პანდემიის მომავალი — კორონავირუსით ინფიცირება გაციებას დაემსგავსება?
თანდათანობით, ახალ კორონავირუსზე მილიონობით ადამიანი აიცრება და პანდემიაც, ადრე თუ გვიან, დასრულდება. მასობრივი იმუნიზაციის დაწყებასთან ერთად, მეცნიერები ცდილობენ შეაფასონ, როგორია COVID-19-ის მომავალი.
აშკარაა, რომ კორონავირუსი არსად გაქრება, თუმცა, მას შემდეგ რაც დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება, ვირუსი, სავარაუდოდ, "გაციებაზე" დიდი საფრთხის შემცველი აღარ იქნება — ვარაუდობენ ჯენი ს. ლავინი და კოლეგები ახალ კვლევაში, რომელიც Journal of Science-ში, 12 იანვარს გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის, COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი ძალიან საშიში იმიტომაა, რომ ის შედარებით ახალი პათოგენია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებიც ჩვენ სხეულს ბუნებრივად არ აქვს. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს გარემოება შეიცვლება, რადგან კორონავირუსს ბევრი ადამიანი გადაიტანს და ბევრი აიცრება.
მიუხედავად ამისა, ბავშვებს მუდმივად უწევთ მათი სხეულისთვის უცხო ვირუსების გადატანა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ზრდასრული მოსახლეობის იმუნიზაციასთან ერთად, ვირუსს ყველაზე ხშირად 5 წლამდე ბავშვებში ვიხილავთ, რომელსაც ისინი მეტწილად ძალიან მსუბუქად ან საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანენ.
სხვაგვარად რომ ითქვას, კორონავირუსი "ენდემური" პათოგენი გახდება, რომელიც ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას იშვიათად გამოიწვევს.
ახალი კორონავირუსის "ბედის" შესაფასებლად, მკვლევრებმა სხვადასხვა კორონავირუსებს და მათ ეფექტებს შეხედეს, მაგალითად SARS და MERS-ს, ისევე როგორც 4 სხვადასხვა კორონავირუსს, რომელიც "გაციებას" იწვევს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსი გაციების გამომწვევი კორონავირუსების მსგავსი იქნება და მის გამოვლინებას ძირითადად 5 წლამდე ბავშვებში შევხვდებით. შესაძლოა, რომ ადამიანები ამ ასაკის შემდეგ კიდევ არაერთხელ დაინფიცირდნენ, რაც მათ იმუნიტეტს გააძლიერებს, მაგრამ სიმპტოპმები აღარ ექნებათ.
ვაქცინის გარეშე, ახალი კორონავირუსის ენდემურ დამკვიდრებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, გზადაგზა კი უამრავი ადამიანი დაიღუპება. თუმცა, მასობრივი იმუნიზაცია ყველაფერს ცვლის. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება მცირე დროში, კორონავირუსის დამანგრეველი შედეგები მით უფრო მალე შემცირდება.
თანამედროვე ვაქცინების პოტენტურობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი კორონავირუსი სრულად აღმოიფხვრება.
ლა ჯოლას იმუნოლოგიის ინსტიტუტის ვირუსების მკვლევარი შეინ კოტი ამბობს, რომ სამომავლოდ ვაქცინები ინფექციის გავრცელებას, სავარაუდოდ, სრულად ვერ შეაჩერებენ, თუმცა მნიშვნელოვნად შეამსუბუქებენ ან გააქრობენ უშუალოდ ავადმყოფობას და მასთან ასოცირებულ სიმპტომებს.
აღნიშნული კვლევა ემყარება დაშვებას, რომ ახალი კორონავირუსი სხვა კორონავირუსების "მსგავსია", თუმცა ჰარვარდის მკვლევარი და ეპიდემიოლოგი მარკ ლიპსტიჩი მიიჩნევს, რომ დაშვება შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს.
"სხვა კორონავირუსების ინფექციების შედარება შეიძლება მცდარი იყოს, რადგან ჩვენ არ გვინახავს რა შედეგები აქვთ ამ კორონავირუსებს უფროს, არაიმუნიზებულ ადამიანებზე". ანუ, მათზე, ვინსაც სხვა კორონავირუსი ცხოვრებაში არ შეხვედრიათ.
ლიპსტიჩის თქმით შესაძლოა, რომ ახალი კორონავირუსი სეზონურ გრიპს დაემსგავსოს, რომელსაც ყოველ წელს სხვადასხვა ლეტალურობა ახასიათებს. ახალი კორონავირუსის მუტირებული ვარიანტები შეიძლება უფრო ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევდეს და უფრო სიმპტომებთან ასოცირდებოდეს.
ლიპსტიჩი მიიჩნევს, რომ სტატიაში გამოთქმული ვარაუდი, რომ ახალი კორონავირუსი სხვა კორონავირუსებს დაემსგავსება და ყველაზე ხშირად ბავშვების გაციებასთან იქნება დაკავშირებული, მეტად ალბათურია. თუმცა, სხვა გამოსავლიანობაც შესაძლებელია და არ უნდა გამოვრიცხოთ.
როდის გაჩნდნენ გაციების გამომწვევი კორონავირუსები, არავინ იცის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ასეთი ვირუსი, OC-43, თავის დროზე 1890 წლის პანდემიაზე იყო პასუხისმგებელი, რომელმაც მსოფლიოში, დაახლოებით, მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ამას შემდეგ, გლობალურ მოსახლეობაში ვირუსისადმი იმუნიტეტი ჩამოყალიბდა და მას მერე, OC-43 და სხვა რამდენიმე კორონავირუსი მსოფლიოში შედარებით უვნებლად ცირკულირებს.
კომენტარები