მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რამდენ საიდუმლოს მალავს ოკეანე, ხორცისმჭამელი ღრუბელი მაინც ჟღერს სამეცნიერო-ფანტასტიკის ფილმის ნაწილად. მკვლევრებმა ავსტრალიის სანაპიროებთან სამი ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს.

ოკეანეში რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში ჩასვლა სხვა სამყაროში მოხვედრას ჰგავს. აქ შეხვდებით ისეთ ორგანიზმებს, რომლებიც არასდროს გინახავთ: არსება, რომელიც ჰგავს რვაფეხასაც და ზღვის ვარსკვლავსაც, თევზი რომელიც მთლიან ზვიგენს შთანთქავს თუ ხორცისმჭამელ ღრუბელს.

"ეს მხოლოდ იმის ჩვენებაა, რომ ოკეანეების სიღრმეები ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, ეს ღრუბლები უნიკალურია იმით, რომ ისინი მხოლოდ ავსტრალიის ამ კონკრეტულ რეგიონში გვხვდება. რეგიონში, რომელიც ნავთობის მოსაპოვებლად არის განკუთვნილი", — თქვა ერთ-ერთმა მკვლევარმა და Queensland Museum Sessile Marine Invertebrates კოლექციის მენეჯერმა, მერიკ ეკინსმა.

როგორც წესი, ზღვის ღრუბლები მრავალუჯრედიანები არიან — მათ აქვთ წყლის ნაკადისთვის ნახვრეტიანი ქსოვილები, საიდანაც მათი უჯრედები იღებენ ჟანგბადსა და საკვებს. ისინი საკმაოდ უბრალო არსებები არიან, ნერვული, საჭმლის მომნელებელი და სისხლის მიმოქცევის სისტემა არ აქვთ, მაგრამ გარკვეული ფორმით, 500 მილიონი წლის განმავლობაში არსებობდნენ.

ხორცისმჭამელი ღრუბელი კი ცოტათი განსხვავებულია. ამჯერად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ხორცისმჭამელი ღრუბლის სამი ახალი სახეობა — Nullarbora heptaxia, Abyssocladia oxyasters და Lycopodina hystrix, ყველა ეს სახეობა ნაპოვნია 163-დან 3000 მეტრამდე სიღრმეში.

"ეს ტერიტორია ახლახან გამოიკვლიეს, სმიტ-მაკინტაირის გრაბისა და დისტანციურად მართული ავტომობილის (ROV) გამოყენებით", — წერენ მკვლევრები თავიანთ ახალ ნაშრომში.

"ეს ახალი სახეობები არის პირველი დაფიქსირებული მტაცებელი სახეობა სამხრეთ ავსტრალიაში, რაც ასევე ავსტრალიის გარშემო დაფიქსირებული სახეობების რაოდენობას 25-მდე ზრდის."

მკვლევრები ამბობენ, რომ ორგანიზმები იმაზე ლამაზები არიან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, ცოტათი ჰგვანან ყვავილებს, პიკანტური გამონაყარებით.

ხორცისმჭამელი ღრუბლების შესახებ ჩვენ ვიცით 1995 წლიდან, მაგრამ ახლახან მრავალი სხვა სახეობა აღმოაჩინეს მთელ მსოფლიოში.

"ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენი ცოდნა ხორცისმჭამელი ღრუბლის მრავალფეროვნების შესახებ თითქმის გაორმაგდა", — განმარტავს იგივე გუნდი ადრინდელ ნაშრომში, სადაც აღწერილი იქნა ხორცისმჭამელი ღრუბლის 17 ახალი სახეობა, ცოდნის გაზრდა ნაწილობრივ გამოწვეულია ოკეანის შემსწავლელი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებით, მათ შორის ROV-ით, აგრეთვე მრავალი თანამედროვე ტაქსონისტის ძალისხმევით.

ავსტრალიაში ნაპოვნი მტაცებელი ღრუბლის თითქმის ყველა სახეობა აღმოაჩინეს CSIRO RV მოგზაურობის დროს 2017 წელს, რაც აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ოკეანის ღრმა ნაწილების გამოკვლევა.

ოკეანის ფსკერი ჯერ კიდევ ძირითადად გამოუკვლეველია, ჩვენ შეგვიძლია, რომ კიდევ უამრავი სახეობის ხორცისმჭამელი ღრუბელი და სხვა უცნაური და მშვენიერი ზღვის არსებები აღმოვაჩინოთ.

კვლევა Zootaxa-ში გამოქვეყნდა.