მეცნიერებმა ცოცხალი ბაქტერიის დნმ-ში მონაცემები შეინახეს
უდიდესი სიმკვრივის წყალობით, დნმ-ს 10 ციფრული ფილმის ეკვივალენტი მონაცემების შენახვა მარილის ერთი მარცვლის მოცულობაში შეუძლია.
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ეს კონცეპტი კიდევ უფრო განავითარეს და ცოცხალი ბაქტერიის დნმ-ში მონაცემები შეიყვანეს. დნმ-ის შიგნით ციფრული მონაცემების შესანახად ბინარული ფორმატი, რომელიც ერთებს და ნულებს მოიცავს, დნმ-ის სინთეზატორის მიერ, ორგანულ კოდად უნდა გადაკეთდეს.
სამწუხაროდ, რაც უფრო გრძელია კოდი, მით ნაკლებად ზუსტი ხდება სინთეზატორის მუშაობა. ამიტომ, მეცნიერები კოდს ბლოკებად ყოფენ. ხოლო ამის შემდეგ, ბლოკების ერთმანეთთან დაკავშირება ხდება.
თუმცა, ეს დნმ-ის დეგრადირებას არ უშლის ხელს, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი მონაცემების შენახვა სამუდამოდ ვერ მოხდება.
გამოსავლის მოსაძებნად, კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცოცხალ ორგანიზმებს მიმართეს. ცოცხალი ორგანიზმის დნმ-ში შენახული მონაცემები არა მარტო გაცილებით დიდხანს შეინახება, არამედ ის შეიძლება ორგანიზმთა შთამომავლებსაც გადაეცეს.
გუნდი, რომელსაც ჰარის ვანგი ხელმძღვანელობს, ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ ამაზე მუშაობს. ახლახან, გუნდმა 72 ბიტის მოცულობის მონაცემების ელექტრონული კოდირება შეძლო. ამით მათ ბაქტერიების პოპულაციაში “Hello World!” ჩაწერეს.
მკვლევრებმა ამისთვის CRISPR გამოიყენეს, გენის რედაქტირების პოპულარული ტექნიკა, რომელსაც დნმ-ში ახალი თანმიმდევრობის გაყოფა და რედაქტირება შეუძლია.
"ეს სამუშაო ციფრულიდან ბიოლოგიურ მონაცემთა შენახვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას სილიციუმსა და ნახშირბადზე დაფუძნებულ სუბიექტებს შორის", — ნათქვამია ნაშრომში, რომელიც ჟურნალ Nature Chemical Biology-ში გამოქვეყნდა.
თუმცა, მიუხედავად დიდი წარმატებისა, შენახული მონაცემები ნამდვილად არ არის დიდი რაოდენობის და ამ მხრივ, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოს გაწევაა საჭირო.
ასევე, მეცნიერებს მოუწევთ შექმნან მონაცემების შენახვის ისეთი სისტემა, რომელიც ბაქტერიების დნმ-ის მუტაციებს და რეპლიკაციებს გაუძლებს.
კომენტარები