარელი სჯობს". საპასუხოდ, ქალმა ადვოკატს უთხრა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი საქმეა.

რადგან მანამდე საქმის ვითარებაში გასარკვევად ადვოკატს გააცნო პირადი ინფორმაცია, ნინო გოდერძიშვილს გაუჩნდა შიში, რომ კაცი ამას მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებდა. ამის საფუძველს კი აძლევდა ადვოკატის მონათხრობი, თუ როგორ აშანტაჟებდა პოლიციის უფროსებსა და პროკურორებს. გარდა ამისა, ლ.ჯ. გამუდმებით საუბრობდა მის გავლენებზე და გავლენიან თანამდებობის პირებთან ნაცნობობაზე. ამიტომ ქალმა გადაწყვიტა, სიტუაციისგან თავი ისე დაეღწია, რომ ადვოკატი ზედმეტად არ გაეღიზიანებინა — ნელ-ნელა, "ღიმილაკებითა" და მინიშნებებით მიეხვედრებინა, რომ არასწორად და არაეთიკურად იქცეოდა.

მიმოწერის მშვიდად დასრულების მიზნით, ქალმა ლ.ჯ.-ს უთხრა, რომ სასიამოვნო იყო ასეთ ინტელექტუალურ და საინტერესო ადამიანთან საუბარი და აუცილებლად შეიტანდა სარჩელს მისი რჩევების გათვალისწინებით. რაზეც პასუხად მიიღო, რომ დამოუკიდებლად ამას ვერ შეძლებდა და აუცილებელი იყო ადვოკატის დახმარება, ასევე, შეხვედრა და საუბარი. ნინო გოდერძიშვილი ამბობს, რომ პირდაპირ უარის თქმა შეეშინდა, ამიტომ უპასუხა, რომ ადვოკატის ასაყვანად ფული არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ მიმართა ორგანიზაციას უფასო კონსულტაციისთვის. ქალის თქმით, ამის შემდეგ კაცმა უსახსრობის თემა გამოიყენა და მის მოსასყიდად ახალ ხერხს მიმართა — უგზავნიდა მანქანის, ფულის, მაცივრის, საკვების, ყველის, საბანკო ანგარიშის ამონაწერის ფოტოებს და ხაზს უსვამდა, რომ ყველაფერი ძვირადღირებული იყო. გაუგზავნა თავისი ფოტოც და მიუთითა, რომ 3 000-დოლარიანი პიჯაკი აცვია.

მორიგი კომუნიკაციის დროს, ქალმა ადვოკატს უხეშად უპასუხა, რომ არ აინტერესებს სხვისი ქონება, რაზეც კაცმა შეურაცხყოფა მიაყენა — უწოდა "უტვინო გოიმი", "სოფლელი" და უთხრა, რომ "კაცთან მოქცევა" არ იცის.

ამის შემდეგ, ქალმა ადვოკატი სოციალურ ქსელში დაბლოკა. ნინო ამბობს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში იყო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, რადგან წარსულში გამოვლილი ძალადობის გამო გამოწვეული დეპრესია ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაძლეული და ადვოკატის ქცევა უკიდურესად რთული აღმოჩნდა.

Facebook-ზე დაბლოკვიდან ორ კვირაში, ერთ-ერთ ჯგუფში მომხმარებელმა დაწერა პოსტი, რომ ჰქონდა ზედმეტი პროდუქტი და გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა. ნინო გოდერძიშვილი ყვება, რომ კომენტარებში მანაც შესთავაზა სურსათის დამატება. პოსტის ავტორმა გამოთქვა სურვილი, რომ ნინოს სახლში გაუვლიდა და მის პროდუქტსაც წაიღებდა. როგორც ქალი ამბობს, პროდუქტის წასაღებად მართლაც მივიდნენ და ლიფტთან ჩასვლა სთხოვეს, უკვე ლიფტში შესულმა ადამიანმა კი, რომელიც პროდუქტების წასაღებად იყო მოსული, მოულოდნელად ვიღაცას დაუძახა და ამავე ლიფტში შეიყვანა. ნინო გოდერძიშვილი ამბობს, რომ გაუჩნდა შეგრძნება, თითქოს კაცს საიდანღაც იცნობდა, რაც მაშინვე იკითხა, თუმცა ლიფტში მყოფმა კაცმა იუარა.

"პროდუქტების გადაცემისთანავე მ.ჭ.-მ [ადამიანი, ვინც პროდუქტების წასაღებად მივიდა] დაჟინებით მოითხოვა, რომ განმცხადებელიც [ნინო გოდერძიშვილი] გაჰყოლოდა დასარიგებლად. განმცხადებელს უცნაურად მოეჩვენა ეს შეთავაზება და უარი განაცხადა, რაზეც მ.ჭ.-მ უპასუხა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ფონდს დიდი პრობლემები შეექმნებოდა, რადგან ცილს დასწამებდნენ, თითქოს პროდუქტს არ არიგებდა და თვითონ მიჰქონდა სახლში. განმცხადებელი ძალიან დააბნია ამ ყველაფერმა, არ ესიამოვნა უჩვეულო დაჟინებულობა და კვლავ უარი უთხრა, მიზეზად დაასახელა, რომ ბავშვებს მარტო ვერ დატოვებდა. პასუხად შესთავაზეს, რომ ბავშვებიც თან წაეყვანა, რადგან სულ 2 წუთის საქმე იქნებოდა, მანქანით მიიყვანდნენ და შემდეგ უკან დააბრუნებდნენ. განმცხადებელმა უარი ვეღარ თქვა, ჩასხდნენ მანქანაში, წაიღეს პროდუქტი. [...] ნინო გოდერძიშვილს მოსვენებას არ აძლევდა ის ფაქტი, რომ მ.ჭ.-ს თანმხლები კაცი ეცნობოდა, თუმცა კითხვებისგან თავს იკავებდა. გზაში მ.ჭ.-ს ტელეფონზე დაურეკეს, რა დროსაც მან ახსენა ლ.ჯ.-ს სახელი. სახელის გაგონებაზე განმცხადებელს გაახსენდა, რომ კაცი ფეისბუქის მიმოწერიდან ეცნობოდა, ძალიან ანერვიულდა და დაიბნა, თუმცა, ვინაიდან ბავშვები ახლდნენ, ცდილობდა, არაფერი შეემჩნია. განმცხადებლის განმარტებით, როდესაც სახლთან დაბრუნდნენ და მანქანიდან ჩასვლა დააპირა, მოულოდნელად მ.ჭ. აყვირდა, ისტერიული და განერვიულებული ტონით მიმართავდა ლ.ჯ.-ს: დიდი მადლობა ბატონო ლ., რომ ასე ეხმარები ჩემს ფონდს! კმაყოფილი ხარ?! ახლა უკვე იცი ამ გოგოს ნომერიც, ამ გოგოს მისამართიც და შეგიძლია ურეკო და მიაკითხო ჩემი ფონდის გარეშე რამდენჯერაც გინდა! აღნიშნულზე მოპასუხემ [ადვოკატი] უპასუხა — დაწყნარდი, უბრალოდ ჩემი კლიენტია, რა მოხდა მერეო, მ.ჭ-მ კი დაამატა — ძალიან კარგად ვიცი, როგორც გხვდებიან შენი კმაყოფილი კლიენტები და ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ არის, უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ ასე იქცევი და მეც და ჩემს ფონდს ასე იყენებ. მოპასუხემ ამაზე უპასუხა: უბრალოდ ნევროზი გაქვს და მეტი არაფერი არ ხდება, მეუღლე ჰყავს რეებს ამბობო, რაზეც მ.ჭ.-მ უპასუხა — კარგად იცი, რომ არ ჰყავსო", — აღნიშნულია სახალხო დამცველის დოკუმენტში.

ნინო გოდერძიშვილი ამბობს, რომ სახლში მისვლის შემდეგ ძალიან დაძაბული და შეშინებული იყო.

რამდენიმე დღეში მას ადვოკატი სხვა Facebook ანგარიშიდან დაუკავშირდა, რომელიც ქალმა ასევე დაბლოკა. მას დაეწყო შიში და ბავშვების გასეირნებისას ეგონა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაცია საფარს დაკავშირებოდა.

მას შემდეგ, რაც ადვოკატმა საფარის დახმარებით გაკეთებული საჩივრის შესახებ შეიტყო, ნინოს დაურეკა. ქალმა გააფრთხილა, რომ აღარ დაერეკა, რის შემდეგაც ლ.ჯ. დაემუქრა. ადვოკატმა შსს-ს მიმართა, თითქოს ნინო გოდერძიშვილი მას დევნიდა და ავიწროებდა, თუმცა უწყებამ გამოძიება არ დაიწყო. ამასთან, ადვოკატმა ფეისბუქიდან გადმოწერა ნინოს ფოტოები, განათავსა ერთ-ერთ ჯგუფში და ცილი დასწამა, რის შედეგადაც, ჯგუფის წევრები ქალს ლანძღავდნენ. ნინო გოდერძიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და ადვოკატზე გამოიწერა შემაკავებელი ორდერი ფსიქოლოგიური ძალადობის, ადევნების და საჯარო შეურაცხყოფის ფაქტზე. გარდა ამისა, ქალმა პროკურატურას მიმართა ადევნების მუხლით გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ადვოკატის პასუხი

სახალხო დამცველი დაუკავშირდა ადვოკატსაც. ლ.ჯ. აცხადებს რომ არასდროს ყოფილა ნინოს მიერ დასახელებული კომპანიის ადვოკატი და იურიდიულ კონსულტაციებს Facebook-ით არ გასცემს. მოგვიანებით კი თქვა, რომ ქალი მას თავად დაუკავშირდა, მოიპოვა ნდობა და ადვოკატისგან მიიღო პირადი და პროფესიული ინფორმაცია. ლ.ჯ. ამბობს, რომ მიმოწერაში სიმპათიას გამოხატავდა, რაც, "ჩვეულებრივ, იყო ორმხრივი დიალოგი".

კაცი ამტკიცებს, რომ ნინო გოდერძიშვილისთვის ტელეფონის ნომერი არასოდეს უკითხავს, არც დაურეკავს და არც შეხვედრა უთხოვია. ის ირწმუნება, რომ რაც ქალმა მისი დაქორწინების შესახებ შეიტყო, ეჭვიანობის გამო შურისძიებას ცდილობს. ლ.ჯ.-ს ინფორმაციით, ის დაქორწინდა იმ ადამიანზე, ვინც ნინო გოდერძიშვილთან პროდუქტების წამოსაღებად იყო მისული. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნინო მ.ჭ.-ს სწორედ ეჭვიანობის გამო დაუკავშირდა და რადგან იცოდა მისი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ, პროდუქტები შესთავაზა.

რაც შეეხება ლიფტის ეპიზოდს, ადვოკატი ამბობს, რომ მ.ჭ.-ს თავდაპირველად მანქანაში ელოდა, შემდეგ კი იმის გამო გადავიდა, რომ პროდუქტების გადმოტანაში დახმარებოდა. მისი მტკიცებით, ნინო გოდერძიშვილს ამ სურსათის დასარიგებლად წაყოლა იმიტომ შესთავაზეს, რომ მათ კეთილსინდისიერებაში დარწმუნებულიყო.

ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი ქორწილის ფოტოების გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში ნინო გოდერძიშვილმა ადვოკატთა ასოციაციას ეჭვიანობის გამო მიმართა. კაცის მტკიცებით, როდესაც ამ განცხადების შესახებ გაიგო, ქალი ვერ გაიხსენა, თუმცა, იქვე, ლ.ჯ. ირწმუნება, რომ გოდერძიშვილმა მისი ნდობა ბოროტად გამოიყენა და მისთვის განდობილი ინფორმაცია მიაწოდა მის მტრებს. ინფორმაციის განდობის მიზეზად კი ის ასახელებს იმას, რომ ქალს მეგობრად მიიჩნევდა.

ლ.ჯ. აღნიშნავს, რომ ქალი ცილს სწამებს და თავად ახდენს მის შანტაჟსა და დისკრედიტაციას, როდესაც თავს წარმოაჩენს სექსუალური შევიწროების მსხვერპლად. ადვოკატი ამტკიცებს, რომ Facebook მიმოწერის ე.წ. "სქრინები" ქალმა მისი სახელით შექმნილი ყალბი ანგარიშიდან აიღო. მეტიც, ის სახალხო დამცველს მიმართავს, დაიწყოს ნინო გოდერძიშვილის მხრიდან მისი "გენდერული ნიშნით სექსუალური შევიწროების" საკითხის შესწავლა.

რას ამბობს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ადვოკატის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნინო გოდერძიშვილი მიმართ სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატა არასასურველ სექსუალური ხასიათის მიმოწერაში, რომელმაც ქალს შეუქმნა დამამცირებელი და დამაშინებელი გარემო.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კანონის მიხედვით, ადამიანმა, რომელიც აცხადებს რომ სექსუალურად შეავიწროვეს, ომბუდსმენს ან სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს, შემდეგ კი, მოპასუხემ საწინააღმდეგო უნდა დაამტკიცოს. სახალხო დამცველის დასკვნაში მითითებულია, რომ ადვოკატს წონადი საწინააღმდეგო არგუმენტები არ წარმოუდგენია.

"ლ.ჯ.-ს მიერ მითითებული გარემოებები შეიცავს ფაქტობრივ უსწორობებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების სანდოობას. მოპასუხე [ადვოკატი] უთითებს, რომ მას განმცხადებელი თავად შეეხმიანა, წინასწარი განზრახვით მოიპოვა მისი ნდობა და ყველანაირი ინფორმაცია შეიტყო. საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულებით, სადაც სრულად არის ასახული მხარეთა კომუნიკაცია 2020 წლის 25-26 ივლისს, ნათლად დასტურდება, რომ სწორედ მოპასუხეა {ადვოკატი] დიალოგის ინიციატორი და ის თავისი ნებით აწვდის მისი და მისი კლიენტების შესახებ ინფორმაციას", — აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის განცხადებით, ნინო გოდერძიშვილის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ეჭვქვეშ არდაყენების საფუძველს იძლევა ისიც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადვოკატის მიმართვაზე გამოძიება არ დაიწყო.

სახალხო დამცველი დამატებით განმარტავს, რომ ქალის მიერ წარდგენილი ე.წ. სქრინშოთებისა და ვიდეოების ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ გააჩნია და კომუნიკაციის სანდოობა დადასტურებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმითაც ფაქტების კონსტატაციის შესახებ.

ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ვინაიდან ადვოკატსა და ქალს შორის დიალოგი დაიწყო კითხვით: "როგორ უნდა მივმართო გოგოს, რომელმაც დამაინტერესა" და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ იკვეთება საადვოკატო საქმიანობის, კერძოდ, სამართლებრივი კონსულტაციის განზრახვა, სახეზეა არა როგორც ადვოკატის, არამედ უცხო პირის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტი. ომბუდსმენის განცხადებით, ნინო გოდერძიშვილს ჰქონდა აღქმა, რომ ესაუბრებოდა ადვოკატს, თუმცა, მისი მხრიდან მხოლოდ სუბიექტური აღქმის არსებობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხარეთა შორის ადვოკატ-კლიენტის სამართალურთიერთობის წარმოშობის წინაპირობად, რადგან არ იკვეთება ხელშეკრულების დადებისთვის აუცილებელი წინაპირობა — ადვოკატის ნება, შეასრულოს პროფესიული საქმიანობა.

ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს ლ.ჯ.-ს, მომავალში არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

საქართველოს კანონმდებლობით, სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. ანტიდისკრიმინაციული კანონით განსაზღვრული სამართლებრივი დაცვა ნებისმიერ სივრცეში განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებას ფარავს — ეს შეიძლება იყოს სამუშაო ადგილი, საგანმანათლებლო სივრცე, სამედიცინო სივრცე, საჯარო სივრცე — საზოგადოებრივი ტრანსპორტის, კვების/გასართობი/დასასვენებელი ობიექტების ჩათვლით, და სხვა ნებისმიერი სივრცე, სადაც სექსუალური შევიწროების ფაქტს შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

სტამბოლის კონვენციის მიხედვით, სექსუალური შევიწროება მრავალი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს — ეს შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი ფორმით სექსუალური ხასიათის ნებისმიერი შენიშვნა, შეკითხვა, ხუმრობა; ასევე, ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა, შეხება, მოფერება, ჩქმეტა ან ფიზიკური თავდასხმა. ფიზიკურ შეხებაში იგულისხმება ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მსხვერპლის სხეულზე არასასურველ შეხებას გულისხმობს. ეს ქმედებები უნდა იყოს ადამიანისათვის შეურაცხმყოფელი და აკნინებდეს მის ღირსებას.


ამ საქმეზე On.ge აქამდეც წერდა. ჩვენ ვესაუბრეთ ნინო გოდერძიშვილსაც, რომელიც შევიწროების შესახებ მოგვიყვა. ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გაასაჩივრა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა. ამის შემდეგ, ლ.ჯ.-მ სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განხილვები ამ დრომდე მიმდინარეობს. პარალელურად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია სწავლობს, დაარღვია თუ არა ლ.ჯ.-მ ეთიკის კოდექსი.

სახალხო დამცველის დასკვნა სრულად.