რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობისთვის?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

სტატია განახლდა 8 მარტს.

დღეს ოფიციალურად დასრულდა ის რთული გზა, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის უზრუნველყოფა იყო. გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა. აღნიშნული ნიშნავს, რომ ზუსტად 20 დღეში, ანუ 28 მარტიდან, საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ.

On.ge გთავაზობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას ევროკავშირის საზღვარზე გადაადგილების შესახებ.

სად შეგვიძლია წავიდეთ სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგ?

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის პირობებში, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილდნენ შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრს, ოთხ არაწევრსა და შენგენის ასევე ოთხ კანდიდატ ქვეყანას. ეს ქვეყნებია:

წევრები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ ვიზების ლიბერალიზაცია არ ეხება ირლანდიას, დიდ ბრიტანეთს.

შესწორება: თავდაპირველ ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ ვიზალიბერალიზაცია არ ეხებოდა შენგენის წევრობის კანდიდატებს: ხორვატიას, კვიპროსს, რუმინეთსა და ბულგარეთს.

რა დროის განმავლობაში შეგვიძლია გავჩერდეთ შენგენის ზონის ქვეყნებში?

სავიზო ლიბერალიზაცია გულისხმობს მოკლევადიან ვიზიტებს, ანუ 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

ევროკავშირის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია, ხოლო მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ.

მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის: ტურისტული, ოჯახის წევრების ან ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები თუ ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა.

უვიზო რეჟიმი არ გულისხმობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით. ამისათვის, საჭირო იქნება ისევ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მიღება.

რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს ევროპელ მესაზღვრეს და რა საბუთების მოთხოვნის უფლება აქვს მას?

პასპორტ-კონტროლთან მისვლისას, საქართველოს მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის.

ასევე, მგზავრს უნდა ჰქონდეს გადაადგილების მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი, ხოლო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა შეიძლება მოითხოვოს შემდეგი სახის საბუთები:

ტურიზმი და დასვენება

  • ტურიზმი და დასვენება: უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)

მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.

  • იმ ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნათესავების, მეგობრების მონახულება

  • მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მკურნალობა

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)

რა მოხდება, თუ დავარღვევთ შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს?

ქვეყანაში 90-დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე;


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…