2020 წელი არავისთვის იყო მარტივი, მაგრამ, საბედნიეროდ, სულ მალე ახალი 2021 წელი დადგება და, იმედია, უკეთესი ამბებით დაგვამახსოვრებს თავს.

წელს განვითარებული პანდემიური მოვლენების გამო არაერთი უფლება შეგვეზღუდა და იძულებულები გავხდით, ცხოვრების ჩვეულ წესზე უარი გვეთქვა. მართალია, საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში წასვლა ჯერ კიდევ რთულია, მაგრამ საახალწლო სამზადისისა და ტრადიციების შესახებ წაკითხვა სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება.

ახალი წლის პერიოდი საქართველოს ნებისმიერ წერტილში განსაკუთრებულად სასიხარულო დღეებია, თუმცა ის ყველა კუთხეში განსხვავებულად აღინიშნება. მეც გადავწყვიტე, ნათესავების, მეგობრების, ნაცნობების გამოკითხვითა თუ ინტერნეტში ჩატარებული მოკვლევით საახალწლო ტრადიციები შემეგროვებინა, რათა დაწესებული აკრძალვების დაცვით, ხალხმრავალი შეკრებისა თუ კომენდანტის საათის დარღვევის გარეშე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში "შევხვედროდით" ახალი წლის დღესასწაულს.

წარმოიდგინეთ, როგორ აიკარით ვირტუალური გუდა-ნაბადი და საქათველოს გარშემო გადაწყვიტეთ საახალწლო მოგზაურობის მოწყობა. თანაც, ვირტუალური მოგზაურობის ერთი უპირატესობა ხომ ისაა, რომ სივრცესთან ერთად დროსაც გალახვინებს.

ელენე ახვლედიანის ზამთარი (1968 წელი).

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

აი, როგორი რიტუალებით, კერძებით, დეკორაციებითა და წესებით გაგატარებინებდნენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა დროს:

აფხაზეთი

აფხაზეთში ახალ წელს ხეჩხუამას ან აჯირნიხუას ეძახიან და განსაკუთრებული ზარზეიმით, 31 დეკემბრის ნაცვლად, 13 იანვარს აღინიშნება. აქ ძველით ახალი წელი განახლებისა და სამყაროს შექმნის სიმბოლოა.

აფხაზურ საგვარეულო სახლში დიდი სამზადისი და ჟრიამული დაგვხვდებოდა, სადაც მთელი ოჯახი და სანათესაო იქნებოდა შეკრებილი. საახალწლოდ საგანგებოდ გახსნილი ქვევრიდან დავლევდით ღვინოს და სპეციალურად ამ დღისთვის გამოცხობილ თაფლიან და ნიგზვიან ქადებსა თუ აფხაზურა პურებს დავაგემოვნებდით.

ერთ დროს ამ მხარეში წარმართული ტრადიციაც არსებობდა, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი პირუტყვს კლავდა და მისი ღვიძლით, ფილტვითა და თირკმლით ხელში მიდიოდა სოფლის სალოცავში. იქ კი, როცა ლოცვას დაასრულებდა, ღვინოს ასხურებდა ხატებს და მხოლოდ ამ რიტუალის შემდეგ ბრუნდებოდა სახლში, სადაც ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავდა.

სამეგრელო

რეზო ადამიას სახლი.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სამეგრელოში ახალი წელი კალანდას სახელით არის ცნობილი და მისი განუყოფელი ატრიბუტი ჩიჩილაკია. საახალწლოდ მორთულ მეგრულ სახლში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას სწორედ ის დაგვხდება, სხვადასხვა ხილით, ტკბილეულით, სუროსა და დაფნის ტოტებითა თუ ძვირფასი ნივთებით და აბრეშუმის ძაფებით მორთული. ჩიჩილაკს თხი­ლის ტო­ტე­ბის­გან თლი­ან, რად­გან თხი­ლი, კა­კალ­თან ერ­თად, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­სავ­ლი­ან მცე­ნა­რედ მიიჩნეოდა.

ჩიჩილაკის ისტორიას ძალიან ღრმა ფესვები აქვს წარსულში. მას წმინდა ბასილი დიდის სახელს უკავშირებენ და "ბასილას წვერსაც" ეძახიან. თუმცა, ქრისტიანობამდელ ეპოქაში ბასილა მზის წარმართული ღვთაება იყო და ახალი წლის აღნიშნვაც სწორედ მისი თაყვანისცემის სიმბოლოდ აღიქმებოდა.

სამეგრელოში ასევე აცხობენ ბასილას ღვეზელს, რომელშიც კვერცხის გულს დებენ. ღვეზელთან ერთად საახალწლო ტაბლაზე ხაჭაპურებს, საგანგებოდ გამზადებულ საცივს, ხილს, ტკბილეულს, მოხარშულ გოგრას, ღვინოს, ფელამუშსა და შემწვარი ღორის თავსაც ათავსებენ.

თქვენ წარმოიდგინეთ და, კალანდას არცთუ იშვიათად ხვდებიან თოფის სროლით. არსებობდა ისეთი ტრადიციაც, რომელსაც "სტუმრის მოტაცება" ერქვა. როგორც წესი, ამ ჩვეულებაში მთელი უბანი იღებდა მონაწილეობას და ხალხი ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ ვის დაასწრებდა სტუმრის წართმევას. სამეგრელოს სტუმრობისას დროშიც რომ გემოგზაურათ და გატაცებული სტუმარი აღმოჩენილიყავით, მასპინძელი ოჯახი აუცილებლად დაგასაჩუქრებდათ და მეორე დღემდე არ გაგიშვებდათ სახლიდან.

კიდევ ერთ ძველებურ საახალწლო ჩვეულებას "ტყაპობა" ერქვა. ამ უცნაური სახელის მქონე არანაკლებ უცნაური ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის საღამოს გოგოები და ბიჭები ერთმანეთს სიმინდის ცომით თხუპნიდნენ. ითვლებოდა, რომ ასეთი შეჯიბრებიდან "სუფთად გამოსული" იმ წელს ბედნიერი და გამარჯვებული გაატარებდა.

გურია

სამეგრელოს მსგავსად, გურიაშიც ახალ წელს კალანდის სახელით იცნობენ და ჩიჩილაკსაც ხშირად რთავენ, თუმცა კი თავისებურად: ახალი წლის წინა დღეს აქ ღადარში გაცხელებული ცხემლისა (რცხილი) და თხილის ჯოხებისგან თლიდნენ ჩიჩილაკს, რომელსაც ტკბილეულისა და ხაჭაპურების გარდა, ვერცხლის ფულებითაც კი რთავდნენ ხოლმე. საინტერესოა ისიც, რომ ძველქართული ჩიჩილაკის გამოთლას ხშირად ხის ერთი ტოტიც ჰყოფნის, რაც ბევრად ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე ნაძვის მთლიანი ხეების მოჭრა ან მათი პლასტმასისგან დამზადება.

შოთა კალანდაძის ზამთარი (1990 წელი).

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ძველი დროის ადათის მიხედვით, ჩიჩილაკის გამოთლის შემდეგ, გურიაში ერთი განსაკუთრებული წესიც არსებობდა: გიდელში — უყურო, მოგრძო ჭურჭელში ჩაწყობილი ოთხი ხაჭაპური ახალგაზრდა ქალს მარანში მიჰქონდა, საიდანაც ბიჭი უნდა გამოსულიყო ღვინიანი დოქით. შუა გზაში შეხვედრილებს შორის "ორთაბრძოლა" იმართებოდა, იმის გასარკვევად თუ ვინ ვის დაასწრებდა დოქის ან ხაჭაპურების წართმევას და მარანში შეტანას. გოგოს გამარჯვებისას აბრეშუმის უხვ მოსავალს მოელოდნენ, ბიჭის შემთხვევაში კი — ყურძნის.

გურიაში ჩასულებს, ჩიჩილაკის გარდა სახასიათო საახალწლო კერძებიც დაგხვდებათ. ამ დღეებში აქ ხშირად ცხვება ნაზუქები და გურული კვერები ყველითა და კვერცხით, მზადდება კუპატი და საცივიც. სადღესასწაულო ნადიმის მნიშვნელოვანი ატრიბუტი წითელი ღვინო და ღორის ხორციც გახლავთ.

სწორედ წითელ ღვინოს უკავშირდება ძველი გურული საახალწლო რიტუალიც, რომლის დროსაც ახალი წლის დილას, მამლის ყივილის შემდეგ მთელი ოჯახი იღვიძებდა და სანოვაგით დატვირთული გობით, ცარიელი ჩაფითა და მორთული ჩიჩილაკით ხელში მარანში შედიოდნენ. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ხმისამოუღებლად ავსებდა ჩაფს წითელი ღვინით და ბასილას ღვთაებას ბედნიერი წლის დადგომას სთხოვდა. მხოლოდ ამის შემდეგ ბრუნდებოდნენ ოჯახის წევრები სახლში და ახალი წლის აღნიშვნას აგრძელებდნენ.

აჭარა

აჭარული ახალი წელი კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აჭარაში ჩასულებს სადღესასწაულო სუფრაზე ყველასთვის ცნობილი აჭარული ხაჭაპურის გარდა, საგულდაგულოდ მომზადებული ყაურმა, ხარჩო, ჰალვა და ბურმე დაგხვდებათ. ნადიმის მნიშვნელოვანი ატრიბუტი აჩმა და ბაქლავაც არის და სუფრაზე სათლის არაყსაც შეიძლება შევხვდეთ.

ზოგ ოჯახში საახალწლოდ სიმინდის მარცვლებს ხარშავენ, რაც შემდეგ ნიგვზით იკაზმება და წარმატებისა და იღბლის სიმბოლოა. ხშირად მარცვლეულს ოთახის კუთხეებშიც მიმოაბნევენ ხოლმე და თან ლოცულობენ, რაც ბარაქის მომტანად მიიჩნევა.

აჭარაში ახალი წლის მილოცვის განსაკუთრებული რიტუალიც არსებობდა, რომლის თანახმად, ადგილობრივი ახალგაზრდები თითქმის გათენებამდე დადიოდნენ სახლიდან სახლში და ყველას სიმღერით ულოცავდნენ დღესასწაულს:

შე­მოვ­დ­გი ფე­ხი, გი­ლო­ცავთ,

გწყა­ლობ­დეთ წმინ­და ბა­სი­ლი,

იმი­სი მად­ლით იყა­ვით —

პუ­რით და ღვი­ნით ავ­სი­ლი.

რაჭა

ელენე ახვლედიანის ზამთარი (1940 წელი).

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

თუკი ახალი წლის დღეებში რაჭაში მოხვდებოდით და "მაკვრიელად", ანუ მეკვლედ ყოფნის პატივი გერგებოდათ, თქვენთვის სპეციალური წესების ცოდნაც იქნებოდა საჭირო. რაჭაში მეკვლის არჩევასა და მის დახვედრას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. არსებობდა ასეთი ტრადიციაც, რომლის მიხედვითაც, "კარგად დაცდილ" მეკვლეს კიდევ სამი წლით ირჩევენ. ახალი წლის დილას, მამლის პირველი ყივილის შემდეგ, გულდასმით არჩეულმა მეკვლემ ჯერ სახლის გარეთ კოცონი უნდა დაანთოს, ოჯახის წევრების მიერ წინასწარ გამზადებული, მარხილზე დაწყობილი სანოვაგე და ჩიჩილაკი აიღოს და ბეღელში შეიტანოს, შემდეგ კი სახლში შევიდეს ახალი წლის მილოცვით. რაჭველი მეკვლეები ხშირად ასე ამბობდნენ: "აგარა და უღეში, ღმერთმა მოგცეთ ნუგეში". საახალწლო სურვილების თქმის შემდეგ კი მეკვლე წყლის მოსატანად უნდა წავიდეს, რათა ოჯახის ყველა წევრს ხელ-პირი დაბანოს. დაბრუნებულს კი, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, ფეხზე ამდგარნი ხვდებიან.

რაჭაში საახალწლო სუფრაც განსხვავებული კერძებით გამოირჩევა, რომელთაც გამორჩეული სიმბოლური დატვირთაც აქვთ. მაგალითად, ადამიანის ფორმის პური, "კაც-ბასილა" ბასილას ღვთაებას უკავშირდება, ხოლო დიდი ზომის პურს, "კერია-ბერიას" სხვადასხვა სახის ფორმებს ახატავენ. საუზმის დროს "კერია-ბერიას", როგორც ბედნიერი და იღბლიანი წლის სიმბოლოს, ოჯახის ყველა წევრს უნაწილებენ. ახალი წლის დღეებში ასევე აცხობენ ორ ბრაჭულს, გულსართიან ღვეზელს — ერთს ახალი, მეორეს კი ძველი წლისთვის. რა თქმა უნდა, სადღესასწაულო ნადიმს არც ლობიანი, ლორი, ხილი და ღვინო აკლია.

სვანეთი

სვანეთშიც, რაჭის მსგავსად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო მეკვლეს, იმავე მეფეხეს, ტრადიცია. ახალი წლის ღამეს სვანები მეკვლეს უმზადებდნენ სხვადასხვა სანოვაგით სავსე გიდელს და მას სახლის კარზე კიდებდნენ.

ელენე ახვლედიანის ზამთარი მთაში.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

აქ ერთი უცნაური ადათიც არსებობდა, რომლის მიხედვითაც, მეკვლეს, ამინდის მიუხედავად, ახალი წლის წინა ღამე გარეთ უნდა გაეთენებინა, რათა მომდევნო დღეს ოჯახში "განწმენდილი" შესულიყო და "კარგი ფეხი" შეეტანა. სვანეთში მეკვლე სახლის კარზე კაკუნისას ამბობდა სიტყვებს: "კა­რი გა­მი­ღეთ, ღვთი­სა და ხელ­მ­წი­ფის წყა­ლო­ბა მო­მაქვს!" შემდეგ კი სახლში შესვლის დროს სამჯერ შემოუვლიდა კერას, შეჰქონდა ტკბილეული და ვერცხლის ფული.

სვანეთში საახალწლო სუფრა სახასიათო კერძებით გამოირჩეოდა. აქ დღესაც საგულდაგულოდ ამზადებენ ხორცეულს: კუბდარს, კუპატებსა და ზისხორას. აცხობენ ტკბილ კვერებს, ხაჭაპურს, ფეტვრასა და ფხლოვანს.

ძველად სვანეთში არსებობდა ასეთი საახალწლო რიტუალიც, როცა ოჯახის რამდენიმე წევრი გამთენიისას დგებოდა და სხვებისგან უჩუმრად, სანოვაგით სავსე გიდელთან ერთად, რჩეული ხარიც მიჰყავდათ სახლიდან. ხარს წყალს დაალევინებდნენ და უკან დაბრუნებისას თოვლის ზვინს დგამდნენ კალოზე, რომლის შუაგულშიც ნაძვის ხეს ჩასვამდნენ. ასეთ მორთულობას გარს შემოუვლიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ბრუნდებოდნენ შინ. მიიჩნეოდა, რომ ეს რიტუალი ბედნიერი და მოსავლიანი წლის მომტანი იყო.

ლეჩხუმი

მრავალფეროვანი საახალწლო ტრადიციებით გამოირჩევა მაღალმთიანი ლეჩხუმიც. თუ ახალი წლის დღეებში ლეჩხუმში იმოგზაურებთ, არაერთ წარმართულ რიტუალსა და წესს შეხვდებით, რომლებსაც ქრისტიანული ნარატივიც ჰარმონიულად ერწყმის.

ლეჩხუმში საახალწლოდ მგვალი ფორმის პურები და განსაკუთრებული, ღორისქონგარეული ლობიანები ცხვება. თურმე ძველ დროში დისკოს ფორმის პურებს მზის წარმართული ქალღმერთის, ბარბალეს, სადიდებლად აცხობდნენ და გულსართად ყველს იყენებდნენ — ხალხური გადმოცემის თანახმად, სწორედ აქედან იღებს სათავეს ლეგენდარული ხაჭაპურიც. თუმცა, ქრისტიანობის გავრცელებასა და საქართელოში პარკოსანი კულტურის დამკვიდრებასთან ერთად, მარხვის დღეებში ლობიოს გამოყენებაც დაიწყეს და ყველასთვის ცნობილი ლობიანი წმინდა ბარბარეს სიმბოლო გახდა.

ლეჩხუმური საახალწლო სუფრის საკრალული ნაწილი ბაძგარით, სიცოცხლის სიმბოლოდ მიჩნეული მარადმწვანე მცენარით მორთული, შემწვარი ღორის თავია, რომლის გარშემოც ოჯახის უხუცესი წევრი 12 სანთელს ანთებს, როგორც წელიწადის ყოველი თვის სიმბოლოს. ვაშლებითა და ტყლაპით შემკული ეს კერძი მოგვიანებით ბეღელში შეაქვთ და იქვე ტოვებენ, რადგან მიიჩევა, რომ ასეთი რიტუალი ბარაქის მომტანია.

ლეჩხუმში კიდევ ერთი საახალწლო ადათი არსებობს, რომლის მიხედვითაც, ახალი წლის წინა დღეს, დილით ოჯახის უფროსი წევრი შეშის მოსატანად მიდის და ტყეში ნაპოვნი ბაძგარიც მოაქვს, რომლის ერთ ტოტს ურემზე დებენ, მეორეს კი სახლის ჭიშკრის თავზე ამაგრებენ. შეშაში კიდევ ერთ მცენარეს, სიყვარულისა და მშვიდობის მომტან კვირხილსაც დებენ. მიიჩნევა, რომ საახალწლო ნადიმი ახლადმოტანილ შეშაზე უნდა მომზადდეს, რომ ახალ წელს ბედიანობა და იღბალი შემატოს.

ლეჩხუმშიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მეკვლეს და სჯერათ, რომ მან მომდევნო წლის სურვილები ნაკვერჩხალს უნდა ჩაუთქვას. მეკვლეს მოსვლასთან დაკავშირებული სპეციალური ტრადიციას კი ფეხის დაწნა ჰქვია: ტკბილეულით დატვირთულ მეკვლეს, რომელიც სახლში ახალი წლის ღამეს მიდის, სუფრის თავში სვამენ. მას მოგრძო ხის ლანგარზე, ხონჩაზე დადებულ ბამბის ფრთილს, ფულით გაწყობილ ვაშლებსა და მარილს ახვედრებენ. მეკვლემ თითები ერთმანეთს უნდა მიაჭდოს, მასპინძელი კი მას ჯერ მარილს დააყრის, როგორც ჯანმრთელობისა და სიკაჟის სიმბოლოს, მერე კი ზემოდან შაქარს დაუმატებს, რაც ტკბილად დაბერებას აღნიშნავს.

ნინო ჩაკვეტაძის დაათოვა ზამთრის ბაღებს (2011 წელი).

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

იმერეთი

თუ ახალი წლის დღეებში იმერეთში აღმოჩნდებით, გამორჩეულად გემრიელი სადღესასწაულო კერძების გარდა, განსხვავებულ საახალწლო რიტუალებსაც შეხვდებით.

ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე ოჯახის ერთი წევრი მწვადით, მოხარშული ქათმით, ღერღილის პურითა და ტკბილი კვერებით სავსე ხორჩით ხელში სახლიდან გადის და საათის ისრის მიმართულებით სამჯერ შემოუვლის კარ-მიდამოს. ამ გზით ის ახალი წლის მოახლოებას ეგებება და სახლში დაბრუნებისას ბარაქას "შეიპატიჟებს". ძველად, სახლში შესულს ოჯახის ყველაზე ასაკოვანი წევრი ეგებებოდა, რომელიც კერიაში ნაკვერჩხალს რამდენჯერმე ჯოხს დაჰკრავდა და თან იმეორებდა: "რო­გო­რი უხ­ვიც არის ეს ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი, ისე გვამ­რავ­ლე და გაგ­ვა­ხა­რეო".

საქართველოს დანარჩენი კუთხეებისგან განსხვავებით, იმერეთში საახალწლოდ რამდენიმე ჩიჩილაკს ამზადებდნენ და კარ-მიდამოს სხვადასხვა ნაწილში ათავსებდნენ. ერთ-ერთი მათგანი მარნისთვის იყო განკუთვნილი, სადაც ახალი წლის ღამეს მეკვლესთან ერთად ოჯახის წევრებიც მიდიოდნენ და სანოვაგით სავსე გობი და ორშიმოც მიჰქონდათ. ისინი ჯერ მარანს ულოცავდნენ ახალ წელს და შემდეგ საახალწლო ჭურიდან ღვინის გასინჯვით ეგებებოდნენ დღესასწაულს.

სამცხე-ჯავახეთი

მართალია, სამცხე-ჯავახეთში ძველი მესხური საახალწლო ტრადიციები დღეს დიდი იშვიათობაა, თუმცა თუ დროში უკან წავალთ, ბევრ საინტერესო წეს-ჩვეულებას შევესწრებით.

ელენე ახვლედიანის ბაკურიანი. ზამთარი (1970 წელი).

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ამასთან, ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ერთობლივად სახლობენ და მათი საახალწლო ტრადიციებიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს შეერწყა.

თუმცა მესხურ საახალწლო სუფრას მაინც ყველასგან გამოარჩევდით კარტოფილის ხინკლით, ხავიწიანი კვერებითა და განსაკუთრებული ფორმისა და დატვირთვის პურებით. ახალი წლის დადგომასთან ერთად მესხურ ოჯახში ცხვე­ბო­და სა­ბე­დო, სამეკ­ვ­ლეო და ხა­რის ქე­დის კვე­რე­ბი, ბანისა და "ქათამ-წიწილის" პურები. ამზადებდნენ სამეურნეო იარაღების, გუთნისა და ცელის ფორმის კვერებსაც. ყოველ მათგანს განსხვავებული მნიშვნელობა და გამორჩეული მოყვანილობა ჰქონდა. დღეისთვის სუფრის აუცილებელი ატრიბუტი გოზინაყი და ერბოსგან დამზადებული მესხური ქადაც არის. საახაწლო დღეებში ასევე მზადდება გამომშრალი ხორცი — აპოხტი, რომელიც ძველი ტრადიციის ნაწილია.

ძველი მესხური საახალწლო რიტუალებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაბლას გაწყობა იყო, რომელზეც ხელებგადაჯვარედინებულ ბასილას ქანდაკებას დებდნენ და გარშემო ათასგვარ ტკბილეულსა და ტყვიასაც კი უდებდნენ, როგორც თავდაცვის სიმბოლოს. ახალი წლის დადგომისას ოჯახის რომელიმე წევრი ასეთი ტაბლით ხელში სახლის ბანზე ადიოდა და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა — ეს პროცესი ბედნიერი და მშვიდობიანი ახალი წლის მომტანი უნდა ყოფილიყო. ზოგ მესხურ ოჯახში სახლის შემოვლა ახალი წლის დილით, რკინის ჯოხით ხელში სრულდებოდა, რაც შემდეგი წლისთვის ოჯახს სიმტკიცეს მოუტანდა.

ქართლი

ელენე ახვლედიანის ზამთარი (1974 წელი).

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან კუთხეში, ქართლში თითქმის ყოველ სოფელს თავისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული საახალწლო ტრადიციები აქვს. ამიტომ, თუკი 31 დეკემბრისთვის ქართლში მოგზაურობას გადაწყვეტთ, ნუ გაგიკვირდებათ, როცა საახაწლო რიტუალები ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავებული, თუმცა მაინც მსგავსი ძირითადი ელემენტებით გაჯერებული დაგხვდებათ.

როგორც საქართველოს სხვა მრავალ კუთხეში, ქართლშიც ხშირად აცხობენ ბასილას ქანდაკების ფორმის პურსა და ბედის კვერებს ოჯახის წევრებისთვის. აქ არც შინაური ცხოველები რჩებიან საახაწლო სანოვაგის გარეშე და მათ სახელზეც სპეციალურად ცხვება ბედის კვერები.

ქართლში განსაკუთრებული მნიშვნელობა "აბრამიანსაც" ენიჭებოდა, რომელიც სხვადასხვა ტკბილეულითა და ხილით შემკული და სანთლებშემოვლებული ტაბლა იყო. "აბრამიანს" "ბასილის კვერთან" ერთად ახალი წლის წინა ღამეს საბძელში ინახავდნენ, მეორე დილით კი ოჯახის რომელიმე წევრი ამ სანოვაგეს სახლში შეიტანდა, ყველას მიართმევდა და ტკბილად დაბერებას უსურვებდა. "აბრამიანი" და გაშლილი სუფრა ზოგჯერ ნათლისღებამდე, 19 იანვრამდე, რჩებოდა ოჯახში. ახალი წლის დღეს მისულ მეკვლეს კი ზოგიერთ სოფელში 3 დღითაც იტოვებდნენ ხოლმე.

მცხეთა-მთიანეთი

კახა გიგაურის ზამთარი (2009 წელი).

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მცხეთა-მთიანეთის საახალწლო ტრადიციები არანაკლები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად სად გადაწყვეტთ წასვლას, დუშეთში, თიანეთში, ყაზბეგსა თუ მცხეთაში, განსახვავებული ადათები და ახალი წლის დღისთვის გამიზნული რიტუალები დაგხვდებათ. თუმცა ხინკალი და ლუდი საქართველოს ამ მხარის ყველა ნაწილის განუყოფელი სადღესასწაულო ატრიბუტია.

ამ კუთხის ზოგიერთ ნაწილში ძველად უცნაური საახალწლო ტრადიციებიც არსებობდა. მაგალითად, ფშავ-ხევსურეთში, სადაც ახალ წელს "წელწადს" ეძახიან, დღესასწაულის წინა ღამეს ხევისბერსა და მის დამხმარეებს სალოცავში მიჰქონდათ ერბოიანი პურები, ქადები და თან მიჰყავდათ ცხვარიც დასაკლავად. წარმართული რიტუალის თანახმად, მოკლული ცხოველის სისხლში თოვლის გუნდებს ავლებდნენ და კედელს ესროდნენ — საბედნიეროდ, მსგავსი რამ უკვე დიდი ხანია, აღარ ხდება.

საახალწლო ჩვეულებებით გამორჩეულია მთიულეთიც, სადაც დღესასწაულის აღნიშვნაში შინაური ცხოველის მონაწილეობას დღესაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ: აქ მეკვლედ ძაღლის ყოლა არავის გაუკვირდება. ამ მხარეში არსებობს არაგვში ბანაობის ტრადიციაც, როცა ახალი წლის დღეებში მდინარეში ჩადიან, რაც მომავალი წლისთვის მომზადების, განწმენდის სიმბოლოა.

საქართველოს ამ კუთხეშიც აცხობენ ბედის კვერებს, რომლებიც ოჯახის თითოეული წევრისთვის განსაკუთრებულად ინიშნება და თუკი რომელიმე მათგანი ცხობისას ცოტათი დაიწვა, ესე იგი მფლობელს ბედნიერი წელი ელის.

კახეთი

ელენე ახვლედიანის ზამთარი სიღნაღში.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კახეთში ახალ წელს თოვლის ბაბუის ნაცვლად თოვლის პაპა მოდის და ფელამუშს კი არა, თათარას ამზადებენ. ეს კუთხეც განსაკუთრებით გემრიელი საახალწლო კერძებით გამოირჩევა. აქ ხშირად აცხობენ ჩამიჩიან პურებს, იმავე ნაზუქებს, რომლებიც ოჯახის თითოეულმა წევრმა ახალი წლის ღამეს უნდა მიირთვას.

კახურ საახალწლო ნადიმს უამრავი ტკბილეული — გოზინაყი და ჩურჩხელა ამშვენებს. საახალწლო სუფრაზე ხშირად შევხვდებით ღორის თავსა და ღვინოსა და არაყსაც. კახური საახალწლო ტრადიციით სახლებში ხარშავენ სიმიდსაც, რომელსაც ნიგვზითა და ნივრით შეკმაზულს მიირთმევენ.

ახალი წლისთვის კახეთში მოგზაურობისას აღმოაჩენთ, რომ მეკვლის ტრადიცია საქართველოს ამ მხარეშიც მნიშვნელოვანია. კახური რიტუალის თანახმად, სახლში შემოსულ მეკვლეს ხორბალს ან სიმინდს გადაუყრიდნენ ხოლმე, რაც ბარაქისა და მოსავლიანობის სიმბოლო იყო.

ბონუსი — თბილისი

ელენე ახვლედიანის ძველი თბილისი, ზამთარი (1970 წელი).

ფოტო: ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი.

თუკი ახალი წლის ვირტუალური მოგზაურობა დედაქალიდან დაიწყეთ და შინ დაღლილი დაბრუნდით ან თქვენი მშობლიური კუთხიდან გსურთ შეავლოთ თვალი საახალწლო თბილისს, უნდა იცოდეთ, რომ, თურმე ძველ თბი­ლის­ში, ქალაქის მცხოვრებლები 1 იანვრის ღა­მეს სახ­ლის კა­რს ღი­ას ტო­ვებ­დ­ნენ. თბილისელები ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ახალი წლის ქუ­ჩებ­ში ბედ­ნი­ე­რე­ბა დასეირნობდა და სადაც კა­რი და­კე­ტი­ლი დახ­ვ­დე­ბო­და, იმ სახლს ვერ ესტუმრებოდა.