5 სტარტაპი, რომელიც 500 Georgia-ს მეორე ნაკადის ფინალში მოხვდა
გუშინ, 500 Startups Georgia-ის მეორე ნაკადის ხუთი ფინალისტი სტარტაპი გამოვლინდა. ორი მათგანი კი სან ფრანცისკოში, სილიკონ ველიში გაემგზავრება. მეორე ნაკადში ჯამში 23 ქვეყნიდან 140 პროექტი მონაწილეობდა. მათგან შერჩეული ხუთი საუკეთესო სტარტაპი კი ასე გამოიყურება — Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika, Corebook. ისინი მიიღებენ დამატებით ინვესტიციას საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ნახევარფინალში გასულ დანარჩენ ხუთ სტარტაპს (Activechat, B2C.GE, Kernel, My Nanny, PAYZE, Simpolium) კი დემო დღეზე ექნებათ ინვესტორების წინაშე წარდგენის შესაძლებლობა. მეორე ეტაპი 12 მარტს დასრულდება და სწორედ მაშინ გავიგებთ, ვინ გაემგზავრება სილიკონ ველიზე.
უფრო კონკრეტულად, 500 Georgia-ს მეორე ეტაპის ფინალისტი სტარტაპებია:
Kvalifika — დისტანციური ვერიფიკაციის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თქვენს მომხმარებლებს წამებში ამოიცნობს;
Payze — პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა ინტერნეტბიზნესის მართვისთვის;
YouTravel.me — პატარა ჯგუფებისთვის სათავგადასავლო ტურების დაგგეგმვის სერვისი გამოცდილი ექსპერტებისგან;
Agrolabs — დაბინძურების, გასარწყავებისა და კლიმატის პრობლემების გადაწყვეტა სასათბურე მეურენობის ფერმებისთვის;
Corebook — ბრენდ მენეჯერებსა და დიზაინერებს კომპანიის მისიის, თვისებებისა და ღირებულებების მომხმარებლებამდე მისატანად მარტივ და ეფექტურ გზას სთავაზობს.
500 Startups საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ხორციელდება. ეს მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორია, რომელიც 2010 წელს სილიკონის ველზე დაარსდა და დღემდე 2 400-ზე მეტ კომპანიაში მოახერხა ინვესტიციის ჩადება. მისი მიზანია, დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერ მეწარმეებს, შექმნან წარმატებული კომპანიები. გარდა ამისა, 500 Startups გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასა და ქვეყნების საინვესტიციო პოტენციალის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი ჩართულ სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი იდეების დახვეწასა და განვითარებაზე წარმატებული კომპანიების დამფუძნებლებთან ერთად იმუშაონ და გაიზიარონ მათი მრავალწლიანი გამოცდილება. თავდაპირველად მათ მენტორები უტარებენ რამდენიმეკვირიან ტრენინგებს და ასწავლიან იმას, თუ როგორ უნდა გაზარდონ მომხმარებლების რაოდენობა, როგორ იმუშაონ არსებულ მომხმარებლებთან და ა.შ. საბოლოოდ კი ისინი ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენებას სწავლობენ.
კომენტარები