მეცნიერებმა ერთ-ერთი უძველესი პლანეტარული სისტემა აღმოაჩინეს — რას ნიშნავს ეს
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ ერთ-ერთი უძველესი პლანეტარული სისტემა აღმოაჩინეს მათ შორის, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ. ამ სისტემაში არის კლდოვანი პლანეტა — TOI-561b, რომელიც ცენტრში მდებარე 10 მილიარდი წლის ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ეს ვარსკვლავი ზომით მზეზე ორზე მეტჯერ დიდია. აქედან გამომდინარე, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ სისტემის პლანეტების ჩამოყალიბების პროცესი ზუსტად მაშინ მიმდინარეობდა, როდესაც სამყარო ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო.
TOI-561b დედამიწის ზომაზე 1.5 ჯერ დიდია, ამიტომ მას შეგვიძლია ზე-დედამიწაც ვუწოდოთ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი ამ პლანეტის შესახებ ისაა, რომ იგი ექსტრემალურად სწრაფად ბრუნავს თავისი ვარსკვლავის გარშემო — ერთ დედამიწისეულ დღეში ეს პლანეტა ორზე მეტჯერ გაივლის თავის ორბიტას. ეს, სავარაუდოდ, იმითაა განპირობებული, რომ იგი ძალიან ახლოსაა მისი სისტემის ვარსკვლავთან.
იმის ალბათობა, რომ ზე-დედამიწაზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებია, ძალიან დაბალია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მისი ზედაპირის ტემპერატურა 1 700oC-ს აღემატება. გარდა ამისა, კიდევ ერთი უცნაური ასპექტი ამ პლანეტის შესახებ ისაა, რომ მას თავისი ზომისთვის უჩვეულოდ დაბალი სიმკვრივე აქვს. იგი, დაახლოებით, სამჯერ უფრო მასიურია, ვიდრე დედამიწა, თუმცა, მისი სიმკვრივე ჩვენი პლანეტისას ემთხვევა. მეცნიერების აზრით, ეს იმის მანიშნებელია, რომ TOI-561b ძალიან დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ შედარებით ძველი პლანეტების დაბალი სიმკვრივე გამოწვეულია მათში ისეთი ელემენტების შემცველობის სიმცირით, როგორებიც მეტალებია. მძიმე მეტალები ვარსკვლავებში მათ "დაბერებასთან" ერათად ყალიბდებიან. მას შემდეგ, რაც ისინი ზეახალ ვარსკვლავებად აფეთქდებიან, მათში არსებული ელემენტები გაიფრქვევა კოსმოსში და მათი ნაწილი ხვდება პლანეტებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში არიან. იქიდან გამომდინარე, რომ ადრეულ სამყაროში ზეახალი ვარსკვლავების აფეთქება შედარებით იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა, შედეგად, პლანეტების ჩამოყალიბების დროს ნაკლები რაოდენობით მძიმე მეტალები ხვდებოდა მათში.
TOI-561b ერთ-ერთი უძველესი კლდოვანი პლანეტაა, რაც მეცნიერებს აქამდე აღმოუჩენიათ. მკვლევარმა ლორენ უაისმა აღნიშნა, რომ TOI-561b-ს არსებობა ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ პლანეტების ფორმირება თითქმის სამყაროს წარმოშობასთან ერთად დაიწყო, დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ. ეს პლანეტა აღმოაჩინეს იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც NASA-ს TESS მისიის ფარგლებში შეაგროვეს მეცნიერებმა, მისი არსებობა კი ჰავაის უილიამ მაირონ კეკის ობსერატორიის საშუალებით დაადასტურეს.
კომენტარები