ქართული სტარტაპი ციფრული იურისტის შექმნაზე მუშაობს — CYBER LAWYER
კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ცხოვრება შეცვალა, სოციალური დისტანცირება კი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ამან კომუნიკაციის პრობლემები გააჩინა. ცხოვრების ამ რითმზე გადაწყობას ბიზნესიც აქტიურად ცდილობს. შესაბამისად, ციფრული უკონტაქტო სერვისები ყველა მიმართულებით უფრო აქტუალური ხდება. მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, სტარტაპები თემატურ ციფრულ პროდუქტებს გვთავაზობენ. დღეს ერთ-ერთ ასეთ სტარტაპზე — CYBER LAWYER-ზე გიყვებით.
რას იტყვით ციფრული იურისტზე, რომელიც სახლიდან გაუსვლელად, ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, იურიდიულ დოკუმენტებს უსწრაფესად და უშეცდომოდ მოგიმზადებთ?
ქართული სტარტაპი, სწორედ ამ მომსახურების შექმნაზე მუშაობს. CYBER LAWYER არის იურიდიული დოკუმენტების ონლაინ პლატფორმა, რომელიც შესაძლებელს ხდის იურიდიული დოკუმენტები მომზადდეს ონლაინ, ადამიანი იურისტის დახმარების საჭიროების გარეშე.
CYBER LAWYER-ის პროექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა, უკვე მიღებული აქვს 100 000 ლარიანი გრანტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსაგან (GITA).
არ გაგიკვირდებათ და სტარტაპის დამფუძნებელი — ლევან გორელაშვილი პროფესიით იურისტია და 2008 წლიდან სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მუშაობს. ამ დროის განმავლობაში, მას სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის ათასობით იურიდიულ დოკუმენტზე მუშაობა მოუწია. ამის პარალელურად, ლევანი ტექნოლოგიებით არის დაინტერესებული. სწორედ ამიტომ გაუჩნდა იდეა, თავისი საქმიანობა ტექნოლოგიებთან დაეკავშირებინა.
"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დოკუმენტების მომზადება ადამიანზე უკეთ ტექნოლოგიურ პროდუქტებს შეუძლიათ. ზოგადად, თუ ერთი და იმავე სამუშაოს შესრულება შეუძლია ადამიანსაც და ტექნოლოგიასაც, მაშინ ეს საქმე ადამიანმა არ უნდა აკეთოს. არ აქვს აზრი ხუთნიშნა რიცხვები ერთმანეთზე გადავამრავლოთ ქვეშმიწერით, მაშინ როდესაც კალკულატორი წამის მეასედში ზუსტ პასუხს გვეუბნება. კიბერ-იურისტის პლიუსებიც იგივეა, იგი ადამიან იურისტზე სწრაფად მოამზადებს დოკუმენტებს. ეს ყველაფერი კი მარტივად, უშეცდომოდ, იაფად და საჭიროების შემთხვევაში, უცხო ენაზეც.
ჩვენს ციფრულ იურისტს შეეძლება ერთი და იგივე დოკუმენტი სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვითაც მოამზადოს. არავის, თუნდაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერ იურისტს, არ შეეძლება იურიდიული დოკუმენტების მომზადებაში კიბერ-იურისტს კონკურენცია გაიწიოს."— გვითხრა ლევანმა.
ლევანი ამბობს, რომ მსგავსი ციფრული იურისტის შექმნა მარტივი არ იქნება, მაგრამ გუნდში პროფესიონალი იურისტები და პროგრამისტები არიან, რაც მიზანს განხორციელებადს ხდის. პროექტზე ამ ეტაპზე 25 ადამიანი მუშაობს. აქედან 20 იურისტია და 5 დეველოპერი.
ლევანთან უშუალოდ ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპზეც ვისაუბრეთ.
"მომხმარებელი შევა კონკრეტულ ვებგვერდზე და აირჩევს მისთვის სასურველ იურიდიულ დოკუმენტს. შერჩეულ დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენს კიბერ-იურისტს წინასწარ გაწერილი შეკითხვები ექნება, რომელსაც მომხმარებელი უპასუხებს. ამ პროცესის დასრულებისთანავე, მომზადებული იურიდიული დოკუმენტი ჩაიტვირთება მომხმარებლის კომპიუტერსა თუ სმარტფონში. ამის შემდეგ, მომხმარებელს მხოლოდ ხელი ექნება მოსაწერი. სულ ეს არის", — ამბობს ლევანი.
დიახ, როგორც ალბერტ აინშტაინი იტყოდა, "ყველაფერი გენიალური მარტივია." უსმენ ამ ყველაფერს და გახსენდება, რომ იგივე შედეგის მისაღებად იურისტის მოძიება, ადგილზე გამოცხადება, რიგი და ბევრი სხვა რუტინული პროცედურა შეიძლება გვქონდეს გასავლელი.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ პროგრამის ნდობასთან დაკავშირებით, შეიძლება შეკითხვები გაგიჩნდეთ. ლევანს და მის გუნდს პასუხი ამაზეც აქვთ.
"ჩვენს პლატფორმაზე დაგენერირებული თითოეული იურიდიული დოკუმენტი მომხმარებლისათვის დაზღვეული იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კიბერ-იურისტის მიერ მომზადებული იურიდიული დოკუმენტი იქნება არასწორი, კანონშეუსაბამო ან არასრულყოფილი, რითიც შეიძლება ზიანი მიადგეს მომხმარებელს, შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. თავის მხრივ, ეს პასუხისმგებლობა სადაზღვევო კომპანიაშიც იქნება დაზღვეული", — ამბობს ლევანი.
მნიშვნელოვანია, რომ კიბერ-იურისტის მიერ მომზადებული დოკუმენტი არ იქნება შაბლონური, სადაც მხოლოდ მხარეები იცვლება და დოკუმენტის შინაარსი იგივე რჩება. კიბერ-იურისტი არ გამოიყენებს შაბლონებს და თითოეული დოკუმენტის მომზადებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს. დოკუმენტის შინაარსი სრულად დამოკიდებულია კიბერ-იურისტის მიერ დასმულ კითხვებზე და მომხმარებლის მიერ გაცემულ პასუხებზე.
LegalZoom, RocketLawyers — ეს CYBER LAWYER-ის უცხოური ანალოგებია, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი წარმატებით მოღვაწეობენ. იგივეს იმედი აქვთ ქართველ სტარტაპერებსაც, ადგილობრივ ბაზართან ერთად, ისინი მსოფლიოს მასშტაბებზე გასვლასაც გეგმავენ.
"ვფიქრობთ, რომ მომხმარებლის წინაშე, პირველადი ვერსიით, უკვე 2021 წლის აპრილის ბოლოსკენ წარვდგებით. ხოლო სისტემის დახვეწაზე და სრულყოფაზე მუშაობა მუდმივი პროცესი იქნება. ის ფაქტორი, რომ მეთოდოლოგია, რომელსაც დოკუმენტების მოსამზადებლად ვიყენებთ, სხვა ქვეყნის კანონმდებლობასაც შეგვიძლია მოვარგოთ, გვაძლევს იმედებს, რომ წარმატებული სტარტის შემთხვევაში, ძალებს საერთაშორისო დონეზეც მოვსინჯავთ", — ამბობს ლევან გორელაშვილი.
კომენტარები