ჩინური ზონდი მარსის ორბიტაზე შემდეგ თვეს შევა
ჩინური Tianwen-1 უკვე 163 დღეა რაც კოსმოსშია და წითელი პლანეტისკენ მიემართება. ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ზონდი მარსიდან 8,3 მილიონ კილომეტრში იმყოფება და 1 თვეში პლანეტის ორბიტაზე აღმოჩნდება.
"ზონდი რაც უფრო ცდება ჰელიოცენტრული გრავიტაციის გავლენას, უფრო და უფრო სწრაფად მიფრინავს", — ამბობს, პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლი ზენკაი. "ამ მომენტში, სიჩქარე სტაბილურია და დედამიწასთან მიმართებაში, დაახლოებით 22 კმ/წმ-ია".
მარსისკენ მიმავალი ხომალდი ორბიტერისგან, ლენდერისგან და როვერისგან შედგება.
ეს ჩინეთის დამოუკიდებელი კოსმოსური კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც მარსზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზონდი წითელ პლანეტას 2021 წლის მაისში მიაღწევს, ორბიტაზე გასვლიდან 3 თვეში.
Tianwen-1-ის მიზანია, მარსის გეოლოგიური სტრუქტურის შესწავლა და მორფოლოგიური რუკის შედგენა. ამასთანავე, მეცნიერები ზონდის დახმარებით მარსზე ყინულის განაწილებას გაანალიზებენ, ისევე როგორც მარსის კლიმატს, რაც პლანეტის ისტორიის გაგებაში დაგვეხმარება.
კომენტარები